ეფექტიანობის ახალი სტანდარტი: AgileSchool-ის როლი თანამედროვე ბიზნესში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანიები ისეთ სწრაფად ცვალებად გარემოში, როგორიც თანამედროვეობაა, მუდმივად დგანან გამოწვევების წინაშე. მაღალკონკურენტული გარემო ერთგვარად აიძულებთ კიდეც, რომ ლიმიტირებული რესურსები სწორად განკარგონ, მომხმარებელს განსხვავებული პროდუქტი შესთავაზონ და ინოვაციური მიდგომებით მიიზიდონ. სწორედ ამ პროცესების სწორად წარმართვას ასწავლის AgileSchool-ი ქართულ ბიზნესს.
AgileSchool-ის დაფუძნება ალექსი გიჯაშვილმა ორი წლის წინ გადაწყვიტა. ბიზნესისა და ტექნოლოგიური მიმართულებით ალექსისა და მისი გუნდის წევრების გამოცდილება მდიდარი და მრავალფეროვანია.
სწორედ მათი გამოცდილება გახდა მოტივაცია, შეექმნათ ისეთი ეკოსისტემა, რაც ბიზნესს წარმატებაში დაეხმარებოდა და მთელ რიგ პრობლემებს აღმოფხვრიდა.
Entrepreneur-თან ინტერვიუში ალექსი გიჯაშვილი ამბობს, რომ მას და მისი გუნდის წევრებს საშუალოდ ათწლიანი გამოცდილება აქვთ ამ ინდუსტრიაში მუშაობის და პირადი გამოცდილებით იციან Agile გარემოში საქმის კეთების სირთულეები და გამოწვევები.
ალექსის განმარტებით, ეს გამოწვევები ხშირად დაკავშირებულია პროექტებში ჩართული გუნდის წევრების კომპეტენციასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის პრობლემებთან, ორგანიზაციის აღმასრულებლებისა და თანამშრომლების რეზისტენტობასთან ცვლილებების მიმართ, ასევე, გაუმჯობესების დანერგვის შემდგომ მდგრად და თანამიმდევრულ განვითარებასთან.
"ერთ-ერთი მორიგი მსჯელობისას მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ თუ არ მოგვწონს როგორ მუშაობენ კომპანიები Agile მიდგომებით, არ მოგვწონს თანამშრომლების კომპეტენციის დაბალი მაჩვენებელი და არ მოგვწონს Agile-ის, როგორც საქმის ორგანიზებისა და მართვის ინსტრუმენტის მიმართ ცნობადობის დონე, მაშინ მოდი, ჩვენ ვცადოთ ცვლილება.
AgileSchool-ის, როგორც ინდივიდებისთვის სასწავლო ტრენინგების მიმწოდებელი ორგანიზაციის შექმნა 2 წლის წინ გადავწყვიტეთ, ხოლო ბოლო ერთი წელია, რაც კომპანიის საქართველოში ყველაზე დიდი Agile ეკოსისტემად ტრანსფორმაცია დავიწყეთ", - იხსენებს ალექსი.
მთავარი ინსპირაცია სწორედ ცვლილებების დანერგვა და ამ ყველაფერში სხვებისთვის დახმარების გაწევა იყო. თუმცა, როგორც ალექსი ამბობს, საწყის ეტაპზე გაჩნდა კითხვა: "კარგი, დავიწყოთ, მაგრამ რით დავიწყოთ?"
კითხვაზე პასუხი კი Lean Startup-ის კონცეფცია აღმოჩნდა. AgileSchool-ის გუნდს უამრავი საინტერესო იდეა ჰქონდა, თუმცა ქართული ბაზრისთვის ეს მიდგომები სიახლე იყო, ამიტომაც გადაწყდა, რომ მხოლოდ 1 სასწავლო კურსით და ცოდნის ასამაღლებელი ბლოგებით უნდა დაეწყოთ.
"2 წლის შედეგად გვაქვს 6 სასწავლო კურსი, საქართველოში პირველი თვითგანვითარების პლატფორმა, Agile Community და საკმაოდ ფართო სპექტრის სერვისები ორგანიზაციებისთვის".
რას ნიშნავს Agile? - ეს არის ბიზნესის მიდგომა, როცა ყურადღება მახვილდება მოქნილობაზე, თანამშრომლობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულობაზე.
Agile მიზნად ისახავს, გაზარდოს პროდუქტიულობა, გააუმჯობესოს პროდუქტის მიწოდების ხარისხი და გააძლიეროს მომხმარებელთა კმაყოფილება იმის ხარჯზე, რომ ბიზნესი გახადოს ცვლილებებისადმი მარტივად ადაპტირებადი.
ეს ორგანიზაციებს ეხმარება გააუმჯობესონ თავიანთი ეფექტურობა მრავალი მიმართულებით. Agile-ის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალკონკურენტულ, სწრაფად განვითარებად და ტურბულენტურ გარემოში.
