"დრაკონი დუქსი" - ახალი ქართული მულტილმი ბავშვებისთვის ჟირაფი ჟოზეს შემქმნელებისგან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შვიდი წლის წინ სტუდია "ველოსიპედმა" ჟირაფი ჟოზეს პერსონაჟი შექმნა, რომელიც დღემდე ქართველი ბავშვებისა და მათი მშობლების საყვარელი მეგობარი და მეგზურია. ამჯერად სტუდია კიდევ უფრო გაფართოვდა და საქართველოში მცხოვრებ პატარებს კიდევ ერთი პერსონაჟი - დრაკონი დუქსი გააცნო. ახალი ქართული მულტფილმის პრემიერა სამი კვირის წინ გაიმართა და ის სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
რამდენიმე თვის წინ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია "დუქსს" ახალი საბავშვო სერიალის შექმნის იდეა დაებადა, რომლის მთავარი გმირიც წითელი დრაკონი იქნებოდა. ამ ინიციატივის შემოქმედებითი კუთხით განსახორციელებლად კომპანიამ არჩევანი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სტუდია "ველოსიპედზე" შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს "ველოსიპედმა" საკუთარი სამუშაო ფართი შეიძინა და გუნდიც მნიშვნელოვნად გააფართოვა, რამაც, ბუნებრივია, ახალი პროექტების განხორციელების ამბიცია კიდევ უფრო გააძლიერა.
"დრაკონი დუქსი არის ცელქი და ონავარი პერსონაჟი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჟირაფი ჟოზესგან. მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი საგანმანათლებლო-სასწავლო-შემეცნებითია, დუქსი უფრო ორიენტირებულია ბავშვურ სილაღესა და ბედნიერებაზე. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, მხიარულ, ბედნიერ და პოზიტივზე ორიენტირებულ მულტფილმებს უყურონ. დიდი სურვილი გვაქვს, დუქსი იყოს მათი მთავარი მეგზური და როდესაც ბავშვი საკუთარ ლამაზ, უდარდელ და ლაღ ბავშვობას გაიხსენებს, დუქსიც იყოს ამ ყველაფრის ნაწილი. მგონი, პირველ სერიაში ეს უკვე გამოგვივიდა და ვიმედოვნებთ, მომდევნო სერიებიც ბავშვების გამხიარულებასა და გაბედნიერებას შეძლებს", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს გიორგი მარშანია, სტუდია "ველოსიპედის" თანადამფუძნებელი.
დრაკონ დუქსს ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი არჩილ სოლოღაშვილი ახმოვანებს. სიმღერის ტექსტებს კი ზაზა ბიბილაშვილი ქმნის. მუსიკის ავტორი "სანო" სტუდიაა. ამ ყველაფრის რეჟისურას კი გიორგი მარშანია თანარეჟისორ მედეა ზაქარაიასთან ერთად ახორციელებს. "დიდ ყურადღებას ვაქცევთ პერსონაჟების ტექსტებს. არა მხოლოდ იმას, თუ როგორ მეტყველებენ ისინი, არამედ რამდენად გამართული, მაგრამ ამავდროულად, ბავშვებისთვის გასაგები ლექსიკა აქვთ. სწორედ ეს გამოარჩევს ჩვენს პროექტებს - თითოეულ სერიასა და სიტყვაზე ბევრს ვფიქრობთ და ვცდილობთ, ბევრჯერ შევამოწმოთ იმისათვის, რომ მივიღოთ ისეთი პროდუქტი, როგორიც ბავშვებს სურთ", - განმარტავს გიორგი მარშანია.
პირველი სერიის პრემიერის შემდეგ, რომელიც 3 კვირის წინ გაიმართა, "დრაკონი დუქსის" სერიას 30 000-მდე ნახვა აქვს. როგორც პროექტის პროდიუსერი და სტუდია "ველოსიპედის" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც ნახა აღნიშნული სერია, განმეორებითაც უყურებდნენ მას. გიორგი მარშანიას განმარტებით, ასეთი შედეგები უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის პროექტებისთვის, ვინაიდან შემოქმედებითი გუნდის მიზანი არა მხოლოდ ისაა, რომ პროდუქტი ბევრმა ადამიანმა ნახოს, არამედ შეიძინოს ერთგული მაყურებლებიც.
