Cyber Monday Sale! 50% Off All Access

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ თუშეთიდან იმუშაოთ ყოველგვარი ინტერნეტდისკომფორტის გარეშე როგორ აფასებს გიორგი გარსევანიშვილი Starlink-ის ინტერნეტს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რეგიონში პირველად, Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ინფორმაციას ილონ მასკი, სოციალური ქსელ X-ის (ძველად: Twitter) მეშვეობით ავრცელებს.

ილონ მასკის მიერ დაარსებული კომპანია SpaceX-ის Starlink-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტსისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ინტერნეტმიწოდება არ ხორციელდება, ან დაბალი საიმედოობის, უხარისხო ინტერნეტკავშირია. Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტსერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია 2022 წელს გაიარა. კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინტერნეტსერვისით ვერ ისარგებლებენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

განსხვავებით სხვა უკაბელო ინტერნეტის მომწოდებლებისგან, "სტარლინკი" ინტერნეტს სატელიტებით გვაწვდის, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში (სადაც Starlink-ი ავტორიზებულია), შესაძლებელია დაბალი შეყოვნების ინტერნეტის მიწოდება.

Starlink-ის ოფიციალური გვერდის მიხედვით, ინტერნეტინფრასტრუქტურა უძლებს როგორც ბუნებრივ კატასტროფებს, ასევე საკაბელო გათიშვასა და სხვა ინფრასტრუქტურულ დაზიანებებს. გარდა ამისა, "სტარლინკის" მოწყობილობები არის პორტატიული და მისი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია მათ შორის გემზე, მაღალმთიან რეგიონებში, თვითმფრინავსა და სხვა ლოკაციებზე.

როგორ იმოქმედა Starlink-მა ყოველდღიურ საქმიანობასა თუ სამუშაოზე და რამდენად მაღალსიჩქარიანია Starlink-ის მიერ მოწოდებული ინტერნეტი? − ამ და სხვა საკითხებზე Entrepreneur Makers.ge-ის დამფუძნებელსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის CTO-ს, გიორგი გარსევანიშვილს ესაუბრა:

გიორგი, თქვენ ხართ ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც "სტარლინკის" მომხმარებელი გახდა. გთხოვთ, მოგვიყვეთ, რა იყო მთავარი მოტივაცია, შეგეძინათ აღნიშნული მოწყობილობა? ინდივიდუალური გამოყენებისთვის შეიძინეთ თუ კომპანიისთვის?

საგურამოში ვცხოვრობ და ძირითადად, შინიდან ვმუშაობ. აქ ოპტიკური ინტერნეტის საკითხი ცოტა მძიმედაა, თუ რატომ და როგორ, ამას ცალკე ინტერვიუ დასჭირდება. შესაბამისად, აქამდე უკაბელო ინტერნეტპროვაიდერის სერვისით ვსარგებლობდი, სადაც მაქსიმალური სიჩქარე წამში 12 მეგაბიტია და დიდად სტაბილურობითაც ვერ გამოირჩევა.

ჩემი, როგორც სამუშაოს სპეციფიკიდან, ასევე ცხოვრების წესიდან გამომდინარე, კარგი და სწრაფი ინტერნეტი ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, "სტარლინკისადმი" ინტერესი ყოველთვის მქონდა. დაახლოებით, 2 წლის წინ უკვე წინასწარაც შევუკვეთე.

გთხოვთ, აღწეროთ თქვენი გამოცდილება "სტარლინკთან" მიმართებითამ დრომდე რა მაქსიმალური სიჩქარე დააფიქსირა? რა კონკრეტული სარგებელი და უპირატესობა შენიშნეთ? ხომ არ დაგიფიქსირებიათ რაიმე ხარვეზი?

ჯერ სულ რამდენიმე დღეა, რაც დავაყენე, დღეში რამდენიმეჯერ ვუშვებ ე.წ. Speed Test-ს. უმეტესწილად, 200 მეგაბიტ/წამზე მაღალია სიჩქარე. მაქსიმალური სიჩქარე, რაც დაუფიქსირებია − წამში 240 მეგაბიტია. რაც ყველაზე მთავარია, დაყოვნების მაჩვენებელი (Jitter) ძალიან კარგი აქვს, რაც უმნიშვნელოვანესია ონლაინ ჩართვებისა და ონლაინთამაშებისათვის.

ინტერნეტის სიჩქარე არ არის დამოკიდებული ამინდზე. იმედია, მალე თოვლშიც დაიტესტება და აუცილებლად გაგიზიარებთ ინფორმაციას. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობას ანტენაზე დადებული თოვლის გადნობის ფუნქციაც აქვს.

