MENTAL HEALTH - ანუ მენტალური ჯანმრთელობის სპირალი 13 რჩევა, რომელიც სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მენტალური ჯანმრთელობა და სტრესის მართვა ანტრეპრენერებში დიდი ხანი ერთ-ერთი ყველაზე ტაბუდადებული თემა იყო მსოფლიოში. მასზე უბრალოდ არ ლაპარაკობდნენ. მიზეზი გასაგებია: როდესაც ახალ სერვისს ან პროდუქტს ქმნი, ისედაც არავის სჯერა შენი წარმატების. ამ დროს "სისუსტის" გამოვლინება კი იმ პატარა იმედის ნაპერწკალსაც ჩააქრობს, რომელიც შენს პოტენციურ ინვესტორებს, პარტნიორებს ან გუნდის წევრებს ჰქონდათ შენდამი. სტრესი და მენტალური პრობლემები ხომ საზოგადოებაში სისუსტის სტიგმის მატარებელია.
ასე გრძელდებოდა ბოლო ოცდაათი წელი, სანამ კვლევამ თავისი სათქმელი არ თქვა. 2015 წელს გამოცემულ ნაშრომში Are Entrepreneurs Touched with Fire, რომელზეც ბერკლის, კალიფორნიისა და სტენფორდის პროფესორები ერთად მუშაობდნენ, დასკვნები საგანგაშო აღმოჩნდა:
- ნახევარი ერთხელ მაინც დგება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე (და სამკურნალო ხდება);
- ორჯერ მეტია დეპრესიის რისკი;
- მეტია ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების რისკი;
- მეტია ბიპოლარული აშლილობის რისკი (bipolar disorder).
კვლევამ დაახლოებით ერთი და იგივე ტენდენცია აჩვენა სხვადასხვა ეკოსისტემის ანტრეპრენერებში.
დღეს მსოფლიო თანხმდება, რომ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს სტიგმა უნდა მოეხსნას და ამ საკითხებზე დიალოგი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ასე მოხდა ანტრეპრენერშიპშიც. ანტრეპრენერებს უნდათ მსოფლიოს შეცვლა, გაუმჯობესება, თუმცა სტრესირებული და დეპრესიული ადამიანი, რომელიც ყველაფერს ნეგატიურ პრიზმაში ხედავს, ვერასდროს შეცვლის სამყაროს უკეთესობისკენ. იმისათვის, რომ სამყარო შეცვალო, შენ ხომ ოპტიმისტურად განწყობილი, ზღაპრების სიმართლეში დარწმუნებული "შეშლილი" უნდა იყო?
ჩვენი სტარტაპები, პროექტები და პროდუქტები საკუთარი შვილებივით გვიყვარს. თვითმფრინავის მგზავრობამდე უსაფრთხოების წესებს თუ გაცნობიხარ, ნახავდი, რომ ბავშვთან ერთად მგზავრობისას ექსტრემალური სიტუაციის წარმოქმნის დროს აუცილებელია, ჯერ თავს უშველო და მხოლოდ შემდეგ გადაარჩინო შვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, ვერცერთი გადარჩეთ. იგივე ლოგიკით გამოდის, რომ თუ ანტრეპრენერს სამყაროს შეცვლა და წარმატებული სტარტაპის აშენება უნდა, უპირველესად ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავად კარგად გრძნობდეს თავს.
სტრესი და დეპრესია ხშირად ძალიან პატარა, მაგრამ მუდმივი გამომწვევი ფაქტორებით იწყება: გამუდმებით სტრესულ გარემოში ყოფნა, დღეში ათასი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება, დიდი შედეგების მოლოდინში მცირე წარმატებების უგულველყოფა და სხვა. ეს პატარა "წვეთები" ნელ-ნელა გამძიმებს და სპირალის ყოველ ბრუნთან ერთად უფრო და უფრო სწრაფად მიგაქანებს ფსკერისკენ, თუმცა არსებობს გზა, რომ პროცესი შეაბრუნო. ეს გზა ზუსტად იგივე "იარაღის" გამოყენებაზე გადის: პატარ-პატარა გამარჯვებებით დიდი გამარჯვების მოპოვება.
