Cyber Monday Sale! 50% Off All Access

გაციფრულებული უნიკალური ქართული საკრავები და მრავალხმიანობა - ინტერვიუ ზურაბ კოსტავასთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩემი გეგმა და ოცნება არის ის, რომ ქართული ინსტრუმენტები აღმოჩნდეს ჩემი საყვარელი კომპოზიტორის, ჰანს ციმერის, კომპიუტერში", - ზურაბ კოსტავა.

ქართული საკრავების უნიკალური ჟღერადობა საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა, ვითარდებოდა და მასში ისტორიული გამოცდილება, ხალხური ცოდნა და საზოგადოების მუსიკალური აზროვნება გროვდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ნაგროვები ისტორიული მეხსიერება კი შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებას საჭიროებს, რის საშუალებასაც, ტექნოლოგიების ეპოქაში, გაციფრულება იძლევა. სწორედ ამ მიზნით, ახალგაზრდა ხელოვანმა, ზურაბ კოსტავამ, ქართული ინსტრუმენტებისა და მრავალხმიანობის დიგიტალიზაციის პროექტი წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ინიციატივის ავტორი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებს, აღმოაჩენს როგორც კარგად დავიწყებულ, ისე - ახალ ქართულ ჟღერადობებს, გააციფრულებს და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

როგორ გაციფრულდება ქართული საკრავები და რას უნდა ელოდოს ქართული საზოგადოება აღნიშნული წამოწყებისგან? - ამ კითხვებზე Entrepreneur ინიციატივის ავტორს, ზურაბ კოსტავას ესაუბრა:

როგორ გაჩნდა იდეა, გაგეციფრულებინათ ქართული ინსტრუმენტები და მრავალხმიანობა? რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი პროექტის არსებობა?

იდეა იმთავითვე გამიჩნდა რა დროიდანაც მუსიკის შექმნა დავიწყე. თავიდან ხშირად ვისმენდი ეთნიკური ინსტრუმენტების პარტიებს სხვადასხვა ჟანრის მუსიკაში. ვფიქრობდი, რომ ნამდვილად კარგად კონვერტირდა ცოცხალი საკრავები თანამედროვე მუსიკის ინდუსტრიაში და მის კრეატიულ გამოყენებას დაედო სათავე.

რა თქმა უნდა, მუსიკოსს არ აქვს წვდომა ყველა რეალურ ინსტრუმენტთან, ამის გამოსავალი ვირტუალური ინსტრუმენტებია. დღესდღეობით, მუსიკოსს შეუძლია თავის ლეპტოპში მარტივად მოათავსოს მთელი მსოფლიოს საკრავთა კოლექცია ისე, რომ არ უწევდეს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურების ზიარება.

ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ იმით განებივრებულები, რომ ქართული ინსტრუმენტების ციფრული ვერსიები გვქონდეს. ჩემი აზრით, არაფრით არ ჩამოუვარდება ჩვენი საკრავები ჩინურ, ინდურ და სხვა პოპულარულ ეთნიკურ ინსტრუმენტებს.

როდესაც ერთ-ერთ ქართულ სტუდიაში ვმუშაობდი, ყოველთვის მესმოდა ქართული ინსტრუმენტების ერთი და იგივე რიტმი, ტემბრი და აკორდები. სულ ვაკვირდებოდი, რა კარგი ჟღერადობები ჰქონდა თითოეულ საკრავს და რატომ იყო იგი განწირული ჩარჩოებისთვის. ამის შემდეგ გადავწყვიტე გამეკეთებინა ყველა ქართული ინსტრუმენტისა და მრავალხმიანობის ერთგვარი ციფრული ბიბლიოთეკა. ზოგადად საქართველოში იმდენი საინტერესო ჟღერადობები იმალება, რომ ეს იქნება აღმოჩენა მთელი მოსფლიოსთვის. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი განსაკუთრებულობა.

