"თუ საჭიროა, იტირე, შემდეგ გაიღიმე. წინ წადი, იყავი შეუპოვარი" როჯერ ფედერერის სიტყვა დარტმუთის კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შეგრძნება, რომ აქ ვარ, საოცარია. პირდაპირი მნიშვნელობით ეს მეორე შემთხვევაა, როცა კოლეჯის ტერიტორიაზე ფეხი დავადგი. თუმცა თქვენ დოქტორის ხარისხს მანიჭებთ.
მე აქ მხოლოდ სიტყვის სათქმელად მოვედი, მაგრამ სახლში "დოქტორ როჯერის" სახელით უნდა წავიდე. ეს საკმაოდ კარგი ბონუსია. "დოქტორი როჯერი" - ეს ალბათ ჩემი ყველაზე მოულოდნელი გამარჯვებაა! მადლობა ამ პატივისთვის.
დღეს ცოტა კომფორტის ზონის მიღმა ვარ. ეს არ არის ჩემთვის ჩვეული სცენა და ეს არ არის ჩემი ჩვეული ტანსაცმელი. თქვენ ყოველდღე ასე იცვამთ დარტმუთში? მანტიაში მოძრაობა ძნელია. გახსოვდეთ, რომ ბოლო 35 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე შორტს ვატარებ.
მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ამგვარი სიტყვით ხშირად გამოვდივარ. შესაძლოა ყველაზე ცუდი, მაგრამ ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლა ჩემთვის მაშინ იყო, როდესაც შვეიცარიული ეროვნული გუნდის წევრი გავხდი. 17 წლის ვიყავი და იმდენად ვნერვიულობდი, რომ ვერ ვამბობდი ამ ოთხ სიტყვაზე მეტს: "მოხარული ვარ აქ ყოფნით".
და აი, 25 წლის შემდეგ ჩვენ აქ ვართ. კვლავ ნერვიულობამ შემომიტია, მაგრამ ახლა თქვენთვის ბევრად მეტი მაქვს, ვიდრე ოთხი სიტყვა. დავიწყებთ იმით, რომ: "მოხარული ვარ აქ ყოფნით!"
ამის შემდეგ როჯერ ფედერერი სიტყვით გამოსვლის მთავარ ნაწილზე გადავიდა და გამოსაშვები საღამოს მთავარ გმირებს - სტუდენტებს გაუზიარა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოგონება, რომელიც მისთვის ცხოვრებისეულ გაკვეთილებად იქცა.
"ძალისხმევის გარეშე - ეს მითია.
ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც ეს ბევრჯერ მომისმენია - "ძალისხმევის გარეშე". ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი თამაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე წარიმართა. უმეტეს შემთხვევაში ეს კომპლიმენტად მიიჩნეოდა. თუმცა ჩემთვის გულდასაწყვეტი იყო, როდესაც ამბობდნენ - "მან მხოლოდ ცოტა ოფლი დაღვარა!" ან "საერთოდ შეეცადა კი?". სიმართლე ის არის, რომ ყოველთვის ძალიან ბევრი შრომა მჭირდებოდა, რათა ყველაფერი მარტივი გამოჩენილიყო. წლები დავხარჯე წუწუნში, ლანძღვაში, ჩოგნის ბრაზისგან სროლაში, სანამ გავიგებდი, რომ საჭიროა, სიმშვიდე შეინარჩუნო.
გამოღვიძების ზარი ჩემს კარიერაში ადრე დაირეკა, როდესაც იტალიური ღია ტურნირის დროს მოწინააღმდეგემ თქვა: "როჯერი ფავორიტი იქნება პირველი ორი საათის განმავლობაში, ხოლო შემდეგ მე ვიქნები". ამან ჯერ დამაბნია, მაგრამ საბოლოოდ გავიგე, რისი თქმაც სურდა. პირველ ორ საათში კარგად თამაში ყველას შეუძლია. ამ დროს ჯანმრთელი ხარ, სწრაფი ხარ, სუფთა ხარ. ხოლო ორ საათში ფეხები კანკალს იწყებს, გონება გეფანტება და შენი დისციპლინა მცირდება.
ამან მიმახვედრა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო მქონდა. ჩემი მშობლები, მწვრთნელები, ჩემი ფიტნესინსტრუქტორი - ყველა ამაზე მიმითითებდა და ახლა ამას აკეთებდნენ უკვე ჩემი კონკურენტებიც. მოთამაშეები! სამუდამოდ მათი მადლიერი ვარ გაკეთებული საქმისთვის. ამის შემდეგ უფრო ძლიერად დავიწყე ვარჯიში. შემდეგ კი მივხვდი - როცა ხალხს ჰგონია, ძალისხმევის გარეშე იგებ, ეს რეალური მიღწევაა. მე ასეთი რეპუტაცია დავიმსახურე, რადგან ტურნირების დაწყებისას იმდენად მარტივად ვუდგებოდი საქმეს, რომ მაყურებელი ფიქრობდა, ბევრს არც ვვარჯიშობდი. მაგრამ სინამდვილეში ტურნირის წინ, როდესაც არავინ მიყურებდა, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი.
შესაძლოა, ეს დარტმუთში ნაცნობია. რამდენჯერ ყოფილა, როცა თქვენი ჯგუფელები უმაღლეს შეფასებებს დიდი ძალისხმევის გარეშე იმსახურებდნენ მაშინ, როცა თქვენ ღამეებს ათენებდით? ვიმედოვნებ, ჩემსავით თქვენც აღმოაჩინეთ, რომ "ძალისხმევის გარეშე" რამის მიღწევა არის, უბრალოდ, მითი.
სადაც აღმოვჩნდი, იქამდე მხოლოდ ნიჭის წყალობით არ მივსულვარ, ჩემს მოწინააღმდეგეებზე მეტი მუშაობით მივაღწიე. მჯეროდა საკუთარი თავის, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა უნდა გამოიმუშაო. 2003 წელს იყო მომენტი, როცა ჩემი თავდაჯერებულობა რეალურად უფრო გაიზარდა. ეს მოხდა ATP Finals-ის ჩემპიონატზე, სადაც მხოლოდ საუკეთესო რვა მოთამაშე გადის. დავამარცხე რამდენიმე მოთამაშე, რომელთაც თავადაც ძალიან ვაფასებდი. ადრე ვცდილობდი, მოწინააღმდეგეების ძლიერ მხარეებს გავქცეოდი. თუ ვინმეს ძლიერი ფორჰენდი ჰქონდა, ბექჰენდისკენ დამერტყა. მაგრამ იმ დროს უკვე ვახერხებდი, მის ფორჰენდს დავპირისპირებოდი. ვცდილობდი, თავდამსხმელები ჩემი თავდასხმით დამემარცხებინა. ასეთი მიდგომით გავრისკე. რატომ გავაკეთე ეს? ჩემი თამაშის გასაძლიერებლად და მეტი შანსების შესაქმნელად. ძლიერი მხარეების მთელი არსენალია საჭირო - თუ ერთ-ერთი მათგანი მწყობრიდან გამოვა, სხვა დარჩება. როცა შენი თამაში ასე "მუშაობს", მოგება შედარებით მარტივია. დგება დღეები, როცა თავს ცუდად გრძნობ. ზურგი გტკივა, მუხლი გტკივა. შესაძლოა, ცოტა ავადაც ხარ ან გეშინია, მაგრამ გზას გამარჯვებისაკენ მაინც პოულობ.
სწორედ ეს გამარჯვებებია, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობთ, რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ გამარჯვება არა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როცა საუკეთესო ფორმაში ვართ, არამედ მაშინაც, როცა არ ვართ. დიახ, ნიჭი მნიშვნელოვანია, მაგრამ მას მრავალმხრივი განმარტება აქვს. უმეტეს შემთხვევაში, საქმე მხოლოდ ნიჭს არ ეხება - საქმე ხასიათს ეხება. ისევე, როგორც ცხოვრებაში, ჩოგბურთში დისციპლინაც ნიჭია. და მოთმინებაც ნიჭია. საკუთარი თავის ნდობაც ნიჭია. პროცესის სიყვარული ნიჭია. საკუთარი ცხოვრების მართვა და საკუთარი თავის მართვა - ესეც ნიჭია. ზოგი ადამიანი ყველა ამ ნიჭით იბადება, ზოგს მუშაობა სჭირდება. ამ დღიდან მოყოლებული, ზოგი ადამიანი იფიქრებს, რომ რადგან დარტმუთში დაამთავრეთ, ყველაფერი მარტივად გამოგდით. და იცი, რა? მიეცით ნება, ასეც იფიქრონ. მთავარია, ასე თავად არ იფიქროთ.
კარგი, ახლა კი მეორე გაკვეთილი:
ეს მხოლოდ ქულაა. მოდი, ავხსნათ.
შესაძლოა, იმუშაოთ ძალიან ბევრი და მაინც დამარცხდეთ. მე ასე დამემართა. ჩოგბურთი სასტიკია. შეუძლებელია გვერდის ავლა იმ ფაქტისთვის, რომ ყველა ტურნირი ერთნაირად მთავრდება. ერთი მოთამაშე იღებს თასს, ყველა სხვა მოთამაშე კი ბრუნდება სახლში, ფანჯრიდან იხედება და ფიქრობს: "როგორ გავაფუჭე ეს დარტყმა?"
წარმოიდგინეთ, თუ დღეს მხოლოდ ერთ-ერთი თქვენგანი მიიღებდა დიპლომს, დანარჩენს კი, უკეთეს შემთხვევაში, შემდეგ ჯერზე გექნებოდათ ამის შანსი. ძალიან ვცდილობდი, არ დავმარცხებულიყავი, მაგრამ დავმარცხდი.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი 2008 წელს უიმბლდონის ფინალი იყო, როცა მე და ნადალი დავუპირისპირდით. ზოგი მას ყველა დროის საუკეთესო მატჩად მოიხსენიებს. ნადალს ყველა პატივს ვცემთ, მაგრამ მგონია, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მე რომ მომეგო. უიმბლდონზე წაგება დიდი რამ არის, რადგან უიმბლდონზე მოგება ყველაფერია. მე ძალიან ბევრ საოცარ ადგილას მითამაშია მსოფლიოში, მაგრამ როცა გაქვს შანსი, შეხვიდე უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე, ჩოგბურთის ტაძარში და ფინალში ჩემპიონის სტატუსი მოიპოვო, მომენტის სიდიადეს მაშინ შეიგრძნობ. ამას არაფერი შეედრება.
2008 წელს ზედიზედ მეექვსე ტიტულის მოსაპოვებლად მივდიოდი, რათა ისტორიაში ჩავწერილიყავი. არ ვაპირებ თითოეულ ქულაზე საუბარს. თუ ასე მოვიქცევი, საათები დაგვჭირდება. წვიმის გამო თამაში შეფერხდა, მზე ჩავიდა. ნადალმა ორი სეტი მოიგო, შემდეგ მე მოვიგე და მეხუთე სეტში ანგარიში 7-7 იყო. ბოლო წუთებში ისე ბნელოდა, რომ ბალახზე ცარცის ხაზებს ძლივს ვხედავდი. ახლა, როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რომ პირველივე ქულაზე დავმარცხდი, რადგან ბადის მეორე მხარეს დავინახე ბიჭი, რომელმაც რამდენიმე კვირით ადრე ფრანგულ ღია პირველობაზე გამანადგურა და ვიფიქრე, ეს ბიჭი ალბათ უფრო დამშეულია, ვიდრე მე. მესამე სეტამდე დამჭირდა დრო, რომ გამეაზრებინა და საკუთარი თავისთვის მეთქვა - "მოიცა, შენ ხუთგზის მოქმედი ჩემპიონი ხარ! და სხვათა შორის, ახლა ბალახზე ხარ". მაგრამ უკვე გვიან იყო და რაფამ მოიგო. ეს დამსახურებული მოგება იყო.
