უხილავის აღმოჩენა და ხილულით მართვა - "ლიდერშიფ სკანერის" წარმატების 2 წელი
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სანამ ორგანიზაციულ ფორმას მიიღებდა, იდეა ბევრად ადრე ჩაისახა და განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა. "ლიდერშიფ სკანერამდე" იყო მონაცემთა ჯადოსნურ სამყაროში 20-წლიანი პროფესიული სერფინგი. ლაშა ბოკუჩავასთვის ციფრებით ამბის მოყოლა და მონაცემების ბიზნესგადაწყვეტილებებში ტრანსლირება ცხოვრების საქმეა.
იდეა და ერთი ქსელი
ლაშა პროფესიით მონაცემთა ანალიტიკოსია. ორ ათეულ წელზე მეტია პროფესია კვლევას და ანალიტიკას დაუკავშირა, თუმცა ყოველთვის ცდილობდა, ის უხილავი ძალა აღმოეჩინა, რომელიც ადამიანებს არა მხოლოდ არსებული რეალობის გაანალიზებაში ეხმარება, არამედ მომავალი მოქმედების ინსპირაციას აძლევს. სიმბოლურია, რომ სწორედ უხილავის ხილულად ქცევა მისი ხორცშესხმული იდეის მთავარ მოტოდ იქცა და ტექნოლოგიური კომპანიის დაარსებისკენ უბიძგა.
"ლიდერშიფ სკანერის" იდეის ფორმირება ერთ-ერთ საერთაშორისო პროექტზე მუშაობისას დაიწყო, როდესაც ლაშას ორგანიზაციული ქსელური ანალიზის (ONA) ტექნოლოგიასთან მოუწია შეხება. ტექნოლოგიის მთავარი არსი კავშირებზე დაფუძნებული ანალიზია. ჩვენს სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ორგანიზაციები, ადამიანები, აზრები და მოვლენები, ჩვენი ურთიერთობები ქმნიან სხვადასხვა დონის ქსელებს, ეს ცოცხალი პროცესია, თითოეული ჩვენგანი თავისი ქსელის ღირებული მუხტია, რომელიც ამ ქსელს გარკვეულ ფორმასა და შინაარს სძენს.
10 წლის წინ საერთაშორისოდ აპრობირებული ეს მიდგომა საქართველოში, პრაქტიკულად, არ არსებობდა, ამიტომაც მისი ბენეფიტების აღმოჩენა და ქართულ რეალობასთან დაკავშირება "ლიდერშიფ სკანერის" დამფუძნებლის ანალიტიკურ თავსატეხად იქცა: როგორ უნდა მომხდარიყო ადამიანებს შორის საქმიანი კომუნიკაციისას დაგროვებული მონაცემების ანალიზი და პრაქტიკული გამოყენება ორგანიზაციის შიგნით?
ორგანიზაციაც ცოცხალი ორგანიზმია, ადამიანები მასში პროფესიულ და პიროვნულ სისხლძარღვებს - კავშირებს ქმნიან, სწორედ ეს ურთიერთობები გვაყალიბებს მაღალი ზეგავლენის მქონე ადამიანებად და ჩვენს ქცევაზეც მიანიშნებს - არსებული ან სასურველი როლები ამ ქსელს მუდმივ დინამიკაში ამყოფებს. ახლა კი, წარმოიდგინეთ, რომ კომპანიის მმართველი, გუნდის ლიდერი ან წევრი ხართ და ამ გარდასახვით ფორმებზე წინასწარ ფლობთ ინფორმაციას: ხელმძღვანელი მარტივად აღმოაჩენს ტალანტებს, გუნდის ლიდერი დროულად ხედავს გადაწვის პირას მყოფ ადამიანს, ხოლო გუნდის წევრებს აქვთ მოსაზრებების გაზიარების და ამით რეალობის შეცვლის შესაძლებლობა.