შედეგად, ჩემი მიზანი არამარტო ქართული მუსიკალური ტრადიციის გლობალური პოპულარიზაციაა, არამედ პლანეტის ყველა მუსიკოსებისთვის ქართული საკრავების კრეატიულად გამოყენება ნებისმიერ ჟანრში.

რა ეტაპზეა ამ დროისთვის პროექტი? გაქვთ თუ არა მზა პროტოტიპი და რა გჭირდებათ იმისათვის, რომ გაზარდოთ მასშტაბი?

ამ ეტაპზე მაქვს ერთი ფანდურის და ერთი დოლის რეალური პროტოტიპი თავისი ინტერფეისით და ჩანაწერებით. იგი ჯერჯერობით ალფა ტესტინგის პროცესშია და თუ მისი უფრო ფართომასშტაბიანი რეალიზაცია განვახორციელე, საჭირო იქნება სტუდიური ჩანაწერები და სესიები მუსიკოსებთან, რადგან ყველა ჩანაწერი რაც ამ ეტაპზე მაქვს არის ჩაწერილი სახლის პირობებში. ახლო მომავალში ვაპირებ ჩემს Youtube არხზე დავდო მათი მოკლე მიმოხილვა.

ზოგადად, საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რადგან როდესაც საქმე გვაქვს ნატურალურ ინსტრუმენტებთან და მის კომპიუტერში მაქსიმალურად რეალისტურად აჟღერებასთან, საჭიროა ჩაიწეროს უამრავი აუდიო ფაილი, ნოტების სიმძლავრე და ვარიაციები.

ცოტა ტექნიკურად რომ ავხსნა, არის ცალკეული ნოტები, რომლებიც გამოირჩევა ნატურალური ჟღერადობით. მისი რეალური ინსტრუმენტისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. როგორც ზემოთ ავღნიშნე იგი დაიკვრება MIDI კლავიატურით ისე, როგორც პიანინო, მაგრამ დაუკრავს ფანდურს, ჩონგურს, სალამურს, დოლს და ა.შ

ასევე მასში თავმოყრილი იქნება სხვადასხვა ცოცხლად ჩაწერილი ქართული და თანამედროვე რიტმები (Loops).

პროექტისთვის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია სხვადასხვა რესურსები, მეტი კომუნიკაცია, დაინტერესება და მხარდაჭერა.

ვინ დგას აღნიშნული პროექტის უკან?

პროექტზე ჯერჯერობით ვმუშაობ მხოლოდ მე საკუთარი გამოცდილებით. ჩემი ძმა, ჯონი კოსტავა არის ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი პროგრამისტი, რომელიც მალე ჩაერთვება მის დეველოპმენტშიც, რათა გახდეს პროგრამა უფრო მულტი პლატფორმული. ამ ეტაპზე იგი უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ მხარეს და არის ჩემი ყველაზე ახლო და მუდმივი მხარდამჭერი. მინდა ვახსენო ნიუ-ორკში მოღვაწე ქართველი არტისტი ბებური ასათიანი, რომელმაც თავიდანვე გამოხატა ყურადღება და ძალიან დამეხმარა აპარატურის მხრივ. ასევე ჩემი მეგობრები მეხმარებიან კარგი ინსტრუმენტების მოპოვებაში. ფანდურის ქართული რიტმები ჩამაწერინა უნიჭიერესმა მუსიკოსმა გოგი გუნიამ, რომელიც თავის შემოქმედებაში აქტიურად იყენებს ქართულ საკრავებს და სწორედ მისი მუსიკა არის ჩემთვის ერთ-ერთი ინსპირაციის წყარო. თითოეულ მათგანს მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის!

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? საბოლოო ჯამში, როგორი წარმოგიდგენიათ პროდუქტი და როგორ ფიქრობთ ქართულ ბაზარზე გასვლას?

ქართული ინსტრუმენტების გაციფრულება როგორც პროექტი მუდმივად იარსებებს და ყოველწლიურად დაიხვეწება, გამრავალფეროვნდება და გაიზრდება. ამის ფარგლებში ვფიქრობ საკუთარი ინსტრუმენტების შექმნას და მათ გაციფრულებასაც. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, საქართველოში ვირტუალური ინსტრუმენტების VST კულტურა საკმაოდ გავრცელებულია მუსიკოსებში და მოთხოვნა არის ძალიან დიდი.

ზოგადად, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ არტისტს ექნება არჩევანი გადმოწეროს ვირტუალური ფანდური იმის ნაცვლად, რომ მთელი დღეები დაკარგოს რეალური ფანდურის საყიდლად, და მსოფლიოს დანარჩენმა მუსიკოსებმა აღმოაჩინონ ახალი ჟღერადობა და გამოიყენონ იგი თავიანთ კომპოზიციებში. ჩემი გეგმა და ოცნება არის ის, რომ ქართული ინსტრუმენტები აღმოჩნდეს ჩემი საყვარელი კომპოზიტორის, ჰანს ციმერის, კომპიუტერში

ვისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული პროექტი და როგორია თქვენი ბიზნეს მოდელი?

პროექტი განკუთვნილია ნებისმიერი ადამინისთვის, რომელიც დაინტერესებულია მუსიკით. ეს იქნება მოყვარული მუსიკოსი თუ პროფესიონალი შემსრულებელი. მისი გამოყენება საინტერესო იქნება არამუსიკოსი ადამიანისთვისაც. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ფანდურს დავაკვრევინე სხვადასხვა კლასიკური ნაწარმოები (MIDI) და მინდა ავღნიშნო, რომ ეს იყო ძალიან კარგი რელაქსაცია. ასე რომ, შეიძლება, ამ თემაზეც ვიმუშაო.

რაც შეეხება ბიზნესს: ამ ეტაპზე ვმუშაობ დამოუკიდებლად და სრული ენთუზიაზმის ხარჯზე. სტაბილური სამსახურის გამო უფრო ნაკლებ დროს ვუთმობ. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არ არის ხელწამოსაკრავი საქმე და ჩემს მძიმე შრომას, იმისთვის რომ მივიღო უმაღლესი ხარისხი - დაფასება დასჭირდება. შესაბამისად, ვაპირებ მის კომერციალიზაციას. პარალელურად ვწერ ბიზნეს გეგმას და ვეძებ პოტენციურ ინვესტორს, რომელიც პროდუქტს გახდის უფრო გლობალურს.

მოგვიყევით მეტი თქვენი გამოცდილებისა და საქმიანობის შესახებ. თქვენი ძირითადი საქმიანობაც მუსიკასთანაა დაკავშირებული?

ზოგადად ჩემს პროფესიაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ვერ გადავწყვიტე რა სფერო ავირჩიო და რა მიეწეროს ჩემს სახელსა და გვარს. ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა, რომ მე ამ პროფესიაში ვარ ექსპერტი, მაგრამ მთელი ცხოვრება ვცდილობ, ვაკეთო ის, რაც მიყვარს და მომწონს - ეს არის ჩემთვის გამოცდილებაც და პროფესიაც. ალბათ, უფრო ხელოვანი ვარ, რაც მოიაზრებს ყველაფერს - რაც შეიძლება ხელოვანმა ადამიანმა შექმნას.

ყოველთვის მაინტერესებდა მუსიკა. გაჭირვებული ცხოვრების გამო მაგიდაზე კალმით ვხატავდი პიანინოს კლავიშებს, თხილის ჯოხებით სხვადასხვა რიტმებს ვუკრავდი ჭურჭლებზე. რეალური მუსიკის შექმნა დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყე და ეს გახდა ჩემი ყველაზე ენით აღუწერელი სიამოვნება, რომელიც ჩემთვის მშობლიურ ენასავით ძვირფასია და ვფიქრობ, რომ ეს არის იდეალური საშუალება, ჩემი გრძნობები ვაქციო ისტორიად.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!