ზოგიერთი დამარცხება დანარჩენზე უფრო მტკივნეულია. ვიცოდი, რომ ზედიზედ მეექვსე ტიტულის მოპოვების შანსი სამუდამოდ გავუშვი. მაგრამ, ასევე, ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა - ვარჯიში და მუშაობა უნდა გამეგრძელებინა. ჩოგბურთში სრულყოფილება შეუძლებელია. ჩემი კარიერის განმავლობაში 1 526 ერთეული მატჩი ვითამაშე და მათგან თითქმის 80% მოვიგე. ახლა ერთი შეკითხვა მაქვს - როგორ ფიქრობთ, ქულების რა პროცენტული უპირატესობით მოვიგე მატჩები? - მხოლოდ 54%-ით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუკეთესო ჩოგბურთელები, როგორც წესი, ნახევარზე ოდნავ მეტ ქულას იღებენ. როცა ყოველ მეორე ქულას აგებ, სწავლობ, ყოველ დარტყმაზე არ იფიქრო. შენს თავს ასე ფიქრს ასწავლი: კარგი, შეცდომა დავუშვი, ეს მხოლოდ ქულაა. კარგი, ბადესთან მივედი და ისევ დავმარცხდი, ეს მხოლოდ ქულაა. კიდევ ერთი შესანიშნავი დარტყმა მოწინააღმდეგისგან - ესეც მხოლოდ ქულაა. აი, რატომ გეუბნებით ამას. როდესაც ქულისთვის თამაშობ, ის იმ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის მსოფლიოში. მაგრამ, როდესაც შესრულდა, იქ დასრულდა. მენტალური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გაძლევთ საშუალებას, სრულ მზადყოფნაში იყოთ შემდეგი ქულისთვის და კიდევ შემდეგი ქულისთვის. მზად იყოთ სიმტკიცით, სიცხადით და სრული კონცენტრაციით. სიმართლე ის არის, რომ როგორც არ უნდა თამაშობდეთ ცხოვრებაში, ზოგჯერ დამარცხდებით. ქულა, მატჩი, სეზონი, სამსახური - ეს არის წრე უამრავი აღმასვლითა და დაღმასვლით. და ბუნებრივია, რომ ეჭვი შეგეპაროს საკუთარ თავში, როდესაც ძირს ეშვები. სხვათა შორის, თქვენს მოწინააღმდეგეებსაც აქვთ თვითშეფასების პრობლემები და არასოდეს დაივიწყოთ ეს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ნეგატიური ენერგია დაკარგული ენერგიაა. თქვენ უნდა დახელოვნდეთ რთული მომენტების გადალახვაში. ჩემთვის ეს არის ჩემპიონობის ნიშანი. მსოფლიოში საუკეთესოები არ არიან საუკეთესოები იმიტომ, რომ ყველა ქულას იგებენ. ისინი საუკეთესოები არიან იმიტომ, რომ იციან, ისევ დამარცხდებიან და ისწავლეს, როგორ გაუმკლავდნენ ამას. თუ საჭიროა იტირე, შემდეგ გაიღიმე, წინ წადი, იყავი შეუპოვარი, შეეგუე გარემოს და განვითარდი. იმუშავე უფრო მეტი, იმუშავე უფრო გონივრულად.
მესამე გაკვეთილი.
ცხოვრება უფრო დიდია, ვიდრე სათამაშო მოედანი.
ჩოგბურთის კორტი პატარა სივრცეა. მისაღებ ოთახზე არც ისე დიდია. დავუშვათ, რომ ეს სამი ან ოთხი მისაღები ოთახის ზომაა.
