USAID YES-Georgia - როგორ გადააქციეს პროგრამის ბენეფიციარებმა საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დამოუკიდებელი საქმიანობა ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება. შეგრძნება, რომ საქმეს სხვებისგან დამოუკიდებლად იწყებ, კიდევ უფრო გაძლიერებს და მეტ მხნეობას გმატებს. აღარ გეშინია რადიკალური ცვლილებების, რადგან აკეთებ იმ საქმეს, რომელიც საყვარელ საქმიანობასთან ერთად, ნელ-ნელა შემოსავლის წყაროც ხდება.
USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს ბენეფიციარები წარმატებით აწარმოებენ ხელნაკეთ აქსესუარებსა და დეკორატიულ ნივთებს, ამუშავებენ ხის სახელოსნოებს, მართავენ სხვადასხვა ოჯახურ ბიზნესს და ქმნიან სერვისებს, რომლითაც არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი მომხმარებლებიც ინტერესდებიან.
ამჯერად, Entrepreneur იმ ქალი მეწარმეების ისტორიებს გაგაცნობთ, რომლებმაც უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ხორცი შეასხეს თავიანთ იდეებს, განავითარეს ბიზნესი და დღეს უკვე ექსკლუზიურ პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებლებს.
ვივია გურგენიშვილი − ეკომეგობრული ხის სახელოსნო "დინო"
კომპანია "დინო" 2019 წლის დეკემბერში ვივია გურგენიშვილმა დააარსა. წარმოება დაიწყო 2020 წლის აგვისტოში, ზუსტად მაშინ, როდესაც პანდემია მძვინვარებდა. იდეა დაიბადა, როდესაც ვივიას შვილებისთვის განმავითარებელი, ეკომეგობრული სათამაშოების შეძენა დასჭირდა, თუმცა გაუჭირდა ბაზარზე მსგავსი სათამაშოების მოძიება, რამაც დააფიქრა და გამოაკვლევინა ქართული ბაზარი. "რაც მე მჭირდებოდა, ვერ ვნახე. ზუსტად აქედან დაიწყო ჩემი იდეის ჩამოყალიბება და განხორციელება. მოვიძიე ინფორმაცია განმავითარებელ ხის ავეჯზე, გავეცანი უცხოელი ფსიქოლოგების რჩევებს, პიკლერს, ვალდორფს, მონტესორს და მათი აღზრდის მეთოდს, რათა სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა თითოეულ პროდუქტზე მომხმარებლისთვის, რომელიც დღეს ძალიან დადებითად აისახება "დინოს" იმიჯზე. შემდეგ გავხსენი საწარმო და შევუდექი ძალიან რთულ, მაგრამ და ამავდროულად მოლოდინითა და იმედით სავსე გზას, რომელიც დღესაც არ ჩამქრალა. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავარ, იდეებს იდეები ემატება, მე კი ძალა, რათა ეს ყველაფერი სრულვყო", − იხსენებს ვივია.
კომპანია "დინო" აწარმოებს ბავშვის განმავითარებაზე ორიენტირებულ, ეკომეგობრულ ხის ავეჯს/სათამაშოს ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული ნედლეულისგან. "დინოს" წარმოების პროცესი სრულად შეესაბამება EN 71 სტანდარტის მოთხოვნებს. იგი პირველ ეტაპზე შეკვეთებზე ორიენტირებულ, დღეს უკვე 5 განსხვავებულ პროდუქტს აწარმოებს ყოველდღიურად და ავსებს მარაგებს. "დინოს" ძირითადი მომხმარებლები არიან მშობლები, რომლებიც ცდილობენ ბავშვები ჯანსაღ გარემოში ეკომეგობრულ ავეჯთან თუ სათამაშოსთან ერთად გაზარდონ და გარემო შეუვსონ სენსორული, განმავითარებელი ხის ავეჯით. ასევე, კომპანია თანამშრომლობს კერძო საბავშვო ბაღებთან, რომლებიც აღჭურვილია ეკოლოგიურად სუფთა ხის ავეჯით. "დინოს" თითოეული ნაკეთობა შექმნილია ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის.
"თავდაპირველად გამოცდილება არ მქონდა. უბრალოდ, მივენდე საკუთარ ინტუიციას და საქმისთვის მაქსიმალურად გავრისკე, რომლის ნაყოფი ვიცოდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა. დღეს უკვე ეს ყველაფერი ერთი პატარა ბრენდია, რომელიც ყველას უყვარს. ჩართული ვარ სხვადასხვა პროგრამაში, სადაც ვიმაღლებ ცოდნას ბიზნესის კუთხით, ასევე გავიარე მარკეტინგის კურსი საკმაოდ წარმატებით და მიღებულ ცოდნას ვიყენებ აქტიურად ბიზნესის განვითარებაში. ვცდილობ საგანმანათლებლო კუთხით შევისწავლო ის საკითხები, რომლებიც ბიზნესს და მეც განვითარებაში ხელს შეგვიწყობს.
USAID YES-GEORGIA-ს მინდა, უპირველესად მადლობა გადავუხადო იმ კეთილი საქმისთვის და პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ქალი მეწარმეებისთვის აკეთებს. თითოეულთან შეხვედრა ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეში არის ძალიან დადებითი. როდესაც მათ თვალებში ხედავ დიდ სითბოს და დადებით ენერგიას, ეს უკვე გიმაღლებს მოტივაციას, იდგე მყარად და ამაყად, როგორც ქალი მეწარმე, რადგან ჩვენ, ქალებს, იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ. USAID ჩემთვის დიდ მოტივაციად იქცა, უამრავი არაჩვეულებრივი ქალი მეწარმე გავიცანი მათი დამსახურებით. ყველაზე კარგი ის არის, რომ ყველა ქალბატონისგან ვიღებდი დადებით ემოციას და ისინიც ჩემგან იღებდნენ დადებით უკუკავშირს. ვსწავლობ და ვიზრდები მათთან ერთად, გვყავს არაჩვეულებრივი მენტორები, რომლებიც მთელ ენერგიას ჩვენს განვითარებასა და საკუთარი თავის რეალიზებაში ახარჯავენ, რისთვისაც მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ", − აღნიშნავს ვივია.
"დინოს" უკვე აქვს საკუთარი ვებგვერდი, ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებლები თითის ერთი დაჭერით შეიძენენ სასურველ ნივთს საკუთარი შვილებისთვის და ასევე ახლობლებისთვის. სულ მალე გაიხსნება დიდი შოურუმი, სადაც მომხმარებლები ფიზიკურად შეძლებენ ნივთი ნახონ და ადგილზე შეიძინონ. მოლაპარაკება უკვე დაწყებულია ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან.
"ჩვენი მთავარი მიზანია, ექსპორტზე გასვლა. ჩვენ გახსნის დღიდან ვნერგავთ წარმოებაში ევროსტანდარტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროპის ბაზრის რეგულაციებს, ამიტომ "დინოს" წარმოების პროცესი სრულად მოერგება სამომავლოდ დამკვეთის მოთხოვნებს. წარმოების დროს აუცილებელია დაცული იქნას უსაფრთხოება თითოეულ ნივთზე, იყოს გატესტილი და სარეალიზაციოდ გამზადებული. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა გაგიზიაროთ: ჩვენ გვაქვს დიდი სოციალური პასუხისმგებლობა ბუნებასთან მიმართებაში, რადგან ვამუშავებთ ხეს და ვქმნით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. ამდენად, "დინოს" აქვს აკაციის საკუთარი ტყე გურიაში, ასევე, ახლო მომავალში უფრო დიდ ტერიტორიაზე იგეგმება ტყის გაშენება, მოპოვებული მასალის გადამუშავება და წარმოებაში გამოყენება. სულ მალე შევიძენთ დანადგარს, რომლის საშუალებითაც უნარჩენო წარმოებას შევძლებთ და ხის თითოეულ ნარჩენს ავითვისებთ. ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ეკოლოგია დავიცვათ როგორც წარმოებაში, ასევე გავუფრთხილდეთ გარემოს და ვისუნთქოთ მეტი სუფთა ჰაერი", − ამბობს ვივია.
თინათინ კრაწაშვილი − სამოსისა და აქსესუარების კოლექცია საქართველოს ყველა კუთხის ქალის შესახებ
თინათინ კრაწაშვილი საკუთარი საქმიანობით მუდამ ეხმიანებოდა სახვით ხელოვნებას, ტიხრულ მინანქარსა და იმ სხვა მიმდინარეობებს, რომლებიც საკუთარი შეგრძნებების ხელოვნებაში გადასატანად ეხმარებოდა. ამჟამად ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სახვითი ხელოვნების უფროსი მასწავლებელია. გარდა ამისა, პროფესიულ კოლეჯში ტიხრულ მინანქარსაც ასწავლის. მიუხედავად დატვირთული საქმიანობისა, აქტიურად მუშაობს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე და გეგმავს, გამოუშვას სამოსისა და აქსესუარების კოლექცია საკუთარი ნამუშევრების პრინტებით.
"ინსპირაციის წყარო იყო ჩემი ნამუშევრების სერია საქართველოს ყველა კუთხის ქალის შესახებ. როგორც ხელოვანს, სურვილი მაქვს, საქართველოს კუთხეები მრავალმხრივ, სხვადასხვა მედიუმში წარმოვაჩინო", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს თინათინ კრაწაშვილი.
საყვარელი პროფესიის დასაუფლებლად, თინათინმა განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე მიიღო. მას შემდეგ აქტიურად ცდილობდა მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა გამოფენაში, სადაც საკუთარი ნამუშევრების წარდგენას შეძლებდა. მისი ნიმუშები 20-ზე მეტ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ თინათინის ნამუშევრები სამ კრებულშია გამოქვეყნებული და ამასთან, კერძო კოლექციებშიც ინახება.
თინათინ კრაწაშვილი აღნიშნავს, რომ USAID-ის პროგრამა YES-Georgia-მ მისცა შესაძლებლობა, ესწავლა, როგორ უნდა გადაედგა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები ბრენდის შექმნის გზაზე. გარდა ამისა, განმარტავს, რომ წარმატებულ ქალებთან ურთიერთობამ მისცა მოტივაცია და რწმენა, რომ მასაც შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი, დამოუკიდებელი და წარმატებული საქმიანობა. "მჯერა, რომ მიღებული ცოდნა, შეძენილი ადამიანები და მათი მხარდაჭერა დამეხმარება, ჩემს ოცნებებს ხორცი შევასხა", − აღნიშნავს ქალი მეწარმე.
რაც შეეხება სამომავლო საქმიანობას, როგორც თინათინი Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დაფინანსებას მოიპოვებს, სურს შეიძინოს ტექსტილზე საბეჭდი აპარატი. თინათინი აღნიშნული აპარატის განთავსებას თბილისის რომელიმე ქუჩაზე გეგმავს, სადაც მომხმარებელს ადგილზე, ექსპრომტად შექმნილი ნებისმიერი ნამუშევრის ტექსტილზე დაბეჭდვას შესთავაზებს.
მარიშა მინაზარიშვილი − "დიფი"
"დიფი" ვეგენტარიანული და ვეგანური კაფეა, რომელიც 2022 წლის მაისში, საბურთალოზე, წითელ ბაღში, გახსნეს მარიშა მინაზარიშვილმა და დედამისმა, თუმცა მათი ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. სულ რაღაც 5-6 წლის წინ, მარიშა და დედამისი − ნონა შალამბერიძე, ხშირად მოგზაურობდნენ ისრაელში და ძალიან ენატრებოდათ ჰუმუსი. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ნონამ დახელოვნებულიყო ჰუმუსის მომზადებაში, ამისთვის კი გაიარა სხვადასხვა ვორქშოპი თელ-ავივში და საქართველოში იდეალური ჰუმუსის რეცეპტით დაბრუნდა. ამის შემდეგ დედა-შვილმა დაიწყო მონაწილეობა Taste Tbilisi-ს მარკეტების სერიებში, სადაც კარგი გამოხმაურება ჰქონდათ. პანდემიის დროს გადაწყვიტეს ე.წ. Ghost kitchen-ის გახსნა "ვოლტზე" და პირველსავე დღეს შეეხმიანა მეგობარი, რომელმაც შესთავაზა იოგა-სტუდია "ლუმოსის" შენობაში კაფეს გახსნა. ასე დაიწყო მათი ისტორია. "დიფის" სამზარეულო აგებულია შუა-აღმოსავლური და ქართული კერძების მოტივებზე, თუმცა მომხმარებელს ყოველდღიურად სთავაზობს სხვადასხვა განსაკუთრებულ კერძს, რომელიც შესაძლოა სულ სხვა ქვეყნის კულტურიდან იყოს. ამას ძირითადად ამინდისა და განწყობის მიხედვით წყვეტენ. ბარის ნაწილში შესაძლებელია გემრიელი ყავის, მცენარეული, სხვადასხვა სასარგებლო ჩაის, სმუზების, კოქტეილების, ლუდისა და ღვინის მირთმევა. თითქმის წელიწადია რაც ფიზიკური ლოკაცია არსებობს და ამ დროის განმავლობაში ბევრი ერთგული მომხმარებელი გაიჩინა "დიფმა". აღსანიშნავია ისიც, რომ სტუმრების დიდი ნაწილი სულაც არ არის ვეგეტარიანელი ან ვეგანი.
"პროფესიით ფილოლოგი ვარ, თუმცა 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა კრეატიულ სააგენტოსა და მარკეტინგის გუნდში ვმუშაობდი ქოფირაითინგის, ფოტო-ვიდეოწარმოებისა და კონტენტის სტრატეგიის მიმართულებებით. სტუდენტობის პერიოდში ვმუშაობდი მიმტანად სხვადასხვა პატარ-პატარა კაფეებსა და ბარებში, ბოლოს კი "რუმს თბილისის" გუნდში აღმოვჩნდი, სადაც ორი წელი გავატარე. მოგეხსენებათ, რომ "აჭარა ჯგუფი" ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში. შედეგად, ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე სტუმარ-მასპინძლობის სფეროში: გავიარე სხვადასხვა ტრენინგი ბარისა და სამზარეულოს მიმართულებით, მქონდა საშუალება დავკვირვებოდი საუკეთესო შეფების მუშაობის სტილსა და ტექნიკას, მათგან ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე. "რუმსის" შემდგომ თითქმის ორი წელი ვმართავდი ბორჯომის გასტროგიდის პროექტს, რამაც ასევე მომცა საშუალება კიდევ უფრო მეტად გამეღრმავებინა საკუთარი კულინარიული ცოდნა. ბოლო ოფიციალური სამსახური "დიფის" გახსნიდან სამ თვეში დავტოვე − მივხვდი, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი კაფეს განვითარებაა", − აღნიშნავს მარიშა.
YES-Georgia-ს პროგრამის აღმოჩენამ მას მისცა სტიმული გაორმაგებული ძალებით გაეგრძელებინა მუშაობა. "ორი ადამიანისთვის ძალიან რთულია აწარმოო ბიზნესი, რომელსაც სინამდვილეში დიდი გუნდი სჭირდება. პროგრამის ფარგლებში გავიცანი საოცარი ქალბატონები და მივხვდი, რომ მარტო არ ვარ − ბევრი თანამოაზრე მყავს. გარდა ამისა, ვესწრები YES-Georgia-ს სხვადასხვა ტრენინგს, რომლებიც მეხმარება წერტილოვნად გავიღრმაო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ამჟამად ვარ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მონაწილე, რაც მეხმარება თავიდან გავიაზრო და დავალაგო "დიფის" სტრატეგია და გეგმები. დამატებით, YES-Georgia და ფონდი "კრისტალი" გვეხმარება ცნობადობის გაზრდასა და ფინანსური ნაწილის სწორად დაგეგმვაში. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში არსებობს პროგრამები, რომლებიც ეხმარება მოქალაქეებს გაიღრმაონ ცოდნა, უკეთ მართონ და უბრალოდ წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, რადგან ფინანსური დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა", − ამბობს მარიშა.
მარიშას და ნონას მთავარი სამომავლო გეგმა "დიფის" ქუდის ქვეშ რამდენიმე განსხვავებული კონცეფციის ობიექტის გახსნა გახლავთ. გარდა ამისა, აქტიურად მუშაობენ "დიფის" სახლის დეკორისა და აქსესუარების პროექტზე, სადაც მომხმარებელს შესთავაზებენ როგორც ვინტაჟურ, ისე სხვადასხვა ხელოვანთან კოლაბორაციით შექმნილ ჭურჭელსა თუ დეკორს.
ელენე გოჩილაიძე − ტურები საქართველოს მასშტაბით
27 წლის ელენე გოჩილაიძე პროფესიით დიპლომატია, თუმცა მისი საქმიანობა სხვა მიმართულებით განვითარდა. უკვე 9 წელია, რაც მეუღლესთან ერთად ტურიზმის სფეროში მუშაობს და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტურს გეგმავს. "რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ტურები თუშეთში გვაქვს. არ დავიწყებ ლაპარაკს, თუ როგორია თუშეთი და როგორ მიყვარს ჩემი მხარე, რადგან ვერცერთი ადამიანური ენა ვერ აღწერს მას. თუშეთი უნდა ნახოთ და შეიგრძნოთ. სწორედ იმ ემოციებმა შემაყვარა ეს საქმე, რომლებიც ეუფლება ჩვენს სტუმრებს თუშეთში მოგზაურობისას", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ელენე გოჩილაიძე.
წლების განმავლობაში, ტურისტული კომპანია მხოლოდ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. პანდემიის პერიოდში (რასაც ასევე ხელს უწყობდა შვილების ასაკი), რამდენიმე ტრენინგი და სასწავლო კურსი გაიარა. ელენე გახდა ტუროპერატორი, შეისწავლა სოც.მედიამარკეტინგი და პირველად, გასულ წელს დაიწყეს მუშაობა, როგორც კერძო კომპანიამ. დასაწყისისთვის, თუშეთში ჯგუფურ ტურებს უწევდნენ ორგანიზებას. ელენე განმარტავს, რომ პირველმა წელმა საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა − ჰყავდათ უამრავი სტუმარი როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიუხედავად ამისა, ოჯახური ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო სხვა მიმართულებით ხედავს.
"ჩვენი მთავარი საქმიანობა, რაც ყოველთვის გვინდოდა, რისთვისაც ძალიან ბევრს ვშრომობთ და რა მიზეზითაც მოვხვდი USID YES Georgia-ს პროექტებზე, სხვაა. გასულ წელს სახელმწიფო აუქციონზე ვიყიდეთ მიწის ნაკვეთი თუშეთში, ზემო ომალოში, სადაც ავაშენებთ ჩვენი ოცნების სასტუმრო კომპლექსს. სასტუმრო კომპლექსი იქნება ნამჯის კოტეჯების რესტორნის, კემპინგის, გასართობი და აქტივობების ერთიანი სივრცე, სადაც ჩვენი სტუმრები შეძლებენ მიიღონ ყველა ის სერვისი და მომსახურება, რითაც შეიძლება თუშეთში დაკავდეს დამსვენებელი. მშენებლობას დავიწყებთ როგორც კი სეზონი დაიწყება და გზა გაიხსნება. როგორც უკვე ვახსენე, ჩვენი სასტუმრო კომპლექსი აშენდება ნამჯით, რომელიც იაფი, სწრაფი და ეკომეგობრულია. აქვს თბოიზოლაციის უმაღლესი ხარისხი, რაც საშუალებას მოგვცემს, ზამთრის ტურიზმისკენაც გადავდგათ ნაბიჯები თუშეთში. ძალიან გვინდა ვიყოთ პირველები და გვყავდეს პირველი სტუმრები ზამთარში. მშენებლობის პროცესი დავყავით სამ ნაწილად. პირველივე წელს შევძლებთ ვუმასპინძლოთ 10-12 სტუმარს, საბოლოო სახეს კი 2025 წლის სეზონის ბოლოს მიიღებს ჩვენი პროექტი", − აღნიშნავს ელენე გოჩილაიძე.
