ანტრეპრენერი ≠ გამომგონებელი იმისათვის, რომ ინოვაციური ბიზნესი შექმნათ, სულაც არ არის აუცილებელი გამომგონებელი იყოთ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება უნდა, თუმცა ფიქრობს, რომ თითქმის ყველა სფეროში "ველოსიპედი უკვე გამოგონებულია" და ახალს და საინტერესოს ვეღარაფერს შექმნის. მოგეხსენებათ, ანტრეპრენერობა ინოვაციასა და ბიზნესიდეის სიახლესთან ასოცირდება, თუმცა იმისათვის, რომ ინოვაციური ბიზნესი შექმნათ, სულაც არ არის აუცილებელი გამომგონებელი იყოთ და სრულიად ახალი პროდუქტი, სერვისი ან ბიზნესმოდელი გამოიგონოთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ანტრეპრენერი არ ნიშნავს გამომგონებელს და ინოვაციაც მაინდამაინც ნულიდან რაიმე ახლის გამოგონებას არ გულისხმობს. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ანტრეპრენერი ხედავს შესაძლებლობებს იქ, სადაც სხვები მათ ვერ ხედავენ, და ხშირ შემთხვევაში უკვე არსებული პროდუქტებისა და სერვისების მეშვეობით ქმნის ახალ, გაუმჯობესებულ ბიზნესმოდელებს. ანტრეპრენერები ბედავენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ დიდი კომპანიების მიერ შექმნილი, უკვე მრავალი წლის აპრობირებული და თითქოს ყველას მიერ აღიარებული პროდუქტების სიკარგე, და იღებენ გამოწვევას, რომ არსებულზე უკეთესი შესთავაზონ მომხმარებელს. დროთა განმავლობაში, პროდუქტების ეს ახალი, გაუმჯობესებული ვერსიები ანაცვლებენ ძველს, და ის, რაც ერთ დროს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო, საკმაოდ მალე დავიწყებას ეძლევა. ასე მაგალითად, იყო დრო, ადამიანები მუსიკას პატეფონით უსმენდნენ, შემდეგ ფირსაკრავით, შემდეგ მაგნიტოფონის კასეტებით, რომელიც CD დისკებმა, შემდეგ კი mp3-ფაილებმა ჩაანაცვლა; დღესდღეობით კი მუსიკის მოსასმენი უამრავი აპლიკაცია არსებობს და ახალმა თაობამ არც კი იცის, საერთოდ რა იყო კასეტა და რისთვის გამოიყენებოდა.
ამ სტატიაში მინდა ინოვაციის რამდენიმე გზა გაგაცნოთ, რომელიც, ვიმედოვნებ, დაგეხმარებათ ახალი ბიზნესიდეების აღმოჩენაში და დაგარწმუნებთ, რომ ინოვაციური ბიზნესის დასაწყებად გამომგონებლობა აუცილებელი ნამდვილად არ არის.
#1 სინთეზი − ორი ან რამდენიმე არსებული პროდუქტიდან ერთი, ახალი პროდუქტის შექმნა
დღესდღეობით, ძალიან ბევრი ახალი პროდუქტის დაბადება, სწორედ ძველი პროდუქტების ეფექტური სინთეზის შედეგია. მაგალითისთვის, ყველასთვის ცნობილმა "სტარბაქსმა" ტრადიციული, იტალიური ყავის სახეობებისა და თანამედროვე ამერიკული ცხოვრების წესის სინთეზით შექმნა უნიკალური გამოცდილება: იტალიური ყავა სწრაფი მომსახურებით. არც იტალიური ყავაა ახალი ცნება და არც დასავლური take away coffee, თუმცა ამ ორის შერწყმა არის "სტარბაქსის" ინოვაციური ბიზნესმოდელი, რომელმაც ასე გაამართლა. თქვენც შეგიძლიათ ორი ან მეტი განსხვავებული პროდუქტი ან მომსახურება, რომელსაც თითქოს საერთო არაფერი აქვთ, საინტერესოდ დააკავშიროთ ერთმანეთთან და ახალი სახით წარუდგინოთ მომხმარებელს.
