რატომ არის მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერება?
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სამეწარმეო სექტორს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოებს (SME), მნიშვნელოვანი როლი აქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში.
კარგად განვითარებული მცირე და საშუალო საწარმოები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, პროდუქტებს, სერვისებსა და ტექნოლოგიებს. ხშირ შემთხვევაში ისინი მსხვილ კორპორაციებთან შედარებით მოქნილობითა და ინოვაციურობით გამოირჩევიან − მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ მოკლე დროში, ნაკლები რისკებითა და მაღალი ეფექტიანობით შეასრულონ თავიანთი მისია.
დასაქმებისა და ინოვაციების გარდა, SME-ს რეგიონული განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვანი როლი აქვს − მსგავსი ტიპის ბიზნესები რეგიონების მასშტაბით მსხვილ ქალაქებში არიან ბაზირებულნი, რაც ხელს უწყობს დასახლებების განვითარებას − დასაქმების ზრდასა და შემოსავლების გენერირებას ადგილობრივ დონეზე.
სწორედ ამ სარგებლიანობიდან გამომდინარე, როგორც სამთავრობო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში, მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებში მნიშვნელოვანი ადგილიც უჭირავს.
მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოში
Entrepreneur დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების ინდუსტრიაში, რა გამოწვევების წინაშე დგანან ბიზნესები დღეს და რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის. ამისათვის ჩვენ "მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის" (SMEDA) ხელმძღვანელს, გიგა ფაიქიძეს, ვესაუბრეთ.
"SME ბიზნესის განვითარება ნიშნავს ექსპორტის, ინოვაციების, სამეწარმეო კულტურისა და გამოცდილების განვითარებას, რაც დღეს ასე ძალიან სჭირდება საქართველოს ეკონომიკას. საბოლოო ჯამში SME მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ხდება ეკონომიკის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის", − აღნიშნავს SMEDA-ს დამფუძნებელი.
გიგას თქმით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი დღეს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, რამდენადაც ბაზარზე აქტიურად შემოდიან ახალი კომპანიები, რომლებსაც განსხვავებული, ინოვაციური ბიზნესმოდელები აქვთ, ან ტრადიციული ბიზნესმოდელით ცდილობენ, რომ ახლებურად, უფრო დახვეწილად შესთავაზონ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი. გარდა ამისა, იზრდება ხელმისაწვდომობა სხვადასხვა რესურსზე, რომლის გამოყენებასაც საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის SME ნელა, თუმცა საფუძვლიანად იწყებს. პლუს ამას, იზრდება კონკურენცია, რაც მეწარმეებს აიძულებთ, რომ უკეთესი პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოუწევთ, დროთა განმავლობაში დატოვონ ბაზარი.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება განიხილება, როგორც ძირითადი საშუალება ინკლუზიური ზრდისა და დასაქმების მიზნების მისაღწევად.
SMEDA-ს დამფუძნებლის თქმით, SME ბიზნესის რიცხვი ყოველწლიურად მზარდია - თუმცა მთლიანი დოვლათის შექმნაში მას საკმაოდ დაბალი წილი უჭირავს, რაც მიანიშნებს იმას, რომ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები ვერ ქმნიან კონკურენტულ და მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქციას, როგორც შიდა, ისე გარე მოხმარებისთვის.
"ვფიქრობ, ყველა დაინტერესებული მხარის როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო და კერძო სექტორის ინტერესი და მთავარი პრიორიტეტი ახლა სწორედ ეს უნდა იყოს − მეწარმეობის ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება, რაც საშუალო და გრძელ ვადაში მოიტანს SME-ი ბიზნესის წილის ზრდას როგორც დასაქმებაში, ისე მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირების პროცესში", − აღნიშნავს გიგა ფაიქიძე.
რა გამოწვევები დგას SME-ს დღის წესრიგში?
ბიზნესსექტორი საკმაოდ კომპლექსური და მრავალწახნაგოვანია, შესაბამისად, აღნიშნული სფეროს განვითარების პროცესში არაერთი დაბრკოლება თუ გამოწვევა იჩენს თავს. მცირე და საშუალო საწარმოების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინანსებზე ეფექტიანი წვდომაა. როგორცა SMEDA-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს ფინანსებზე წვდომისათვის, ბიზნესი ამ შესაძლებლობას ეფექტურად ვერ იყენებს, რაც თავის მხრივ, სხვადასხვა განმაპირობებელ ფაქტორებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, სტრატეგიული, გრძელვადიანი ხედვების ნაკლებობა, მოუწესრიგებელი ფინანსური აღრიცხვიანობა, ასევე, თავად მეწარმეების დაბალი მოტივაცია, რომ გაზარდონ საკუთარი ბიზნესი. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროაქტიური მუშაობა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან ფინანსური ცნობიერების ამაღლების კუთხით.
"საყურადღებოა სამეწარმეო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების დაბალი ხარისხი და ინოვაციურობის სიმწირე, რაც ბიზნესს არ აძლევს საშუალებას, განვითარდეს და შექმნას ისეთი პროდუქტები და სერვისები, რომელიც კონკურენტული იქნება ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე. აღნიშნული გამოწვევა, ამავდროულად, ნაწილობრივ განაპირობებს პროდუქტიულობის დაბალ დონეს, რაც გამორჩეულად თვალში საცემია რეგიონებში არსებულ SME ბიზნესებში", − აღნიშნავს გიგა ფაიქიძე.
მნიშვნელოვანი გამოწვევაა ასევე ადამიანური რესურსი. კადრების დეფიციტი ჯერჯერობით მხოლოდ იზრდება, რაც სახიფათოა ბიზნესისთვის, რადგან ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება გაზრდილ თვითღირებულებასა და გაძვირებულ საბოლოო პროდუქტსა თუ სერვისში, რაც SME ბიზნესის კონკურენტულობაზე კიდევ უფრო ნეგატიურად მოქმედებს.
"აღნიშნული პრობლემის მოკლევადიანად გადაწყვეტა ნაკლებ სავარაუდოა, საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა და მისი თანამიმდევრულად აღსრულება, პარალელურად კი SME ბიზნესის ავტომატიზაციისა და გაციფრულების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა, რათა გაიზარდოს პროდუქტიულობა და ბიზნესმა შეძლოს ხარჯების ოპტიმიზაცია", − აღნიშნავს SMEDA-ს დამფუძნებელი.
რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი სხვადასხვა ტიპის SME-ს მხარდამჭერი პროგრამა არსებობს, სფეროში პროგრესი ნელია, შესაბამისად, საჭიროა უფრო ეფექტიანი გზების ძიება. სხვა შემთხვევაში, როგორც SMEDA-ში აღნიშნავენ, გამოწვევები კიდევ უფრო კრიტიკული და სახიფათო გახდება, ქართული SME ბიზნესის კონკურენტულობა კი კიდევ უფრო შემცირდება.
გიგას თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ SME-ის განვითარების მიზნებისთვის სამუშაოები ხორციელდებოდეს კოორდინირებულად საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის ჩართულობით, რადგან ყველა ხსენებული სექტორი ცდილობს საკუთარი კონტრიბუცია შეიტანოს ამ საქმეში. თუმცა რიგ შემთხვევებში კოორდინაციის ხარისხი დაბალია, რაც სინერგიის შესაძლებლობას კარგავს, დახარჯული რესურსებიდან კი ვერ ვიღებთ იმ მაქსიმუმს, რომლის მიღებაც პოტენციურად არის შესაძლებელი.
ბოლო პერიოდში SMEDA განსაკუთრებით დამწყები ბიზნესის მხარდაჭერაზე გადაერთო. მათი აზრით, თუ SME-ს ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება გვსურს, აუცილებელია ინვესტიციები ჩაიდოს დამწყებ ბიზნესებში და შეიქმნას ისეთი პროგრამები, რომლებიც ახალბედა ბიზნესმენებს თავიდანვე სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება. ამ მიზნით რამდენიმე თვის წინ SMEDA-მ USAID-ის პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" მხარდაჭერით ბიზნესკლუბი შექმნა დამწყები მეწარმეებისთვის - Starta Business Club, რომელიც სწრაფად იზრდება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.