Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Entrepreneur: ახალი ცოდნა, ახალი ინფორმაცია, ახალი იდეები ანტრეპრენერი შესაძლოა ყველა თქვენგანი გახდეს. მთავარია – ძალიან გინდოდეთ წარმატების მიღწევა; შეგეძლოთ, საკუთარი თავი და ცხოვრება თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებას ბოლომდე მიუძღვნათ!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

არ გაქვთ ბიზნესიდეა, მაგრამ საკუთარი საქმის წამოწყებაზე ფიქრი არ გასვენებთ? თუ პირიქით – უამრავი იდეა გაქვთ, მაგრამ არ იცით, როგორ აქციოთ თქვენი იდეა რეალურ ბიზნესად? იქნებ უკვე გადადგით პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები ბიზნესში, მაგრამ გსურთ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა? ან საერთოდაც, უკვე შემდგარი ანტრეპრენერი ხართ, მაგრამ ხვდებით, რომ თქვენი წარმატების პარალელურად, კონკურენციაც იზრდება და საჭიროა უფრო მეტი მუშაობა განვითარებისთვის?

რა სიტუაციაშიც უნდა იყოთ, ქართული Entrepreneur-ი სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებათ. თუ რა თქმა უნდა, მენტალურად მზად ხართ დამოუკიდებელი საქმიანობისთვის, გსურთ თავი დააღწიოთ კორპორაციულ იერარქიას და საკუთარი თავის ბოსი თავად გახდეთ, გჯერათ თქვენი იდეის წარმატების, არ გეშინიათ მარცხის, და ეგუებით ფაქტს, რომ ძალიან, ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევთ.

ანტრეპრენერი შესაძლოა ყველა თქვენგანი გახდეს. შესაძლოა, არ ფლობდეთ სპეციფიკურ ბიზნესგანათლებას, მაგრამ გქონდეთ უფრო მნიშვნელოვანი – ძლიერი მისწრაფება, პრინციპულობა, შეუპოვრობა, ადამიანებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, და რაც მთავარია – ძალიან გინდოდეთ წარმატების მიღწევა; შეგეძლოთ, საკუთარი თავი და ცხოვრება თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებას ბოლომდე მიუძღვნათ!

თუ ასეა, მაშინ თქვენ გელით ძალიან საინტერესო ანტრეპრენერული მოგზაურობა ახალი, დიდი აღმოჩენებისთვის. ამ მოგზაურობაში კი, Entrepreneur-ი მუდმივ თანამგზავრად შეგიძლიათ იგულოთ – მთელ მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ჟურნალი უზარმაზარი საინფორმაციო და საგანმანათლებლო რესურსით.

ჩემი აზრით, დღეს საქართველოში არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვიდრე ბიზნესგანათლების, ბიზნესის სწორად მართვის უნარ-ჩვევების ნაკლებობაა. ეს ეხება ყველა ასაკის, ყველა პროფესიის ადამიანს, თბილისსა თუ რეგიონებში.

ბოლო დროს ბევრი გვესმის სტარტაპებზე, ვხედავთ ახალ სახეებს ბიზნესში; გააქტიურებულია საბანკო სექტორი, ეფექტურად მუშაობს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. სააგენტო "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, აქტიურად აფინანსებენ სტარტაპებს და ხელს უწყობენ განვითარებაში, რაც ძალზე მისასალმებელია.

თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი უბრალოდ ვერც კი აცნობიერებს იმ უნიკალურ, შესაძლოა მათში დროებით მიძინებულ შესაძლებლობებს, ხოლო ბევრ მათგანს ხელიც კი აქვს ჩაქნეული მომავალზე. რადგან ცოტას თუ უცდია მათი მოტივაცია, ინსპირაცია, დადებითი ენერგიით დამუხტვა და უბრალოდ, სხვა გზის ჩვენება.

არადა, საქართველო მდიდარია შემოქმედებითი, ახლის შექმნაზე ორიენტირებული პროგრესული ადამიანებით, რომლებიც ნებისმიერ ასაკში მოწადინებულნი არიან, ისწავლონ და განვითარდნენ, უარი არ თქვან ახალ გამოწვევებსა და ახალ აღმოჩენებზე.

სწორედ მათთვის იქმნება Entrepreneur-ი, რომელმაც თანამედროვე საქართველოს დღის წესრიგი უნდა შეცვალოს და ადამიანები მასობრივად ჩართოს მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით – შემოქმედებითი და ინოვაციური ბიზნესის, წარმოების პროცესში.

შესაძლოა იდეალისტურად ჩანდეს, მაგრამ ჟურნალმა Entrepreneur-მა უნდა შეძლოს ქართველი მკითხველის ინტერესის გაღვივება, მათი მოტივირება და ინსპირაცია ახალი ბიზნესიდეების გასახორციელებლად, მათი წახალისება და გამხნევება წარმატებული ანტრეპრენერების მაგალითების გაცნობით, რაც არაერთი ადამიანისთვის გამხდარა სტიმულისმიმცემი, და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ქართველი მკითხველის შემთხვევაშიც.

ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისა და ჟურნალზე მუშაობის თითქმის ერთწლიანი მუშაობის რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი დასრულდა და დღეს თქვენ წინაშეა ავტორიტეტულ ამერიკულ ბრენდ Entrepreneur-ის ქართული ვერსიის #1 ნომერი – ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ მცირე ხარვეზებით, თუმცა გაუმჯობესების დიდი რეზერვით, მაგრამ რაც მთავარია – სულით და გულით მომზადებული თქვენთვის – მუდმივი განვითარების სურვილის მქონე ადამიანებისთვის, რომ ახალი ცოდნა, ახალი ინფორმაცია, ახალი იდეები თქვენამდეც მოვიტანოთ და საქართველომ მსოფლიო ანტრეპრენერულ რუკაზე საკუთარი ღირსეული ადგილი სწრაფად დაიმკვიდროს!

ამ ამბიციური მიზნისკენ მიმავალ გზაზე, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია! მსოფლიოს გარშემო მილიონობით ანტრეპრენერთა ფავორიტი ამერიკული ჟურნალი Entrepreneur-ი საქართველოშია!

დანარჩენი კი თქვენზეა, დამწყებო და უკვე შემდგარო ქართველო ანტრეპრენერებო, ან უბრალოდ, ჯერ მხოლოდ საკუთარ ბიზნესზე მეოცნებენო. დღეიდან თქვენ უფრო ადვილად შეძლებთ, დაიწყოთ, განავითაროთ და გაზარდოთ თქვენი ბიზნესი Entrepreneur-ის დახმარებით და Entrepreneur-თან ერთად!

Entrepreneur-ი ხომ ყველაზე ხმამაღლა, ყველაზე ხშირად აჟღერებს ანტრეპრენერის ხმას მსოფლიოს გარშემო.

გილოცავთ! ეს ხმა უკვე საქართველოშიც ისმის...

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს