მარცხის ფენომენი - მანანა ახვლედიანი "ერთადერთი დაბრკოლება შიშია, მერყევი ხასიათი და ფანტაზიის სიმცირე"
By თაკო გვაზავა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მანანა ახვლედიანი, Madam Wine
"ადამიანები ერთი ცხოვრებით არ ცხოვრობენ, ცხოვრების ყველა ეტაპი სრულიად განსხვავებულია, ისევე, როგორც თავად ის ადამიანი, რომელიც ამ ეტაპებს გადის.
მეც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი გამოვიარე, თუმცა ყველა მათგანზე მქონდა უნარი, მებრძოლა წარუმატებლობის წინააღმდეგ, წარუმატებლობა კი ძალიან ბევრი იყო.
მე ვფიქრობ, საკუთარი თავის აღმოჩენა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რაც შემდგომში აადვილებს სიძნელეების გადალახვის პროცესს, სიძნელეები კი უამრავი იყო, სტუდენტობიდან მოყოლებული.
გამოვიარე 1990-იანი წლები, როცა ირგვლივ უიმედობა სუფევდა, ინგრეოდა ქვეყანა და მასთან ერთად ინგრეოდა ჩემი ოცნებები. ვიჯექი სიბნელეში და ამას ემატებოდა პირადი ცხოვრების ნგრევისგან გამოწვეული სტრესიც.
სწორედ ამ სირთულეებმა მიმახვედრა, რომ მხოლოდ ძლიერი კი არ უნდა ვყოფილიყავი, არამედ ძალიან ძლიერი. ალბათ ეს განცდა იყო ჩემი მთავარი მოტივაცია, დამემტკიცებინა ყველასთვის, რომ ბევრი რამ შემიძლია.
წლებმა ძალიან სწრაფად გაიარა. ეს იყო ცოდნის მიღების, ახლის ძიების წლები.
შემდეგ კი დავაარსე საკუთარი კომპანია "მადამ ვაინი", სადაც მხოლოდ ენთუზიასტი ქალბატონები მუშაობენ და ერთად ვქმნით ღვინოს ქალბატონებისთვის. ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს ამბიცია, მსოფლიოს აჩვენოს ქართველი ქალის თვალით დანახული ქართული ღვინო.
სადღაც ამოვიკითხე: "პროგრესი მუდმივი პროცესია და მათ "შეშლილები" მართავენ, რადგან ყოფნით გამბედაობა მათი განხორციელების და წარუმატებლობის არ ეშინიათ. ერთადერთი დაბრკოლება – შიშია, მერყევი ხასიათი და ფანტაზიის სიმცირე".
ჰოდა, მეც ასეთი "შეშლილი-შერეკილი" ვარ, რადგან არ მაქვს შიში და ვიცი, რასაც ვაკეთებ.
ჩემი ბიზნესი პატარა ნაკადულივით არის, რომელიც იზრდება, რათა დიდ მდინარეს შეუერთდეს, თუმცა მე ეს პატარა ნაკადულიც ძალიან მომწონს, რადგან ის სუფთაა და ჯერ არ ამღვრეულა.
წარუმატებლობა მხოლოდ თავიდან დაწყების შანსია, თუმცა უფრო ჭკვიანურად დაწყებისა", − თქვა ჰენრი ფორდმა. მეც სწორედ ამისი მჯერა. აი, ეს არის ჩემი ცხოვრებისეული კრედო."