"ორგანიზაციებს ძალიან უნდა გამოადგეთ"
10 წლის წინ გაკეთებულმა აღმოჩენამ რამდენიმეწლიანი თვითრეფლექსიის ეტაპი და მსოფლიო პრაქტიკაში გარკვევა გამოიწვია, შედეგად გამოკითხვაზე დაფუძნებული მარტივი ინსტრუმენტი შეიქმნა - თანამშრომლები პასუხობენ კითხვებს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია აღმოაჩინოთ, ვინ არის მაღალი პროფესიული ზეგავლენის მქონე ადამიანი; ხშირად ეს არ არის დაკავშირებული თანამშრომლის პოზიციასთან, ის შეიძლება იყოს სპეციალისტი, რომელიც ერთგულად შრომობს და ქმნის კომპანიაში დოვლათს, სწორედ ამგვარი თანამშრომლების დროული აღმოჩენაა მნიშვნელოვანი. ასევე, გამოკითხვის და შესაბამისი კავშირების შედეგად დგინდება - ვინ არის აზრის ლიდერი, ვინ არის გადაწვის პირას მყოფი, ვის სჭირდება მეტი მხარდაჭერა და დაფასება. ყველა ამ მონაცემის გააზრება იძლევა საშუალებას, ორგანიზაციის განვითარების კონტურები გამოიკვეთოს, დაშენდეს ის მნიშვნელოვან ზეგავლენის მქონე ადამიანებზე და მეტად აჩქარდეს წინსვლის პროცესი.
მიდგომის დახვეწა და დღევანდელ მძლავრ ინსტრუმენტად ქცევის პროცესი პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა. კოვიდის პროცესში ორგანიზაციაში თანამშრომელთა ჩართულობის დონის შენარჩუნება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. ჩაკეტილობამ, პირად და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე შიშმა, არასტაბილურობის განცდამ გამოხატვა ადამიანების შფოთვაში პოვა. თავიდან გახდა საჭირო, ადამიანებს ეგრძნოთ კომპანიებისა და ორგანიზაციების მიმართ მიკუთვნებულობა, რაც მათ სტაბილურობის შეგრძნებას დაუბრუნებდა.
"ლიდერშიფ სკანერმა" თანამშრომლობის ჩართულობის დონის განსაზღვრაც თავისი მიდგომის ნაწილად აქცია; ქსელურ ანალიზთან ერთად, აღნიშნული მონაცემები სრულ და ამომწურავ სურათს იძლევა - სად და ვისზე დგას დღეს კომპანია, რა არის მისი მამოძრავებელი ძალა და რამდენად უნდა ჰქონდეს მას მთავარი საწვავის - ადამიანების იმედი.
მიდგომის ხიბლი მიდგომაშია
"ლიდერშიფ სკანერის" კონკურენტული უპირატესობა მიდგომის ტექნოლოგიურობასთან ერთად მიღებული შედეგების პრაქტიკაში გამოყენების მხარდაჭერის პროცესია. "ლიდერშიფ სკანერისთვის" კვლევა პროცესის მხოლოდ დასაწყისია, მას იყენებს როგორც მონაცემების მოგროვების ინსტრუმენტს და სწორედ შემდგომი ეტაპები ქმნის დამკვეთისთვის რეალურად ღირებულ სარგებელს.
მიდგომის ჯაჭვში სამი მთავარი რგოლია:
- მონაცემების მიღება და მათი ალაპარაკება, იგივე ან მომიჯნავე ინდუსტრიების თუ მიმართულებების არსებულ ჯამურ მაჩვენებლებთან შედარების შესაძლებლობა. პირობითად - მოპოვებული გუნდური ეფექტიანობის ინდექსი კომპანიას შეუძლია სხვების ჯამურ მაჩვენებლებს შეადაროს და ამით განსაზღვროს მისი პოზიციების შენარჩუნების ან გაუმჯობესების სტრატეგიები. "ლიდერშიფ სკანერში" სჯერათ, რომ მონაცემების მოპოვება მხოლოდ პირველი პატარა ნაბიჯია, ხოლო მონაცემების კონტექსტში გააზრება - დიდი ნახტომი.
- "ლიდერშიფ სკანერის" მიდგომის მეორე და მნიშვნელოვანი რგოლი ინსტრუმენტების ნაკრებია, რომელიც შედეგების პრაქტიკაში გადატანის შესაძლებლობას იძლევა. ციფრული ტექნოლოგიის საფუძველზე მიღებული მონაცემები კომპანიის HR გუნდს შეუძლია მთელი წლის განმავლობაში გამოიყენოს, საკადრო პოლიტიკა დაგეგმოს, ტალანტები აღმოაჩინოს და დაწინაურების სქემები შეიმუშაოს.
- მესამე HR გუნდების დამატებითი კომპეტენციებით აღჭურვაა. ცნობიერების ამაღლებისა და HR ანალიტიკის უნარების გაძლიერებით "ლიდერშიფ სკანერი" ორგანიზაციებში ეიჩარ გუნდის წარმომადგენლების სტრატეგიული სარგებლის მომტან მენეჯერებად ჩამოყალიბების პროცესს უწყობს ხელს. მსგავსი მიდგომა რუტინული და ადმინისტრაციული საქმიანობის მიღმა ეიჩარებისთვის ორგანიზაციული განვითარების ხედვას ხსნის და მოქმედების ვალიდაციას ანიჭებს მათ.
შედეგების თარგმნა სხვადასხვა დონეზე
"ლიდერშიფ სკანერის" სარგებელი ჰორიზონტზე იშლება, ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ ღირებული ინფორმაცია არა მარტო მმართველი რგოლის, არამედ გუნდების და ინდივიდის დონეზე გააზიაროს.
"ლიდერშიფი" ორგანიზაციისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს - ტალანტების შენარჩუნების და მოტივაციის, დელეგირების, მართვის მიმართ დამოკიდებულებების და ქმედებების შეფასებას იღებს. გუნდების დონეზე ვლინდება კავშირები, რომელიც სამუშაოს ეფექტურობას განსაზღვრავს, ხოლო ინდივიდის დონეზე ორგანიზაცია აუთვისებელ პოტენციალს აღმოაჩენს - თანამშრომელმა დააგროვა შესაბამისი კომპეტენცია, მას განვითარება და წინსვლა სჭირდება, მაგრამ ამის დროული აღმოჩენა ვერ შეძელით, ის კომპანიიდან მიდის და ხვდებით, რომ ძვირფასი კადრი, პროფესიონალი დაკარგეთ, რომლის ჩანაცვლება კომპანიას ბევრად მეტი დრო და თანხა უჯდება.
"მმართველობითი რგოლი, HR რგოლის გაძლიერება და კონკრეტულ გუნდებთან მუშაობის სქემა - ვორქშოფები, სკანერით ამ სამ დონეზე ვმუშაობთ. ვაზიარებთ ტექნიკებს, ცოდნებსა და უნარებს, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ; პროცესში თანამშრომლები ფიქრობენ - მომისმინეს, ხმა მივაწვდინე და ჩემი მონაწილეობით ხდება ჩემი ორგანიზაციის განვითარება, ეს ყველაზე კარგი შეგრძნებაა კომპანიის ერთგული ადამიანებისთვის", - აღნიშნავს ლაშა ბოკუჩავა.
სამივე დონეზე სისტემური სახით მიღებული ინფორმაციით კომპანია პრევენციული ზომების დაგეგმვას შეძლებს, რაც ორგანიზაციისთვის სოლიდური ინვესტიციის ტოლფასია. ადამიანების დანაკარგის გარეშე და სრულად ათვისებული პოტენციალით ბიზნესმიზნების მიღწევა უფრო მარტივი და ხანმოკლე პროცესი ხდება.
"თანამედროვე სამყაროში, სადაც ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში შემოაღწია ტექნოლოგიებმა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი მონაცემებია. ის, ვინც ფლობს მონაცემების გამოყენების ხელოვნებას, შეძლებს მოიპოვოს კონკურენტულ გარემოში უპირატესობა. "ლიდერშიფ სკანერი" ქმნის მონაცემთა ანალიზისა და მისი გამოყენების ინსტრუმენტებს, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს, დაინახოს შესაძლებლობების ახალი ჰორიზონტი და დროულად აითვისოს ის!"- აღნიშნავს ლაშა ბოკუჩავა.
სკანირების ჯადოქრები
"ლიდერშიფ სკანერის" გუნდი მსოფლიო სამუშაო ახალი ნორმის (New normal) გათვალისწინებითაა დაკომპლექტებული, ბიზნესის განვითარების და მართვის გუნდს ტექნოლოგიების მიმართულების გუნდი აძლიერებს, პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი "ფრილანსერები", რომლებიც დისტანციურად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მუშაობენ. გარდა ამისა, "ლიდერშიფ სკანერს" უნიკალური მიდგომა აქვს პროდუქტის გაზიარების კუთხითაც - HR კურსის შედეგად აღმოჩენილი და დაინტერესებული HR პროფესიონალები სამდონიან სერტიფიცირებას გადიან, რის შემდეგაც სკანერის "ამბასადორები" ხდებიან, თავად ერთვებიან ტექნოლოგიის სხვისთვის გაცნობის პროცესში და უძღვებიან ფასილიტაციურ ეტაპებს. ეს, ერთი მხრივ, ზრდის HR-ების გათვითცნობიერებულობას და ჩართულობას აღნიშნულ ტექნოლოგიებში, მეორე მხრივ კი, HR სფეროს განვითარებას და HR მენეჯერების სტრატეგიული როლის ზრდას უწყობს ხელს.
ჯამში "ლიდერშიფ სკანერს" ერთობლივად ავითარებენ: დამკვეთები, რომლებიც ენდობიან "ლიდერშიფ სკანერს" და მის გუნდს; HR პროფესიონალები, რომლებიც ეუფლებიან "ლიდერშიფ სკანერის" ინსტრუმენტებს და აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და სკანერის გუნდის წევრები, რომლებსაც უყვართ მუდმივი დაკვირვება და აღმოჩენის წყურვილი ამოძრავებთ.
"მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენთან თანამშრომლობის შემდგომ მათი დრო მნიშვნელოვნად დაიზოგა. გვყავს განმეორებითი კლიენტები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ თავად გავიაზროთ, რამდენად საინტერესო და სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ კლიენტებისთვის. პრაქტიკულად, ყველა მათგანი გვიბრუნდება ამა თუ იმ პერიოდის შემდგომ და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. ბედნიერი ვარ, რომ ამ კომპანიების ზრდას ჩვენ ვუწყობთ ხელს", - აღნიშნავს ლაშა ბოკუჩავა.
2-წლიანი საქმიანობის შედეგად Leadership Scanner-ის პორტფელში რამდენიმე ათეული კომპანია ერთიანდება. მათ შორისაა ქართული კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებენ. კომპანია ადგილობრივ დამკვეთებს გლობალურ ბაზარზე გასვლის შემდეგ სხვა ქვეყნებშიც ემსახურება, ამ დროისათვის მსგავსი ტიპის პროექტები ხორციელდება სომხეთსა და უკრაინაში. ამასთან, 2 წლის თავზე "ლიდერშიფ სკანერი" საერთაშორისო ექსპანსიას იწყებს და ცენტრალური აზიის ბაზარზე შედის, უზბეკეთსა და ყაზახეთში არსებული პარტნიორი კომპანიები სკანერის პროდუქტისა და შესაბამისი მომსახურების ფრანჩაიზს ფლობენ. ამჟამად "ლიდერშიფ სკანერს" ყოველწლიურად 3-ჯერ მეტი ზრდა აქვს როგორც მომხმარებელთა ბაზის, ასევე ფინანსების მხრივ.
"ყოველთვის მემახსოვრება და ძალიან მადლიერი ვიქნები პირველი კლიენტის, რომელიც გვენდო. ამან იდეის ჭეშმარიტების რწმენა და წინსვლის ბიძგი მომცა. ასევე, მახსოვს ყველა სხვა დამკვეთი, რომელიც პროექტიდან პროექტამდე გვავითარებს. სადღაც ფუნქციონალს ვამატებთ, სადღაც საკითხს ვუღრმავდებით, მუშაობის პროცესშივე, ჰაერში ვიჭერთ იდეებს და ვაუმჯობესებთ, სტარტაპული მიდგომით ვართ, ყოველი პროექტის მერე ვსვამთ შეკითხვას - კიდევ უფრო როგორ გავამარტივოთ, მეტად ღირებული როგორ გავხადოთ?!"- აღნიშნავს ლაშა ბოკუჩავა.
"ლიდერშიფ სკანერიც" დიდი ქსელის ნაწილია, აქ კიდევ ბევრი რამ არის უხილავი და აღმოჩენის მოლოდინში, თუმცა უკვე ხილული - პროფესიული ცნობისმოყვარეობა, საქმის და ადამიანების სიყვარული აღმოჩენილია და მოქმედების ძალას აძლევს მათ, ვინც ქმნის "ლიდერშიფ სკანერის" უნიკალურ მიდგომას ორგანიზაციების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.