არ არის საჭირო თქვენი გულის ხმა უგულებელყოთ იმისთვის, რომ კარგი ლიდერი იყოთ
By Jason Feifer
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი ლიდერი გახდე? 44-წლიანი გამოცდილების მქონე ჯონ მაკეი, როგორც Whole Foods-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს: "ემსახურე შენს ბიზნესს, ემსახურე ხალხს და საკუთარი თავი არასდროს მიატოვო".
ჯონის გზა თავბრუდამხვევი წარმატებით არ დაწყებულა. კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მას მეტსახელად Wacky Mackey-ის ეძახდა. ასე ცდილობდა, გამოეხატა დამოკიდებულება, რომ მაკეი სერიოზული ბიზნესის არასერიოზული წარმომადგენელი იყო.
ჯონი კომპანიას სათავეში 24 წლის ასაკში ჩაუდგა, მანამდე კი ბიზნესის სკოლაში არ უვლია. ის ხშირად მედიტირებდა და სპირიტუალურ აქტივობებში იყო ჩართული. გრძელთმიან ჰიპის ჰგავდა და თან ფიქრობდა, შეძლებდა თუ არა, გამხდარიყო პატივსაცემი ლიდერი ისე, რომ საკუთარი თავი არ დაეკარგა.
ასეც მოხდა, იგი კომპანიას 44 წლის განმავლობაში მართავდა, სანამ 2022 წელს პენსიაზე გავიდოდა. მისმა უხეშმა პარტნიორმა კი ბიზნესი ათწლეულებით ადრე დატოვა. ჯონი ამ ყველაფრის შესახებ თავის ახალ წიგნში "The Whole Story" გვიამბობს.
"მინდოდა დამწყები ანტრეპრენერებისთვის მეთქვა, რომ ეს მოგზაურობაა. შენ საკუთარ ბიზნესთან ერთად უნდა გაიზარდო, როგორც ლიდერი და როგორც ადამიანი. თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ ისინი თავიდან მოგიშორებენ".
ჯონი გვასწავლის, როგორ გავხდეთ კარგი ლიდერი ისე, რომ საკუთარ ღირებულებებს არ ვუღალატოთ.
Whole Foods-ის ადრეულ დღეებში თქვენ დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ და კომპანიას წარმატება მოუტანეთ, თუმცა თქვენი მხრიდან არაორდინარული ქცევის გამო, ბევრი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვიეთ.
დიახ, მე ახლა გიამბობთ ისტორიას, რომელსაც წიგნში ვერ შეხვდებით. ერთი ქალი, რომელიც კომპანიიდან მიდიოდა, ჩემთან მოვიდა და მითხრა: "თქვენ არ ხართ ისეთი ლიდერი, როგორიც ბიზნესს სჭირდება".
მე კი ვკითხე: "კარგი, მაშინ მითხარით, როგორი უნდა იყოს ლიდერი?" და მან თქვა: "უფრო სერიოზული. ისე იცვამთ, როგორც ჰიპი, შორტით და გრძელი თმით დადიხართ. ბიზნესმენი ასე არ უნდა იქცეოდეს". შემდეგ მე ვუთხარი: "კომპანია ძალიან კარგად მუშაობს და რატომ ფიქრობთ, რომ მე კარგი ლიდერი არ ვარ?" მან კი მიპასუხა: "იმიტომ, რომ კარგი ლიდერივით არ იქცევით".
"მე არ ვიცი, როგორ უნდა იქცეოდეს კარგი დირექტორი, მე, უბრალოდ, ის ვარ, ვინც უნდა ვიყო. თუ კომპანიის შედეგებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ყველაფერი წარმატებულად მიდის. ეს კი სრულიად საკმარისია", – ამაზე კი მას პასუხი აღარ ჰქონდა.
რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ დირექტორივით მოქცევას არ ცდილობდით?
აღმასრულებელ დირექტორსა და ლიდერს შორის დიდი განსხვავებაა. ერთი, უბრალოდ, როლი და თანამდებობაა. შესაძლოა კარგი დირექტორი იყო, მაგრამ არა კარგი ლიდერი. შესაძლოა კარგად ითამაშო და დაწინაურდე, მაგრამ ლიდერი ისაა, ვისაც ხალხი საკუთარი ნებით მიჰყვება. კარგი ლიდერი ადამიანებს შთააგონებს და მათ მხარში უდგას.
დიდ კომპანიებში თქვენ ნახავთ ადამიანებს, რომლებიც კარგად თამაშობენ და მათი ერთადერთი მიზანი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დაკავებაა. პრობლემა ისაა, რომ ამ მიზანს მანამ ვერ აღწევენ, სანამ 50 ან 60 წელი არ შეუსრულდებათ. ასევე, ისინი არ ფიქრობენ გრძელვადიანი პერსპექტივით, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა სარგებელი მოუტანონ კომპანიას. ცდილობენ უფრო მეტი ფული გამოიმუშაონ. ასე დირექტორები იქცევიან და არა ლიდერები.
ახლა მივხვდი, რომ თქვენ არ გადარდებთ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა, მაგრამ როგორ ისწავლეთ, რომ კარგი ლიდერი გამხდარიყავით?
მე საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა, რაც ყველა ანტრეპრენერმა უნდა იკითხოს: რა სურს კომპანიას ჩემგან?
თუ რაღაც კარგად გამოგდის, ამის გაკეთება გინდა, რადგან ეს სიამოვნებას განიჭებს. მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცებზე უარის თქმა მომიწევდა. ამას საკუთარ თავს წლების განმავლობაში ვახსენებდი და ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რითაც ვისწავლე, როგორ გავმხდარიყავი კარგი ლიდერი. ვიპოვე გამბედაობა, რომ ჩემთვის უცხო რამეები მეკეთებინა.
როგორ ამზადებდით საკუთარ თავს ახალი პასუხისმგებლობისთვის? გქონდათ რამე განსაკუთრებული სტრატეგია?
არაჩვეულებრივი აღმასრულებელი გუნდი მყავდა. მათ სიბრძნეს სრულიად ვენდობოდი. ჩვენ ვკამათობდით, ვმსჯელობდით და სწორ დასკვნებს ვაკეთებდით. საკუთარი გუნდი უნდა გენდობოდეს, რათა მათ თავიანთი აზრის შიშის გარეშე გამოხატვა შეძლონ.
ვფიქრობ, ჯეფ ბეზოსის, ილონ მასკის ან სტივ ჯობსის პორტრეტებს მედია ხშირად სუპერგმირებად გვიხატავს. თუმცა რამდენად კარგიც არ უნდა იყოს ლიდერი, მის უკან ყოველთვის შესანიშნავი გუნდი დგას და ისინი გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებენ. მგონია, რომ ეს საზოგადოებაში კარგად გაანალიზებული არ არის.
რა არის ასეთი გუნდის შენების საიდუმლო?
ჩემს შემთხვევაში ეს სიყვარულია. ჩემს გუნდში ადამიანებმა იცოდნენ, რომ მე მათზე ვზრუნავდი და მიზნამდე ერთად მივდიოდით. ეს არის მნიშვნელოვანი და არა ადამიანის პირადი ეგო.
"სიყვარული" არ არის სიტყვა, რომელიც ბიზნესში ხშირად ისმის. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ საკუთარი ემოციები კარს მიღმა უნდა დატოვო. შეგიძლიათ გვითხრათ, რისთვის არის სიყვარული საჭირო?
მესმის, რასაც ამბობთ. სიყვარული ნიშნავს იმას, რომ ადამიანები გადარდებს, მათზე ფიქრობ და ზრუნავ. თუმცა რთული გადაწყვეტილებების მიღება მაინც მოგიწევს. შენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ კომპანიისგან დადებითი შეაგროვო. შესაძლოა ვიღაცამ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და დროა ახალი ადგილები აღმოაჩინოს. შენ მათი გაშვება და პატივისცემა უნდა შეგეძლოს.
შენ ვერ შთააგონებ ადამიანებს და მათ ერთგულებას ვერ დაიმსახურებ, თუ არ აჩვენებ, რომ მათზე ზრუნავ. ამიტომ უნდა იყო ლიდერი, რომელიც გუნდს თავად ემსახურება.