რაც შეეხება დაბრკოლებებს, რესპონდენტის განმარტებით, ყველაზე დიდი გამოწვევა ახალ სერიებზე მუშაობისას გახლდათ მათივე შექმნილი პერსონაჟის, ჟირაფი ჟოზეს წარმატება. ვინაიდან ჟოზე უკვე ძალიან პოპულარულია, საზოგადოება ახალ სერიებს სწორედ მას ადარებს. "ვცდილობთ, ის 6-წლიანი გამოცდილება, რაც ჟოზეს პერსონაჟზე მუშაობამ მოგვცა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ახალ წამოწყებაშიც. თუმცა, ამავდროულად, გვსურს "დრაკონი დუქსი" იყოს ახალი და განსხვავებული და მას ჰყავდეს საკუთარი აუდიტორია - შეიძინოს ახალი ან ისინი, ვინც უკვე კარგად იცნობს ჟოზეს".
სტუდია "ველოსიპედი" ახალ წლამდე "დრაკონი დუქსის" კიდევ ორი სერიის გამოქვეყნებას გეგმავს. გუნდის სურვილია, ახალი სერიები სტაბილურად, თვეში ერთხელ მაინც გამოქვეყნდეს. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, მას შემდეგ, რაც "დრაკონი დუქსი" შეიძენს საკუთარ აქტიურ მაყურებელს საქართველოში, მასაც განვითარების იმავე გზა ელოდება, რაც ჟოზემ გაიარა. სტუდიის ამერიკელი პარტნიორები უკვე საქმის კურსში არიან და გიორგი მარშანია არ გამორიცხავს, სამომავლოდ დუქსი საზღვარგარეთის ბაზარზე გავიდეს და იქ მცხოვრებ ბავშვებსაც/მშობლებსაც დაუმეგობრდეს.
გარდა აღნიშნული პროექტისა, სტუდია აქტიურად მუშაობს კიდევ ერთ სერიალზე, რომლის პრემირაც ასევე ახალ წლამდე გაიმართება. საზოგადოება კარგად იცნობს "ღუშებს" - ბოროტ პერსონაჟებს, რომლებიც ჟირაფ ჟოზეს სერიის ეპიზოდურ როლებში გამოჩნდნენ. აღნიშნული პერსონაჟები იმდენად მოეწონათ ბავშვებს, სტუდიამ გადაწყვიტა მათზე ცალკე სერიების შექმნა. ამ ეტაპისთვის ორი საპილოტე სერია უკვე გადაღებულია და მაყურებელი მას უახლოეს პერიოდში იხილავს.
"რაც შეეხება სტუდიის სხვა გეგმებს, ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა სახის გადაცემები გავაკეთოთ YouTube არხზე, მაგალითად: ხატვის გაკვეთილები, პოდკასტი მშობლებისთვის და სხვა.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე უამრავი სიახლე გვქონდა. გამოვიდა ჟოზეს ორი სახეობის ნატურალური წვენი და ვგეგმავთ ამ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც. ამასთან, შევქმენით და გამოვაქვეყნეთ ჟოზეს ორი სახეობის თამაში რობლოქსზე, რომელსაც ასევე განვავითარებთ უახლოეს მომავალში. შევქმენით ჟოზესა და სხვა მეგობრების, დინოზავრ ანატოს, ღუშისა და ჩიჩის სათამაშოები, ასევე - სიურპრიზ-კვერცხი, რომელშიც ჟირაფი ჟოზეს პერსონაჟების შესაგროვებელი სათამაშოებია დამალული. გავააქტიურეთ ჟოზესა და მისი მეგობრების გამოძახების სერვისი - იმისათვის, რომ პირადად ესტუმრონ ჟოზეს გმირები პატარა მეგობრებს დაბადების დღესა თუ სხვა დღესასწაულზე. ასევე, "ასორტთან" ერთად ჩამოვაყალიბეთ საკონდიტრო სკოლაც, სადაც ჟოზეს ტორტების გამოცხობას ვასწავლით. ამ პროექტების პარალელურად, "ავერსთან" კოლაბორაციით, აქტიურად მუშაობს ჟოზე ექიმის გვერდიც, სადაც ჟოზე კომპეტენტურ და გადამოწმებულ რჩევებს აძლევს მშობლებს სხვადასხვა სახით: ვიდეო, პოსტერი და სხვა.
მე და ირაკლიმ, რომელიც სტუდიის თანადამფუძნებელია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეს თავი არ უნდა დავანებოთ. ჟოზესა და დუქსის ერთგული მაყურებლების იმედი გვაქვს, რადგან სწორედ ისინი არიან ჩვენი ერთგული მეგობრები და ისინი გვაძლევენ მუდმივ სტიმულს, გაუჩერებლად ვიმუშაოთ და ვიფიქროთ სამომავლო გეგმებზე", - აცხადებს გიორგი მარშანია.