მისი ცხოვრების ყველაზე ცუდი ხუთი წელიწადი საუკეთესო საჩუქარი აღმოჩნდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შოკოლადის მოყვარულთა წარმოსახვაში მაქს ბრენერის ხსენებაზე მელოტი მამაკაცის გამოსახულება ჩნდება. მაგრამ შეიძლება ცოტამ თუ იცოდეს, ვინ არის ეს მელოტი მამაკაცი, ან რამდენად ატკინა ამ ბრენდმა გული, ან რა ასწავლა მას. ორიოდე სიტყვით კი, მხოლოდ ამის თქმა შეიძლება: Max Brenner რესტორანი და საცალო მაღაზიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ ადგილას, რომელიც ისეთ ნუგბარს ყიდის, როგორიცაა ფონდიუს კოშკი და შოკოლადის პიცა. მისი დევიზია: Chocolate by the Bald Man, მისი ლოგო კი... მელოტის მამაკაცის გამოსახულება. ეს მაქს ბრენერია? მთლად არა. კომპანიის დამფუძნებელი მელოტი მამაკაცია ისრაელიდან, სახელად ოდედ ბრენერი (მაქსი მისი ბიზნესპარტნიორი იყო), რომელმაც 25 წლის წინ გახსნა თავისი პირველი მაღაზია პატარა ქალაქ რა'ანანში და საბოლოოდ, კვების კონგლომერატს ისრაელიდან − Strauss Group-ს მიჰყიდა.
მაგრამ როდესაც ბრენერმა ცალკე დააარსა კაფეების ქსელი, როგორც თვითონ ამბობს, Strauss-ის ნებართვით, მისმა მშობლიურმა კომპანიამ ხელშეკრულების დარღვევის გამო უჩივლა. იგი გაკოტრდა სასამართლო დავის პროცესში, მას აეკრძალა შოკოლადთან დაკავშირებული რაიმეს შექმნა და საკუთარი სახელის ან სახის გამოყენება რომელიღაც ბრენდზე ხუთი წლის განმავლობაში (Strauss Group-მა Entrepreneur-ის თხოვნაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა). ქვემოთ ბრენერი გვესაუბრება იმის თაობაზე, თუ როგორ მივიდა იმ აზრამდე, რომ დევნილობაში ყოფნის გამანადგურებელი დრო სინამდვილეში შესაძლებლობაა, რომელიც შეიძლება სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოგეცეს.
თქვენ აქციეთ Max Brenner წარმატებულ ბრენდად. რატომ გაყიდეთ იგი?
ფულს კი გამოვიმუშავებდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ სამი წლის შემდეგ ეს თანხა გასაგრძელებლად საკმარისი იქნებოდა. პარტნიორის აყვანა მომიწია. Strauss − კვების ყველაზე დიდი კორპორაცია იყო ისრაელში. მათ ძალიან კარგი ხელფასი, ბონუსები, კონსულტაციის საფასური და ცოტაოდენი ჰონორარი მომცეს, მაგრამ – აქციების მხოლოდ 3,5 პროცენტი. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ საბოლოოდ, ის მილიარდიანი კომპანია გახდებოდა და ჩემი 3.5 პროცენტი შესაძლოა $35 მილიონად გადაქცეულიყო. მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმდენად შეყვარებული ვიყავი საკუთარ ქმნილებაზე, რომ რაციონალურად ვერ ვფიქრობდი.
მე დამოკიდებული გავხდი საჭმელზე, სიყვარულზე, აპლოდისმენტებზე, ოღონდ − კარგი თვალსაზრისით. Strauss-მა ისეთი შთაბეჭდილება შემიქმნა, თითქოს ბრენდი უჩემოდ ვერ იარსებებდა.
თქვენ საკუთარ კომპანიას მართავდით და შემდეგ კორპორაციის ნაწილი გახდით. რა შეიცვალა თქვენთვის?
განზოგადება არ მინდა, მაგრამ როგორც წესი, ანტრეპრენერი თავისი ბუნებით ძალიან იმპულსური ადამიანია, რომელიც ფაქიზი ინტუიციის პატრონია. მას გიჟური ჟინი აქვს, ცეცხლივითაა, ზუსტად იმ წუთას სურს რაიმე შეცვალოს. კორპორაციაში კი პროცესები, როგორც წესი, სხვაგვარად მიდის. დაახლოებით ასე – "მოდი, ამაზე დავფიქრდეთ. ანალიტიკა რას გვკარნახობს? რატომ არის ასეთი შეფუთვა?" და ეს ყველაფერი დაუსრულებლად გრძელდება.
როგორ დაგეძაბათ ურთიერთობა კორპორაციულ Max Brenner-ის გუნდთან?
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა ბრაზი და იმედგაცრუება. ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე, რომ ახალი კონცეფციის დაწყება მინდოდა. მაგალითად, Starbucks-ის ტიპის შოკოლადის პატარა კაფეები, თვითმომსახურება, სწრაფი სერვისი. მას Little Brown დავარქვი. ეს იდეა Max Brenner-ს წარვუდგინე, მაგრამ ისინი არ დაინტერესდნენ და ამიტომ ვუთხარი: "ვფიქრობ, ეს არ იქნება კონკურენცია Max Brenner-თან". მათ მიპასუხეს: "პრობლემა არ არის". ასე რომ, ერთი ასეთი კაფე ნიუ იორკის ისტ საიტზე გავხსენი. შემდეგ ფრანჩაიზი მქონდა რუსეთში და კიდევ ერთი – დუბაიში, ხოლო მეორე მაღაზია ჩელსიში ვიქირავე. ერთ დღესაც, Max Brenner-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მოვიდა ჩემთან და მითხრა: "არ მგონია, ერთად რაიმე გამოგვივიდეს. ცალ-ცალკე უნდა წავიდეთ".
მეც ვუთხარი: "პრობლემა არ არის". შემდეგ მან თქვა: "თქვენ უნდა შეწყვიტოთ ეს საქმიანობა აქაც და Little Brown-შიც". მე ვუთხარი: "არ შემიძლია, მე უკვე მაქვს ფრანჩაიზი და თქვენ იცით, რომ ჩემს კონცეფციას თქვენ უქმნით საფრთხეს". მას ბევრი აღარაფერი უთქვამს. შემდეგ, ერთ პარასკევს, ნაშუადღევს ვიღაცამ კარზე დააკაკუნა და მითხრა: "თქვენთვის შეტყობინებაა – სასამართლოში უნდა გამოცხადდეთ".
როგორი იყო სასამართლო პროცესი?
შეიძლება თავში არასოდეს მოგივიდეთ, რომ გაგანადგურებთ კორპორაცია, რომელსაც $3-მილიარდიანი ბრუნვა აქვს, მაგრამ სინამდვილეში, ზუსტად ასე მოხდა. ეს იყო ძალიან ხანმოკლე და აგრესიული ბრძოლა. ჩვენ სასამართლოში მივედით და მოსამართლემ გვითხრა, რომ ერთმანეთს უნდა მოვრიგებოდით. საერთოდ არ მქონდა ენერგია ბრძოლის გასაგრძელებლად და ჯიბეში ცენტიც კი არ დამრჩენოდა. უბრალოდ, მინდოდა, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო. ამიტომ ყველაფერზე უარი განვაცხადე. შეთანხმების ნაწილი კონკურენციაზე უარის თქმა იყო ხუთი წლის განმავლობაში.
სასამართლო დავის წაგების შემდეგ, ცხოვრების სტილის შეცვლა მოგიხდათ. როგორ შეცვალეთ იგი?
მანჰეტენზე ძალიან კომფორტულად ვცხოვრობდი და ამის შემდეგ ჩემი ოჯახი ჯერსიში, პატარა სახლში გადავიყვანე. მეგობრებთან დაკავშირება და დახმარების თხოვნა მომიწია. ეს სასიამოვნო არ არის − როდესაც მნიშვნელოვანი პერსონა იყავი, სამსახურში მიღებაზე გასაუბრებებს სხვებს უტარებდი, და ახლა უკვე შენ უნდა გაგევლო გასაუბრება ან მეგობრებისთვის გეთხოვა, კონსულტანტად აეყვანე სამსახურში. მე კი ვფიქრობდი, რომ მე მელოტი კაცი ვარ, მაქს ბრენერი, და ჩემი რჩევა ყველას სჭირდებოდა!
მაგრამ მელოტ მამაკაცს არავინ ელოდა. ადამიანისთვის, რომელმაც ყველაფერი თვითონ შექმნა, ბოსი გახდა, და ახლა ჩვეულებრივი დაქირავებული თანამშრომელი ხდებოდა, ეს გამანადგურებელი იყო. ჩემს თავს ვუთხარი: ეს ჩემი გზის კიდევ ერთი ეტაპია, რომელიც უნდა გავიარო.
2018 წელს, კონკურენციაზე უარის თქმის ხუთწლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, ნიუ იორკში ახალი კაფე გახსენით, სახელწოდებით Blue Stripes, რომელიც ჯანსაღ საკვებზე და კაკაოს უპირატესობებზე, "სუპერ საკვებზე" იყო დაფუძნებული. რით განსხვავდება ის Max Brenner-ისგან?
Max Brenner ფენომენური ბრენდი იყო, მაგრამ რასაც დღეს ვაკეთებ, ბევრად სასიამოვნოა და გაცილებით შემოქმედებითია. ამასთან ერთად, საინტერესო გზავნილიც აქვს. როდესაც ხედავ, რა ხდება მთელ მსოფლიოში – კლიმატის ცვლილება იქნება ეს, გარემოს დაბინძურება, უფსკრული მდიდარსა და სხვა ქვეყნებს შორის, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს, მოვნახე ჩემი 25-წლიანი გამოცდილებით რაღაცის შეცვლის პატარა გზა. და ეს ყველაფერი იმ ჯოჯოხეთური ხუთი წლის გამო მოხდა.
"ჯოჯოხეთსაც აქვს სარგებელი − კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს თქვენს ეგოზე, ეგო კი ჩვენი პიროვნების ძალიან დესტრუქციული ელემენტია. ჯოჯოხეთის უპირატესობა ისაა, რომ ადამიანებსაც სხვაგვარად ესაუბრებით და თქვენს ბიზნესზეც სხვაგვარად ფიქრობთ. საქმე ისაა, რომ სწორედ ჯოჯოხეთში მოხვედრა გაიძულებთ, ბევრი იფიქროთ". |
რას ურჩევდით ანტრეპრენერებს, რომლებსაც თავიანთი კომპანიისთვის პარტნიორების მოძიება სჭირდებათ?
ნუ დაკარგავთ კონტროლს თქვენს კომპანიაზე. მოლაპარაკებებზე უკიდურესად მკაცრი იყავით. თუ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ თქვენი ბრენდი, ისინი ბოლოს და ბოლოს დათმობაზე წავლენ. თუ არა და ნათელია, რომ ისინი შესაფერისი პარტნიორები არ არიან. თქვენ ანტრეპრენერობის ადრეულ ეტაპებზე უნდა გქონდეთ კონტროლი გადაწყვეტილების მიღებაზე, თუნდაც თქვენი ფინანსური კაპიტალი განზავებული იყოს, რადგან ოდესღაც ვიღაცამ მასში დიდი ფული დააბანდა. თუ არ აპირებთ კონტროლის შენარჩუნებას, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს არ იქნება თქვენი კომპანია.
ფეხზე როგორ უნდა წამოდგეთ? ამის შესახებ რა იცით?
გარკვეულ მომენტში მხოლოდ იმის სურვილი გაქვთ, რომ ყველაფერი დასრულდეს. მთელ სამყაროზე ხართ გაბრაზებული, ღმერთზე ხართ გაბრაზებული, ნებისმიერ ადამიანზე ხართ გაბრაზებული. სულ იმაზე ფიქრობთ, თქვენ ეს როგორ დაგემართათ. თუნდაც იცოდეთ, რომ სავარაუდოდ, ნაწილობრივ ეს ყველაფერი თქვენი ბრალია. მაგრამ, იმედია, ასეთი რამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება და ეს საკუთარ თავსაც ვუთხარი. მე უფრო მეტსაც ვიტყოდი: ეს ამავე დროს ერთადერთი შესაძლებლობაცაა. ჯოჯოხეთსაც კი აქვს სარგებელი − კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს თქვენს ეგოზე, ეგო კი ჩვენი პიროვნების ძალიან დესტრუქციული ელემენტია.
ჯოჯოხეთის უპირატესობა ისაა, რომ ადამიანებსაც სხვაგვარად ესაუბრებით და თქვენს ბიზნესზეც სხვაგვარად ფიქრობთ. საქმე ისაა, რომ სწორედ ჯოჯოხეთში მოხვედრა გაიძულებთ, ბევრი იფიქროთ. ამან შესაძლოა მთლიანად შეგცვალოთ. თქვენს თავს ყური მიუგდეთ, ეს შემთხვევით არ ხდება, ეს ცოტა არ იყოს, სულ სხვა სამყაროა, სულიერებისა და მისტიკის, და გირჩევთ, მოუსმინოთ მას. ყურადღება მიაქციეთ და საკმარისი დრო დაუთმეთ. შეიბრალეთ საკუთარი თავი, თქვენი გრძნობები გამოხატეთ, მაგრამ ეს პერიოდი თქვენი ცხოვრების შემდეგი ეტაპის შესაქმნელად გამოიყენეთ, თუნდაც ეს დაუჯერებლად გეჩვენებოდეთ. მაგრამ თუ შემოქმედებითად აზროვნებთ და ნამდვილი ანტრეპრენერი ხართ, აუცილებლად შეძლებთ დაბრუნებასა და თავიდან დაწყებას, შემდეგი მცდელობა კი გაცილებით უკეთესი იქნება.