AI ინსტუმენტები, რომელიც რეალურად მუშაობს 20 ინსტრუმენტი, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მეწარმეები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბაზარი გაჯერებულია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტებით, მაგრამ რომელი მათგანია რეალურად სასარგებლო? სტატიაში წაიკითხავთ იმ 20 ინსტრუმენტის შესახებ, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მეწარმეები და რომლებიც შეგიძლიათ თქვენც ეფექტურად გამოიყენოთ სხვადასხვა საქმიანობაში.
ChatGPT
ChatGPT თითქმის ყველასათვის ნაცნობი ხელსაწყოა, თუმცა მას ისეთი გამოყენებაც შეიძლება მოვუძებნოთ, რომელზეც აქამდე არ გვიფიქრია. მაგალითად - ენობრივი ბარიერების გადალახვაში დახმარება. სწორედ ამ მიზნით იყენებს ფლორიდაში დაფუძნებული სამკაულების კომპანია Artizan Joyeria ამ ინსტრუმენტს: "კომპანიის ოფშორულ მომხმარებელთა სერვისის თანამშრომლებს, რომლებიც ინგლისურ ენას კარგად ვერ ფლობენ, აქვთ შესაძლებლობა, შექმნან უფრო მაღალი ხარისხის დოკუმენტები და გაგზავნონ ელფოსტით მომხმარებლებთან", - აღნიშნავს კომპანიის საოპერაციო დირექტორი (COO), საშა სლიმაკი.
Microsoft Copilot
Microsoft-ის AI ინსტრუმენტი Copilot-ი მრავალი ფუნქციით გამოირჩევა, რომლებიც მოიცავს Word-ს, Excel-ს, PowerPoint-ს და სხვა პროგრამებს. ჩად სტარკს განსაკუთრებით მოსწონს Copilot-ის გამოყენება Teams-ში, Microsoft-ის ვიდეოშეხვედრების პლატფორმაზე. სტარკი არის Stark-ის, მაღალი დონის ხალიჩებისა და ნოხების ბრენდის გენერალური დირექტორი და Copilot-ს აქტიურად იყენებს იმისთვის, რომ შეაჯამოს მნიშვნელოვანი შეხვედრები და გაუგზავნოს მიმოხილვა შეხვედრის მონაწილეებს. "თქვენ ChatGPT-საც შეგიძლიათ ეს დაავალოთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ Copilot-ი ინტეგრირებულია Teams-სა და ჩვენს ელფოსტაში, ის უფრო მარტივი და ეფექტური გამოსაყენებელია", - აღნიშნავს სტარკი.
Photoshop's Generative AI
Photoshop-ის AI ინსტრუმენტები ეფექტურად გამოიყენება, მაგალითად, სურათებისთვის ახალი ფონის შექმნაში ან მცირე დეტალების სწრაფად გასწორებაში. ვიდეორედაქტორი პოლ ბრავო ხშირად იყენებს მას თავის საქმიანობაში. მაგალითად, თუ ის ინტერვიუს იღებს ფანჯრის ფონზე და პოსტპროდაქციის პროცესში შეამჩნევს ანარეკლს ფანჯარაზე, მას შეუძლია მარტივად მოაშოროს იგი. "Photoshop-ის გენერაციული AI ინსტრუმენტი ასევე ძალიან კარგად მუშაობს ჩარჩოს ფონზე სიღრმის შესაქმნელად, - აღნიშნავს ბრავო, - ეს დიდ მოქნილობას გვაძლევს".
Copy.ai
Copy.ai შექმნილია იმისთვის, რომ გაეცნოს თქვენს ბრენდს და შემდეგ დაწეროს მარკეტინგული ტექსტი თქვენსავე სტილში. რეიჩელ ბაიდერი იდეალური მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ როგორ ეხმარება Copy.ai მისი ორი ბიზნესის — თამაშისა და მოძრაობის სტუდია Canopy-სა და მასაჟის სტუდია Press Modern Massage-ის წარმოჩინებაში. ორივე კომპანიას განსხვავებული სტილი და ხასიათი აქვს. ბაიდერს მოსწონს, თუ როგორ ესმის Copy.ai-ს ორივე ბრენდის ხასიათი და როგორ ქმნის მათი სტილის შესაფერის კონტენტს. "მან დაგვიზოგა ასობით საათი, - ამბობს ის, - ჩემი გამორჩეული მარკეტინგის თანამშრომელი ისევ აქაა და აქტიურად მუშაობს, თუმცა ახლა ისე გამოდის, თითქოს მას უკვე ასისტენტი ჰყავს ამ ინსტრუმენტის სახით".