ხარვეზს რაც შეეხება, ჩართვიდან პირველი 6-7 საათის განმავლობაში ანტენა საკუთარ თავს აკალიბრებს და ცდილობს, საუკეთესო პოზიცია შეარჩიოს. ამ პერიოდის განმავლობაში დასაშვებია 5-15 წამამდე გათიშვები.

მას შემდეგ, რაც საკუთარ ოპტიმალურ პოზიციას იპოვის, მსგავსი ხარვეზი ბევრად ნაკლები და შეუმჩნეველია, თუმცა არის წამიერი მომენტები, როცა სატელიტს ვერ პოულობს და თავისი ხედვის არეალში შემდეგი სატელიტის შემოსვლას ელოდება.

როგორც იცით, "სტარლინკის" სატელიტები დიდი სიჩქარით მოძრაობენ დედამიწის გარშემო და თქვენი მიმღები მოწყობილობა მუდმივად აკეთებს მომხმარებლისთვის შეუმჩნეველ გადართვას მომდევნო სატელიტზე. შესაბამისად, თუ ერთ-ერთმა მომდევნო სატელიტმა "დაიგვიანა", შესაძლოა, რამდენიმეწამიანი წყვეტა მოხდეს. თუმცა ტექნოლოგია ძალიან ახალია და სავარაუდოდ ამ მცირე ხარვეზსაც მალე გამოასწორებენ.

მომავალში, როდესაც ბევრი აბონენტი დაემატება, შენარჩუნდება თუ არა იგივე სისწრაფე − ეს ჯერ უცნობია.

თქვენი გამოცდილებით, იძლევა თუ არა "სტარლინკი" თვალსაჩინო სხვაობას სხვა ინტერნეტმომწოდებლების სერვისებისგან განსხვავებით?

ნებისმიერ უკაბელო ინტერნეტმომწოდებელთან მიმართებით, კავშირის ხარისხსა და სისწრაფეში ისეთი განსხვავებაა, როგორც ცა და დედამიწა − პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

რაც შეეხება ოპტიკურ ინტერნეტთან შედარებას: კონკურენტუნარიანია, როგორც ხარისხით, ასევე − მომსახურების ფასით. დღეს საქართველოში შეგიძლია მიიღო 100 მეგაბიტი წამში ოპტიკური ინტერნეტი (ისიც ყველგან არა) თვეში 100 ლარად. ხოლო "სტარლინკით" იღებ მინიმუმ 200 მეგაბიტს წამში, თვეში 160 ლარად და რაც მთავარია, სადაც წახვალ, შეგიძლია თან წაიღო. ასევე შეგიძლია გაუზიარო მეზობლებსაც.

როგორ იმოქმედა Starlink-მა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობასა თუ სამუშაოზე, განსაკუთრებით ინტერნეტის სიჩქარისა და დაკავშირების კუთხით?

პროდუქტიულობამ მოიმატა. გვერდის გახსნასა და ფაილის ჩამოტვირთვას აღარ ველოდები. ონლაინშეხვედრების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. შემიძლია ვუყურო 4K ხარისხის კონტენტს ბევრ მოწყობილობაში ერთდროულად. ჭკვიანი სახლის (Smart Home) მოწყობილობებთან დისტანციური კავშირი პრაქტიკულად მყისიერი გახდა.

ჩვენ არ ვაცნობიერებთ დღეში რამდენი საიტისა თუ აპლიკაციის გვერდს ვხსნით. ეს იმდენად დიდი რაოდენობაა, რომ თითო ღილაკზე თითის დაჭერით დაზოგილი თითო წამიც კი დღის ბოლოს საკმაოდ ანგარიშგასაწევ დროს დაგვიზოგავს.

გარდა ამისა, სწრაფი ინტერნეტი მუდმივად აჩენს ახალ შესაძლებლობებს.

რამდენად მარტივი და ინტუიციურია თავად ამ მოწყობილობის დაყენება? თქვენი აზრით, რამდენად გაუჭირდებათ მისი ინსტალაცია მომხმარებლებს, რომლებიც ნაკლებად არიან გათვითცნობიერებულნი მსგავს ტექნოლოგიებში?

ინსტალაცია იმდენად მარტივია, რომ დაწერილი ფორმით ინსტრუქცია საერთოდ არ მოჰყვება. მარტივი ილუსტრაციებითაა ახსნილი, სად რა უნდა დამაგრდეს და დაერთდეს. შემდეგ მობილური აპლიკაციიდან იმართება სრულად და პრაქტიკულად არაფრის კონფიგურაციას არ ითხოვს. WiFi-ქსელის სახელისა და პაროლის გარდა, ვერც შეცვლით ვერაფერს.

