კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის გამარჯვებულები ცნობილია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
28 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმროში "შერატონი", გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის "ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის" ცერემონია გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიების ნომინაციები, გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული "მდგრადი განვითარების მიზნების" მიხედვით შეირჩა. ჯამურად ეს დოკუმენტი 17 პუნქტს აერთიანებს, თუმცა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო, წელს ექვს ნომინაციაში იყო დაწესებული. ეს ნომინაციებია:
SDG 4 - ხარისხიანი განათლება - გამარჯვებული: "საქართველოს ბანკი" პროექტი "განათლების მხარდაჭერა"
SDG 5 - გენდერული თანასწორობა - გამარჯვებული: "აჭარა ჯგუფი" პროექტი "გენდერული თანასწორობის გაძლიერება"
SDG 8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა - გამარჯვებული: "საქართველოს ბანკი" – "სოციალური საწარმოების მხარდაჭერა"
SDG 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები - გამარჯვებული: "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" პროექტი "ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის"
SDG 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება - გამარჯვებული: "შპს ლიდერი" პროექტი "სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება"
SDG 17 - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - გამარჯვებული: "ეფეს ჯორჯია" პროექტი "პარტნიორული პროექტები"
ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სპეციალური ჯილდო გადაეცა თიბისი ბანკს.
ღონისძიება გახსნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
"მდგრადი განვითარება და კორპორაციული პასუხისმგებლობა ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს მოდერნიზაციას და ევროპულ და მსოფლიო ბაზრებთან სრულფასოვან დაკავშირებას ეხმიანება. უწინ, კარგი საქმეების კეთება, დასაქმებულთა უფლებების დაცვა, გარემოზე ზრუნვა და ბიზნესის მართვა ერთიან სივრცეში არ მოიაზრებოდა, თუმცა დღეს ვხედავთ სურათს, სადაც ამ ყველაფერმა თავი მოიყარა და მსოფლიოს დღის წესრიგში მდგრად განვითარებაზე მუშაობა აღმოჩნდა. მეორე მხრივ, მომხმარებლებიც უკვე კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებთან ამყარებენ კავშირებს და ჩვენ ხშირად მზად ვართ პროდუქტში მეტი გადავიხადოთ, თუკი მისი დამზადების სწორ და კეთილსინდისიერ მეთოდებში ვართ დარწმუნებული. სწორედ ამიტომ, ბედნიერი ვარ, რომ ამ ცერემონიაში მონაწილეობის და საქართველოში ამ საქმის პიონერებთან, მისაბაძ მაგალითებთან ყოფნის შესაძლებლობა მომეცა".
"კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ცერემონია ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის წელს მეოთხედ გაიმართა საქართველოში და წინა წლებთან შედარებით ბევრად მეტი აპლიკაცია მივიღეთ და მეტი დაინტერესება იყო ბიზნეს სექტორის მხრიდან. ღონისძიება იმართება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის, USAID-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა ექვსი გამარჯვებული ნომინაციებში: ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, მდგრადი მოხმარება და წარმოება, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის. ასევე გამოვლინდა ორი გამარჯვებული ჟურნალისტი კატეგორიაში მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალური დირექტორი.
დამსწრე საზოგადოებას, ასევე საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ და განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმაც მიმართა ვიდეო ტრანსლაციის საშუალებით.
ნომინაციის გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს: დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა; იაპონიის ელჩმა საქართველოში, აკირა იმამურამ; შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, დანიელ მევლიმ; USAID საქართველოს კერძო სექტორის ჩართულობის კოორდინატორმა, ბევერლი ჰუვერმა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა; საკონსულტაციო კომპანია "Egeria Solutions" დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ჩუგოშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლიკა შავიშვილმა.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მეორედ გაიმართა მედიის წარმომადგენლების დაჯილდოება - მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში. კონკურსის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ ნომინაციაში - კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი და ციფრული/ბეჭდური სტატია.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით. დამსწრე პირს უნდა წარედგინა COVID-19 ვაქცინით ორჯერადად აცრის დამადასტურებელი საბუთი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (არაუმეტეს 72 საათისა)/ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი (არაუმეტეს 24 საათისა). ასევე ტესტირება ღონისძიების დაწყებამდე, უშუალოდ სასტუმროს ტერიტორიაზე გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა უზრუნველყო.
რაც შეეხება ჯილდოს ისტორიას, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021 "ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის" ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
ეს ჯილდო, გამარჯვებულებს საშუალებას აძლევს მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში; წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე და წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.