სოფო ქვარცხავა - ქალი ანტრეპრენერი განათლების სფეროში
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სოფო ქვარცხავა PR-სა და სტრატეგიულ კომუნიკაციაში არსებული მრავალმხრივი გამოცდილებით უკვე 12 წელია აქტიურად მუშაობს განათლების სფეროში. ამ დროის განმავლობაში იგი არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის ორგანიზატორი გახლდათ. კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტებში და პატარა ასაკიდან უამრავი სტუდენტის მოტივატორი იყო, რაც დღემდე ასეა.
"ვფიქრობ, განათლება არის ერთ-ერთი გზა უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. ამდენად, მეც ვცდილობ ამ პროცესში ჩემი წილი აგური დავდო. გამოწვევებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ, კონკურენცია დიდი ხანია ლოკალურ საზღვრებს გასცდა, შესაბამისად მნიშვნელოვანია, ამ ტემპს მივყვეთ და თავად ვიყოთ ცვლილებების ავტორი. როგორც აქამდე, მომავალშიც, მსურს ჩემი წვლილი შევიტანო როგორც განათლების სფეროს განვითარებაში, ასევე ახალგაზრდებისათვის შესაძლებლობების შექმნაში", − აღნიშნავს სოფო ქვარცხავა.
სოფო საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრია. გარდა ამისა, მოკლევადიანი კურსების სახით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა. იგი ახლახან დაბრუნდა დიდი ბრიტანეთიდან და როგორც თავად აღნიშნავს, ბიზნესკომუნიკაციის მიმართულებით ლონდონში მიღებული გამოცდილება და კონტაქტები უამრავი საინტერესო პროექტის გარანტი გახდება.
სწორედ მრავალფეროვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილება იყო იმის საფუძველი, რომ ზუსტად 6 წლის წინ, სოფომ კოლეგებთან ერთად SS International Education დააფუძნა, რომელიც გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებს და მსოფლიოში ახალგაზრდებს განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება.
შეკითხვაზე, თუ რა გახდა ბიზნესის დამოუკიდებლად დაწყების ინსპირაციის წყარო და რატომ არჩია ანტრეპრენერობა კარიერას რომელიმე კორპორაციულ სტრუქტურაში, სოფო გვპასუხობს, რომ მიზეზი შინაგანი მოტივაცია და საკუთარი რესურსების მაქსიმალურად რეალიზაციის სურვილი გახდა.
დღეს სოფო განათლების სფეროში ერთ-ერთ წარმატებულ ანტრეპრენერად პოზიციონირებს, რასაც არაერთი დაბრკოლების გადალახვის შედეგად მიაღწია. როგორც თავად აღნიშნავს, ამ პროცესში ისწავლა, თუ როგორ შეინარჩუნოს ჰარმონია და მიიღოს სიამოვნება ყოველი წინგადადგმული ნაბიჯისგან, რომელიც ასევე გამოწვევებითაა სავსე.
"ხშირად მეუბნებოდნენ, რომ უნდა იბრძოლო იმისათვის, რათა იყო იქ, სადაც გსურს ყოფნა. თუმცა ამ გადმოსახედიდან ხვდები, რომ დრო ძალიან ლიმიტირებულია სამყაროში. ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს თავად ვქმნით. ამდენად, მიმაჩნია, რომ ეს არის სიამოვნება, ვიდრე ბრძოლა, რასაც ებრძვი − გებრძვის. ბრძოლა ჩემი სტრატეგია არ არის − მე მოქმედებას ვარჩევ, რადგან თუ გჯერა და დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი გამოვა − სწორი მენეჯმენტითა და სტრატეგიით წარმატება გარდაუვალია, ეს ჩემი აქსიომაა", − ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
განვითარება უწყვეტი პროცესია, სოფოც მუდმივად მზადაა იყოს სიახლეების ეპიცენტრში და სხვებსაც შეუწყოს ხელი ამ კუთხით. ხშირად ხვდება ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით ინდოეთში, ემირატებში და სხვა არაბულ ქვეყნებში, სადაც უამრავ ადამიანთან აქვს კომუნიკაცია და ინტენსიურად უწევს სხვადასხვა პროექტზე მუშაობა. როგორც თავად აღნიშნავს, ამ პროცესში განსაკუთრებით უმძაფრდება განვითარების სურვილი და ყველა შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს.
დამეთანხმებით, სამყარო ძალიან დაპატარავდა. როგორც სოფო აღნიშნავს, ამჟამად ყველა გლობალური კონკურენციის პირობებში ვართ, სწორედ ამიტომ იგი საკუთარ ბიზნესსაქმიანობაში სწორებას განათლებისა და განვითარების ხელმისაწვდომობაზე აკეთებს.
მიზანი ერთია − ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს ირგვლივ არსებული შესაძლებლობების გონივრულად გამოყენებაში, რათა ისინი ადაპტირდნენ იმ კონკურენტულ გარემოში, სადაც დღეს გვიწევს ცხოვრება.