Midjourney
Midjourney არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი ტექსტის გამოსახულებაში გადასაყვანად. ამ ხელსაწყოში შეგიძლიათ დაწეროთ მარტივი მითითებები და შექმნათ გასაოცარი სურათები. Stark-ის შემოქმედებითი გუნდი ხშირად იყენებს მას საკუთარ საქმიანობაში. "ეს გვეხმარება გამოვკვეთოთ კუთხეები, ავეჯი და სტილი, განათება და საერთო ვიზუალი კონცეპტუალიზაციისა და შექმნის პროცესში, ამავდროულად, ვაკონტროლოთ გარკვეული ელემენტები", - განმარტავს ჰეილი დორენი, Stark-ის გრაფიკული დიზაინის მენეჯერი. Stark-ის მარკეტინგის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, მონიკა მაკკომონი კი აღნიშნავს, რომ AI ინსტრუმენტები, როგორიცაა Midjourney, ეხმარება კომპანიას, დაზოგოს დრო საოპერაციო ამოცანებზე მუშაობისას და, ამავდროულად, დაეხმაროს შემოქმედებითი ნამუშევრების მასშტაბირებაში.
Jasper
Jasper-ი გახდა შეუცვლელი ინსტრუმენტი იმ ბრენდებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მოკლე, ზუსტად მიზანმიმართულ მარკეტინგულ და სოციალური მედიის შინაარსს. ამ AI ინსტრუმენტს აქვს მრავალრიცხოვანი წინასწარ განსაზღვრული შაბლონები და გეკითხებათ, რომელ პლატფორმაზე გსურთ გამოქვეყნება, რაც შესანიშნავი საშუალებაა სწრაფი და ეფექტური მუშაობისთვის. "Jasper-ი გაძლევთ შესაძლებლობას, დაწეროთ მოკლე ბლოგპოსტი, TikTok-ის ან Instagram-ის სათაური, ან თუნდაც მოკლე ელფოსტის პასუხი. ამ ყველაფერში კი Jasper-ი თქვენი ბრენდის სახესა და მახასიათებლებს სრულად გაითვალისწინებს", - ამბობს Artizan Joyeria-ს COO, საშა სლიმაკი.
Lex
Lex-ი არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექსტის რედაქტორი, რომელიც ისეთივე მოხერხებულია, როგორიც Google Docs-ი და შეუძლია თქვენი შემოქმედებითი პროცესი მეტად ორგანიზებული და მოქნილი გახადოს. ამანდა ნატივიდადი, სიეტლში დაფუძნებული აუდიტორიის კვლევის სტარტაპ SparkToro-ს მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი, საკუთარ საქმიანობაში აქტიურად იყენებს მას. "ხანდახან Lex-ს ვთხოვ, რომ სათაურების იდეები მომაწოდოს. ხანდახან კი ვთხოვ, შემომთავაზოს დამატებითი ტექსტი, რომელსაც შემდგომში იდეების განვითარებისათვის ვიყენებ", - ამბობს ნატივიდადი. მას, ასევე, მოსწონს მისი გრამატიკის გასწორების შესაძლებლობები და იყენებს ზემოთ ხსენებულ ინსტრუმენტს, რათა გააანალიზოს თავისი ნაწერი - აქვს თუ არა გამოყენებული რაიმე გაუგებარი სიტყვა, კლიშე ან სხვა დეტალები, რაც მის ნაშრომს ბუნდოვანს ხდის.
Speechify
Speechify AI ინსტრუმენტია, რომელიც ტექსტს მაღალი ხარისხის ხმოვან ჩანაწერად აქცევს. ის თავსებადია Chrome და Safari ბრაუზერებთან და გააჩნია 40-ზე მეტი ენის აქცენტები. ჯონს ჰოპკინსის კინემატოგრაფისტი, ბრავო ფიქრობს, რომ ეს ინსტრუმენტი არ არის საკმარისად ადამიანური გრძელი ვიდეოებისთვის, თუმცა ის მაინც ძალიან სასარგებლოა. "ეს მეხმარება სცენარის დახვეწაში და მაძლევს კარგ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი ხმის მსახიობების დაქირავება იქნება საჭირო საბოლოო პროდუქტისთვის", - ამბობს ის. ხმის ხარისხი საკმარისად კარგია მოკლე სოციალური მედიის ჩანაწერებისთვის, აღნიშნავს ბრავო.