იმ პატარა სივრცეში ბევრს ვმუშაობდი, ბევრს ვსწავლობდი და დიდ მანძილზე დავრბოდი. მაგრამ სამყარო ბევრად უფრო დიდია. მაშინაც კი, როცა მხოლოდ ვიწყებდი, ვიცოდი, რომ ჩოგბურთის წყალობით სამყაროს ნახვას შევძლებდი, მაგრამ ჩოგბურთი ვერასოდეს გახდებოდა მთელი ჩემი სამყარო. ვიცოდი, თუ გამიმართლებდა, კონკურენტუნარიანი მოთამაშე ვიქნებოდი. შესაძლოა 40 წელს გადამეცილებინა კიდევაც. მაგრამ მაშინაც კი, როცა ტოპ ხუთეულში ვიყავი, ჩემთვის სრულფასოვანი ცხოვრება უმნიშვნელოვანესი იყო. მოგზაურობა, კულტურა, მეგობრები და განსაკუთრებით - ოჯახი. არასოდეს მიმიტოვებია ჩემი ფესვები, არასოდეს დამვიწყებია, საიდან მოვედი. ამავდროულად, ყოველთვის მინდოდა დიდი სამყაროს ნახვა.
14 წლისა სახლიდან წავედი, რომ ორი წელი შვეიცარიის ფრანგულ ნაწილში მესწავლა. ამ დროს ოჯახი საშინლად მენატრებოდა, მაგრამ ასე ცხოვრების შეყვარებაც ვისწავლე. მიხაროდა მსოფლიოს ნახვა, მაგრამ არა როგორც ტურისტს. საკმაოდ ადრე გავაცნობიერე, რომ მსურდა, სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს დავხმარებოდი. დედაჩემი სამხრეთ აფრიკელია და მისი შთაგონებით დავაარსე ფონდი, რომელიც განათლების გზით ბავშვების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ადრეული საბავშვო განათლება ისეთი რამაა, რასაც შვეიცარიის მსგავს ადგილებში თავისთავად ვიღებთ. მაგრამ საჰარის სამხრეთით, აფრიკაში 75%-ს სკოლამდელ განათლებაზეც არ მიუწვდება ხელი. ამ ბავშვებს, ისევე როგორც სხვებს, სჭირდებათ კარგი დასაწყისი, რათა პოტენციალი გამოავლინონ. დღემდე ჩვენ თითქმის 3 მილიონ ბავშვს დავეხმარეთ ხარისხიანი განათლების მიღებაში და გადავამზადეთ 55 ათასზე მეტი მასწავლებელი. ეს ჩემთვის დიდი პატივიც იყო და, ამავდროულად, თავმდაბლობის გამომწვევიც. პატივია ამ გამოწვევის წინაშე დგომა, თუმცა ყველანაირ სირთულესა და კომპლექსურობასაც ხვდები.
მინდა გითხრათ, საოცარი გრძნობაა, ეწვიო სოფლად ადგილებს და იპოვო საკლასო ოთახები, რომლებიც ბავშვებით არის სავსე. ისინი სწავლობენ, კითხულობენ და თამაშობენ. როგორც ყველგან, ამ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ამის საშუალება. შთამბეჭდავია, როდესაც შემდეგ იგებ, რომ ზოგი მედდა გახდა, ზოგი მასწავლებელი, პროგრამისტი და ასე შემდეგ.
ეს ძალიან საინტერესო თავგადასავალი იყო და მგონია, რომ ჯერ კიდევ მხოლოდ დასაწყისია.
ვერ ვიჯერებ, რომ ამ საქმის დაწყებიდან უკვე 20 წელი გავიდა. ფონდი 22 წლისამ დავაარსე. ამ დროს მე მხოლოდ ჩოგბურთისთვის ვიყავი მზად. მაგრამ ხანდახან ჯერ უნდა გარისკო და შემდეგ მოიფიქრო, როგორ გაართვა საქმეს თავი. ფილანთროპია ბევრ რამეს ნიშნავს. ის შეიძლება იყოს არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა ან ფულის შეწირვა. მაგრამ ასევე შეიძლება ნიშნავდეს შენს იდეებში, დროსა და ენერგიაში ინვესტიციას. მისიაში, რომელიც საკუთარ თავზე უფრო დიდია. იმედს ვიტოვებ, რომ იპოვით თქვენს უნიკალურ გზას, რათა დადებითი ცვლილებები გამოიწვიოთ.
