Get All Access for $5/mo

რაც არ მკლავს, მაძლიერებს! "ტკივილი ბრძოლის ბიძგია, ბრძოლა კი გამარჯვების ერთადერთი საწინდარია"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ტკივილი ბრძოლის ბიძგია, ბრძოლა კი გამარჯვების ერთადერთი საწინდარია".
ჯემალ ქარჩხაძე

Pain, you made me, you made me a believer. Pain, you break me down and you build me up!

ეს სიტყვები ამერიკულ პოპ-როკჯგუფ Imagine Dragons-ის ცნობილი კომპოზიციიდან Believer გახლავთ, რომელიც ჩემთვის უკვე იქცა ტკივილთან ბრძოლისა და არდანებების ყველაზე ძლიერ და შთამაგონებელ ვოკალურ ჰიმნად ღრმა შინაარსით, დინამიზმითა და ემოციით.

ამ კომპოზიციას თავის ისტორია აქვს და Imagine Dragons-ის სოლისტ დენ რეინოლდსის ცხოვრების მძიმე წლებს უკავშირდება, როცა მას საშინლად ტანჯავდა მძიმე დაავადება, თუმცა მოახერხა მოეთმინა ტკივილი, არ დანებდა, არ გაექცა მწარე რეალობას, პირიქით – თვალი გაუსწორა მას, ისწავლა ტკივილისგან და მისი ყველაზე დიდი, დამანგრეველი ფიზიკური ნაკლი და სისუსტე საკუთარ, ყველაზე ძლიერ მხარედ აქცია!

მან დაიჯერა თავისი შესაძლებლობების! ამიტომაც ჰქვია კომპოზიციას Believer, რომელიც ჩვენც საკუთარი შესაძლებლობების დაჯერებისკენ მოგვიწოდებს და შეგვახსენებს, რომ მიუხედავად ბევრი ტკივილისა, რაც ამ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რწმენითა და შეუპოვრობით, ყველა პრობლემისა თუ დაბრკოლების გადალახვაა შესაძლებელი და რომ შეუძლებელი მართლაც არაფერია!

ადამიანთა უმრავლესობა საკუთარი ტკივილისა თუ უბედურების მიზეზს სხვა ადამიანებს ან გარემოებებს აბრალებს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება კი არ სურთ.

მათ ავიწყდებათ, რომ თავიანთ ცხოვრებაზე პასუხისმგებელნი თავად არიან და ტკივილისგან განკურნებასა თუ შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე პასუხისმგებლობა თვითონ უნდა აიღონ! სხვისკენ ხელის გაშვერას კი მოეშვან და საქმეს მიხედონ!

ადვილია იყო მსხვერპლი, რთულია, იყო გმირი.

გმირობა აირჩიე!

დენ რეინოლდსი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოთმინებით აიტანო ტკივილი, გაითავისო, რომ ტკივილი ცხოვრების ნაწილია, არ დანებდე, მიიღო ის, როგორც გამოწვევა და მტკიცე ხასიათითა და ურყევი ნებისყოფით ბოლომდე გმირულად იბრძოლო მის დასამარცხებლად. მოთმინებითა და მიზანდასახულობით, შეუპოვრობითა და გამძლეობით ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე!

ტკივილთან ბრძოლამ დენ რეინოლდსი ძლიერი ხასიათისა და შეუპოვარი სულისკვეთების მქონე დაუმარცხებელ მეომრად აქცია, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის!

სირთულეებით სავსე ცხოვრება ზოგჯერ ხშირად დანებებისკენ გვიბიძგებს, მაგრამ Imagine Dragons-ის Believer შეგვახსენებს, რომ დანებებას, ტყვედ ჩაბარებას, მსხვერპლის როლში სასოწარკვეთით ცხოვრებას სჯობს ტკივილს თვალი გაუსწორო, კი არ გაექცე მას, არამედ ისწავლო მისგან, გაძლიერდე და მსგავს სირთულეებს მომავალში ბევრად მომზადებული შეხვდე, რადგან ცნობილი სიტყვები − "რაც არ მკლავს, მაძლიერებს", არა მხოლოდ ფილოსოფოსებთან გექნება ამოკითხული, არამედ შენი ცხოვრებისეული გამოცდილებით თავად გექნება აღმოჩენილი, ვითარცა ნიცშეს...

კლიპის ფინალში ისმის ფრაზა: I wanna stop. თითქოს აქ ყველაფერი მთავრდება, თითქოს ამოწურულია ყველა რესურსი და გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ იქვეა მყისიერი, მკაცრი და თავდაჯერებული პასუხი – We can't.

ასე რომ, როცა შინაგანი ხმა რთულ სიტუაციებში სასოწარკვეთილი ამოგვძახებს – I wanna stop, ჩვენ ვუპასუხოთ – We can't!

და განვაგრძოთ წინსვლა!

და კარგი მუსიკის მოსმენა!

და წაცეკვება, წამღერება...

და გამარჯვებისთვის მომზადება!

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!