ქალები ქალებისთვის? აბსურდომანია!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
1991 წლიდან მოყოლებული, ამერიკა, ყოველ მარტს აღნიშნავს ქალების დღეს. იმ ქალების, რომლებიც გენდერული თანასწორობისა და ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდებიან. იმ ქალების, რომლებიც ერთ დროს თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი და ახლა თავად იბრძვიან სხვა ქალების უფლებების დასაცავად.
სხვათა შორის, ამერიკის საელჩო საქართველოში ყოველ მარტს სხვა ქალებისთვის მებრძოლ ქალებს უძღვნის და სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.
ახლა არც მარტია და არც ამერიკაზე ვწერ. ჩემდა სამწუხაროდ, არც იმ ქალებზე, რომლებიც სხვების დასაცავად გამოდიან, ერთიანდებიან, იბრძვიან და გვერდში უდგანან.
დიახ, არიან ასეთი ქალები.
მაგრამ არიან ქალებიც, რომელთა სახელწოდებაა CJC 073. ასეთი ქალები ჭიშკართან ისე აყენებენ მანქანას, რომ ბავშვის ეტლს ვერ გადაიყვან. მერე წერილს უტოვებ მანქანის საქარე მინაზე, ზუსტად ასეთს: "გთხოვთ, მანქანას ჭიშკართან ნუ გააჩერებთ, ბავშვის ეტლი ვერ გადამყავს".
თენდება მეორე დილა და მანქანა ისევ იქ დგას, მაშინ, როცა ზუსტად 1, ან 3 მეტრის რადიუსში ბევრი სხვა ადგილია...
მივყვეთ თანმიმდევრობას: ჩემი სახლის წინ მერია და ამბულატორიაა, რომელსაც ერთი შენობა აერთიანებს, მერიის წინ არის თავისუფალი ადგილი, სადაც ყველა აყენებს მანქანას, მათ შორის მეც. მეორე დღეს, წერილის დატოვების შემდეგ, როცა მანქანა ისევ იქ დამხვდა, გადავწყვიტე შენობაში შევსულიყავი და გამეგო, ვისი იყო მანქანა, რომელიც დედაჩემს არ აძლევდა საშუალებას ჩემი პატარა გოგონა სასეირნოდ გაეყვანა. ამიტომ წვალებით ვათრევდით ეტლს და შემდეგ ვსვამდით პატარა ანუნას. ჰოდა, მოკლედ, გავარკვიე ვისიც იყო მანქანა და ვეუბნები: ქალბატონო, წერილი რომ დაგიტოვეთ, მანქანის საქარე მინაზე, რატომ არ გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა-მეთქი? ქალბატონმა CJC 073-მა არც აცია არც აცხელა და უცებ დამეტაკა: შენი მანქანა გადააყენე ამბულატორიის წინ რომ აყენებ და მერე აღარ დაგიბლოკავ გასასვლელსო...
"დავრჩი გაოგნებული" არის მსუბუქად ნათქვამი. რა თქმა უნდა გაგრძელდა ჩვენი არასასიამოვნო დიალოგი, თუმცა გაგრძელება ნამდვილად აღარ არის საინტერესო.
მისი სიტყვებიდან გამოჩნდა ის, თუ როგორ შეიძლება იყოს ქალი ქალის მიმართ არასოლიდარული და კიდევ უფრო უარესი. წერილში მკაფიოდ მეწერა, რომ ბავშვის ეტლი ვერ გამყავდა. საუბარია ორი თვის ბავშვზე, რომელსაც დიდი ალბათობით, ხედავს კიდეც დილაობით, რადგან იქვე პარკიც არის და მუდამ იქ ვასეირნებთ მე და დედა პატარა ანუნას. დიახ, არიან ასეთი ქალები, რომელთა სახელწოდებაა CJC 073. რა თქმა უნდა, ეს პირობითი სახელია, მას შეიძლება ერქვას თამარი, ანა, მარინე, ლია, სოფო და სხვა, თანაც ის ექიმია ამბულატორიაში, როგორც აღმოჩნდა, და ცოტა გული დამწყდა, რადგან წამით გავიფიქრე, თუ ის ასე "ცუდად" მოექცა ჩემს თხოვნას, ნეტავ საკუთარ პაციენტებს როგორ მოექცევა? იქნება კი მათ მიმართ სოლიდარული?
ეს კითხვა ტკივილად დარჩება ჩემს გონებაში და ვერასოდეს გავუგებ ქალებს, ვისაც ამგვარი საქციელით შეუძლიათ საკუთარი თავი გააცნონ სხვა ადამიანებს.
რატომ დავწერე ახლა ყველაფერი ეს? როცა ანტრეპრენერი, ანუ ჟურნალი, რომელსაც ახლა კითხულობთ, იწყებდა გამოსვლას, ჩემი სტატიები ეძღვნებოდა კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და პერსონალურ პასუხისმგებლობას. პერსონალური პასუხისმგებლობით ადამიანები იბადებიან, მათ ან აქვთ შეგნება, ან არ აქვთ. მათ ან ესმით სხვების, ან არ ესმით, მათ ან აქვთ გული, ან არ აქვთ, მათ ან უყვართ, ან არა.
მათ სურთ შეცვალონ სამყარო, ან არ სურთ და ჰკიდიათ, რა ხდება მათ ირგვლივ...
ყველა თავისებურად იბრძვის თვითდამკვიდრებისა და გადარჩენისთვის, რადგან ჩვენი ყოველდღიური რუტინა, სწორედ რომ ბრძოლაა, მაგრამ ჩემთვის, უპირველესად, გადარჩენა ნიშნავს სიყვარულისა და დადებითი ენერგიების თესვას გარშემომყოფებში.
არადა, ჩვენში, ყველაში, არის რაღაც ძალა, რომელიც სწორად უნდა ვმართოთ. სწორედ ეს ძალა გვაძლევს ენერგიებს, ვაკეთოთ საქმე, რომელიც გვიყვარს. საქმე, რომლის გარეშე არ შეგვიძლია; საქმე, რომელიც აკეთილშობილებს, საქმე, რომლითაც სხვების დახმარება შეგვიძლია. თუ დახმარებას ვერ შევძლებთ, არც ხელი უნდა შევუშალოთ სხვა ადამიანებს, ამ შემთხვევაში დედაჩემს, გაასეირნოს პატარა ანუნა...
აქვე ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა არიან ქალები ჩემ ირგვლივ, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ, მხარში უდგანან და სამყაროს ცვლიან მათ ირგვლივ. მათაც შესაძლოა ერქვათ იგივე სახელები − თამარი, ანა, მარინე, ლია, სოფო... ჩვენ უბრალოდ მათი გარჩევა უნდა შეგვეძლოს.
თუ ისე მოხდება, რომ ქალბატონი CJC 073 შემთხვევით წაიკითხავს ჩემს ამ სტატიას, იმედს დავიტოვებ, რომ სხვას არ ჩაუკეტავს გასასვლელს. გასასვლელის ჩაკეტვა სხვასთან მიმართებაში შესაძლოა ბევრნაირად გავიგოთ − ვისაც როგორც გენებოთ ისე...
ანდა თუკი ვინმე თავს ამოიცნობთ ქალბატონ CJC 073-ში, მაშინ დროა იქონიოთ პერსონალური პასუხისმგებლობა და შეცვალოთ თქვენ ირგვლივ გარემო. ცვლილება კი დაიწყოთ საკუთარი თავით და არ იყოს ქალთა მიმართ თქვენი მხარდაჭერა აბსურდული.