ცხოვრება მართლაც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე კორტი.
დარტმუთის სტუდენტებმა აირჩიეთ მთავარი მიმართულება და ის სიღრმისეულად შეისწავლეთ, მაგრამ ასევე, გაქვთ მეტად მასშტაბური ხედვა. სახელგანთქმული ბადი სტივენსი მშობლებს ეუბნებოდა: "თქვენი შვილი იქნება შესანიშნავი ფეხბურთელი, როდესაც ფეხბურთის დრო იქნება; შესანიშნავი სტუდენტი, როდესაც აკადემიური სწავლის დრო იქნება და შესანიშნავი ადამიანი - ყოველთვის". ჩოგბურთმა ბევრი მოგონება მაჩუქა, მაგრამ ის გამოცდილება, რაც კორტს მიღმა მივიღე, არანაკლებ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის ადგილები, სადაც მოგზაურობა შევძელი და, რაც მთავარია, - ის ადამიანები, რომლებიც გზად შემხვდნენ. ჩოგბურთი, ისევე როგორც ცხოვრება, გუნდური სპორტია. დიახ, შენ მარტო დგახარ კორტის ერთ მხარეს, მაგრამ შენი წარმატება დამოკიდებულია შენს გუნდზე. მწვრთნელები, თანაგუნდელები, თუნდაც შენი მეტოქეები - ყველა ეს გარემოება გეხმარება, გახდე ის, ვინც ხარ. ოჯახიც გუნდია. ძალიან გამიმართლა ჩემს საოცარ მეუღლეში. ის ჩემი ცხოვრების ყველა სიხარულს კიდევ უფრო აძლიერებს. ჩვენი ოთხი გასაოცარი შვილი: მაილა, შარლინი, ლეო და ლენი დღეს აქ, ჩემთან ერთად არიან. კურსდამთავრებულებო, ვიცი, რომ თქვენ შემთხვევაშიც ასეა. თქვენმა მშობლებმა, თქვენმა ოჯახებმა მსხვერპლი გაიღეს, რომ აქამდე მოსულიყავით. მათ თქვენი გამარჯვებები და ბრძოლები გაიზიარეს. არ დაივიწყოთ, ეს ყველაფერი ყოველთვის თქვენთან ერთად იქნება: ხალხი, მეგობრები, რომლებმაც გიბიძგეს, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გამხდარიყავით; მეგობრები, რომლებიც არასოდეს შეწყვეტენ თქვენს გამხნევებას, როგორც ამას დღეს აკეთებენ. თქვენ კვლავაც გააგრძელებთ მეგობრების შეძენას დარტმუთის საზოგადოებაში, შესაძლოა, დღესაც კი. თქვენ მარცხნივ ან მარჯვნივ მყოფ ადამიანებს შეხედეთ. იქნებ ეს არის პირველი შეხვედრა?! შესაძლოა, თქვენ არ გქონდეთ საერთო გამოცდილებები ან შეხედულებები, მაგრამ ახლა იზიარებთ ამ მოგონებას და ბევრად მეტსაც.
როდესაც ჩოგბურთი დავტოვე, ყოფილი ჩოგბურთელი გავხდი, მაგრამ თქვენ მომავალი ხართ. მომავალი რეკორდების დამმყარებლები და მსოფლიო მოგზაურები; მომავალი მოხალისეები და ფილანთროპები; მომავალი გამარჯვებულები და მომავალი ლიდერები.
აქ ვარ, რომ გითხრათ: დატოვეთ ნაცნობი სამყარო და იპოვეთ ახალი. ის წარმოუდგენლად საინტერესოა.
დღეისათვის სულ ეს იყო თქვენი ჩოგბურთის გაკვეთილები.