გარისკე მიზნისთვის მეტი ფულის ქონა უბრალოდ გაძლევს მეტ პასუხისმგებლობას. როცა შენს კუნძულს ქარიშხალი უახლოვდება, დიდი თავისტკივილი გაქვს.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რიჩარდ ბრენსონი თავგადასავლების ცნობილი მაძიებელი, მილიარდერი და წარმატებული მეწარმეა, რომლის ბრენდი Virgin მუდმივად იზრდება. თუმცა, როგორც მისი ახალი ავტობიოგრაფიიდან Finding My Virginity ვგებულობთ, მეწარმეობა გაცილებით მეტია, ვიდრე ფული.
Entrepreneur-ის ამ ნომერში უხვადაა საუბარი სხვადასხვა რისკის შესახებ. თქვენ ცნობილი ხართ, როგორც ადამიანი, რომელიც მრავალჯერ რისკავს. თუმცა ვფიქრობ, რომ ის, რაც სხვებს თამამ და სარისკო ნაბიჯად ეჩვენება, თქვენთვის კარგად აწონ-დაწონილი და გათვლილი გადაწყვეტილებაა.
ჩვენ მივდივართ არაერთ გათვლილ რისკზე, მაგრამ მათგან არცერთია ისეთი, რომელმაც შესაძლოა ყველაფერი გაანადგუროს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რისკი დაზღვეული იყოს. ერთ-ერთი პირველი გარიგება, რომელიც მე დავდე, მეორადი "ბოინგ 747"-ის შეძენა იყო. იმ მომენტში, ხმის ჩაწერის ბიზნესიდან საჰაერო გადაზიდვების ბიზნესში გადავდიოდი და გარიგების ყველაზე მთავარი პუნქტი იყო ის, რომ თუ იგი წარმატებული არ იქნებოდა, პირველი წლის შემდეგ "ბოინგ 747"-ს გამყიდველს უკან დავუბრუნებდი. ეს არ გააკოტრებდა ჩვენ ხმის ჩამწერ კომპანიას ან სხვა ბიზნესებს, რომლებიც იმ მომენტისთვის გვქონდა დაწყებული. ამრიგად, მე მაქვს გამოცდილება იმ საქმეებიდან, რომლებიც წარმატებით დასრულდა. ასევე იმ საქმეებიდანაც, რომლებმაც ფიასკო განიცადა. ჩემს ტვინში არსებული "პატარა კომპიუტერი" აანალიზებს ყველაფერს, რაც მოხდა. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, მეტი სიფრთხილე და ყურადღება მმართებს, რათა არ გავხდე უფრო კონსერვატიული გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც ზოგიერთ ადამიანს ემართება.
როგორ შეძლებთ იმას, რომ არ გახდეთ უფრო კონსერვატიული?
არ ვფიქრობ, რომ ამის პრობლემა მაქვს. მაგრამ ვიცი – ბევრ ადამიანს ემართება ეს. ასაკის მატებასთან ერთად, ისინი ნაკლებად რისკავენ. ეს უცნაური და დაუჯერებელიც კია. 20 და 30 წლის ასაკში, ადამიანები საჰაერო ბურთებსა და ნავებში სხდებიან და უზარმაზარ რისკს არ ერიდებიან. ამ დროს მათ მთელი ცხოვრება წინ აქვთ. 60 და 70 წლის ასაკში კი, როცა სიცოცხლის დიდი ნაწილი გავლილი აქვთ, ისინი ამგვარად აღარ რისკავენ, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ნაკლები აქვთ დასაკარგი. აღმოვაჩინე: უზარმაზარ სიამოვნებას ვიღებ აქტიური ცხოვრებისგან და სწავლისგან. სიცოცხლეს ვუყურებ, როგორც სწავლის ერთ დიდ პროცესს. ასევე ძალიან მიყვარს გამოწვევები. ალბათ ჩემი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ კოლეგა დირექტორებიც ჩემნაირად აზროვნებას შევაჩვიო.
წიგნში ამბობთ: "ჩვენ გვიყვარს სწრაფად მუშაობა, იდეების გამოცდა, ნახვა – ეს იდეები დარჩება თუ არა, და თუ არ დარჩება, შემდეგ იდეაზე გადასვლა". ეს ძალზე თავისუფალი აზროვნების მაჩვენებელია. ასე მუშაობთ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები?