ალექსი გვიხსნის, რომ ორგანიზაციული პროცესებისა და ოპერაციების მართვისთვის Agile მიდგომების გამოყენება ნიშნავს ორგანიზაციული მიზნების სრულ გამჭვირვალობას, გაუმჯობესებულ კომუნიკაციას, ფოკუსის გასწორებას იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ცვლილებების მიმართ მოქნილობასა და მასშტაბირების მაქსიმალურად ეფექტურ პროცესს. გარდა ამისა, ამ მიდგომების გამოყენება ნიშნავს რიცხვებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, თანამშრომლების კმაყოფილების ინდექსის ზრდას პროცესში სრულად ჩართულობის ხარჯზე.
"Agile პროცესების დანერგვა მაქსიმალურად უწყობს ხელს საკითხების გუნდებზე დელეგირებას, შესაბამისად, პასუხისმგებლობების დეცენტრალიზაციასა და გუნდების ავტონომიურობის ზრდას. აღნიშნული პროცესები ორგანიზაციებს ეხმარება, გაუმკლავდნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა პასუხისმგებლობების აღება", - ამბობს ალექსი ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბაზრისთვის Agile ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ სიახლეა, მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ალექსის თქმით, თუკი საწყის ეტაპზე ამ მიდგომებით მხოლოდ დიდი კომპანიები, კორპორაციები ინტერესდებოდნენ და ნერგავდნენ მათ ყოველდღიურობაში, ინტერესი უკვე წამოვიდა ისტორიის მქონე დიდი ბიზნესის მხრიდანაც.
AgileSchool-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ტექნოლოგიური წინსვლა და ინოვაციების დანერგვა ბევრმა სტაჟიანმა ბიზნესმა გადაწყვიტა - ეს მათთვის ერთგვარი მეორე სუნთქვა და ხელახლა დაბადების საშუალება გახდა.
"ჩათვალეს, რომ დროა, თავიანთი ტრადიციული ბიზნესი გადაიაზრონ და გახდნენ ტექნოლოგიური კომპანიები. ასეთები არიან საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ბანკები, ფარმაცევტული კომპანიები, ავტო-მოტო ინდუსტრია, გემბლინგი. ყველა ჩვენი პარტნიორი კომპანია მიხვდა, რომ ბაზარზე ოპერირებისთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ახლა იქმნება არა მხოლოდ, მაგალითად, ინოვაციური საბანკო პროდუქტით, არამედ ტექნოლოგიებით. ამიტომ მათ სჭირდებათ, რომ ამ გზაზე ზურგს უმაგრებდეთ Agile პროცესები", - ამბობს ალექსი.
AgileSchool-ში მოხარულნი არიან, რომ ამ მიდგომებით უფრო და უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება, მოთხოვნის ზრდა კი მიმწოდებლების ზრდასაც განაპირობებს.
ქართული ბაზარი მოცულობით საკმაოდ პატარაა და AgileSchool-ის სერვისიც ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი. მიუხედავად ამისა, ალექსისა და მისი გუნდისთვის სასიხარულოა ბაზარზე საინტერესო მოთამაშეების გაჩენა და Agile Community-ის ზრდა.
"საქართველოში Agile-ის მიმართ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ნამდვილად გვიხარია, რომ ამ მიმართულებით ჩვენს გარდა სხვა ორგანიზაციებიც ცდილობენ წვლილის შეტანას. გარდა ამისა, კონკურენცია ჯანსაღ ბიზნესგარემოს ქმნის, აუმჯობესებს პროდუქტებისა თუ სერვისების მიწოდების ხარისხს და, რაც მნიშვნელოვანია, ბაზარზე კონკურენცია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვალიდაცია, რომ პრობლემა არსებობს და საჭიროებს გადაწყვეტას", - გვეუბნება ის.
ალექს გიჯაშვილი ფიქრობს, რომ მთავარი, რაც AgileSchool-ს სხვა ორგანიზაციებისგან განასხვავებს, ეკოსისტემური მიდგომაა.
როგორც ის გვიხსნის, AgileSchool-ი ინდივიდებსა თუ ორგანიზაციებთან არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით მუშაობს, არამედ მომხმარებელს ერთგვარ Agile მოგზაურობას სთავაზობს, სადაც თითოეულ ეტაპზე იღებს უმაღლეს ხარისხს, საქართველოში საუკეთესო პროფესიონალების ექსპერტიზას, ფიზიკურ გარემოში მუშაობის გამოცდილებას და გრძელვადიან ლოიალობის პროგრამებს.
საცალო მომხმარებლებს AgileSchool-ის თვითგანვითარების პლატფორმის საშუალებით წვდომა აქვთ უფასო რესურსებზე, წიგნებზე, ვიდეოლექციებზე, Agile ტერმინების ქართულ ლექსიკონზე. ეს ეხმარება მათ ინტერესების ჩამოყალიბებაში. ამის შემდეგ კი მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ფიზიკურ გარემოში 6 სხვადასხვა სასწავლო კურსი გაიაროს. ამასთან ერთად, ის ერთიანდება Agile Community-ში, სადაც იღებს წვდომას სხვადასხვა ლოიალობის პროგრამაზე.
"AgileSchool-ი ამ ეტაპისთვის მომხმარებელს სთავაზობთ 5 სასწავლო კურსს, რომლებიც განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი პრაქტიკოსებისთვის. დამწყებებისთვის გვაქვს Agile Summer School და Agile Project Management სასწავლო კურსები, ხოლო უკვე მოქმედი, ან გამოცდილი პრაქტიკოსებისთვის - Product Owener, Agile Delivery Management, Masters in Agile Leadership, IT Project Management სასწავლო კურსები".
პარტნიორები AgileSchool-თან კოლაბორაციით იღებენ ექსკლუზიურად მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს. ყველა ორგანიზაციას ერთმანეთისგან განსხვავებული ბიზნესსაჭიროებები, გამოწვევები და მიზნები აქვს. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი არის აღნიშნული საჭიროებების იდენტიფიცირება შესაბამისი კვლევებისა და ინტერვიუების ჩატარების გზით. საჭიროებების იდენტიფიცირების შემდეგ AgileSchool-ის ექსპერტები აყალიბებენ იმ მიმართულებებს, რითაც შეუძლიათ კომპანიას მოუტანონ ღირებულება.
რაც შეეხება პიროვნებებისთვის განკუთვნილ კურსებსა და სწავლებას - ამ მიმართულებით AgileSchool-ის ძირითადი აუდიტორია არიან ადამიანები, რომლებიც ახლა იწყებენ Agile პროფესიებში მუშაობას ან პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს და აინტერესებთ ტექნოლოგიებში გადასვლა, ან სულაც, მოქმედი პრაქტიკოსები არიან და სურთ თავიანთი პროფესიული ცოდნა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანონ.
Agile როლები, თავის მხრივ, გულისხმობს ისეთ პროფესიებს, როგორიცაა Scrum Master-ი, Product owner-ი, Delivery Management-ი, Agile Leadership-ი. ამის გარდა, გუნდი ადამიანებს ეხმარება ისეთი ტიპის მიმართულებების განვითარებაში, როგორიცაა სტრატეგიული მიზნების დასახვა, ICT პროექტების მართვა და ა.შ.
"ბიზნესის მიმართულებით შემუშავებით, ფაქტობრივად, ნებისმიერი ზომისა და ინდუსტრიის ბიზნესს ვეხმარებით. ვმუშაობთ როგორც სტარტაპებთან, ასევე საშუალო და დიდი ზომის კომპანიებთან. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ყველა იმ კომპანიას, ვისაც უწევს ტურბულენტურ გარემოში ოპერირება, სურს ეფექტიანობის გაზრდა და მოქნილი მასშტაბირება", - გვეუბნება ალექსი გიჯაშვილი.
Entrepreneur-თან ინტერვიუში ალექსი აღნიშნავს, რომ AgileSchool-ისთვის უმნიშვნელოვანესია, მომხმარებლებს, ბიზნესს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ექსპერტული აზრი და სერვისი, სწორედ ამიტომ AgileSchool-ის მენტორთაგან თითოეული არის დარგის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკოსი წარმომადგენელი.
"ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი ჩვენს მომხმარებლებს გადასცემენ, წლების განმავლობაში საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. აღნიშნული ფაქტორი ქმნის AgileSchool-ის პროდუქტებს მომხმარებლისთვის უნიკალურს".
ქართული ბაზრისთვის უცხო მიდგომების დანერგვა მარტივი არ ყოფილა და ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ალექსი ამბობს, რომ ამ მიმართულებით უკვე დიდი პროგრესია და ბიზნესი თავად გამოხატავს Agile მიდგომების გამოყენებისადმი ინტერესს.
როგორც ალექსი იხსენებს, ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა იყო პარტნიორების დარწმუნება Agile-ის სიკეთეებში, მისი სწორად დანერგვის შემთხვევაში ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდასა და გადაწყვეტილებების მიღების დეცენტრალიზაციაში.
მსგავს პერიოდებში კი გუნდს მოტივაციას მათივე საწყისი მიდგომა აძლევდა - Agile School-ში სჯერათ, რომ ქართული Agile ეკოსისტემის მშენებლობა ბიზნესის წინსვლის საწინდარი იქნება.
"ერთი მხრივ, ყოველდღიურად ქართულ ენაზე ვქმნით უფასო თვითგანვითარებისთვის მნიშვნელოვან რესურსებს, ასევე, ადამიანებს ვეხმარებით ახალი პროფესიების შეძენასა და კარიერულ განვითარებაში. მეორე მხრივ, ორგანიზაციებთან მუშაობაში ვდებთ ძალიან დიდ ძალისხმევას, რომ დავეხმაროთ ,აჩვენონ საუკეთესო მაჩვენებლები. ჯამში ეს ყველაფერი ქმნის ერთიან ეკოსისტემას საქმის უკეთესად და ხარისხიანად კეთებისთვის", - ამბობენ AgileSchool-ში.
გრძელვადიანი ხედვა საქართველოში მდგრადი და განვითარებული Agile ეკოსისტემის მშენებლობაა, რომლითაც ისარგებლებს ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია. ამ პროცესში კი სხვადასხვა საინტერესო სერვისისა თუ პროდუქტის განვითარებასაც განიხილავენ.