Gramarrly Business
თუ მოგწონთ Grammarly-ის უფასო ვერსია - ინსტრუმენტი, რომელიც ასწორებს გრამატიკულ და სინტაქსურ შეცდომებს, ამოწმებს პლაგიატს და სხვა - მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ მისი ბიზნესვერსიაც. ModMed-ი, ფლორიდაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულ სამედიცინო პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის, იყენებს Grammarly Business-ს ადმინისტრაციული საქმიანობის შესამსუბუქებლად და თანამშრომელთა პროდუქტიულობის გასაზრდელად, ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი, დირექტორი, დენ ქეინი. "Grammarly გვეხმარება, რომ ჩვენი კომუნიკაცია იყოს უფრო ლაკონიური და ეფექტური, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს უკეთეს და უფრო პროდუქტიულ გუნდურ მუშაობას", - აღნიშნავს ქეინი.
Elicit
Elicit-ი აანალიზებს და აჯამებს სამეცნიერო ნაშრომებს, რომელთა მოძიება და წაკითხვაც ხშირად უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს. "ეს არის მეტი, ვიდრე უბრალოდ, აკადემიური საძიებო სისტემა, - ამბობს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, მატიას ფაუერე, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების მკვლევარია, - მას შეუძლია აკადემიური სტატიების სიღრმისეული ანალიზი, თითოეული ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების იდენტიფიცირება და დაგროვილი ინფორმაციის ცხრილის სახით წარმოდგენა". უფასო ვერსია კარგად მუშაობს, მაგრამ თუ პრემიუმ ვერსიას შეიძენთ, შეგიძლიათ სხვა მონაცემთა ბაზებიდან ატვირთოთ სამეცნიერო ნაშრომები და Elicit-ი გამოიყენოთ იმ სტატიებში გამოყენებული მეთოდოლოგიების შესაჯამებლად, რაც მთლიანობაში, ფაუერეს განმარტებით, ასობით საათს ზოგავს.
Perplexity AI
ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი საძიებო სისტემა, Perplexity AI გვთავაზობს ფუნქციას, რომელსაც სხვა საძიებო სისტემები ვერ უზრუნველყოფენ: მას შეუძლია შექმნას სრულყოფილი ვებგვერდი, სადაც მოცემული იქნება გრაფიკებით გამოსახული კვლევის შედეგები, ვიდეოები და შესაბამისი წყაროები. დევიდ დელალო, კონტენტ მარკეტინგის სააგენტო David Loren-ის დამფუძნებელი, ამ ინსტრუმენტს იყენებს PowerPoint-ების შექმნის თავიდან ასაცილებლად. მას შემდეგ, რაც Perplexity თავის საქმეს დაასრულებს, დელალო შეძლებს გვერდის რედაქტირებას და მისი კლიენტებისთვის გაზიარებას. "კვლევის პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე Google-ის გამოყენებისას. გარდა ამისა, საძიებო სისტემა ნებისმიერ შედეგს წყაროებსაც უთითებს, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ინფორმაციის სისწორე".
Dall-E 3
OpenAI-ის ტექსტიდან გამოსახულებაში გადამყვანი ინსტრუმენტის უახლესი ვერსია, Dall-E 3 მაღალი ხარისხის სურათების გენერირების საშუალებას იძლევა. "ეს გარდამტეხია", - ამბობს ჯიმი დურანი, GEP-ის გლობალური დიზაინის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის პროგრამულ უზრუნველყოფასა და კონსულტაციას Fortune 500 კომპანიებისთვის. Dall-E 3-მა დურანის გუნდს მისცა შესაძლებლობა, ზოგადი მონახაზები ხელოვნების საბოლოო პროდუქტად აქციონ და ეს ყველაფერი, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. "ჯერ ისინი იყენებენ ფასიან ვერსიას საწყისი კონცეფციების შესაქმნელად, მაგალითად, რეკლამის, პრეზენტაციის ან სოციალური მედიის ბანერისთვის. შემდეგ საბოლოო ნამუშევარს ქმნიან Adobe-ს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ან ყიდულობენ წინასწარ გამზადებულ გამოსახულებებს, მაგალითად Shutterstock-იდან", - აღნიშნავს ჯიმი დურანი.
Sybill
Sybill-ი არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გაყიდვების ასისტენტი, რომელსაც შეუძლია ზარების შემდგომი ჩანაწერებისა და ელფოსტის შეტყობინებების გენერაცია, ის, ასევე, ავტომატურად ავსებს თქვენს CRM-ს. დეილ გიბონსი, Business Breakthrough Advisors-ის დამფუძნებელი, განსაკუთრებით აღფრთოვანებულია Sybill-ის უნარით, გადაწყვიტოს ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც კლიენტებთან კომუნიკაციასა და საუბარს ეხება. "ჩვენს ბიზნესში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სჭირდებათ ჩვენს მომხმარებლებს, რათა უკეთ მოვემსახუროთ მათ, - ამბობს ის, - Sybill-ი მეხმარება, სწრაფად გამოვავლინო კლიენტების საჭიროებები".
Castmagic
Castmagic-ი თავდაპირველად პოდკასტების მართვის ინსტრუმენტი იყო, თუმცა ახლა იყენებს AI-ს, რათა აუდიო (იქნება ეს პოდკასტი თუ შეხვედრის ჩანაწერი) გადააქციოს კონტენტად (მაგალითად, LinkedIn-ის პოსტებად, ეპიზოდების რეზიუმეებად და სხვა). ჯორდან უილსონი, მედია და საკონსულტაციო კომპანია Everyday AI-ის დამფუძნებელი, იყენებს მას თავისი კომპანიის პოდკასტისთვის და კმაყოფილია იმით, თუ როგორ გაიზარდა Castmagic-ის შესაძლებლობები დროთა განმავლობაში. "შეგიძლიათ შეინახოთ 50-ზე მეტი პერსონალიზებული მითითება და ის ავტომატურად ამუშავებს მათ, როცა აუდიოფაილს ატვირთავთ, - ამბობს უილსონი, - არ ვიცი სხვა ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება".
Madgicx
Madgicx-ი გეხმარებათ ციფრული რეკლამების შეძენაში, მართვაში, მიზნის დასახვასა და თუნდაც ავტომატიზაციაში - მაგრამ მისი მთავარი უპირატესობა შესაძლოა მისი დამხმარე ფუნქცია იყოს. ეს ვირტუალური ასისტენტი დეტალურად შეისწავლის თქვენს სარეკლამო ანგარიშს და გეტყვით, როგორ შეუძლია თქვენი ხარჯების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. " ის ყოველდღე გვაძლევს რეკომენდაციებს ოპტიმიზაციისთვის და თქვენ, უბრალოდ, აწკაპუნებთ ღილაკს ამ პროცესის დასაწყებად", - ამბობს მარკუს კარჯალაინენი, ზრდის მარკეტინგის კონსულტანტი ბრენდ Four Sigmatic-იდან, რომელიც სოკოზე დაფუძნებული ყავისა და დანამატების წარმოებითაა ცნობილი.
Motion
Motion-ი არის AI ასისტენტი, რომელიც თქვენი დღის ორგანიზებას ამარტივებს. მას შეუძლია მართოს თქვენი კალენდარი, პროექტები და შესასრულებელი დავალებების სია, და ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი. ნუ ინერვიულებთ, თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ დაგეგმოთ თქვენი განრიგი - Motion-ი თქვენთვის ამასაც გააკეთებს. კეტრინ კონელი, Substack-ის პლატფორმაზე წიგნის "Growing Up Startup"-ის ავტორი და სპიკერი, აღნიშნავს, რომ Motion-ი მას დაეხმარა გადაეწყვიტა შემდეგი პრობლემა: "მაქვს 30 წუთი თავისუფალი დრო, რისთვის გამოვიყენო?" ახლა, როგორც ამბობს, აღარ კარგავს დროს იმაზე ფიქრში, თუ რა გააკეთოს შემდეგ.
Kindo AI
Kindo AI ისწრაფვის გახდეს ერთიანი პლატფორმა სხვადასხვა AI მოდელის ინტეგრაციით (იქნება ეს ChatGPT თუ Google Gemini), 200-ზე მეტი SaaS ინტეგრაციის მხარდაჭერითა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდ კომპანიებზეა გათვლილი, მისი გამოყენება ყველასთვის ხელმისაწვდომია. "ეს მეხმარება სამუშაო პროცესების დაგეგმვაში და შედეგად, გასაკეთებელი სამუშაო ჩემს მაგიდაზე აღარ რჩება", - ამბობს დეილ გიბონსი Business Breakthrough Advisors-დან.