#2 არსებული პროდუქტისთვის ახალი დანიშნულების მოძებნა
უამრავი პროდუქტი, ადგილი თუ ნივთი არსებობს, რომელიც შეიძლება ახლებურად დაინახო და ახალი ფუნქცია-დანიშნულებები შესძინო. მაგალითად, ფეისბუქამდე ძალიან ბევრი სოციალური ქსელი არსებობდა (HI5, myspace და ა.შ.), თუმცა ფეისბუქმა თავის სოციალურ მედიაპლატფორმას სრულიად ახალი ფუნქციები დაუმატა − სიახლეების გაზიარების, პირადი ურთიერთობის, ბიზნესგვერდების რეკლამირების, შოპინგის და სხვა მრავალი, რის შედეგადაც ეს სოციალური ქსელი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. საქართველოშიც გვაქვს ამის მაგალითები: უკვე ბევრი ძველი ნაგებობა, რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული იყო, დღეს უქმად აღარ ცდება და ახალ ფუნქციას იძენს. ძველი სამკერვალო ფაბრიკა დღეს ცნობილი ჰოსტელი და ახალგაზრდების შეკრების ადგილია, მიტოვებულ კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი იმართება და ა.შ.
#3 არსებული პროდუქტის განახლებული დიზაინით ან მომსახურებით მიწოდება
დამეთანხმებით, ოცდამეერთე საუკუნეში რთულია ახალი პროდუქტების გამოგონება, რადგან თითქმის ყველაფრის ანალოგი უკვე არსებობს მსოფლიოში; ამასთანავე, სრულიად ახლის გამოგონებას, უამრავი ძალისხმევის გარდა, ძალიან დიდი ფინანსური რესურსიც სჭირდება, რაც ანტრეპრენერთა უმეტესობას საწყის ეტაპზე არ გააჩნია. თუმცა, გაცილებით ადვილია უკვე არსებული პროდუქტის ახლებურად დანახვა და მომხმარებლისთვის განახლებული, უფრო საინტერესო სახით მიწოდება. ამის მაგალითებს უხვად ვხვდებით, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. თითქმის ყველა პროდუქტი − ტექნიკა, ავეჯი, ტანსაცმელი, ყოველდღიური მომხმარების საგნები, საკვები და ა.შ. იცვლის დიზაინს, იხვეწება და თანამედროვე მომხმარებლის ინტერესებსა და ცხოვრების სტილს ერგება. მარტივი მაგალითისთვის კი, ჩემი კომპანია "ალტერსოქსიც" გამოდგება. თავისთავად, წინდა, რა თქმა უნდა, არ არის ინოვაციური პროდუქტი და ის ჩვენ არ შეგვიქმნია, მაგრამ წინდა ხინკლებისა და სხვა ქართული თემატიკის გამოსახულებებით − ეს უკვე "ალტერსოქსის" ინოვაციაა და მის უნიკალურ ღირებულებას წარმოადგენს. ასევე, მაგალითად, არც პიცის მიტანის მომსახურებაა ინოვაცია, თუმცა "პიცა ჰათი" პირველი იყო, რომელმაც მომხმარებელს საკუთარი გემოვნებით არჩეული ინგრედიენტებისგან დამზადებული პიცის ონლაინგამოძახება შესთავაზა − პროდუქტი ძველია, მომსახურების სტილი კი ახალია.
დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ანტრეპრენერობა გამომგონებლობას არ ნიშნავს. სრულიად ახალი პროდუქტის გამოგონება არაა აუცილებელი და წარმატებული ინოვაციების შემქნის სხვა გზებიც არსებობს. ინოვაცია არის ანტრეპრენერის მიერ ახალი იდეის გაყიდვად პროდუქტად ან სერვისად გადაქცევა, ასე რომ, იყავით შემოქმედებითები, შეცვალეთ პროდუქტის დიზაინი, მოუძებნეთ მას ახალი ფუნქცია, ან სულაც აიღეთ სხვადასხვა პროდუქტი და ინოვაციური სინთეზი შექმენით; ერთი სიტყვით, შეხედეთ ტრადიციულ ცნებებს, პროდუქტებს და მიდგომებს ახალი თვალით. იფიქრეთ არა "ახალი ველოსიპედის" გამოგონებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გახადოთ არსებული "ველოსიპედები" (პროდუქტები) უფრო საინტერესო და კომფორტული თანამედროვე მომხმარებლისთვის.