Get All Access for $5/mo

ქართველი გამომგონებლის საერთაშორისო წარმატება კანადაში - ვინ არის გიორგი მიქიაშვილი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველი გამომგონებელი, გიორგი მიქიაშვილი, ICAN 2024-ის გამარჯვებული გახდა. ინოვატორი ზედიზედ მესამე წელია, აღნიშნული გამოფენის ოქროს მედლის მფლობელია. კანადაში გიორგის თავისი გამოგონება, One Of All ჰქონდა გატანილი.

One Of All გულისხმობს რამდენიმე სპორტული და საგამოფენო/საკონცერტო მოედნის გაერთიანებას ერთ ძალიან მოქნილ სტრუქტურაში. როგორც გიორგი ამბობს, კონსტრუქცია შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დანიშნულებით:

"თამაში, გამოფენა, კონცერტი თუ სხვა ნებისმიერი ღონისძიება. შესაძლებელია, რომ ღონისძიების პარალელურ რეჟიმში განახორციელონ კონსტრუქციული სისტემის აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები. ამ სისტემის საშუალებით ერთ დღეში შეგვიძლია რამდენიმე ღონისძიების ჩატარება: დილით უიმბლდონის მატჩი გაიმართოს, შუადღეს რაგბი, ხოლო საღამოს ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლოს", - ამბობს გიორგი.

Entrepreneur-თან ინტერვიუში გიორგი მიქიაშვილი ჰყვება, რომ აქვს 30+ ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეა-გამოგონება, მათ შორის 10-მდე იდეა - სპორტული მიმართულებით.

კანადაში გამართულ გამოფენა ICAN 2022-ზე პირველი ჯილდო სწორედ სპორტულმა გამოგონებამ მოუტანა - "სპორტული კომპლექსი". ეს არის მულტიფუნქციური კომპლექსი და მოიცავს კრივის, შერეული ორთაბრძოლებისა და ჯამში, 15-ზე მეტი საბრძოლო სპორტის სავარჯიშო დარბაზს, სადაც სპორტსმენს შეუძლია მიიღოს "პროფესიონალური და სრულფასოვანი" ვარჯიში/მომზადება, მაშინაც კი, როცა ადამიანის სახით სპარინგ პარტნიორი არ ჰყავს.

როგორც გიორგი ამბობს, ეს კომპლექსი ერთნაირად საინტერესო კონცეფციაა სპორტსმენისა და სავარჯიშო დარბაზის მეპატრონისთვისაც. ამ უკანასკნელისთვის დარბაზი იქნება შვება, რადგან შეძლებს მინიმალური დანახარჯებითა და ინვენტარით მაქსიმალური სარგებელი ნახოს.

ICAN 2024-ის გამოფენაზე 50 ქვეყნიდან 700-ზე მეტი გამოგონება მონაწილეობდა. მასში გიორგი მიქიაშვილთან ერთად მისი მოსწავლეებიც იყვნენ წარმოდგენილნი - მისმა შეგირდებმაც გამოფენაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.

ICAN გამოფენა ორ ეტაპად ტარდება: ნაციონალურ დონეზე კანადაში დაჯილდოება და შემდეგ უკვე საერთაშორისო ფინალი, ანუ მონაწილეთა დაჯილდოება ქვეყნების მიერ.

ICAN 2024-ზე გიორგი და მისი მოსწავლეები კანადამ დააჯილდოვა ოქროს მედლებით, ხოლო მეორე ეტაპზე, ანუ ფინალში, ამავე გამოფენის 50 ქვეყნის საერთაშორისოდ აკრედიტებულმა ჟიურის 60-ზე მეტმა სპეციალურმა წევრმა, მათ 3 გამოგონებას 6 ჯილდო მიანიჭა. გიორგის მოსწავლეების გამოგონებები იყო:

  • მულტიფუნქციური მაუსი Mouse Kumsiashvili - ლიკა ქუმსიაშვილის ავტორობით, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა + გამოფენის საუკეთესო დიზაინის მქონე 10 გამოგონებას შორის მოხვდა;
  • მსოფლიოში უნიკალური და მულტიფუნქციური - GMTV განათლების მეთოდი (GMTV Method Of Education-ი) - თეკლა გიორგობიანის, მარიამ მირუაშვილის, ვიკა მოსიაშვილისა და გიორგი გვიანიძის ავტორობით (12-14 წელი). ამ იდეამაც ოქროს მედლით აღიარება დაიმსახურა + ახალგაზრდა გამომგონებლებში საუკეთესოდ დასახელდა.

გიორგის მოსწავლეები ონლაინ, ინტენსიური კურსის ფარგლებში ჰყავს - სწორედ ამ კურსების გავლის შემდეგ მიიღეს მოზარდებმა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა.

"საქართველოში, ევროპასა და ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის დავაფუძნე ინტენსიური, 6-თვიანი მეთოდური სწავლების ონლაინკურსი, სადაც ნულიდან ვასწავლი ინტელექტუალური, ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების გამოგონებას. კურსი ძალიან მრავალფეროვანი, მეგობრული და მხიარულია. მოიცავს მრავალ დისციპლინას. კურსზე სწავლა შეუძლია 10 წლიდან ყველა ასაკის ადამიანს. კურსის განმავლობაში ვეცნობოდით მეცნიერებას, ლიტერატურას, ისტორიას და სხვა დისციპლინებ, რათა მათი აზროვნება და ინტელექტი გაუმჯობესებულიყო ", - გვიამბობს გიორგი.

როგორც გამომგონებელი თავად იხსენებს, კურსის შექმნა იმის გაანალიზებამ შთააგონა, რომ თვითონ უკვე ჩამოყალიბებული იყო პროფესიონალად და სხვების იდეები მის გაოცებას ვეღარ ახერხებდნენ. გადაწყვიტა, რომ მისი პროგრესული იდეები და ხედვა სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

გამოგონებებითა და ნოვაციებით, როგორც ამბობს, პანდემიის პერიოდში დაინტერესდა. გიორგი თავადაც პროფესიონალი ათლეტი და ლიცენზირებული მწრვთნელია, ამიტომაც სპორტულ მომზადებაში არსებული პრობლემები კარგად ესმოდა.

მას ეკუთვნის ისეთი მიგნებები, როგორიცაა კრივის ინოვაციური ტომარა, სავარჯიშო რინგი და სხვები.

პირველ გამოგონებაზე მუშაობისას, როგორც გიორგი გვიყვება, დიდი როლი ითამაშა ოჯახმა - მეუღლემ, დედამ, დამ - და უახლოესმა მეგობარმა, დავით ბერიშვილმა. სწორედ მათი მხარდაჭერით გიორგი გახდა პირველი ქართველი, ვინც ესპანეთში გამოგონება დააპატენტა.

გიორგი იხსენებს, რომ ადრეულ ეტაპზე ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობაც სცადა თავისი გამოგონებებით, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ კი იდეები საქართველოს გამომგონებელთა კლუბის დამაარსებელს, ომარ ბილონაშვილს გააცნო. სწორედ ომარ ბილონაშვილი დაეხმარა მას საქართველოში იდეების "დეპონირებაში" (იდეის დაცვის ერთ-ერთი სახეობა) და პარალელურად, სეულის საერთაშორისო გამოფენაზე დაარეგისტრირა. აქ "ინოვაციურმა სავარჯიშო რინგმა" ბრინჯაოს მედლით აღიარება მოიპოვა.

"ახალბედა გამომგონებლისთვის ეს დიდი სტიმული იყო. დროთა განმავლობაში სისტემატურად ვიგონებდი იდეებს და ვახდენდი მათი უნიკალურობის პროფესიონალურად გადამოწმებას, ისე როგორც ომარმა მასწავლა. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს უფროს მეგობარს და ოლიმპიური კრივის (IBA-) 3-ვარსკვლავიან მსაჯს - ზურაბ ტიბუას, რადგან მან თავისი წვლილი შეიტანა ჩემ მიერ გამოგონებული უნიკალური სავარჯიშო რინგის უსაფრთხოების საკითხებში", - ამბობს გიორგი მიქიაშვილი.

როგორც პროფესიონალი ათლეტი და მწვრთნელი, გიორგი მიიჩნევს, რომ მის მიერ დაპატენტებული სპორტული გამოგონებები სპორტის 15-ზე მეტი სახეობის სპორტსმენებს დღევანდელთან შედარებით ბევრად დიდ შედეგს მისცემს. გარდა ამისა, მისი სპორტული ტრენაჟორები არ არის მხოლოდ ათლეტის საჭიროებებს მორგებული - გიორგი ამბობს, რომ გამოგონებებზე მუშაობისას ითვალისწინებდა სპორტული დარბაზების მფლობელების ინტერესებსაც.

"სრულად ვსწავლობ დარგის პრობლემებს და ყველა მხარის სასარგებლოდ ვიგონებ შესაბამის იდეებს, რომლიდანაც ვარჩევ საუკეთესო ვერსიას. სწორედ ამ სამუშაოებს სჭირდება თვეები ან წლებიც კი".

ამ ეტაპზე გიორგი შემდეგი მიმართულებით მუშაობს:

  • მის მიერ გამოგონებულ სამხედრო/საპოლიციო "საბრძოლო კომპლექტის" გაუმჯობესებაზე. ეს იდეა არის უნიკალური და მულტიფუნქციური. გიორგი ამბობს, რომ 90%-ით დაცულია მსროლელის უსაფრთხოება ნებისმიერ გარემოში;
  • აქვს ორი შეკვეთა და მუშაობს მათ გაუმჯობესებასა და ინვესტორამდე მიტანაზე - "ინოვაციური სახლი", რომელიც უნიკალური იდეაა მსოფლიოსთვის და "ინოვაციური მზის პანელი", რომელიც 6-8 ჯერ მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე არსებული.

გიორგი მიქიაშვილი გულდაწყვეტით ამბობს, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობის მიუხედავად, ქართული მხარისგან მხოლოდ ნეგატივს ხედავს. სწორედ ამიტომ, სამომავლო გეგმებზე საუბრისას გვეუბნება, რომ მომავალში საგამომგონებლო აქტივობას ესპანეთის სახელით გააგრძელებს.

"გამომდინარე იქიდან, რომ 2021 და 2022 წლებში საქართველოს სახელით გამოვდიოდი ტოპგამოფენებზე, ხოლო 2023/2024 წლებში - საქართველო/ესპანეთის, მაგრამ ქართული ოფიციალური მხარისგან დაფასების ნაცვლად ნეგატივს ვხედავ. ვფიქრობ, ჩემს სამომავლო საგამომგონებლო აქტივობას ესპანეთის სახელით განვაგრძობ (როგორც ქართველი) და ორიენტირებული ვიქნები მხოლოდ ამერიკის და ევროპის ბაზარზე. მე ვარ ქართველი და ყოველთვის/ყველგან ვიქნები ქართველი, უბრალოდ, არ მწამს არაფერი ცალმხრივის".

სიახლეები

''საქართველოს კრიპტოეკოსისტემა მზადაა, რომ Binance-ის მსგავს უმსხვილეს ბირჟას ჰქონდეს ადგილობრივი წარმომადგენლობა''

ტიგრან გამბარიანი, Binance-ს გლობალური დაზვერვისა და გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი