www.Talents.ge - ციფრული სამყაროების კონცეფციით შექმნილი პლატფორმა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
21 საუკუნე, ტექნოლოგიური ცვლილებები, თაობა Z, პანდემია და პოსტპანდემიური პროცესები გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე. ხშირ შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობები უამრავია, ხოლო დაინტერესება დაბალი, შედეგად კი, ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში 17,3%-ია. ამ ფონზე ბიზნესი რეალურად დგება ბიზნესუწყვეტობის რისკის წინაშე, ინვესტიციების შემოსვლის ალბათობა იკლებს, სახელმწიფო ვერ ახორციელებს გადასახადების ამოღებას შრომის კონტექსტში - ეს ყველაფერი კი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით USAID-მა საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განახორციელა, მათ შორისაა USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრმა - ICDC განახორციელა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით, ICDC-მ შინაარსითა და მოდელით უპრეცედენტო დასაქმებისა და კარიერის მართვის მხარდაჭერის ინოვაციური ციფრული ეკოსისტემა - Talents.ge შექმნა. მისი მიზანია ადამიანების პიროვნული და პროფესიული განვითარებისა და დასაქმების მხარდაჭერა.
ინიციატივის თაობაზე ინსტიტუციონალური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, სერგო ნოზაძეს ვესაუბრეთ.
გვიამბეთ თქვენი პარტნიორობით შექმნილი ინოვაციური ციფრული ეკოსისტემის www.Talents.ge-ს შესახებ. რა იყო თქვენი ინიციატივის შექმნის წინა პირობა და საჭიროებები?
პანდემიის პერიოდში ჩვენი ორგანიზაცია USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს, რომლის მიზანიც ბიზნესის მხარდაჭერა იყო. ინიციატივა გულისხმობდა სტაჟიორების შერჩევას, კომპანიებში სტაჟირების ინსტრუმენტების დანერგვასა და თავად სტაჟიორებისთვის სამუშაო გარემოში პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი არ ითვალისწინებდა პირდაპირ დასაქმებას, მონაწილეთა 61% დასაქმდა სტაჟირების გავლის შემდგომ. ინტერესი ძალიან დიდი იყო, ჩართულობით 3 000-მდე ტალანტი დაინტერესდა. ტალანტების შერჩევის პროცესი გახლდათ ე.წ. მანუალური, რაც დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვდა. პროცესში მივხვდით, რომ საჭირო იყო ახალ რეალობასთან შეგუება და ინოვაციური მიდგომების ჩვენს საქმიანობაში ინტეგრირება. შედეგად, USAID-ის გუნდმა შემოგვთავაზა მეორე პროექტის განხორციელება, სადაც 50-ზე მეტ პარტნიორ ბიზნესკომპანიებში - შერჩეული სტაჟიორისთვის, სტაჟირების გავლის ხელშეწყობასთან ერთად, შემუშავდებოდა მდგრადობის გამორჩეული მოდელი, რომელიც პროექტის დასრულების შედგომ გააგრძელებდა ფუნქციონირებას და ახალი ღირებულების შექმნას.
პროექტის განხორციელება პანდემიის შემდეგ დაიწყო. თუ პანდემიამდე დამსაქმებელი წყვეტდა, რომელ ტალანტს აიყვანდა კონკრეტულ პოზიციაზე, ახლა ტალანტი თავად გახდა ამ გადაწყვეტილების მიმღები და თამაშის წესების დამდგენი. წინა პროექტისგან განსხვავებით, ტალანტების დასაქმებით დაინტერესებისა და მოტივაციის ფაქტორები სრულიად განსხვავებული იყო. თავად ეს განსხვავებულობა ტალანტებისთვის აღარ წარმოადგენდა პრობლემას, რადგან ციფრული პროფესიული მიმართულებების გაჩენასთან ერთად, მათთვის სრულიად ახალი დასაქმების შესაძლებლობები შეიქმნა, მათ შორის გლობალურ შრომის ბაზარზე.
სწორედ ეს ახალი რეალობა გახდა ერთგვარი კატალიზატორი იმისა, რომ ICDC-ს, პარტნიორ კომპანიებთან და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გუნდთან ერთად, შეგვექმნა ისეთი ინიციატივა, რომელიც არსებულ რეალობაში გარღვევა იქნებოდა .
ICDC-მ პარტნიორ კომპანიებთან ერთად ციფრული ეკოსისტემა ადამიანებისთვის შექმნა. კომპანიაში მოხდა ტექნიკური გადაწყვეტილებების, ინვესტიციებისა და ექსპერტიზის აკუმულირება, რომელთა სინერგიამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა უნიკალურ ეკოსისტემურ მოდელზე აგებული ციფრული პლატფორმა Talents.ge.
გვიამბეთ, როგორ წარიმართა ციფრული პლატფორმის შექმნის შემოქმედებითი პროცესი და ვინ არიან პლატფორმის პარტნიორები?
სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ეკოსისტემური მიდგომა, რაც მოიაზრებდა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და მათი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას, ყველა აქტორისთვის ძალიან მიმზიდველი და მოტივის მიმცემი გამოდგა. ამ ეკოსისტემაში თითოეული მათგანი იღებს და ქმნის ღირებულებას, შესაბამისად, მათი ჩართულობა პირველივე ნაბიჯებიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. კონცეფციის დიზაინის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ: HR და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალები, პიროვნული და პროფესიული განვითარების სპეციალისტები, სექტორული ბიზნესებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ტექნოლოგიური და პროცესების გაციფრულების ექსპერტები და, რა თქმა უნდა, თავად ტალანტები. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში დგინდებოდა პროექტის კონცეფცია და დიზაინი, სტრუქტურა და სხვ. მათ შორის ხდებოდა თითოეული ეტაპის გატესტვა და კოორდინირება ყველა დაინტერესებულ ფოკუს ჯგუფთან.
Talents.ge პარტნიორობაზე დაფუძნებული ინიციატივაა. პროექტი ხორციელდება ICDC - ინსტიტუციონალური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის, ჰოუმ - ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარების ეკოსისტემისა და აისიტექ - ციფრული ეკოსისტემა ადამიანებისთვის - მიერ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
ეკოსისტემა მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, შესაბამისად, ჩვენ ვართ ღია საინტერესო სიახლეებისა და თანამშრომლობისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ინვესტორებთან.
რა არის ამ ეკოსისტემის მიზანი და როგორია ამ მიზნის მიღწევა Talents.ge-ს ხელშეწყობით?
ტალანტებისთვის პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობლობების შექმნა და მათზე წვდომა ერთ სივრცეში, რაც თავის მხრივ კარიერის მართვის გაციფრულების ინოვაციური გადაწყვეტაა. ის პროფესიის შერჩევიდან პროფესიაში რეალიზებამდე სრულ ციკლს მოიცავს. ეკოსისტემაში მთავარი აქცენტი ტალანტზე კეთდება. აქ ყველაფერია, რაც ტალანტის ინდივიდუალური მიზნის მიღწევისთვის არის საჭირო: იქნება ეს ინსტრუმენტი, სერვისი, განვითარების პროგრამა, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა თუ პროფესიონალების ჯგუფი, რომელიც კარიერის დაგეგმვასა და მართვის პროცესში დაუჭერენ მხარს.
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ თავი მოვუყარეთ მსოფლიოს წარმატებულ გამოცდილებებსა და მიდგომებს, ისევე როგორც ყველა დაინტერესებულ მხარეს. ტალანტს ხვდება გარემო, სადაც მასზე ზრუნავენ და ის აღქმულია, როგორც გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ადამიანი. ეკოსისტემა ამ შესაძლებლობების შეცნობაში, აღმოჩენაში, შესაძლებლობების გათვალისწინებით კი პროფესიის არჩევასა და ამ პროფესიაში გაცნობიერებულ შესვლაში დაუჭერს მხარს. აქ თითოეული ტალანტი მნიშვნელოვანია. და ამის მხარდამჭერი, სისტემის არქიტექტურაში გათვალისწინებული DEI მოდულია, რომელიც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის და ინკლუზიის მიდგომაზეა აწყობილი.
ვინ არიან Talents.ge-ს მომხმარებლები?
ეკოსისტემაში მთავარი აქცენტი არის გაკეთებული თავად ტალანტზე, მის სურვილებზე, ხედვებსა და საჭიროებებზე. სწორედ ტალანტის გარშემო იკრიბება ყველა სხვა დაინტერესებული მხარე. ტალანტთან ერთად ეკოსისტემა ყველა სხვა აქტორისთვის ქმნის უმნიშვნელოვანეს ღირებულებას, ესენია: დამსაქმებლები სხვადასხვა სექტორიდან; საგანმანათლებლო დაწესებულებები ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროდან; პროფესიული და პიროვნული განვითარების მიმართულებით მომუშავე პროფესიონალები: ქოუჩები, მენტორები, კარიერული კონსულტანტები, ფსიქოლოგები და სხვა; ე.წ. ფრილანსერები, როგორც სერვისის მიმწოდებლები; სტარტაპები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული შეთავაზებები დასაქმების ანდა განვითარების მიმართულებით.
რა არის ეკოსისტემის შესაძლებლობებიდან ის უმთავრესი ღირებულება, რომელიც თქვენი მომხმარებლებისთვის იქმნება?
თანამედროვე მიდგომებია ჩვენი უმთავრესი ღირეულება:
- ტალანტებს აქვთ შესაძლებლობა, შექმნან თავიანთი ციფრული ID - ელექტრონული პროფილები და CV. აქ ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მიდგომა. გამომდინარე იქიდან, რომ ეკოსისტემას აქვს მულტიენობრივი მხარდაჭერა, ელექტრონული რეზიუმეების (CV) შექმნა ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობებისთვისაც, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ რამდენიმეენოვანი CV. ამასთან, სხვადასხვა ენაზე არსებული რეზიუმე ქმნის გლობალური დასაქმების შესაძლებლობებსაც.
- კომპანიებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას შერჩევის პროცესის გაციფრულებით ხარჯებისა და დროის შემცირება წარმოადგენს. სპეციალურად შექმნილი ალგორითმით შემუშავებული ე.წ. მეჩინგის (ტალანტების მონაცემების - დამსაქმებლის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ფილტრაციის სისტემა) მოდულით, ჩვენ რეალურად შევძელით შერჩევის პროცესის დროისა და ხარჯების 90%-ით შემცირება.
- წინასახელშეკრულებო პროცესში შრომის კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიდგომა, რაც ხელს უწყობს დამსაქმებლებს, მინიმუმამდე დაიყვანონ პოტენციური დისკრიმინაციის რისკები. სისტემა ამცირებს დისკრიმინაციული სახის რისკს და შესაბამისობაშია მოყვანილი შრომის კანონმდებლობასთან. გარდა შრომის კანონის მინიმალური მოთხოვნებისა, Talents.ge ითვალისწინებს თანამედროვე მიდგომას, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპებს. იმისთვის, რომ წინა სახელშეკრულებო დისკრიმინაცია თავიდან იქნას არიდებული, მომხმარებელს შეუძლია ჩართოს ან არ გამოაჩინოს ისეთი მახასიათებლები, რომლის გამოც შეიძლება მისი დისკრიმინაცია მოხდეს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლებს შეუძლიათ ტალანტების შერჩევის პროცესი სრულად წარმართონ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპების გათვალისწინებით.
- არ შეიძლება არ აღინიშნოს სისტემის თავსებადობა კომპანიების შიდა სისტემებსა და ციფრულ პლატფორმებთან. ეკოსისტემა თავისუფლად ინტეგრირებადია კომპანიებში უკვე დანერგილ HR სისტემებთან, რაც მონაცემების ავტომატურად გაცვლის, HR პროცესის ადმინისტრირების ნაწილის გაგრძელების შესაძლებლობებს ქმნის კომპანიის შიგნით.
- კომპანიებისა და კომპანიის HR გუნდებისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა HR ანალიტიკის მოდული, რომელიც ჩაშენებულია ციფრულ ეკოსისტემაში. ნებისმიერ დაინტერესებულ HR პროფესიონალს შეუძლია მართოს და, შესაბამისად, სრულყოს შერჩევის პროცესი HR ანალიტიკისა და KPI -ზე დაფუძნებული რეპორტინგის სისტემის გამოყენებით. სისტემა თავად ანახვებს HR გუნდებს, რა შიდა პროცესების სრულყოფა სჭირდებათ იმისთვის, რომ შერჩევის პროცესი მეტად მოქნილი და ეფექტიანი გახდეს.
- კომუნიკაციისა და უკუკავშირის მოდული. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტალანტებისთვის ძალიან დიდი დემოტივატორია უკუკავშირის არარსებობა კომპანიების მხრიდან შერჩევის პროცესის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად ნეგატიურად აისახება დამსაქმებლის იმიჯზე. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, მოლოდინები იყოს მართული და კომუნიკაცია - მკაფიო და დროული. სწორედ ამიტომ, შერჩევის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, უკუკავშირის ავტომატიზაციის გზით, შესაძლებელია მოხდეს ინფორმაციის მყისიერად მიწოდება ტალანტებისთვის შედეგებთან დაკავშირებით, რაც პროცესს გამჭვირვალეს და მოქნილს ხდის.
- მონაცემთა დამუშავებისა და უსაფრთხოების თანამედროვე მიდგომის უზრუნველყოფა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ასპექტია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვა, როგორც საქართველოში დამკვიდრებული სტანდარტის შესაბამისად, ასევე მსოფლიოში აპრობირებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამ მიზნით, ჩვენი კომპანიის მონაცემთა დამუშავების ინფრასტრუქტურა განლაგებულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმათულებით მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს ქმნის.
- დაბოლოს, არ შემიძლია არ გამოვყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება და შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სერვისების განვითარებას საქართველოში. ეკოსისტემაში სპეციალურად ამ მიზნით შევქმენით თვითდასაქმებული ტალანტების შესაძლებლობების სერვისებად გარდაქმნის მოდელი. შედეგად, ნებისმიერი სერვისი ან პროდუქტი, რომელიც ადამიანების, ტალანტების პიროვნული, პროფესიული, დასაქმებისა და კარიერის განვითარების პროცესშია საჭირო, ხელმისაწვდომია ციფრულ ეკოსისტემაშივე. ამით ფრილანსერ, ანუ თვითდასაქმებულ პროფესიონალებს შესაძლებლობა ეძლევათ, დააპოზიციონირონ მათი სერვისი და პროდუქტი. მათ შეუძლიათ შექმნან ვაკანსია, განათავსონ Talents.ge-ზე, შემოსული განაცხადები კი დაამუშაონ სრულად გაციფრულებული ოპერაციული მოდულის გამოყენებით.
- ბიზნესებისთვის / HR პროფესიონალისთვის - ბიზნესისთვის კრიტიკული ადამიანური კაპიტალის დაგეგმვისა და მართვის შესაძლებლობა: ტალანტების შერჩევა სრულიად გაციფრულებული და ავტომატიზებული პროცესით, შედეგად კი - შერჩევის ხარჯებისა და დროის მნიშვნელოვანი შემცირება.
- განვითარების სფეროს პროფესიონალებისთვის - სერვისის პოპულარიზაცია და სერვისის მიწოდებისა და ადმინისტრირების პროცესის სრული გაციფრულება.
- ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სერვისების პროვაიდერებისთვის - ტალანტების მოძიება, კლიენტის მოთხოვნებზე ე.წ. დამერჩვა და შერჩევის პროცესის ციფრულად მართვა.
- დონორებისთვის - დაანონსებული პროექტების ფარგლებში შექმნილი განვითარებისა და დასაქმების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, ეკოსისტემაშივე დაფინანსებული პროექტების/პროგრამების ბენეფიციარებისთვის მიზანმიმართული მხარდაჭერა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მიმართულებით.
- სახელმწიფოსათვის - დასაქმების პრობლების შემცირების რეალური შესაძლებლობების შექმნა, მთელი საქართველოს მასშტაბით ტალანტების ჩართულობის, მათ შორის უმცირესობების, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა.
Talents.ge არის თუ არა friendly user და როგორ გამოიხატება იგი პრაქტიკაში?
ჩვენი ეკოსისტემა არის სრულად მომხმარებელზე მორგებული. პროექტის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ეკოსისტემაში ტალანტისთვის ზემოთ აღნიშნული სერვისები იქნება სრულიად უფასო. ყველა ადამიანს ექნება თანაბარი საშუალება, წარმოაჩინოს საკუთარი თავი და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჰქონდეს წვდომა კარიერის მართვის, პიროვნულ, პროფესიულ და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე. ეკოსისტემის ნავიგაციის სისტემა ტალანტს აძლევს საშუალებას, რომ ერთი პროფილით იყოს სხვადასხვა როლში და მოდერნიზაცია საჭიროებისამებრ გააკეთოს. მას შეუძლია იყოს როგორც ტალანტი, დამსაქმებელი, ბიზნესი ან/და სერვისის მიმწოდებელი.
როგორია თქვენი ინიციატივის სამომავლო აქტივობები და პროექტის მდგრადობის გეგმები?
2024 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ აქტიურად მოვახდენთ სხვადასხვა კამპანიითა და ახალი ინსტრუმენტებისა და გადაწყვეტილებების დანერგვით, ტალანტებში პლატფორმის პოპულარიზაციას. ასევე უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო ბაზრებზე შესვლის მიმართულებით და მიმდინარეობს 3 ქვეყანაში ეკოსისტემის გადაწყვეტილების შეტანის კონსულტაციები. გვაქვს მკაფიო მიზნები, რომლის მიღწევასთან ერთად უკვე გადავდივართ ეკოსისტემის განვითარების ახალ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობით.