რჩევები ბავშვებს წარმატება ველოსიპედის მართვის სწავლას ჰგავს - თუ არ დაეცი და ფეხი არ იტკინე, მართვას ისე ვერ ისწავლი!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"Shark Tank საქართველოს" მეორე სეზონი კარგი ამბებით დაიწყო: 14 წლის გიორგი შეშაბერიძემ, რომელმაც ე.წ. მამალოს ბიზნესი 9 წლის ასაკში წამოიწყო, "შარკებისგან" 20%-იანი წილის სანაცვლოდ 150 000 ლარის მოცულობის ინვესტირებაზე დადებითი პასუხი მიიღო.
ვფიქრობ, ეს განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოსთვის, რომელიც მხოლოდ ახლა უგებს გემოს ანტრეპრენერულ ცხოვრებას და სადაც 14 წლის გიორგის ისტორია არათუ მისი თანატოლებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც შთამბეჭდავი და მისაბაძია.
გიორგის 11 წლის ასაკიდან ვიცნობ, მასთან ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ მე ჩავწერე და გარდა იმისა, რომ ამ ფაქტით დღეს მე უფრო ვამაყობ, ვიდრე თავად გიორგი, კარგად მახსოვს, როგორ თავდაჯერებულად საუბრობდა თავის გეგმებზე, ახალი საწარმოს აშენებაზე, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაზე, დისტრიბუციის გაუმჯობესებაზე და საკუთარი მცირე ბიზნესის განვითარებაზე.
ამ ინტერვიუდან 3 წელი გავიდა. გიორგიმ თანმიმდევრული საქმიანობით, მიზანდასახულობითა და შეუპოვრობით მიაღწია დასახულ მიზანს. 3 წელი ბავშვს კი არა, თითზე ჩამოსათვლელ ზრდასრულ ადამიანებს თუ მოუთმენიათ! ასე რომ, ყველასათვის მისაბაძი ადამიანია გიორგი – პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც!
ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატარაობიდანვე ფლობდე უნარებს, რომლებიც დიდ მწვერვალებს დაგაპყრობინებს.
დღემდე ვფიქრობ, რატომ არ შეიძლება უფრო მეტმა ბავშვმა გაბედოს ის, რაც მხოლოდ გიორგიმ შეძლო, უფრო მეტი ბავშვი გახდეს ახლის დამნერგავი და საკუთარი თუ სხვათა ცხოვრების შემოქმედი.
ამიტომაც, გადავწყვიტე რამდენიმე რჩევა სწორედ გიორგის თანატოლებს, მომავალ ანტრეპრენერებს გავუზიარო, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ:
არ დაელოდოთ სხვას. თავად გააკეთეთ. თავად გამოიგონეთ. თავად შექმენით. თავად აწარმოეთ!
ასეთია გიორგი შეშაბერიძის ისტორიაც. გიორგი არ დაელოდა სხვას და თავად დაიწყო მამალოს წარმოება, რომელიც უყვარდა და ენატრებოდა იმიტომ, რომ ბაზარზე ასეთი პროდუქტი არ არსებობდა. როგორც ოტია იოსელიანმა თქვა, "საქმე უნდა გაიჩინო და გექნება". ასე რომ, საქმე გექნებათ თუ არა, და იქნება თუ არა ეს საქმე ის, რომლის კეთებაც ყველაზე მეტად გინდათ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
წაიქეცი? გააგრძელე სვლა!
წარმატება ველოსიპედის მართვის სწავლას ჰგავს, თუ არ დაეცი და ფეხი არ იტკინე, მართვას ისე ვერ ისწავლი! ასეთია წარმატებისკენ მიმავალი გზაც, რომლის გასავლელად დაცემა და ტკივილი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არაჩვეულებრივად კარგი შედეგები მოაქვს მათთვის, ვინც პირველსავე წაქცევის შემდეგ არ ჩერდება, მომდევნო წაქცევის შიშით არ ნებდება და სვლას აგრძელებს!
გაუფრთხილდით დროს!
დრო ყველაზე ძვირფასი და ღირებულია. გაუფრთხილდით და ნუ დაკარგავთ მას, გამოიყენეთ ყველა წუთი რაიმე ახლის გასაგებად, სამყაროს უკეთ შესაცნობად, ადამიანების გასაცნობად და მათზე საზრუნავად. დღევანდელ საქმეს ხვალისთვის ნუ გადადებთ. ხვალ სხვა წიგნები გექნებათ წასაკითხი და გული დაგწყდებათ, დროს კი ვეღარ დააბრუნებთ...
გამოიმუშავეთ ნებისყოფა
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროფესია გექნებათ, საკუთარ ბიზნესს დაიწყებთ თუ სპეციალობით იმუშავებთ − ნებისყოფა საქმეშიც და ცხოვრებაშიც უმნიშვნელოვანესია. აკონტროლეთ საკუთარი საქციელი, ისწავლეთ მოთმინება. ცდუნება და მასზე დამორჩილების მიდრეკილება ყველა ადამიანს თანაბრად აქვს, მთავარია, ვინ როგორ ებრძვის, ვინ როგორ ეწინააღმდეგება მას. პატარა წუთიერმა ცდუნებამ ჩვენ მიერ დასახული დიდი მიზნების მიღწევაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე და ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოხვალთ!
ავარჯიშეთ გონება!
დაინტერესდით ყველაფრით, რაც თქვენ გარშემო ხდება! იკითხეთ, უსმინეთ, უყურეთ დიდი ინტერესით და მწველი სურვილით, რომ თქვენც გახდეთ რაიმე სიახლის დამნერგავი, რაც უკეთესობისკენ შეცვლის ადამიანების ცხოვრებას. შეისრუტეთ ინფორმაცია და ცოდნა, რაც წიგნებისა და ინტერნეტის გარდა შესაძლოა მეგობართან საუბრისას, ბუნებაში სეირნობისას, მოგზაურობისას მიიღოთ. რაც ბუნების ან ადამიანის ხელითაა შექმნილი, ღირებული ინფორმაციის მატარებელია. ინტერესით დააკვირდით ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება, დააფიქსირეთ, დაიმახსოვრეთ, ჩაიწერეთ, გააგრძელეთ ფიქრი, დასვით შეკითხვები და მიიღეთ პასუხები. შესაძლოა, 9 წლის ასაკში ბიზნესი ვერ დაიწყოთ, მაგრამ შეგიძლიათ დაიწყოთ ფიქრი და გონების ვარჯიში, რაც შეუძლებელს შეგაძლებინებთ! არ დაგეზაროთ, ავარჯიშეთ გონება!
და ბოლო რჩევა ბავშვებს და არა მხოლოდ – იკითხეთ www.entrepreneur.ge