რაც შეეხება USAID YES-Georgia-ს პროექტს, ელენე ჩართულია ორ კომპონენტში, რომელიც ეხება როგორც ახალგაზრდა ქალი მეწარმეების სკოლას, ასევე − Buzz Georgia-ს. მიაჩნია, რომ ერთი თვის განმავლობაში წარმოუდგენელი ცოდნა, გამოცდილება მიიღო და კიდევ განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას. ელენე აღნიშნავს, რომ გარდა მიღებული სტიმულისა და მოტივაციისა, პროგრამის ფარგლებში მიიღო ცოდნა, რომელიც საკუთარი ოჯახური ბიზნესის ბიუჯეტის მართვაში დაეხმარა.
"მინდა, ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ პროექტში იყვნენ ჩართული − ყველა ტრენერს, ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ყველა მონაწილეს მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო. უპირველესად, ეს მადლობა მათ უდიდესი სტიმულისათვის ეკუთვნით.
ამ ეტაპზე ძნელია რაიმე განსაკუთრებულზე და გასაოცარზე ვისაუბროთ. არც განსაკუთრებული მიღწევა გვაქვს, თუ იმ მიწის ნაკვეთს არ ჩავთვლით, რომელზეც ზაფხულის დასაწყისში ვერც ვიოცნებებდით, მაგრამ მე გპირდებით, რომ აუცილებლად მოგიყვებით ჩემს ამბავს სექტემბრის ბოლოს, მექნება საკუთარი კოტეჯები და სიამოვნებით გიმასპინძლებთ აგვისტოში", − განმარტავს ელენე გოჩილაიძე.
ნათელა ირემაძე − "შენი სახლი მთაში"
პროექტის "შენი სახლი მთაში" იდეა ნათელა ირემაძეს ბოლო წლებში ჩოხატაურის სოფელ ჩხაკოურაში დამსვენებელთა რაოდენობის ზრდის საფუძველზე გაუჩნდა. აღსანიშნავი იყო ის ფაქტიც, რომ ვიზიტორთა დიდი ნაწილი საოჯახო ტიპის სასტუმროებს ეძებდა, სადაც შესთავაზებდნენ ისეთ სერვისებს, როგორიც არის კვების უზრუნველყოფა, ავტოსადგომი და ა.შ.
"თექვსმეტი წელია ვმუშაობ ადგილობრივ სკოლაში პედაგოგად და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობა საუკეთესო თერაპიაა ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე და ვიზიტორთა რიცხვის მატების საფუძველზე, ჩემი ბიზნესსაქმიანობა ოჯახების მიღება/მომსახურების შეთავაზებაა. გამოცდილებას რაც შეეხება, ზაფხულსა და ზამთარში ვმასპინძლობ სტუმრებს და ვთავაზობ სხვადასხვა სერვისს. აგრეთვე ვესწრები უამრავ ტრენინგს ბიზნესის მიმართულებით და ვეცნობი საოჯახო სასტუმროების გამოცდილი მეპატრონეების მასტერკლასებს", − აღნიშნავს ნათელა.
მისთვის USAID-ის პროგრამა YES-Georgia ეკონომიკური და საგანმანათლებლო მიმართულებების ორგანიზატორი და მხარდამჭერია. "ჩემი ბიზნესსაქმიანობა არის და იქნება საკუთარი სოფლისა და ხეობის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის გარანტი. სოფელ ჩხაკოურას გეოგრაფიული მდებარეობა და ჩემი ბიზნესსაქმიანობა ჰარმონიულადაა შერწყმული წელიწადის ოთხივე დროს. ვგეგმავ გაფართოებას, შედეგად კი შესაძლებელი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. ასევე, მაქვს ბევრი ინოვაციური სერვისი, რომელიც ვიზიტორისთვის დაუვიწყარს გახდის ჩვენთან გატარებულ დროს და კვლავ გაუჩენს აქ დაბრუნების სურვილს", − ამბობს ნათია.
შორენა ჩიჯავაძე − ატელიე "ჟაკარდი"
შორენა ჩიჯავაძისთვის ტანსაცმლის მოდელირება და კერვა ყოველთვის განსაკუთრებული ჰობი გახლდათ, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავს, ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მას საქმიანობად აქცევდა. "წინგადადგმულ ერთ ნაბიჯს მეორე მოსდევდა და მეც მივყვებოდი. სიახლეების ძიებამ მიმიყვანა ძველ წიგნამდე, საიდანაც ტანსაცმლის კონსტრუირება ვისწავლე. პარალელურად, პრაქტიკას გავდიოდი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, რომლებიც მაიმედებდნენ, რომ ეს საქმე გამომივიდოდა. ჩემთვის კი ყველაფერი ამოცანის ამოხსნა იყო და შედეგით ვხარობდი. მახსოვს ჩემი პირველი შეკვეთა და ის უცნაური შეგრძნებაც, როდესაც ჩემს ნამუშევარში თანხა გადაიხადეს. ამ შეკვეთას შემდეგი მოჰყვა და დღეს ჩემს მშობლიურ ქალაქ ქუთაისში მაქვს ატელიე, ხოლო ბათუმის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში − შოურუმი, სადაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც მზა პროდუქტს, ასევე ინდივიდუალურ, მათი მოთხოვნების მიხედვით შექმნილ ტანსაცმელს", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს შორენა ჩიჯავაძე.
აღნიშნული საქმით ასევე დაინტერესდა შორენას შვილი თეკლაც, რომელთან ერთად რამდენიმე წელია, რაც ბიზნესს უძღვება. შვილის ინიციატივით, ფეხსაცმლის ხაზიც დაამატეს. თეკლა ამჟამად საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მიმართულებას უძღვება და დედის მსგავსად, ცდილობს საკუთარი საქმიანობა მეწარმეობას დაუკავშიროს.
"პროფესიით ვარ ინჟინერი. დავამთავრე ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. სკოლის პერიოდში ვსწავლობდი სამხატვრო სკოლაში. ჩემს პედაგოგს სურვილი ჰქონდა, მოქანდაკე გავმხდარიყავი. ეს შეგრძნება დღემდე მომყვება. თითოეული საქმისადმი ისეთი მიდგომა მაქვს, თითქოს ვძერწავ, განსაკუთრებით საპატარძლო კაბების შექმნისას. დაახლოებით 35 წლის ასაკში მივხვდი, რომ რაც ჩემი ხელიდან გამოდიოდა, ყველაფერს საფუძვლად ედო მათემატიკის ცოდნა და ხატვის სიყვარული", − განმარტავს პროგრამის ბენეფიციარი.
