Get All Access for $5/mo

როგორ ვმართოთ ფინანსები სწორად?! კომპანიის ბუღალტერია გონივრულად დაგეგმეთ და უხელმძღვანელეთ კიდეც

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Arek Socha, pixabay

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო ირწმუნება, რომ ბიზნესის წარუმატებლობას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებს: მისი არასწორი დაგეგმვა და ხელმძღვანელობა. ორივე ფაქტორი ბიზნესის დამფუძნებლის არასწორ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. მართლაც, შესაძლოა თქვენი კომპანიის ბედი მთლიანად შეცვალოს ისეთმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა, როგორიც დიდი დავალიანების დაგროვება და გაუმართლებელი ინვესტიციებია. სტატიაში განხილულია, თუ როგორ უნდა დაგეგმონ გონივრულად ანტრეპრენერებმა საკუთარი კომპანიის ბუღალტერია და როგორ უხელმძღვანელონ მას.

1. აქციების დათმობა თუ სესხის აღება

ბიზნესმენები თანხების მოძიებისას ამ დილემას გამუდმებით ეჯახებიან − აქციების დათმობა თუ სესხის აღება. აქციების დათმობის სანაცვლოდ თანხის მოპოვება დამწყები ანტრეპრენერისთვის, რომელსაც გარისკვა არ სურს, მართლაც სახარბიელო შესაძლებლობაა. თუმცა, დიდი რაოდენობით აქციის დათმობა კომპანიაში თქვენს წილს შეამცირებს და შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში არცთუ გონივრული გადაწყვეტილება აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, სესხის დაფარვა სრულიად რეალურია და იგი ბიზნესზე კონტროლის შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართალია, მოკლევადიან პერსპექტივაში დავალიანება შესაძლოა მტკივნეული იყოს, მაგრამ გრძელვადიანში წილი შეგინარჩუნოთ და შესაბამისად, დიდი დივიდენდებიც მოგიტანოთ.

2. როდის სჯობს სესხის აღება და როდის აქციების დათმობა

ინტერნეტ და ტექნოლოგიური სტარტაპების უმრავლესობას ნათელი წარმოდგენა არ აქვს საწყის ეტაპზე შემოსავლის მიღების გზებზე. Twitter-ის ტიპის კომპანიებმა, შემოსავლის მიღებამდე, ბიზნესსაქმიანობის გასაგრძელებლად თანხა ბევრჯერ მოიძიეს. ამ შემთხვევაში აქციების დათმობა მართლაც კარგი იდეაა, რადგან ბიზნესს სესხის დასაფარი შემოსავლის ნაკადი ჯერ კიდევ არ აქვს. თუმცა თუ სტარტაპი გაქვთ ან მცირე ბიზნესი სტაბილური შემოსავლებითა და ფულადი სახსრების დინებით, სრულიად გაუგებარია რატომ არ უნდა არჩიოთ სესხის აღება აქციების გასხვისებას.

3. რა რაოდენობის სესხია მეტისმეტად დიდი?

ნებისმიერი ბიზნესის საწარმოებლად, მხოლოდ გარკვეული ოდენობის სესხის აღებაა გამართლებული. ბუნებრივია, კომერციული შემოსავალი ყოველთვის სტაბილური არ იქნება. საბაზრო ძალებს ვერ გააკონტროლებთ, მათი გავლენით თქვენს პროდუქტზე ან მომსახურებაზე მოთხოვნა შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს. შესაბამისად, მხოლოდ იმ ოდენობის სესხის აღება იქნება გონივრული, რომლის დაბრუნებას იმ შემთხვევაშიც კი შეძლებთ, თუ ერთი ან ორი თვის განმავლობაში შემოსავალი არ გექნებათ. კარგმა ბიზნესმენმა იცის, როგორ უნდა შეინარჩუნოს ჯანსაღი ბალანსი სესხით და აქციების გაყიდვით მიღებულ ფულად სახსრებს შორის.

4. საბრუნავი კაპიტალის დაბალი დონე

საბრუნავი კაპიტალი თქვენი ბიზნესის საწარმოებელი აუცილებელი ფულადი საშუალებაა. ხოლო არსით, იგი თქვენი მიმდინარე აქტივების ღირებულებაა, რომელსაც ასევე მიმდინარე ფინანსური ვალდებულებები აკლდება. პროდუქტის შექმნა კაპიტალს მოითხოვს. ვიდრე არ არსებობს მომხმარებელი, რომელიც მასში ფულს გადაიხდის, ვალდებულებას თქვენი პროდუქტი წარმოადგენს, რომელიც დაფარვას ელოდება. გრძელი საკრედიტო პერიოდის მიცემისას, კომპანიები კლიენტებს დიდ საბრუნავ კაპიტალს სთხოვენ. მეორე მხრივ, თუ პროდუქტის ან მომსახურების ღირებულების წინასწარ გადახდა მოითხოვეთ, თქვენს სისტემაში ლიკვიდური აქტივები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ვალდებულება. აქედან გამომდინარე, თქვენი ბიზნესპროცესები, მათ შორის საკრედიტო პერიოდები, ისე უნდა მართოთ, რომ თქვენი ბიზნესის საწარმოებელი საბრუნავი კაპიტალის დონე რაც შეიძლება დაბალი იყოს.

5. მოითხოვეთ პერიოდული ინვოისები

კლიენტებს რაიმეს შეძენისას თანამედროვე პროგრამები ანგარიშ-ფაქტურების ავტომატურად გამოწერის საშუალებას აძლევს. კლიენტებისთვის პერიოდული ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას ორი დიდი პლუსი აქვს. პირველი − იგი ორგანიზაციის დებიტორულ დავალიანებას ამცირებს, თუმცა საბუღალტრო დოკუმენტებში დებიტორული დავალიანების მცირე საწარმოების ვალდებულებად აღნიშვნა მიღებულია, რომელთაც მიღებული მომსახურების დროულად გადასახდელად რესურსები და საშუალებები არ გააჩნიათ. მეორე − ავტომატურ გადახდებს თქვენი შემოსავლის ანგარიშში სიცხადე შეაქვს. ეს კი, მოთხოვნის უკეთ დაგეგმვასა და ლოგისტიკის უკეთ მართვაში სერიოზულად დაგეხმარებათ.

შემოთავაზებული რჩევებით, თქვენი ორგანიზაციის დავალიანების შემცირებას ისე შეძლებთ, რომ საკუთარ წილს კომპანიაში არანაირი საფრთხე შეექმნება. გარდა ამისა, საკრედიტო პრაქტიკის აწყობით, ბიზნესის წარმოების პროცესსაც გააჯანსაღებთ. ეს კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბაზრის ცვლილებების მიუხედავად, გადარჩენის სრულ გარანტიას მოგცემთ.