Cyber Monday Sale! 50% Off All Access

თინათინ ლუხუტაშვილი სწავლას ნიუ-იორკში, მოდის მარკეტინგის მიმართულებით გააგრძელებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თინათინ ლუხუტაშვილი LIM College-ში მოდის მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა და შესაძლოა შემოდგომიდან სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გააგრძელოს. მიუხედავად იმისა, რომ მან უნივერსიტეტისგან ყველა შესაძლო დაფინანსება მოიპოვა, სწავლის საფასურის ნაწილი გადასახდელი რჩება და ახლა საზოგადოების დახმარებით ამ თანხის მობილიზებას ცდილობს.

"პირველად ამ ყველაფრით მოზარდობისას დავინტერესდი - ვრცელ რეპორტაჟს ვუყურე ივ სან ლორანის შესახებ. შემდეგ ჩემით დავიწყე ინფორმაციების მოძიება. მახსოვს, სახლში კომპიუტერიც კი არ მქონდა და ოჯახის წევრები სამსახურში მიბეჭდავდნენ ინტერნეტში ნაპოვნ მასალას სხვადასხვა ბრენდსა და ზოგადად მოდის ისტორიაზე. მთელი ჩემი ცოდნა ამ ეტაპზე სწორედ ისაა, რასაც სიყვარულის გამო ვიძიებ და ვკითხულობ", - აღნიშნავს თინათინი Entrepreneur-თან საუბრისას.

თინათინი ჟურნალისტია და ამ პროფესიით 2017 წლიდან მუშაობს. ბავშვობიდან ოცნებობდა მოდის სფეროში მუშაობაზე, ჟურნალისტობაც მოდის რეპორტიორობის გამო სურდა. თუმცა 2017 წლიდან პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს აშუქებდა.

ამ დროის განმავლობაში იმედს არ კარგავდა და ყველაფერს იმისთვის აკეთებდა, რომ ოცნება რეალობად ექცია. გასული წლის ნოემბრიდან ამერიკულ სტარტაპშიც დაიწყო პარალელურად მუშაობა, რომელიც პატარა და საშუალო ზომის ბრენდებსა და კონტენტკრეატორებს აკავშირებს ერთმანეთთან. აქ სწორედ ბრენდებთან კომუნიკაციაში იყო ჩართული, თუმცა საქართველოდან ნიუ-იორკის დროზე მუშაობა მთელი რიგი პრობლემების გამო ვერ შეძლო.

"ოთხთვიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ სამოსისა და სილამაზის ბრენდების სტრატეგიებზე, მათთვის სწორი კონტენტის შექმნაზე მუშაობა ნამდვილად ყოფილა ის, რაც ძალიან მომწონს და გამომდის კიდეც. ნიუ-იორკის მოდისა და ბიზნესის უნივერსიტეტში ცოდნისა და გამოცდილების მიღება, დარწმუნებული ვარ, სულ სხვანაირ ბიძგს მისცემს ჩემს კარიერას ამ მიმართულებით", - აღნიშნავს იგი.

რა უნიკალური შესაძლებლობა აქვს LIM College-ს?

2022 წელს თინათინი GIPA-ში მედიამენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. სწავლის დასრულების შემდეგ კი ევროპული ან ამერიკული უნივერსიტეტების ცდა სურდა მოდის მიმართულებით. GIPA-ს პროგრამა ინგლისურენოვანია, რაც უცხო ენაზე სწავლის უნიკალური გამოცდილება აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში დააგროვა ცოდნა მარკეტინგის, გაყიდვების, მენეჯმენტის მიმართულებით და მიხვდა, რომ ჟურნალისტიკა არ იყო ის ერთადერთი საქმე, რითაც მოდაში მუშაობაზე უნდა ეფიქრა.

"დავიწყე რამდენიმე ქვეყანაში სამაგისტრო პროგრამების ძიება - ძირითადი ქვეყნები იტალია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იყო. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, მარკეტინგის მიმართულებით სწავლა ყოველთვის შტატებში მეგონა ყველაზე სწორი. ამიტომ ამერიკულ უნივერსიტეტებსაც "გადავხედე". ასე ვიპოვე LIM - მთლიანად პრაქტიკასა და მოდის, როგორც ბიზნესის, სწავლებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი ნიუ-იორკში", - აღნიშნავს იგი.

როგორც თინათინი გვიყვება, გარდა იმისა, რომ ნიუ-იორკი ბევრისთვის, უბრალოდ, ოცნების კოშკებთან ასოცირდება, მას მოდის ბიზნესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. აღსანიშნავია, რომ LIM College-ს კავშირები აქვს ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: "რალფ ლორენი", "ლუი ვიტონი", "ლორეალი", "ერმესი" და ა.შ. რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი აღნიშნულ ბრენდებში სტაჟირების შესაძლებლობასაც იძლევა.

"მაქსიმალური GPA და უკარგესი სარეკომენდაციოები მქონდა, მაგრამ არ მჯეროდა, რომ ამ უნივერსიტეტში მიმიღებდნენ, ამიტომ ბოსტონის Suffolk University-შიც გავგზავნე საბუთები. პირველებმა სწორედ ბოსტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მომწერეს - მიმიღეს, მათი სტიპენდიის მაქსიმუმიც მომცეს და, სიმართლე გითხრათ, სულზე მომისწრო LIM-დან მიღებისა და სტიპენდიის წერილმა, თორემ უკვე საფოლკში ვაპირებდი ჩარიცხვის პროცესის დაწყებას", - აღნიშნავს თინათინი.

აპლიკაციის გაგზავნის გარდა, თინათინმა ინტერვიუს ეტაპიც წარმატებით გაიარა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აჩვენა, რომ ნამდვილად იცოდა, რატომ სურდა მოდის მარკეტინგის მიმართულებით განვითარება და ეს უბრალო ახირება არ იყო.

ამჟამად სწავლის გასაგრძელებლად დარჩენილი თანხა $30 000-მდეა, ამას ემატება საცხოვრებელი ხარჯებიც. რაც შეეხება დარჩენილ ეტაპებს, პირველ რიგში, საჭიროა პირველადი შენატანის განხორციელება საგნების ბაზაში რეგისტრაციისთვის, სავიზო პროცესის დაწყება და უნივერსიტეტის გადასახადის შეტანა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არც კი ვიცი, ნამდვილად წავალ თუ არა ამ დიდი მიზნის განსახორციელებელ მოგზაურობაში, ვცდილობ, მოლოდინები ნაკლებად მქონდეს. მაგრამ თან იმედიც მაქვს - არც ჩარიცხვასა და სტიპენდიას ველოდი, თუმცა მივიღე. იქნებ ბოლო ეტაპამდე ასე სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩე. ისე კი, ცხადია, ამ თუ სხვა გზით, საკუთარ თავს მაინც აქ ვხედავ - ყველაზე საინტერესო ინდუსტრიის ბიზნესნაწილში", - ამბობს თინათინი.

თუ გსურთ, რომ თინათინს მხარი დაუჭიროთ, ნიუ-იორკში სწავლის გაგრძელებისთვის, გიტოვებთ ანგარიშის ნომრებს:

TBC - GE94TB7385545064300025

საქართველოს ბანკი - GE33BG0000000565158300

Paypal - https://paypal.me/TinaLukhutashvili?country.x=GE&locale.x=en_US

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს