დამატებითი შემოსავლის წყაროდან თვეში $100 000-იან ბრუნვამდე - ჯული ბერნინგერის ანტრეპრენერული თავგადასავალი
By Amanda Breen
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჯული ბერნინგერმა, ტექპროექტების ყოფილმა მენეჯერმა და Etsy-ზე მაღაზიის ამჟამინდელმა მფლობელმა, წარმატებით გადაიტანა თავისი დამატებითი შემოსავლის წყარო სრულმასშტაბიან ბიზნესში, სახელად Gold City Ventures.
Gold City Ventures - ბიზნესი, რომელიც ჯულიმ კოდი ბერმანთან ერთად დააფუძნა, ახლა $100 000-ზე მეტს გამოიმუშავებს თვეში. ის ეხმარება სტუდენტებს, შექმნან მომგებიანი Etsy მაღაზიები ციფრული პროდუქტებისთვის.
რა იყო თქვენი სამსახური და/ან შემოსავლის ძირითადი წყარო, როდესაც Etsy-ზე მაღაზია გახსენით?
ვმუშაობდი პროექტების მენეჯერად მსხვილ ტექნიკურ კომპანიებში. მაქვს მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ საინფორმაციო სისტემებში და ვგეგმავ ყოველთვის ტექნიკურ სფეროში ვიმუშაო.
როდის დაიწყეთ თქვენი Etsy-ზე ბიზნესი და სად იპოვეთ ამის შთაგონება?
ხშირად ვუსმენდი პირადი ფინანსების შესახებ პოდკასტებს ლანჩის შესვენებასა და სამსახურში მგზავრობისას. მე შთამაგონებენ ადამიანები, რომლებმაც ერთ დროს Etsy და Amazon პლატფორმებზე მაღაზიები გახსნეს, როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო. ასევე შთაგონებული ვიყავი "ფინანსური დამოუკიდებლობის, პენსიაზე ადრეული გასვლის" (FIRE) მოძრაობით, სადაც ადამიანები საოფისე სამუშაოებს ანაცვლებდნენ საქმით, რაც მეტ თავისუფლებას ანიჭებდათ. დიახ, მე მიყვარდა ჩემი სამუშაო, მაგრამ ასევე მიყვარდა მოგზაურობა და მინდოდა ცოტა მეტი მოქნილობა, თუ როგორ და სად ვმუშაობდი.
რა იყო პირველი ნაბიჯები, რაც ბიზნესის ასამუშავებლად გადადგით?
Etsy-ზე ავირჩიე ნიშა, რომელიც ძალიან კარგად ვიცოდი: Bachelorette Party ნიშა, რადგან თავადაც მივდიოდი მსგავს წვეულებაზე. შევამჩნიე, რომ ადამიანები მზად იყვნენ, გადაეხადათ ფული ნივთებში, რომლებსაც შემდეგ ნაგავში მოისროდნენ. შეკვეთების რაოდენობა დიდი იყო, რადგან ბევრი ადამიანი ესწრებოდა ღონისძიებას. ჩემი მაღაზიისთვის შესანიშნავი ნიშა ჩანდა. დავიწყე დროებითი ტატუებით, რადგან ვიცოდი, რომ მათი შენახვა ჩემს პატარა ბინაში ადვილი იქნებოდა. უფრო დიდი მოცულობის ნაწილებს ვერ დავატევდი. ფოტოგრაფისთვის თანხა არ მქონდა, ამიტომ ტატუ თავად გავიკეთე, სამეზობლოში სასეირნოდ გავედი და მეზობლების ულამაზესი ვარდის ბუჩქების წინ ვიღებდი სურათებს.
რა გამოწვევების წინაშე დადექით ბიზნესის დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით მათ?
დროებითი ტატუებით თითო შეკვეთაზე საშუალოდ 15-20 დოლარს ვიღებდი, მაგრამ სტრესში ვიყავი. სამუშაომდე და სამსახურის შემდეგ ფოსტაში სიარულისას ძალიან ვიღლებოდი. ასევე ვაწარმოებდი პოდკასტს და ვეკითხებოდი კვირაში რვა სტუმარს იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიეს მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას. კონფერენციაზე შევხვდი ვიღაცას, რომელიც ბეჭდურ წიგნებს ყიდდა Etsy-ზე და მივხვდი - ციფრული პროდუქტები წინსვლის გზა იყო, რადგან მათ ნაკლები დრო სჭირდებოდა. გაყიდვის შემდეგ ძალიან ცოტა სამუშაოა შესასრულებული.
რა დრო დაგჭირდათ სტაბილური ყოველთვიური შემოსავლის მიღწევამდე და როდის გადააჭარბა დამატებითმა შემოსავალმა თქვენს ძირითად ხელფასს?
მე წელიწადში დაახლოებით $10000 ვიშოვე Etsy-ზე ციფრული პროდუქტების გაყიდვით. გეგმა არ იყო ჩემი სამუშაოს მიტოვება, რადგან მიყვარდა ტექინდუსტრია. არ მქონდა გეგმა ან ფიზიკური სივრცე იმისთვის, რომ Etsy-ზე გაყიდვა სრულ განაკვეთზე დამეწყო. სრულად ანტრეპრენერობაზე გადასვლა ნელ-ნელა, დროში გაწელილად მოხდა. ვიყავი მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი მაგისტრის ხარისხით, ასე რომ, ეს ნახტომი ძალიან საშიშად მეჩვენებოდა. თანაც ჩემი შემოსავლის ჩანაცვლებას გარკვეული დრო დასჭირდებოდა. საბოლოოდ სრულ განაკვეთზე სამსახური 2021 წელს დავტოვე; იმ დროისთვის ჩემი საწარმოებიდან მიღებულმა ფულმა ჩემი სრულ განაკვეთზე გამომუშავებული თანხა ჩაანაცვლა.
როდის და რამ გიბიძგათ, Gold City Ventures დაგეფუძნებინათ? როგორ ეხმარება Gold City Ventures დამწყებებს?
ჩემი პოდკასტის ეპიზოდები დამატებითი შემოსავლის შესახებ ყოველთვის მსმენლის საყვარელი ეპიზოდები იყო. YouTube-ის ვიდეოებში ჩავწერე, როგორ შევქმენი და გავყიდე ციფრული პროდუქტები Etsy-ზე.
პირველი შვილი 2019 წელს შემეძინა. ამავე წელს დავიწყე Gold City Ventures, ჩემი ონლაინკურსების ბიზნესი ბიზნესპარტნიორთან ერთად, ამ ვიდეოების ძირითად სასწავლო გეგმად გამოყენებით. ჩვენი სასწავლო გეგმა წლების განმავლობაში დავხვეწეთ და ახლა დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ კურსს, თუ როგორ დავიწყოთ ციფრული პროდუქტების გაყიდვა Etsy-ზე.
კურსი 15000-ზე მეტმა სტუდენტმა იყიდა და ზოგიერთმა გასაოცარ შედეგებს მიაღწია. გვყავდა სტუდენტები, რომლებიც ამ სამუშაოს თავიანთ სრულ განაკვეთზე აკეთებენ და ერთ წელიწადში Etsy-ზე $70000-ზე მეტი გამოიმუშავეს. ძალიან სახალისოა, ადამიანებს მცირე ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარო.
Etsy-ში რაც მიყვარს, არის ის, რომ მას მოჰყავს მომხმარებლები (წელიწადში 90 მილიონი). ციფრული პროდუქტები დაბალი რისკის მქონე მცირე ბიზნესია, რადგან მისი დაწყება არც ძალიან იაფი ჯდება და არც ინვენტარის ყიდვა გჭირდებათ; თქვენ, უბრალოდ, ხარჯავთ თქვენს დროს. ასევე კარგი იდეაა, თუ ვინმეს კვირაში მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი საათი აქვს და მხოლოდ დამატებითი შემოსავალი სურს.
რა საშუალო თვიური შემოსავალი მოაქვს ახლა Gold City Ventures-ს?
Gold City Ventures თვეში $100000-ზე მეტს გამოიმუშავებს . ჩვენ კი გაფართოებაზე ვიწყებთ ზრუნვას.
რას ურჩევდით მათ, ვინც იმედოვნებენ, რომ ონლაინგაყიდვებით წარმატებას მიაღწევენ?
არ დაიწყოთ ბიზნესი დამოუკიდებლად! აირჩიეთ ბიზნესპარტნიორი და გაფართოვდით უფრო სწრაფად! ასევე, ნუ დაკარგავთ დროს YouTube-დან სწავლაზე. გაიღეთ ფინანსები პროგრამის სწავლასა თუ ბიზნესკონსულტანტში, რადგან თქვენი დრო ღირებულია.