გადახედეთ კომპანიების უმეტესობას მსოფლიოში – ისინი მოქმედებენ ბიზნესსკოლებში ნასწავლი წესის შესაბამისად, რომელიც შემდეგია: "მიხედეთ თქვენს მთავარ საქმეს და არ გადაუხვიოთ გვერდით. დიდი ბრენდების უმეტესობა, მსოფლიოში ასე იქცევა. ჩვენ ვიცით, რას აკეთებს Coca-Cola. ჩვენ ვიცით, რას აკეთებს Microsoft-ი..." და ასე შემდეგ. ძალიან ცოტაა ისეთი ბრენდი, რომელიც ყოვლისმომცველია, რომელიც ცხოვრების წესს კარნახობს ადამიანებს. და ეს სამწუხაროა, რადგანაც ვფიქრობ, რომ ამ კომპანიებში მომუშავე ადამიანებს საკუთარი რესურსების ნაწილი ახალი კომპანიების შექმნაზე ან ახალ გამოწვევებზე ფიქრისთვის რომ დაეთმოთ, ეს მათ დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა. მაგრამ ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. ამის კეთებას ჩვენ გავაგრძელებთ.
და მაინც – თქვენ გიყვართ კომპანიების დაარსება და არ გიყვართ მათთან განშორება. თქვენს წიგნში არაერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ განიცდით კომპანიის გაყიდვას თუნდაც დიდი ფულის სანაცვლოდ. თქვენ წერთ: "ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელიც სიამოვნებას არ მანიჭებს". ეს მკვეთრად განსხვავდება ბევრი მეწარმის აზროვნებისგან, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ მაქსიმალური მოგება ნახოს და დროულად გავიდეს ბიზნესიდან.
კომპანია ადამიანთა ჯგუფია და მისი გაყიდვა ადამიანთა ჯგუფის გაყიდვას ნიშნავს. თუ თქვენი კომპანია ადამიანთა მჭიდროდ შეკრული ჯგუფია, რომელსაც უყვარს თქვენთვის მუშაობა, და თუ თქვენ ამ კომპანიას მიჰყიდით ისეთ კომპანიას, რომელსაც არ აქვს მსგავსი კულტურა, ვფიქრობ, ამით უღალატებთ ამ ადამიანებს. და რა თქმა უნდა, ამის კლასიკური მაგალითია Virgin America, რომელიც გაიყიდა Alaska Airlines-ზე და ამის შედეგად ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, რაც ძალიან ცუდია. დიახ, ამ გარიგებამ დიდი ფინანსური მოგება მოიტანა, მაგრამ ბანკში ცოტათი მეტი ფულის ქონა არ არის იგივე, რაც დიდებული ავიაკომპანიის ფლობა, რომელშიც მშვენიერი ადამიანები მუშაობენ და რომლის მომხმარებლები შენთან ყოველდღე მოდიან და გეუბნებიან, რომ შექმენი მსოფლიოში საუკეთესო ავიახაზები. მე ვიღებ სიამოვნებას აქედან და არა იმ დოლარებიდან, რომლებიც ჩემს საბანკო ანგარიშზეა.
თუ თქვენ Silicon Valley-ში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ტექნოლოგიის სფეროში წარმატების მიღწევის სურვილით იწვიან და ზემოთ ნათქვამს ეტყვით, მრავალი მათგანი ცარიელი თვალებით შემოგხედავთ. როგორ დაარწმუნებდით მეწარმეს, რომ ბიზნესიდან მაქსიმალური მოგების მიღება და გამოსვლა არ არის ერთადერთი მიზანი?
შემიძლია დაგისახელოთ 20 ადამიანი, რომელმაც საკუთარი კომპანია გაყიდა და ძალიან უბედური ცხოვრებით ცხოვრობს. მათ ბანკში უზომოდ ბევრი ფული აქვთ, მაგრამ საკუთარი შვილი გაყიდეს და ახლა ზედმეტად დიდ დროს ატარებენ თავიან მეორე ნახევრებთან. მათ დაკარგეს ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი. ეს ალბათ ჩემი პოზიციის ერთ-ერთი ახსნა იქნებოდა. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც: თუ დამფუძნებლები არა უბრალოდ გაყიდიან საკუთარ კომპანიას, რომ დიდი იახტა შეიძინონ და უფრო მეტი ხიზილალა მიირთვან, არამედ გამოიყენებენ მიღებულ ფულს, რათა 10 ახალი კომპანია შექმნან, ასეთ შემთვევაში კომპანიის გაყიდვა მისაღებია. ეს უკვე მედლის ორივე მხარეა.
მილტონ ფრიდმანის იდეა, რომ მოგება მნიშვნელოვანია, მართალია, თუმცა მას უნდა დაემატებინა, რომ "ასევე მნიშვნელოვანია ადამიანები, კულტურა, კომპანიის მართვის მორალური გზა; ის, თუ როგორ ურთიერთქმედებ გარემოსთან, რა პასუხისმგებლობა გეკისრება საზოგადოების წინაშე". ჩვენი მიზანია, დავარწმუნოთ ყველა კომპანია, იფიქროს ამგვარად. და თუ ყველა კომპანია ამგვარად იფიქრებს, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ მსოფლიო პრობლემების უმრავლესობასთან გამკლავებას.