მოკლედ, დავასრულებ ამ ვრცელ შესავალს და გადავალ საქმეზე: ისევ მინდა, შემოგთავაზო 13 რჩევა, რომელიც მე ძალიან მეხმარება ყოველდღიურ სტრესთან ბრძოლაში და იმედი მაქვს, შენც იგივენაირად გამოგადგება. ცამეტივე რჩევა დაფუძნებულია ჩემს გამოცდილებაზე და არის საკუთარი სუბიექტური გამოცდილების შედეგი, ამიტომ ნუ მიიღებ მათ, როგორც სრულ ჭეშმარიტებას. მათი უმეტესობა მარტივი გასახორციელებელია და შესაძლოა არასერიოზულადაც მოგეჩვენოს, მაგრამ თუ მოსინჯავ, დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთ იგრძნობ თავს, რაც საკუთრივ შენი წარმატების შანსს გააორმაგებს.
დავიწყოთ:
1. წაახალისე საკუთარი თავი. დემოტივაციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და მწვავე მიზეზი (ან საბაბი) მძიმე და ხანგრძლივი შრომის ხელშესახები შედეგების ნაკლებობაა ხოლმე. გადის წლები, გამუდმებით მუშაობაში, ღამის თენებასა და საკუთარი ცხოვრების საქმისთვის დათმობაში. შემდეგ კი გადავხედავთ ამ წლებს და შედეგის დანახვა გვიჭირს: ისევ ისეთ
ფინანსურ მდგომარეობაში ვართ (ან უარესში), როგორც ვიყავით და ისევ ისეთი შორი და ამავე დროს ახლოა საბოლოო მიზანი. მწარე სიმართლე ამ დროს ისაა, რომ შედეგები უამრავი გვაქვს, ბევრად წინ ვართ ორი წლის წინანდელ სიტუაციაზე, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევთ. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც მეხმარება "უშედეგო შრომის" შეგრძნების დაძლევაში, საკუთარი თავის რაც შეიძლება ხშირად წახალისებაა. ეს შეიძლება იყოს თვეში ერთხელ ისეთი რამის გაკეთება, რაზეც დრო მუდამ გენანება, მაგრამ გინდა. ან თუნდაც ორ თვეში ერთხელ ისეთი რამის ყიდვა საკუთარი თავისთვის, რაშიც ფულის დახარჯვა დიდად არ გინდოდა. მთავარია, ამ დროს ისეთი რამ გააკეთო ან შეიძინო, რაც ძალიან გესიამოვნება. საუბარია მცირე, მაგრამ სასიამოვნო "სიურპრიზებზე", რომლებიც ძალიან ბევრს ნიშნავს "დიდ სურათში".
2. დაიწყე დღე სწორად. ნეგატიური "წვეთები", რომლებიც სპირალზე შენს მოძრაობას ამძიმებს, იმიტომაცაა "წვეთები", რომ ძალიან მცირეა და ხშირი. პესიმიზმის, დემოტივაციისა და დეპრესიის გადატეხვის ერთ-ერთი ეფექტური გზაა ყოველი დღის სწორად დაწყება. დღის სწორად დაწყება ყველასთვის სხვადასხვანაირია, თუმცა არის საერთო ამოცანებიც, რომლით დაწყება მეტ ეფექტს მოგცემს. მაგალითად, საკუთარი საწოლის დალაგება (მადლობა ადმირალ მაკრეივენს ამ რჩევისთვის − Make your bed by Admiral William McRaven) მოგცემს დილით საჭირო შემართებას და შესრულებული საქმის განცდას, რაც მთელი დღე გაგყვება. ასევე ძალიან კარგია პირველი ნახევარი საათი მაინც გაატარო ციფრული სამყაროს მიღმა, ტელეფონებისგან და ეკრანებისგან მოშორებით. შემდეგ აიღე საკუთარი დღევანდელი ამოცანების სია (თუ არ გაქვს, უბრალოდ დაფიქრდი, რისი გაკეთება გინდა) და დაფიქრდი, ამ წამს რისი გაკეთება შეგიძლია ფიზიკურად. და გააკეთე. ოჯახის წევრებთან დილის პირველი საათების გატარება ასევე ძალიან კარგი საშუალებაა. დაბოლოს: სადმე დაწერე შინ "გასაკეთებელი" საქმეების სია (ჭურჭლის დარეცხვიდან, "ელიავას ბაზრობაზე" ახალი ონკანის ყიდვით დამთავრებული). საქმეების, რომლისთვისაც ვერასოდეს იცლი. და კვირაში ერთხელ მაინც შეეცადე, დღე ერთ-ერთი ასეთი ამოცანით დაიწყო. სულ მალე თავს ბევრად უკეთ იგრძნობ, რადგანაც შენ ოჯახს "გამოადექი".
