წარმატების გზა მსოფლიოს წამყვან სახელოვნებო სასწავლებლამდე ინტერვიუ მხატვარ შოთა იმერლიშვილთან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შოთა იმერლიშვილი ქართველი მხატვრების ახალი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია. თვითნასწავლმა მხატვარმა ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ მსოფლიოში მოწინავე არაერთმა სახელოვნებო სასწავლებლებმა მიიღო. ის Royal College Of Arts-ში გააგრძელებს სწავლას და ამით საკუთარი შემოქმედებითი კარიერის ახალ მნიშვნელოვან ეტაპს დაიწყებს.
Entrepreneur Georgia-მ შოთა იმერლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან თავის შემოქმედებაზე, გამოწვევებზე, მნიშვნელოვან ეტაპებსა და გეგმებზე ისაუბრა.
შოთა იმერლიშვილის შემოქმედებითი მოგზაურობა ბავშვობაში დაიწყო, როდესაც ფერწერით მიღებული სიამოვნება აღმოაჩინა. ამბობს, რომ ამ მოგზაურობის ყოველი ნაბიჯი პროგრესია, რომელსაც შრომა და ცნობისმოყვარეობა განაპირობებს.
"ადრეული ბავშვობიდან მხიბლავდა ფერებისა და ფორმების საშუალებით ემოციებისა და ისტორიების გადმოცემა. საბოლოოდ შემოქმედებითმა ძიებამ დამაყენა ზრდის გზაზე და მიმიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვარ". - იხსენებს შოთა იმერლიშვილი.
მხატვრის ნამუშევრების ძირითადი კონცეფცია და მამოძრავებელი ბირთვი ადამიანური გამოცდილების კვლევაა, რომელიც კუბიზმის, სიურრეალიზმისა და აბსტრაქციონიზმის მეშვეობით გადადის ტილოზე. ეს ადამიანური ემოციების, საზოგადოებრივი სტრუქტურებისა და ბუნებრივი სამყაროს ურთიერთკავშირის შედეგად მიღებული შთაგონებაა. როგორც თავად აღწერს, ეს არის დიალოგი ხელშესახებსა და აბსტრაქტულს შორის, რაც ღრმა ჭეშმარიტებების აღმოჩენას ისახავს მიზნად.
"თითოეული ნამუშევარი არის ჩემს შინაგან სამყაროსა და არსებობის სირთულეებზე კომენტარი, რაც შთაგონებულია საკუთარი გამოცდილებით", - ამბობს მხატვარი ჩვენთან საუბრისას.
სტილისტურად შოთა იმერლიშვილის მხატვრობა კუბიზმზეა დაფუძნებული, რომელსაც ფრაგმენტული ფორმები და მრავალმხრივი პერსპექტივები ახასიათებს. მხატვრის თქმით, ეს სტილი საშუალებას აძლევს, რეალობის დეკონსტრუქციით ის თავიდან ააწყოს.
შოთა იმერლიშვილის შემოქმედებითი კარიერის წარმატება რამდენიმე გარდამტეხმა ეტაპმა განსაზღვრა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ არტისტს მიღებული აქვს American Art Awards-ი საუკეთესო კუბისტი მხატვრის ნომინაციაში. მისი ნამუშევრები გამოიფინა
ნიუ-იორკის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ჟენევის გაერთიანებული ერების ოფისსა და ევროპარლამენტში. ასევე, აღსანიშნავია გამოფენები ისეთ ცნობილ სახელოვნებო სივრცეებში, როგორიც არის: ტენესის შტატში მდებარე Reece Museum-ი, Art Basel-ი შვეიცარიაში, ციურიხის არტბაზრობა, ლუქსემბურგის The Pinacotheque Museum-ი.
"ეს ყველაფერი იყო გადამწყვეტი ეტაპები ჩემი შემოქმედებითი მოგზაურობის ფორმირების კვალდაკვალ. თითოეულმა გამოფენამ გაამყარა ჩემი პასუხისმგებლობა ხელოვნებისადმი და მომცა ახალი პლატფორმები, რომ საკუთარი ხედვა მსოფლიოს გავუზიარო. როგორც იცით, სულ ახლახან მივიღე ლონდონიდან Royal College of Art-ში სრული დაფინანსებით ჩარიცხვის წერილი, რამაც ძალიან გამახარა. ეს კოლეჯი წამყვანი სასწავლებელია მსოფლიოს ხელოვნების აკადემიებს შორის. ასევე, ნაწილობრივი დაფინანსებით ჩავირიცხე New York Academy of Arts-სა და Tufts University ბოსტონში". - ამბობს შოთა იმერლიშვილი.
თანამედროვე სამყარომ შემოქმედებითი ინდუსტრიების საზღვრები გააფართოვა და ახალი შესაძლებლობები გააჩინა, თუმცა მასთან ერთად გაიზარდა კონკურენციაც. დღესდღეობით არტისტს აღიარების მოსაპოვებლად კიდევ უფრო მეტი უნარი სჭირდება, ვიდრე მხოლოდ შემოქმედებითი აზროვნებაა. შოთა იმერლიშვილი ამ გამოწვევებს კარგად იაზრებს და შემოქმედებითი ზრდის პარალელურად ახალი პერსპექტივების ძიებაშია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არტისტმა ინდივიდუალიზმი და გულწრფელობა შეინარჩუნოს.
"თანამედროვე სამყაროში არტისტისათვის ნამდვილობა და გამძლეობა არის გადამწყვეტი. თავის დამკვიდრებას სჭირდება ღრმა კავშირი საკუთარ ხედვასთან და სიმამაცე იმისა, რომ გარე ზეწოლების მიუხედავად, მისი ერთგული დარჩე. აუცილებელია უწყვეტი ევოლუცია, გამოწვევების მიღება და თითოეული დაბრკოლების ზრდის საშუალებად აღქმა". - ამბობს მხატვარი.
წარმატების გზას ყველა სფეროში თან ახლავს გამოწვევები. ეს ეტაპი არც შოთა იმერლიშვილისთვის არ არის უცხო. მისთვის შემოქმედებითი მოგზაურობისას ყველაზე დიდი გამოწვევა თვითშეფასების უგულებელყოფა და საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლა იყო. ხელოვანის თქმით, თითოეულმა გამოწვევამ საბოლოოდ მისი შინაგანი ძალა მეტად გამოკვეთა და შემოქმედებითი პრაქტიკა გააძლიერა.
როდესაც თანამედროვე ხელოვნებას როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიების ნაწილს განვიხილავთ, შეუძლებელია მისი კომერციალიზაციის მნიშვნელობას არ შევეხოთ. სწორედ ეს არის ის ძირითადი საშუალება, რომელიც შემოქმედებას პროფესიად აქცევს და ხელოვანს საშუალებას მისცემს, მას სრული მოცულობით მიუძღვნას თავი.
"თანამედროვე რეალობაში შემოქმედებითი კარიერის შექმნისთვის ხელოვნების კომერციალიზაცია აუცილებელია, თუმცა მას პატიოსნად უნდა მივუდგეთ. ხელოვნების ნიჭის პროფესიად ქცევა გულისხმობს ნამდვილი ხელოვნების შენარჩუნებასა და ბაზრის მოთხოვნებთან შეგუების ბალანსს. ჩემი გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ბალანსის მიღწევა საკუთარი ხედვის ერთგულებით და ხელოვნების კომერციული ასპექტების გამოყენებით ნამდვილად შესაძლებელია. ამ სფეროში წარმატება მოითხოვს არა მხოლოდ ხელოვნების უნარს, არამედ სტრატეგიულ აზროვნებასა და დაგეგმარებას", - ამბობს შოთა იმერლიშვილი.
მიუხედავად წარმატების არაერთი ეტაპისა, შითა იმერლიშვილმა გადაწყვიტა, რომ აკადემიური განათლება მიეღო და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გაეგზავნა განაცხადი, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. ამ გადაწყვეტილებასა და მოტივაციაზე საუბრისას ამბობს, რომ სტრუქტურული სწავლება სრულიად ახალ პერსპექტივებს ხსნის და ხელოვანს ახალ ტექნიკას ასწავლის. ამავდროულად, ის იძლევა შესაძლებლობას, რომ არტისტი უფრო დიდი და საინტერესო შემოქმედებითი საზოგადოების ნაწილი გახდეს, გაიცნოს კოლეგები და მენტორები, რომლებიც შთაგონებისათვისაც საინტერესო გარემოს ქმნიან.
"სწორი სკოლების არჩევა გულისხმობდა ისეთი სივრცეების იდენტიფიცირებას, რომლებიც ცნობილია საგანმანათლებლო სისტემის სრულყოფილებითა და შემოქმედებითი ინოვაციების ხელშეწყობით. შესარჩევი პროცესი იყო მკაცრი - მოითხოვდა როგორც ტექნიკური სიძლიერის, ასევე კონცეპტუალური სიღრმის დემონსტრირებას. ჩემი გზა მოიცავდა ინტენსიურ მომზადებას, პორტფოლიოს შექმნას, რომელიც ასახავდა უნიკალურ ხედვას, სტილს. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ უნივერსიტეტებში მოხვედრას, რადგან უდიდესი შრომა და დრო ჩავდე. რაც მთავარია, მათ აღიარეს ჩემი ნამუშევრების ორიგინალურობა და სტილი, დააფასეს ის ხმა და ხედვა, რომელსაც ნამუშევრებში ვაჩვენებ. ამ ინსტიტუციებმა გამონაკლისები დაუშვეს ჩემი ხელოვნების გამორჩეული ხარისხისა და იმ პოტენციალის საფუძველზე, რაც მათ ჩემს ხედვაში დაინახეს. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საკუთარი იდეებისა და მიზნებისთვის მუდმივი ბრძოლა და განვითარება წარმატების წინაპირობებია. საბოლოოდ გადავწყვიტე, სწავლა ისეთ აკადემიაში გავაგრძელო, რომელიც ყველაზე მეტად ახალისებს შემოქმედებაში კრიტიკულ აზროვნებას და სადაც ხელოვნების საზღვრები მუდმივად გადაფასდება. ასეთი ლონდონის Royal College of Art-ია. ვფიქრობ, ეს სასწავლებელი მხარს დაუჭერს ჩემს მოგზაურობას ხელოვნების ოსტატობისაკენ მიმავალ გზაზე და უზრუნველყოფს ნაყოფიერ ნიადაგს ჩემი შემდგომი განვითარებისთვის". - ამბობს არტისტი.
ინტერვიუს ბოლოს ჩვენი კითხვა საკუთარ მომავალზე ხელოვანის მასშტაბურ ხედვას შეეხო - იმ დიდ მიზანს, რომელიც შოთა იმერლიშვილს, როგორც არტისტს, ამოძრავებს.
"ჩემი დიდი მიზანია შევქმნა ნამუშევრები, რომლებიც გადალახავს დროს, სივრცეს და მნახველში ახალ ემოციებსა და ფიქრებს გამოიწვევს. მინდა შევქმნა ხელოვნება, რომლითაც მომავალი თაობებისთვის შთამაგონებელ მემკვიდრეობას დავტოვებ", - ამბობს შოთა იმერლიშვილი.