თუ გსურთ, თქვენი სახლის ან ორგანიზაციის არსებულ საკაბელო და უკაბელო ქსელს მიაწოდოთ "სტარლინკის" ინტერნეტი, მაშინ ერთი დამატებითი მოწყობილობის შეძენა დაგჭირდებათ, რომელიც მოგცემთ საშუალებას, ქსელის კაბელით დაუერთოთ "სტარლინკის" როუტერი თქვენს ქსელს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ქსელის სპეციალისტი დაგჭირდეთ, ისიც მხოლოდ თქვენი ქსელის ნაწილში.

არსებობს თუ არა საქართველოში რაიმე კონკრეტული ინდუსტრია ან სექტორი, რომელიც, თქვენი აზრით, დიდ სარგებელს მიიღებს Starlink-ის ინტერნეტსერვისების დანერგვით? აქვე ვახსენოთ: როგორ ფიქრობთ, "სტარლინკი" ეფექტიანი იქნება თუ არა საქართველოს რეგიონებისთვისიქ, სადაც ტრადიციულ ინტერნეტპროვაიდერებს შეიძლება ჰქონდეთ შეზღუდული დაფარვის ან დაკავშირების პრობლემები?

ზოგადად, არ მგონია ინდუსტრია არსებობდეს, რომელსაც სწრაფი ინტერნეტი არ სჭირდება. "სტარლინკი" ზრდის მის ხელმისაწვდომობას და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე აღარ ხარ დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, ისეთი რეგიონები, სადაც ოპტიკური დაფარვა ნაკლებია ან საერთოდ არ არის, დიდ სარგებელს მიიღებენ. ნებისმიერი სექტორისათვის, რომელიც ასეთ რეგიონებში საქმიანობს ან აპირებს საქმიანობის დაწყებას, იდეალური გადაწყვეტაა. მაგალითად, სასტუმროებისათვის დიდი ბენეფიტია კარგი ინტერნეტი, ხოლო სკოლებისათვის − უბრალოდ აუცილებელია.

ასევე, ფრილანსერებისა და დისტანციურად მომუშავე ადამიანებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ თუშეთიდან იმუშაოთ ყოველგვარი ინტერნეტდისკომფორტის გარეშე.

როგორ ფიქრობთ, როგორი პოტენციალი აქვს "სტარლინკს" საქართველოში და რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ აღნიშნული სერვისი გავლენას მოახდენს ქვეყნის ციფრულ განვითარებაზე?

პოტენციალი დიდია, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილში ოპტიკური ინტერნეტი ჯერ კიდევ მიუწვდომელია. ამით საქართველო გამონაკლისი არ არის, ასეა ბევრ ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებშიც.

რაც შეეხება ციფრულ განვითარებას: ქვეყნის ციფრულ განვითარებაზე გავლენა ამ ქვეყნისავე მოქალაქეებმა უნდა მოვახდინოთ, თუ ჩვენი სურვილი იქნება და შესაბამისი ცოდნა და უნარები გვექნება. ხოლო "სტარლინკი", როგორც ინსტრუმენტი, ხელს შეგვიწყობს მიუწვდომელ ადგილებში კარგი ინტერნეტის მისაღებად, − განმარტავს გიორგი გარსევანიშვილი.

"სტარლინკის" მომხმარებლები თანამგზავრებს შინ დამონტაჟებული პატარა მიმღებით დაუკავშირდებიან. თანამგზავრული ტერმინალების დამონტაჟება შესაძლებელია ყველგან, სადაც ცისკენ ხედი ჩანს. უკეთესი ხარისხის ინტერნეტისთვის, სასურველია, მისი დაყენება სახურავზე ან ანტენაზე. Starlink-ის აპლიკაცია Android-სა და iOS-ზეა ხელმისაწვდომი და სწორედ ეს აპლიკაცია შემოგთავაზებთ, რომელია საუკეთესო ადგილი აღჭურვილობის დასამონტაჟებლად.

Starlink-ის მოწყობილობა, რომელიც მომხმარებელმა ერთჯერადად უნდა შეიძინოს, საქართველოსთვის ₾1,780 ღირს. ყოველთვიური სააბონენტო კი 160 ლარს შეადგენს. აღჭურვილობა მოიცავს თანამგზავრული თეფშის სამაგრს, თეფშს, ინტეგრირებულ Wi-Fi როუტერსა და ყველა სხვა საჭირო მოწყობილობას, რომელიც საჭიროა ინტერნეტთან დასაკავშირებლად.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!