3. "ძალით ღიმილი". დილით, როცა გაგეღვიძება, თვალის გახელას ნუ იჩქარებ. სცადე და რაც შეგიძლია, ფართოდ გაიღიმე. შეიკავე ეს ღიმილი ორი წუთით და ძალიან მალე იგრძნობ, რომ რატომღაც ცოტათი უკეთ ხარ. შესაძლოა სისულელედ გეჩვენება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიისა და ჰორმონების ამბავია. შენი სხეული შეჩვეულია, რომ სახეზე ღიმილის მიმიკა კარგის მომასწავებელია და ამ დროს ენდორფინები უნდა გამოყოს. ეს იმდენად ძლიერი ჩვევაა, რომ თითქმის მექანიკური პროცესია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, როგორ კარგ გუნებაზე ხარ, თუ ღიმილის მიმიკას შექმნი, ენდორფინების დოზას მიიღებ, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სასიამოვნო შეგრძნებას. თუ ღიმილს კიდევ რამდენიმე წუთი გააგრძელებ, დაინახავ, რამდენად ადვილია "ცუდ განწყობაზე" ყოფნის ციკლის გარღვევა. ამიტომ ხშირად გაიღიმე "ძალით", მაგრამ არა სხვის დასანახად (და "მტრის ჯინაზე"), არამედ შენთვის.
4. თვითგანვითარება ყველაზე რთულ მომენტებში. რაც უფრო დიდი ხანი მოძრაობ დეპრესიისა და სტრესის სპირალზე ქვემოთ, მით უფრო ნაკლებად თავდაჯერებული ხდები. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად გეპარება ეჭვი საკუთარ ძალებსა და ინტელექტში. ამ დროს (და განსაკუთრებით, ამ დროს) ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარება. ისწავლე რაიმე ახალი (თუნდაც უმნიშვნელო) ყოველ ჯერზე, როცა თავს სუსტად და უიღბლოდ გრძნობ და დარწმუნდები, რამდენად სწრაფად შეგიძლია წინ სიარული. ეს შეიძლება იყოს YouTube-ზე ხელსაქმის გაკვეთილის ნახვა, ელექტრონული წიგნის (ან ქაღალდის) კითხვა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ათვისება ან ნებისმიერი სხვა რამ, რისი სწავლაც შეგიძლია. ამ მომენტში დიდი განსხვავება არაა, რას ისწავლი, მთავარია დღის ბოლოს იგრძნო, რომ უფრო მეტი იცი და შეგიძლია, ვიდრე დილით.
5. მოშორდი "ტოქსიკურ" ადამიანებს. ზოგადად, ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არიან, დიდი გავლენა აქვთ ჩვენზე. გვინდა ეს ჩვენ თუ არა, საკუთარი მეგობრების, ახლობლებისა და სანაცნობო წრის დამოკიდებულება და შეფასებები გადამდებია. ე.წ. "ტოქსიკური" ადამიანები ხშირად უნებლიედ იწვევენ ნეგატიურ ეფექტს ჩვენს ცხოვრებაში. შესაძლოა მათ ვუყვარდეთ კიდეც და ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ ისინი გვაფერხებენ. მიმოიხედე, დააკვირდი შენს წრეს და დაფიქრდი, რამდენი ადამიანია შენ ირგვლივ ისეთი, ვინც თითქმის ყველაფერს პესიმიზმით უყურებს, ხშირად "წუწუნებს", განსჯის ირგვლივ მყოფებს, აბრალებს საკუთარ პრობლემებს სხვას და თვითონ არაფერს აკეთებს თავისი თავის განვითარებისთვის? დიდი შანსია, ასეთი ერთი-ორი ადამიანი გაგახსენდეს (იმედია, საკუთარ თავსაც დააკვირდი ახლა და აღმოაჩინე, რომ ზოგჯერ შენც ასეთი ხარ ნაწილობრივ). ჩემი რჩევაა, მსგავს ადამიანებთან ურთიერთობის ინტენსივობა შეამცირო (თუნდაც იმ პერიოდებში, როცა "მძიმედ" ხარ), ვიდრე არ ისწავლი საკუთარი თავის დაცვას მათი უნებლიე გავლენისგან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღარ უნდა იმეგობრო ამ ადამიანებთან. უბრალოდ შეეცადე, შენთვის მნიშვნელოვან მომენტებში ნაკლები კონტაქტი გქონდეს მათთან.
6. "დაიცალე" ბოლომდე. ხშირად სტრესს და დეპრესიასაც კი იწვევს უთქმელობა, გამოუხატავი ემოციები და შეუსრულებელი დაპირებები. რაოდენ მცირე და უმნიშვნელოც უნდა იყოს ეს უთქმელობა, ის სადღაც აუცილებლად გროვდება ბოღმის სახით, "ავსებს თასს" და ადრე თუ გვიან "იღვრება" (უმეტეს შემთხვევაში არასწორ დროს, არასწორ ადგილას და არასწორი ადრესატის მიმართულებით). თავის მხრივ, ასეთი არასწორი "გადმონთხევა" იწვევს დანაშაულის გრძნობას, რაც სტრესს კიდევ უფრო ზრდის (ქანქარის ეფექტით). შეეცადე, იყო გულწრფელი და ბევრი არაფერი დატოვო უთქმელი ურთიერთობებში (განსაკუთრებით − საქმიანში). ეს გააჯანსაღებს შენს ურთიერთობებს, "დაცლის" შენი "ბოღმის თასს" და განტვირთვას მოიტანს შენს ყოველდღიურობაში.
7. "შეძახილმა ხე გაახმო". ისევე, როგორც მიმიკას შეუძლია გამოიწვიოს ესა თუ ის ემოცია, სიტყვაც იწვევს რეაქციას და ორგანიზმი შესაბამისად რეაგირებს. რამდენჯერ უკითხავთ შენთვის − "როგორ ხარ?" და გიპასუხია: "ისე რა", ან "არა მიშავს"? ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეძახილი ხეს მართლაც ახმობს. ყველა ასე ვიქცევით და ამით ქვეცნობიერად ვეუბნებით საკუთარ თავს, რომ არცთუ კარგად ვართ და ყველაფერი "ისე რა" არის დღეს. ნეგატიური მეტყველების მსგავსი მაგალითები ბევრია ჩვენს ყოველდღიურობაში. მაგალითად, "არ არის პრობლემა". ამას როცა ვამბობთ, ქვეცნობიერს ვეუბნებით, რომ ეს პრობლემაა და ასე ყველაფრისგან, რასაც ვაკეთებთ, ვქმნით პრობლემას. შეეცადე, მეტი დადებითი სიტყვები, ნაკლები უარყოფა და მეტი ოპტიმიზმი გამოიყენო შენს მეტყველებაში და ძალიან მალე იგრძნობ, რომ მსოფლმხედველობაში ცვლილებები შეგაქვს.
8. საკმარისი ძილი. ვიცი, ეს ისედაც გასაგებია, მაგრამ მაინც. სტრესის გამომწვევი ხშირად ქრონიკული ძილის ნაკლებობაა. გარკვეულ მომენტში აქაც ქანქარას და სპირალის პრინციპი ირთვება და ვეღარ ხვდები − იმიტომ ვერ იძინებ, რომ ცუდად ხარ, თუ იმიტომ ხარ ცუდად, რომ არ გძინავს. ამიტომ იზრუნე იმაზე, რომ საკმარისად გეძინოს დღე-ღამეში. ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მაგრამ საშუალოდ ადამიანს 6-8 საათი ძილი ჰყოფნის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ძილის ნორმალიზების მეთოდებზე ცალკე წიგნის დაწერა შეიძლება, ამიტომ არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ, რომელიღაც მეთოდს უნდა მიაგნო, რომელიც ძილში გეხმარება (წიგნის კითხვა, ეკრანისგან დასვენება, მუსიკის მოსმენა ძილის წინ და ა.შ.).
9. მადლიერება. დღევანდელ სწრაფ, მოუცლელ და დატვირთულ დროში ძალიან ცოტა რამ არის ისეთი მარტივი და ეფექტური საშუალება, როგორიც მადლიერების გრძნობაა. მადლიერება იმ ცოტაოდენი ემოციათაგანია, რომელიც ერთნაირად სასიამოვნოა − მიუხედავად იმისა, სუბიექტს წარმოადგენ თუ ობიექტს. ანუ მიუხედავად იმისა, შენ ხარ მადლიერი ვინმესი თუ შენი მადლიერები არიან, აუცილებლად გესიამოვნება. ამიტომ, შეეცადე რაც შეიძლება ხშირად გამოიწვიო ეს გრძნობა სხვებში და როგორც კი შენში ვინმე გამოიწვევს, აუცილებლად მაქსიმალურად გამოხატე. ძალიან მალე მიხვდები, თუ რამდენად ეფექტური საშუალებაა ეს სტრესთან ბრძოლის, რომელიც შესაძლოა იყოს ისეთი მარტივი რამ, როგორიც მანქანით სიარულისას ადამიანის ზებრაზე გატარებაა. დღეში ათჯერ ვინმეს რომ გაატარებ და მადლობას გადაგიხდის, ბევრად უკეთ იგრძნობ თავს, ვიდრე გუშინ. ასევე უპირობოდ მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა სხვების მიმართ. მესმის, ზოგჯერ გვგონია, რომ ჩვენი საქციელი ისედაც გამოხატავს მადლიერებას და სიტყვები საჭირო არაა, მაგრამ (იხილე რჩევა #7) სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია.
10. გააძლიერე ადამიანები. ზოგჯერ, როცა თავს სუსტად, უსუსურად გრძნობ და თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, აუცილებლად მოიძებნება ადამიანი (ან ადამიანთა ჯგუფი), ვისაც შენი რჩევები, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება გამოადგება. მიუხედავად იმისა, რამდენად მეტად ან ნაკლებად გამოცდილი ხარ, შეეცადე, ცოდნის გაზიარება ჩვევად აქციო. ეს ჩვევა ბევრჯერ გადაგარჩენს. ამ სტატიის წერა რომ დავიწყე, საკმაოდ "მძიმედ" ვიყავი, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ათი ათასიდან ერთს მაინც გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება და ეს ძალიან მეხმარება და მაძლიერებს. ზუსტად ასე შეგიძლია ყოველდღე გაძლიერდე სხვების გაძლიერებით. ჩაატარე მასტერკლასები, ტრენინგები ან უბრალოდ, შეაქე და რჩევები მიეცი შენს ახლობლებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს. ან უბრალოდ ჰკითხე, რაში სჭირდებათ დახმარება და იქნებ ისეთი რამ იყოს, რაც მარტივად შეგიძლია. მიეხმარე სრულიად უცხო ადამიანებს და თავს ბევრად უკეთ იგრძნობ, ვიდრე გუშინ.
11. Reset. ზოგჯერ, იმისათვის, რომ მაგრად იმუშაო, საჭიროა დასვენება. ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ რატომღაც მაინც არ გვჯერა, რომ ასეა. რატომღაც გვგონია, რომ რაც მეტ ღამეს გავათენებთ, მით მეტ საქმეს გავაკეთებთ. ვფიქრობთ, რომ შვებულების გარეშე მუშაობაა, რაც ჩვენ წინ წაგვიყვანს. ასე არაა და რაც ადრე მიხვდები ამას, მით უკეთესი. იპოვე ის აქტივობები და მოვლენები, რომლებიც შენს ცხოვრებაზე ყველაზე დადებით გავლენას ახდენს და აუცილებლად ჩასვი საკუთარ "განრიგში" ზუსტად ისე, როგორც საქმიან შეხვედრას ჩასვამდი. ეს შეიძლება იყოს რეგულარული მოგზაურობა ახალ ქვეყნებში, ქალაქებში (ან თუნდაც შენივე ქვეყნის მხარეებში), ციფრული ტექნოლოგიებისგან (digital detox), სოციალური მედიიდან დროებით გამოთიშვა ან უბრალოდ იპოდრომზე (ავტოდრომზე, ჰოკეის მოედანზე, კალათბურთის დარბაზში) წასვლა და საყვარელი გასართობი აქტივობა. ეს ერთდროულად საკუთარი თავის წახალისებაცაა, განტვირთვაც, მადლიერებაც და სტრესის უებარი წამალიც.
12. ისიამოვნე საქმით. ესეც თითქოს ისედაც გასაგებია, მაგრამ ძალიან ხშირად ვაკეთებთ ისეთ საქმეებს, რაც არ გვსიამოვნებს. ვფიქრობთ, რომ დღეს გავიჭირვებთ და ხვალ აღარ იქნება გასაკეთებელი. საბოლოო ჯამში კი, ვეჩვევით ამას და ნებისმიერი საქმე, რომლის კეთებაც გვიწევს, ჩვენთვის ტვირთი ხდება. არადა, ანტრეპრენერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიამოვნებდეს საქმე, რომელსაც აკეთებს. იმისათვის, რომ ამ მძიმე გზაზე წარმატებამდე მიხვიდე, უნდა გიყვარდეს შენი საქმე. ამიტომ შეეცადე, ყველანაირ ამოცანაში, რომელსაც ხელს მოჰკიდებ, ერთი დეტალი მაინც იპოვო ისეთი, რაც გსიამოვნებს. იპოვე ერთი მცირე მიზეზი მაინც, რომლის გამო ეს საქმე შენთვის სასიამოვნოა. თუ იპოვი, კონცენტრირდი ამ მიზეზზე და ისე გააკეთე ეს საქმე. დამიჯერე, ბევრად სწრაფად და ხარისხიანად გააკეთებ ნებისმიერ საქმეს და ნებისმიერ ამოცანას "თამაშად" აქცევ, თუკი ისწავლი საქმეში სიამოვნების პოვნას. მოკლედ, გადააქციე საქმე თამაშად და ყველაფერი გამოვა.
13. დაბოლოს: ყოველ ჯერზე, როცა ძალიან ცუდად იქნები და იფიქრებ, რომ ეს ფსკერია და ამაზე ცუდად ცხოვრებაში არ ყოფილხარ, გახსოვდეს, რომ ფსკერიდან მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ზევით. ამიტომ წამოდექი და მოემზადე შენს ცხოვრებაში ყველაზე მაგარი აღმავლობისკენ.
2015 წელს, როდესაც 44 ანტრეპრენერთან ერთად თელ-ავივის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ერთ- ერთმა მენტორმა პრეზენტაციის დროს გვითხრა, რომ განვითარება წრფივი არაა. განვითარება უფრო სპირალს ჰგავს, რომელსაც ზევით მიჰყავხარ. თუ ამ სპირალს ზემოდან დახედავ, გეგონება, რომ წრეზე მოძრაობ, თუმცა სწორი კუთხით შეხედვისას ადვილად მიხვდები, რომ სინამდვილეში ზევით მიდიხარ. რომ იცოდე, ეს იგივე სპირალია, რომელიც ზევით აღვწერე. სპირალი ერთია, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ, რომელი მიმართულებით ვიმოძრაოთ მასზე. როგორც კი ამას გავიაზრებთ, მიმართულების არჩევანი ჩვენზე გადმოდის და ჩვენი გადასაწყვეტი ხდება, კარგად ვიყოთ თუ ცუდად. მე მჯერა, რომ შენ არჩევანს გააკეთებ და ყველაფერი კარგად იქნება!
არა, მაპატიე. ყველაფერი კარგად უკვე არის, და ხვალ კიდევ უფრო კარგად იქნება!
გისურვებ შემართებას!