მრავალი საერთაშორისო აღიარების მქონე ლიდერი ტურისტულ ბიზნესში - გაიცანით ეკატერინე ჯიქიძე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჩვენ, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ჩვენი ქვეყნის დიპლომატები ვართ და მსოფლიოს საქართველოს საუკეთესო მხარეებს ვაცნობთ", - ეკატერინე ჯიქიძე.
საუკეთესო შემომყვანი ტუროპერატორი, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ეროვნული ბიზნესრეიტინგების კავშირის პრესტიჟული ჯილდო "წლის ლიდერი", გლობალური აღიარების ჯილდო განსაკუთრებულ ლიდერობასა და მომსახურებაში და სხვა - ეს იმ მიღწევათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ტურისტული კომპანია Guide of Georgia-ს მფლობელსა და დირექტორს, ეკატერინე ჯიქიძეს ეკუთვნის.
Guide of Georgia-ს ძირითადი სამიზნე სეგმენტი არაბი და ინდოელი ტურისტები არიან. კომპანია ხშირად ემსახურება წყვილებს, ოჯახებსა და სხვადასხვა სპეციფიკური მოთხოვნების მქონე ჯგუფებს. ჯგუფები სარგებლობენ კარგად ორგანიზებული ტურებით, განსაკუთრებული ყურადღებით - ლოჯისტიკურ დეტალებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო გამოცდილება თითოეული სტუმრისთვის. ტურები მოიცავს ბუნებას, სათავგადასავლო ადგილების მონახულებასა და კულტურულ ძეგლებს. კომპანია წყვილებს რომანტიკულ დასვენებასა და გამოცდილებას, ხოლო ოჯახებს ბავშვებისთვის ხელსაყრელ მარშრუტებსა და გართობას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ Guide of Georgia-ს მრავალრიცხოვან სტუმართა სიაში იორდანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახიც გახლდათ.
Guide of Georgia-ს კონკურენტული უპირატესობა მომსახურების ხარისხი და სტუმრებთან მუდმივი კავშირია. "ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ უწყვეტ კომუნიკაციას სტუმრებთან და მათ მხარდაჭერას ნებისმიერ საკითხში, რაც უზრუნველყოფს სტრესისგან თავისუფალ და სასიამოვნო გამოცდილებას მათთვის. ჩვენი ყველა თანამშრომელი ორიენტირებულია ტურისტის კმაყოფილებასა და სერვისის ხარისხზე, სწორედ ამიტომ ჩვენ გვყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც გვენდობიან და თავიანთ მომხმარებლებს ჩვენს სერვისებს სთავაზობენ. ჩვენ ვინარჩუნებთ მომხმარებელთა კმაყოფილებას და ხელს ვუწყობთ განმეორებით ბიზნესს პრიორიტეტულად პერსონალიზებული სერვისით, თანმიმდევრული კომუნიკაციით, ტურის მიმდინარეობის მონიტორინგითა და მომსახურების დასრულების შემდგომ უკუკავშირით. მოგზაურობის დროს უზრუნველვყოფთ უნაკლო გამოცდილებას 24/7 მხარდაჭერით და ნებისმიერი საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტით. ტურის შემდეგ გამოვხატავთ მადლიერებას, ხშირად ვთავაზობთ პერსონალიზებულ ფასდაკლებებს ან ექსკლუზიურ შეთავაზებებს მათი შემდეგი მოგზაურობისთვის. ძლიერი, სანდო ურთიერთობების დამყარებითა და მაღალი ხარისხის გამოცდილების მიწოდებით ხელს ვუწყობთ გრძელვადიან ლოიალობასა და განმეორებით ჯავშნებს", - განმარტავს რესპონდენტი.
იორდანიის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს 2017 წელს ვუმასპინძლეთ. ისინი ჩამოვიდნენ ჯგუფთან ერთად, არ დაჯავშნეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და იყვნენ ძალიან უბრალო ადამიანები. თავიდან, როდესაც პარტნიორმა კომპანიამ გვაცნობა მათ შესახებ, ველოდებოდით, რომ მოითხოვდნენ განსაკუთრებულ მოპყრობას, მაღალი დონის მანქანას, საკვებ ობიექტებს ა.შ. თუმცა ისინი იქცეოდნენ ისე, როგორც ჩვეულებრივი ტურისტები, არანაირი ზედმეტი მოთხოვნა არ ჰქონიათ, ვერც მიხვდებოდით, თუ თანამდებობის პირი გახლდათ. და ყველაზე სასიამოვნო იყო მისი მეუღლის სიტყვები: "ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ასეთი სუფთა ქვეყანა იშვიათად შემხვედრია". აღნიშნავდა, რომ სისუფთავე იყო არა მხოლოდ ტურისტულ ადგილებში, არამედ პატარა სოფლებშიც და აღფრთოვანებული იყო ამით.
Entrepreneur-თან საუბარში ეკატერინე აღნიშნავს, რომ მისთვის მოგზაურობა უფრო მეტია, ვიდრე ახალი ადგილების მონახულება. ეს არის მნიშვნელოვანი გამოცდილების შექმნა და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბება. Guide of Georgia-ს დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ტურიზმი სცილდება დასვენების ფარგლებს - ის არის ერთგვარი ხიდი ერებს შორის და ხელს უწყობს როგორც კულტურათაშორის დიალოგს, ასევე მშვიდობასა და თანამშრომლობას გლობალურ დონეზე. საკუთარი კომპანიით კი, ეკატერინე ჯიქიძე ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციასა და განვითარებას მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე.
"ტურიზმი არის დიპლომატიის ფორმა", - აღნიშნავს ეკატერინე. რესპონდენტი მოგვითხრობს, რომ ტურიზმს ხშირად უწოდებენ "ტურიზმის დიპლომატიას" ან "რბილ დიპლომატიას". ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნებსა და კულტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირის დამყარებაში. Guide of Georgia-ს დამფუძნებელს ღრმად სწამს, რომ ტურიზმი, როგორც დიპლომატია შემდეგნაირად მუშაობს:
- კულტურული გაცვლა ტურიზმში საშუალებას აძლევს ადამიანებს, პირადად განიცადონ სხვადასხვა კულტურა, რაც ხელს უწყობს სტერეოტიპებისა და მცდარი წარმოდგენების განადგურებას. ეს კულტურული გაცვლა ხელს უწყობს უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ერებსა და ხალხს შორის;
- ეროვნული იმიჯის ხელშეწყობა: პოზიტიურმა ტურისტულმა გამოცდილებამ შეიძლება გააძლიეროს ქვეყნის გლობალური აღქმა, გააუმჯობესოს მისი იმიჯი მსოფლიო ასპარეზზე. ქვეყნები ხშირად ინვესტირებას ახდენენ ტურიზმში, როგორც საშუალებას, წარმოაჩინონ თავიანთი კულტურა, ისტორია და ღირებულებები, რაც არაპირდაპირ გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობებზე;
- ეკონომიკური კავშირები: ტურიზმი ქმნის ეკონომიკურ კავშირებს ერებს შორის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და დასაქმების გზით. ძლიერმა ტურისტულმა სექტორმა შეიძლება გამოიწვიოს პარტნიორობა ბიზნესებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში, გააძლიეროს ეკონომიკური დიპლომატია;
- სახალხო დიპლომატია: ტურიზმი საშუალებას აძლევს ინდივიდებს უშუალოდ საზღვრებს მიღმა, ოფიციალური დიპლომატიური არხების გვერდის ავლით. ამ პირად კავშირებს შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი გავლენა, ხელი შეუწყოს მშვიდობასა და საერთაშორისო კეთილგანწყობას.
"ჩემი შთაგონება მოვიდა ჩემი პირადი მოგზაურობებიდან, სადაც მე დავინახე, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს კარგად დაგეგმილმა მოგზაურობამ. მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა, გამეცნო საქართველო მსოფლიოსთვის საუკეთესო კუთხით, შემეთავაზებინა განსაკუთრებული გამოცდილება და ამით შემეტანა ჩემი წვლილი საქართველოს განვითარებაში. ბავშვობიდანვე ძალიან მაინტერესებდა სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან ურთიერთობა. პირველი ასეთი გამოცდილება იყო, როდესაც ჩვენს სკოლაში გაცვლითი პროგრამით ამერიკელი მასწავლებლები ჩამოვიდნენ. შემდეგ იყო სხვადასხვა პროგრამა, გაცვლითი პროგრამა FLEX, მრავალწლიანი მუშაობა სხვადასხვა კულტურის, ეროვნებისა და რასის ადამიანებთან და ბოლოს მაგისტრატურა Webster University-ის საქართველოს ფილიალში, სადაც ერთადერთი ქართველი სტუდენტი ვარ და უნივერსიტეტის მისია სწორედ კულტურული განსხვავებების გაცვლაა. სხვადასხვა კულტურის გაცნობა, განსხვავების აღმოჩენა და საუკეთესო მაგალითების ამორჩევა ჩემი პროფესიული ზრდის განუყოფელი ნაწილი გახდა", - განმარტავს ეკატერინე ჯიქიძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რესპონდენტმა უამრავი პროფესიული კურსი გაიარა და შედეგად, საკუთარი თავი ტურიზმის სფეროში იპოვა. ამის შემდეგ, პროფესიონალურ დონეზე დაიწყო სხვადასხვა ტიპის მოგზაურებთან მუშაობა, მათი პრეფერენციების გაცნობა და დასამახსოვრებელი გამოცდილების მიწოდება. ეკატერინეს თქმით, ეს პრაქტიკული გამოცდილება ფასდაუდებელი იყო ინდუსტრიის სირთულეების გასაგებად - ლოჯისტიკის მენეჯმენტიდან დაწყებული, მომხმარებლებთან ურთიერთობით დასრულებული. დროთა განმავლობაში კი დაამყარა მძლავრი პარტნიორობა საერთაშორისო ბიზნესებსა და ადგილობრივ სერვისპროვაიდერებთან. სრული კარიერის განმავლობაში ეკატერინე ორიენტირებულია ინოვაციებზე, მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებასა და ახალ რეალობებთან ადაპტაციაზე. სწორედ ამიტომ, Guide of Georgia-ს დამფუძნებელი მრავალი აღიარებისა და ჯილდოს მფლობელია, მათ შორის:
- Travel and Hospitality (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) - ჯილდო ბრწყინვალე მომსახურებისთვის;
- Golden Tree Awards-ის (დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) წოდება - "საუკეთესო შემომავალი ტუროპერატორი 2023";
- შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ეროვნული ბიზნესრეიტინგის ჯილდოები - "წლის ლიდერი 2023" და "წლის ხელმძღვანელი 2023";
- გლობალური აღიარების ჯილდო (დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) განსაკუთრებული ლიდერობისა და მომსახურებისთვის 2024 და სხვა.
ყველაზე დიდი გამოწვევა ტურისტულ სექტორში მოღვაწეობისას კონკურენტულ სივრცეში ადგილის დამკვიდრება გახლდათ. ეკატერინე აღნიშნავს, რომ ტურიზმი უაღრესად დინამიკური სფეროა და მომხმარებლებსა და პარტნიორებთან ნდობის ჩამოყალიბება უამრავ დროს, ძალისხმევასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სხვადასხვა დემოგრაფიის საჭიროებების განსაზღვრა და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება პერსონალიზებული სერვისების გზით.
"ამ გამოწვევებმა მიბიძგა გამუდმებული ინოვაციების, ადაპტირებისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩემი ბიზნესი უნიკალურ, მაღალი ხარისხის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს და ამით გამოირჩევა კონკურენტებისგან.
რაც შეეხება ჩემი და კომპანიის სამომავლო განვითარების ხედვას, 2 წლის წინ ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული სააგენტოს მენეჯერმა მითხრა, რომ ისურვებდა ყველა ქვეყანაში ჰყოლოდა ერთი ეკატერინე, რომელიც შესთავაზებდა ზუსტად იმავე ხარისხს, რასაც ჩვენი კომპანია სთავაზობს. ამ საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, დამეწყო მუშაობა პროექტზე - Guide of World-ი. ვგეგმავ, ჩვენს მომსახურებებში დავამატოთ სხვა ქვეყნები. უკვე ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს ტურისტულ პაკეტებს ხუთ ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ვგეგმავთ, ეს სია ნელ-ნელა გავზარდოთ და ჩვენს პარტნიორებს უფრო მეტი ქვეყანა შევთავაზოთ", - სამომავლო გეგმებზე საუბრობს ეკატერინე ჯიქიძე.
რაც შეეხება საქართველოს წარმოჩენას საერთაშორისო ბაზარზე, ლიდერი ტურიზმის სფეროში მიიჩნევს, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს ხაზგასმული საერთაშორისო ტურისტებისთვის, არის ულამაზესი ბუნების, მდიდარი ისტორიისა და კულტურის უნიკალური ნაზავი. საქართველო გვთავაზობს განსაცვიფრებელ პეიზაჟებს კავკასიის მთებიდან შავი ზღვის სანაპიროებამდე, რაც მას იდეალურს ხდის სათავგადასავლო ტურიზმისა და ბუნების მოყვარულთათვის. გარდა ამისა, მისი ღრმა ისტორიული ფესვები, რომელიც ასახულია ძველ ეკლესიებში, მონასტრებსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებში, გვთავაზობს მდიდარ კულტურულ გამოცდილებას. საქართველოს ცნობილი სტუმართმოყვარეობა, გემრიელი სამზარეულო და ღვინის ტრადიცია კიდევ უფრო აძლიერებს მის მიმზიდველობას, აქცევს მას დანიშნულების ადგილად, რომელიც გვთავაზობს როგორც თავგადასავალს, ასევე კულტურაში ჩაფლობას ერთ პაკეტში.