World Economic Forum ნინო ენუქიძეს ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად ასახელებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) მიერ, ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა რეიტინგში, საქართველოდან, ნინო ენუქიძე დასახელდა.
რეიტინგი სამ წელიწადში ერთხელ დგება და შედეგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 100მდე ლიდერი სახელდება. ფორუმის განმარტებით, პრესტიჟული სარეიტინგო სისტემით შედგენილი სია წარმოაჩენს იმ ადამიანებს, ვისაც მსოფლიოს წინაშე მდგარი სხვადასხვა გამოწვევების საპასუხოდ, გლობალური ხედვა აქვთ.
ახალგაზრდა გლობალური ლიდერები (YGL) გამოირჩევიან მისწრაფებით, უპასუხონ მსოფლიოს მნიშვნელოვან გამოწვევებს. აღნიშნულმა ქსელმა, წლების განმავლობაში გააერთიანა 1500მდე ადამიანი, რომლებიც ხელმძღვანელობენ მთავრობებსა და Fortune 500 რეიტინგის კომპანიებს, მიღებული აქვთ ნობელის პრემიები, გრემის ჯილდოები, არიან გაეროს კეთილი ნების ელჩები და არიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი მიღწევები გამოარჩევს.
ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა საზოგადოება ჩამოყალიბდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, კლაუს შვაბის ინიციატივით, 2004 წელს და ის მიზნად ისახავს უკეთესი მომავლისთვის, ლიდერთა შემდეგი თაობის გაერთიანებას, მთელი მსოფლიოდან.
,,ჩვენ წარმოვაჩენთ გამორჩეულ ადამიანებს, რომლებიც პასუხობენ მსოფლიოს ყველაზე მწვავე პრობლემებს. შევარჩიეთ ახალგაზრდა გლობალური ლიდერი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები, როგორც საკუთარ პროფესიაში, ისე საზოგადოების წინაშე.'' აცხადებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საბჭო.
ნინო ენუქიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორია. მისი ინიციატივით დაფუძნებული ,,Coding School for Women'' ქვეყანაში ყველაზე ფართომასშტაბური პლატფორმაა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორობით და მხარდაჭერით, ეხმარება ქალებს ტექნოლოგიებში გადამზადების და დასაქმების პროცესში. ნინო ენუქიძე ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და პროფესორია, ის აგრეთვე ხელმძღვანელობს ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის აკადემიურ კონსორციუმს.