Black Friday Sale! 50% Off All Access

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? ნიკა აბაშიძე − CARU-სა და SELLU-ს დამფუძნებელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით CARU-სა და SELLU-ს დამფუძნებელს, ნიკა აბაშიძეს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:

დროის მართვას მუშაობის პროდუქტიულობაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, პრიორიტეტები სწორად გაანაწილო, რაც შემდეგ ბევრ რამეს ამარტივებს.

პირადად მე 2 წელია ოფიციალურად ADHD-ის დიაგნოზი მაქვს დასმული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის დროის მართვა ყველაზე დიდი პრობლემაა, მიჭირს პრიორიტეტების დასახვა. ამ პროცესში ჩემი მეგობარი მეხმარება − როდესაც ბევრი საქმე მომეყრება და დამოუკიდებლად ვეღარ ვუმკლავდები, მასთან ერთად ვგეგმავ რა და როგორ გავაკეთო, მერე ყველაფერი ძალიან მარტივად მიდის ხოლმე.

ADHD ბევრ რამეში მიშლის ხელს, წინადადებაში სიტყვებს ვურევ, ხანდახან წიგნის კითხვისას აღმოვაჩენ, რომ ბოლო 3 გვერდი სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი და წიგნზე საერთოდ არ მიფიქრია, ბევრი მაგალითი შემიძლია გავიხსენო. თუმცა მთავარია, რომ ADHD-ის მართვა შესაძლებელია, დიეტა უნდა დაიცვა − ყავას, შაქარს და სხვა სტიმულატორებს არ უნდა გაეკარო. გარდა ამისა, ძალიან მეხმარება მედიტაცია, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როდესაც მედიტაციას ვერ ვახერხებ, ამ პერიოდში კი ბევრი პრობლემა იჩენს თავს.

ვფიქრობ, დროის მენეჯმენტში მთავარია, რომ დრო არ გაგექცეს ისეთი რაღაცების კეთებისას, რითაც ერთობი. ასეთ სიტუაციებში ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნები, ახლა კი ერთობი, მაგრამ მერე ინანებ და ეგ იმდენად ჯანსაღ დისკომფორტს მიქმნის, რომ აქტივობას თავს ვანებებ. თუ რაღაცას აკეთებ, მაგრამ ის შენს მიზნებს არ ემსახურება, იმას ვალიდაცია არ უნდა მისცე, არ უნდა თქვა, რომ ეს კარგია. საჭიროა აკეთო ის, რაც მოგიტანს შედეგს და დაკავშირებულია საქმესთან, ბიპოლარული ემოციები არ უნდა გქონდეს, რომელიც ამწუთას გსიამოვნებს და მერე ინანებ. მაგალითად, შესაძლოა კომპიუტერის თამაში მინდა, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნები, ახლა რომ ეს ვითამაშო, მერე ვინანებ და როგორც კი ამას ვიაზრებ, თამაშს თავს ვანებებ.

რაც შეეხება work-life ბალანსს, ჩემი აზრით, ეს კონცეფცია არასწორად გვესმის. ბალანსი შეუძლებელია 30 წლამდე (გამონაკლისი სიტუაციების გარდა), რადგან ეს ის პერიოდია, როდესაც დანაზოგი უნდა დააგროვო, რათა მომავალში ცხოვრება ისე შეძლო, როგორც შენ გინდა. ჩემ ირგვლივ ბევრი ადამიანია, რომლებმაც 20-დან 30-წლამდე work life balance-ის იდეით ბევრი დრო დაკარგეს. მოგზაურობდნენ, ერთობოდნენ და ნაკლებს მუშაობდნენ. ახლა კი, 30 წლის ასაკში, მუშაობენ სამსახურში, რომელიც ეზიზღებათ, არიან დაქორწინებული და ოჯახურ მოვალეობებს ვერ ასრულებენ, რადგან არ იციან, მარტო რამდენად შეძლებენ თავის გატანას და ცხოვრობენ ისე, როგორც არ უნდათ. არადა, ცხოვრება 30 წლის შემდეგ უფრო საინტერესოა ცხპვრება, ვიდრე 30 წლამდე.

სწორედ ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ Work-Life ბალანსი მასების სიღარიბეში დასატოვებლად მოიგონეს, რათა სულ რაღაცის საჭიროება გქონდეს. მართალია, Work-life ბალანსი საჭიროა, მაგრამ 30 წლის შემდეგ, მანამდე, უბრალოდ, ხელს შეგიშლის და ისეთ პოზიციაში გამყოფებს, როდესაც სულ რაღაცის საჭიროება გექნება.

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს