რატომაა სტარტაპები კარგი ჩვენი ქვეყნისთვის? გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომაა დღესდღეობით ამხელა აქცენტი მთელ მსოფლიოში სტარტაპკომპანიებზე?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომაა დღესდღეობით ამხელა აქცენტი მთელ მსოფლიოში სტარტაპკომპანიებზე? რამდენად სწორია ამდენი ხელშემწყობი პროგრამის არსებობა დამწყები ბიზნესისათვის, ან რამდენად მართებულია ქვეყნის ამხელა ფინანსური რესურსის ინვესტირება სწორედ ანტრეპრენერულ ფირმებში?
მოდი, განვიხილოთ რა სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს წარმატებული სტარტაპკომპანიების არსებობა ისეთი პატარა და განვითარებადი ეკონომიკისათვის, როგორიც საქართველოა.
მოგეხსენებათ, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაშიც საგრძნობლად იმატა გულანთებული, საინტერესო ბიზნესიდეებით შეპყრობილი ახალგაზრდა ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ცდილობენ რაიმე ახალი, განსხვავებული შექმნან და მზად არიან, ამისათვის დღე და ღამე დაუღალავად იშრომონ. მეც ერთ-ერთი ამ ადამიანთაგანი ვარ და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ტენდენციაა ჩვენი ქვეყნისთვის.
მიზეზი იმისა, თუ რატომ ხდება სტარტაპერობა უფრო და უფრო მეტად მიმზიდველი ქართველი ახალგაზრდებისთვის, ის გახლავთ, რომ ეს ადამიანები საკუთარი განვითარების, ფინანსური სარგებლის მიღებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობას უფრო მეტად ანტრეპრენერობაში ხედავენ, ვიდრე კორპორაციულ სამყაროში რომელიღაც მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისას. თავისთავად, კორპორაციულ სამყაროში მუშაობაში ცუდი არაფერია, თუმცა ქვეყნის განვითარებას ასევე ხელს ძალიან უწყობს სტარტაპკომპანიები და მათი ენერგიითა და ახალი იდეებით აღვსილი, საქმის მცოდნე და მონდომებული ანტრეპრენერი დამფუძნებლები.
ქვეყნის ეკონომიკა და სამუშაო ადგილები
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომაა ხელშემწყობი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ბაზარზე წარმატებული ქართული სტარტაპკომპანიების უხვად არსებობა, არის რაღა თქმა უნდა ის ფინანსური რესურსი, რომელსაც მცირე და საშუალო სტარტაპკომპანიები მიმართავენ ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების სახით. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ანტრეპრენერული ფირმების როლი სამუშაო ადგილების შექმნაში. დღესდღეობით, როცა მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა, მცირე კომპანიების მნიშვნელობა თითოეული ადამიანის დასაქმებაში ძალიან დიდია. მით უმეტეს, რომ წარმატებული სტარტაპების ზრდის ტემპი დღესდღეობით ძალიან დაჩქარებულია და შესაძლოა დამწყები კომპანია, რომელიც ერთი წლის წინ სულ რამდენიმე ადამიანს ასაქმებდა, მოკლე პერიოდში ისე გაიზარდოს და განვითარდეს, რომ დღეს რამდენიმე ათეული თანამშრომელი ჰყავდეს დაქირავებული. ჩემი კომპანიის მაგალითი რომ მოვიყვანო, როცა "ალტერსოქსი" შეიქმნა, სულ 2 თანამშრომელი გვყავდა, დღეს კი ჩვენი გუნდი 20-მდე დასაქმებული ადამიანისგან შედგება. ეს, რა თქმა უნდა, ცალკე აღებული, ძალიან პატარა მასშტაბია, როცა მთელ ქვეყანას განვიხილავთ, მაგრამ დამეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში 20 უმუშევარ ადამიანს 20 დასაქმებული ნამდვილად სჯობს.
შემოქმედებითი დესტრუქცია და ინოვაცია
შემოქმედებითი დესტრუქცია − ეს ტერმინი ნუ შეგაშინებთ, რადგან დესტრუქციულად კი ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგ რამეს ნიშნავს. უამრავი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც დღეს შეგვიძლია მივიღოთ და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თავის დროზე სიახლე და იშვიათობა იყო. მაგალითად, მუსიკის მოსასმენად ადრე არსებობდა ფირები და ფირსაკრავები, მოგვიანებით შეიქმნა მაგნიტოფონები და კასეტები, რომელიც ჩაანაცვლეს CD-ებმა, შემდეგ CD-იც ჩაანაცვლა mp3-ფაილებმა და ახლა უკვე უამრავი აპლიკაცია არსებობს, რომელსაც ვიყენებთ მუსიკის მოსასმენად, გადმოსატვირთად და ა.შ. როდესაც იბადება ახალი პროდუქტები, რომლებიც იგივე ფუნქციებს უკეთესად ასრულებენ და მეტი ღირებულება მოაქვთ მომხმარებლებისთვის, ვიდრე არსებულ პროდუქტებს, ხშირად ძველების ჩანაცვლება ახალი, ინოვაციური პროდუქტებით ხდება − ამ ეფექტს შემოქმედებითი დესტრუქცია ჰქვია. შემოქმედებითი დესტრუქციის მიმდინარეობაში სტარტაპკომპანიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, რადგან ხშირად სწორედ ისინი არიან ახალი პროდუქტის ან არსებული პროდუქტის გაუმჯობესებული ვარიანტის შემქმნელები და ბაზარზე წარმდგენები. ასე იმიტომ ხდება, რომ სტარტაპები უფრო მეტად რისკავენ, ვიდრე დიდი კორპორაციები, უფრო მეტად ბედავენ ინოვაციურ პროდუქტებში დროისა და ფულის ინვესტირებას და შესაბამისად, ინოვაცია და სიახლე ხშირად სწორედ ანტრეპრენერული ბიზნესებიდან იღებს სათავეს. გაუმჯობესებული პროდუქტების არსებობას კი სარგებელი მოაქვს მთელი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ზოგჯერ − მთელი მსოფლიოსთვისაც კი. წარმოიდგინეთ, რამხელა დადებითი ეფექტი ექნება მთელ მსოფლიოზე, რომელიღაც სტარტაპკომპანიამ რომ შეძლოს და კიბოს წამალი გამოიგონოს? ან შექმნას აქსესუარი-მოწყობილობა, რომელიც წინასწარი გაფრთხილების სიგნალს მოგვცემს იმ შემთხვევაში, თუ გულის შეტევის კანდიდატი ვიქნებით? დიახ, მედიცინის, ტექნოლოგიებისა და ბევრ სხვა სფეროში, ინოვაციური პროდუქტები სულ უფრო და უფრო ხშირად იქმნება და ბევრი მათგანი ნიჭიერი ანტრეპრენერების შრომისა და მონდომების ნაყოფია. მათი დადებითი როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ინოვაციები დროთა განმავლობაში მთელი ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე აისახება.
დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა
სტარტაპკომპანიებს მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლიათ ბაზარზე არსებული დიდი კომპანიებისთვისაც. სტარტაპები ხშირად კონკურენციას ვერ უწევენ დიდ კორპორაციებს, რადგან არ აქვთ მასობრივი წარმოებისა და მასშტაბის ეკონომიკის მიღწევისთვის საკმარისი რესურსები. კონკურენციის სანაცვლოდ, დიდ კომპანიებს შეუძლიათ მათთან წარმატებით ითანამშრომლონ. დღესდღეობით, ბევრ ქვეყანაში, სტარტაპები სხვადასხვა საწარმოო კომპონენტების მომწოდებლები არიან, რომლებსაც დიდი კომპანიები საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად იყენებენ. ვფიქრობ, საქართველოშიც უფრო და უფრო მეტმა ქართულმა კომპანიამ უნდა ითავოს ადგილობრივი წარმოება და დიდ კომპანიებს, იმპორტის ნაცვლად, საქართველოში წარმოებული ალტერნატიული საწარმოო კომპონენტები თუ სხვა სახის პროდუქტები შესთავაზონ, რაც თავისთავად, ორივე მხარისთვის მომგებიანი და ხელსაყრელი იქნება.
მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, შეზღუდული რესურსებითა და განვითარებადი ეკონომიკით, მაგრამ ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები. მაგალითად, იმის გამო, რომ ჩვენი ბაზარი ახლა ვითარდება, აქ გაცილებით მეტი თავისუფალი ნიშაა, რომელიც სტარტაპკომპანიებს შეუძლიათ აითვისონ, ვიდრე განვითარებული ქვეყნების გაჯერებულ ბაზრებზე. ასევე, ჩვენთან საწყისი კაპიტალიც ბევრად ნაკლებია საჭირო ბიზნესის დასაწყებად, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. ამიტომაც, ვფიქრობ, ანტრეპრენერობისა და საკუთარი ბიზნესის შექმნის დღევანდელი ტენდენცია უფრო და უფრო უნდა გაიზარდოს, რაც ქვეყნის ეკონომიკას მხოლოდ წაადგება. მე მჯერა, რომ განათლებულ, შრომისმოყვარე და შემოქმედებით ანტრეპრენერებსა და მათ მიერ შექმნილ ინოვაციურ სტარტაპკომპანიებშია ჩვენი მომავალი.