შორენასთვის საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა USAID YES-GEORGIA-ს პროგრამა, სადაც შვილთან ერთად BUZZ-ელჩი გახდა. შორენა Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს, რომ როდესაც ერთ ნაბიჯს დგამ, გრძნობ, თითქოს რაღაც გაკლია და დამატებით ახალ გზებს ეძებ. სწორედ ასეთი შემავსებელი გზა აღმოჩნდა USAID-ის პროგრამა. შორენასა და თეკლას მიეცათ შესაძლებლობა, პროფესიულ დონეზე შეესწავლათ ბიზნესის მართვის მეთოდები და შეეტანათ დროული წვლილი საკუთარი საქმიანობის განვითარებაში.
"ამ პროექტმა დაგვანახა გვეფიქრა მომავლის გეგმებზე. თეკლას სურვილია, გავაკეთოთ ტანსაცმლის მოდელირება-კონსტრუქციის კურსები და დაინტერესებულ ახალგაზრდებს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. შევთავაზოთ მათ დამატებით ანაზღაურებადი სტაჟირება ჩვენს ატელიეში, რათა მეტი მოტივაცია მივცეთ ახალგაზრდებს გახდნენ პროფესიონალები", − განმარტავს შორენა ჩიჯავაძე.
ლელა ავალიშვილი − იოგა-სტუდია FREE SPIRIT
ლელა ავალიშვილმა იოგა-სტუდია FREE SPIRIT 2022 წელს გახსნა. პანდემიის დროს დისტანციურად ვარჯიშობდა, შინ კი სამი შვილი ჰყავდა, რის გამო სრულფასოვან ვარჯიშს ვერ ახერხებდა. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, თავადვე შეექმნა ადგილი, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდა და მომხმარებლებსაც იგივე შეგრძნება დაეუფლებოდათ. როგორც თავად ლელა აღნიშნავს, იოგა მისთვის აღმოჩენაა, ვინაიდან ეს არის საქმე, რომელიც მას სრულ ბედნიერებას ანიჭებს.
FREE SPIRIT-ის სტუდია მომხმარებელს იოგას ვარჯიშებსა და სხვადასხვა სუნთქვითი ტექნიკის შესწავლას სთავაზობს. სტუდიაში მომხმარებელს კომფორტულ და მყუდრო გარემოსთან ერთად პროფესიონალი ტრენერები ხვდება. აქ გატარებული ერთი საათი არის მხოლოდ თავისი თავისადმი მიძღვნილი დრო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, ისე საკუთარი თავის განვითარებისთვის. მაქსიმალურად კომფორტული და მყუდრო.
"არ მქონია ამ სფეროში გამოცდილება, არც ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა ვარ შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და მიყვარს სწავლა. ყოველდღიურად ვცდილობ ვისწავლო და განვავითარო ჩემი საქმიანობა. მუდამ მქონდა სურვილი მქონოდა საკუთარი საქმე.
საკუთარი წამოწყების მართვისას უამრავი სირთულე გხვდება. ერთ-ერთი გამოწვევა მომხმარებლის დარწმუნებაა, რომელსაც შიში აქვს, სცადოს ახალი რამ, რაც ჯერ არ გამოუცდია. ფიქრობს, რომ მას არ გამოუვა. ძირითადად, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იოგაზე და ფიქრობენ, რომ რაღაც განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს ვარჯიში", − განმარტავს ლელა ავალიშვილი.
USAID-ის YES-GEORGIA-ს (BUZZ) პროგრამის ფარგლებში ლელამ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი საინტერესო ქალი გაიცნო და მისი აღნიშვნით, თითოეული ისტორიის მოსმენამ კიდევ უფრო გაუძლიერა სურვილი, განევითარებინა საკუთარი ბიზნესი. სამომავლოდ გეგმავს, სტუდიაში შექმნას ადგილი, სადაც იოგასა და ქოუჩინგს გააერთიანებს. მომხმარებელს საშუალება ექნება იზრუნოს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ განვითარებაზეც. "ჩემთვის ჩემი მომხმარებელი ძალიან ძვირფასია და მათზე ზრუნვა, მათი მადლიერება ჩემი მთავარი მამოტივირებელი ძალაა", − განმარტავს პროგრამის ბენეფიციარი.