თქვენი პასუხი იქამდე დადის, თუ რა მიზანი ამოძრავებს ადამიანს ცხოვრებაში. თქვენი კომენტარები მაფიქრებინებს, რომ უმთავრესი შეკითხვა, რომელიც მეწარმეებს უნდა დავუსვათ, შემდეგია: რა არის თქვენი მიზანი? რა გამოძრავებთ ცხოვრებაში?
დიახ. თქვენ მართალი ბრძანდებით. ადამიანები იმდენად ეფლობიან ყოველდღიურობაში, რომ აუცილებელი ხდება, წყნარად დაჯდომა და დაფიქრება: რატომ ვარ მოვლენილი დედამიწაზე? რა შემიძლია გავაკეთო, რომ უკეთესობისკენ შევცვალო ცხოვრება?
საკუთარ წიგნში მოგვითხრობთ 2007 წელს მომხდარ ამბავს, როცა თქვენი ერთ-ერთი მატარებელი გადავიდა რელსებიდან და ქალი დაიღუპა. თქვენ მაშინვე მიხვედით შემთხვევის ადგილას და შეხვდით დაზარალებულთა ოჯახებს. წერთ, რომ "დიდი უბედურების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილზე სწრაფად მისვლა, პრობლემისთვის თვალის გასწორება, თანაგრძნობის გამოხატვა და გულწრფელობა". როცა ეს წავიკითხე, ვიფიქრე, რომ მოცემული ქმედება იყო გამჭრიახი ლიდერობა. თუმცა ახლა ვფიქრობ – ეს შესაძლოა იყოს მიზანდასახული ლიდერობა.
როცა ვიზრდებოდი, თუ ვინმეზე რაიმე ცუდს ვიტყოდი, მშობლები სარკის წინ მაყენებდნენ 10 წუთით და მეუბნებოდნენ, თუ რა ცუდი ანარეკლი მქონდა. მე ყოველთვის ვცდილობ სხვა ადამიანებში საუკეთესო დავინახო. ჩვენ უნდა შევაქოთ სხვები, ვიზრუნოთ მათზე. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ეს ადამიანი. თუ ვინმე მოგიახლოვდებათ და სელფის გადაღებას გთხოვთ, უარი არ უთხრათ. ამას დიდი დრო და ენერგია არ სჭირდება. იგივეა, როცა ვინმე მატარებლის რელსებიდან გადასვლის დროს იღუპება. მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილზე მისვლა, დაღუპულის ნათესავების გულში ჩაკვრა და მათთვის ისეთივე სითბოს გაღება, როგორსაც საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ გამოხატავდით. ეს არის სხვა ადამიანების მოპყრობის სწორი, ადამიანური გზა. როცა მათ კარგად ექცევი, მაშინ სარკეში ჩახედვისასაც დადებით ანარეკლს დაინახავთ და ეს, საბოლოო ჯამში, ბევრად სასიამოვნოა.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თქვენ არ გსურთ უფრო კონსერვატიული გახდეთ ასაკის მატებასთან ერთად, მაგრამ მე მაინტერესებს – შეიცვალა თქვენი პოზიცია ასაკთან ერთად? და თუ ხართ უფრო მეტად ფოკუსირებული საკუთარი ცხოვრების მიზანზე?
ვფიქრობ, გარკვეულწილად, კი. გასული საუკუნის 60-იან წლებში, პატარა ბიჭი ვიყავი. გვქონდა ჟურნალი, რომელიც თავდაპირველად ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო კამპანიის გასატარებლად შევქმენი. ჩვენი წამოწყებების უმრავლესობა ისე შევქმენით, რომ არ ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორ შეგვეძლო ყველაზე მეტი ფულის შოვნა. მათ გარკვეული დანიშნულება აქვთ. როცა ჟურნალი დავაფუძნე, არასოდეს მიფიქრია ბიზნესში ჩართვაზე. მე, უბრალოდ, რედაქტორობა მინდოდა. მსურდა იმის კეთება, რასაც შენ აკეთებ.
მინდა გითხრათ, რომ თქვენ აირჩიეთ გზა, რომელსაც უფრო მეტი ფული მოაქვს...
დარწმუნებული ვარ, რომ იგივე საკვები შეგიძლია გქონდეს, რომელსაც მე მივირთმევ, და იგივე ლეიბზე გეძინოს, რომელზეც მე მძინავს. მეტი ფულის ქონა უბრალოდ გაძლევს მეტ პასუხისმგებლობას. როცა შენს კუნძულს ქარიშხალი უახლოვდება, დიდი თავისტკივილი გაქვს.