Cyber Monday Sale! 50% Off All Access

როგორ იყოს ქალი წარმატებული ბიზნესში და იმავდროულად, პირად ცხოვრებაში?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

მარტი ქალების თვეა. პრინციპში, მე თუ მკითხავთ, ყოველი თვე ქალებისაა. აბა, ვინ შეიძლება მათ წინ დაუდგეს, როცა ისინი ასეთი მობილიზებულები, ასეთი მგრძნობიარენი და ასეთი საზრიანები არიან?!

არც არავინ. და მაინც, ამ თემის განხილვისას, ბევრი კითხვა ისმის...

ასე, მაგალითად:

როგორ დარჩეს ქალი ქალად, როცა ის მართავს ბიზნესს? იქ ხომ ამდენი სტრესია?

როგორ გადარჩეს სამყაროში, რომელიც სავსეა მამაკაცის საკეთებელი საქმეებით (ემანსიპირებული ქალები ნუ შემომედავებით)?

როგორ შეინარჩუნო ქალურობა და არ გახდე რობოტი, როცა ყოველდღიური მმართველობითი რუტინა გიტევს ყველა მხრიდან?

როგორ იყო ერთდროულად კარგი დედა, ცოლი, შვილი და ხელმძღვანელი?

რომელ ენაზე ელაპარაკო მამაკაცებს და განსაკუთრებით მათ, ვინც შენი დაქვემდებარების ქვეშ არიან?

ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქალი ხელმძღვანელების მიმართ გაისმის და არცთუ იშვიათად, ამ შეკითხვებს თავად ქალებიც უსვამენ საკუთარ თავს.

როცა მომავალზე ფიქრობ და ცხოვრების ტემპს აკვირდები, იგრძნობ, რომ თუ ახლა ქალი არ "შემოვა" და ჩაერთვება, თუ საკუთარ კონტრიბუციას არ განახორცილებს, არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის, ბიზნესის, არამედ სამყაროს წინაშე, მაშინ აუცილებლად ცუდად დასრულდება სამყაროს განვითარების ამბავი...

"ჩვენი ცივილიზაცია და კოსმოსური სისტემა ქალის ტვინზე დიდ იმედს ამყარებს. რადგან ქალებს შეუძლიათ რაციონალურად აზროვნება და მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან რიგ საკითხებს, სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს უკეთესი მომავლის იმედი". გაგიკვირდებათ, და ეს სიტყვები ჩემი ან რომელიღაც ქალის მიერ დაწერილი არ გახლავთ. მამაკაცის ნაფიქრია. ანტონიო მენეგეტი იტალიელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგია, რომელიც სამყაროს სიკეთეებს ქალთა არსებობას და მათ სხარტ აზროვნებას უკავშირებს.

ვიღაცას შესაძლოა გადაჭარბებულად მოეჩვენოს ლიდერი ქალის როლი თანამედროვე სამყაროში, მაგრამ თუ დაუკვირდებით, ქალს აქვს მხოლოდ შობის, ანუ დაბადების შესაძლებლობა. მხოლოდ მათ შეუძლიათ ეს. მათ აქვთ საკუთარი სტრატეგიები, რომლითაც ისინი მართავენ. მართავენ არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ოჯახს, ურთიერთობებს, სიყვარულს, მეგობრობას და ყველაფერს. რა არის ეს სტრატეგიები?

ქალი ქმნის გონებით, მამაკაცი ქმედებებით. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, ქალებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ რაზე ვფიქრობთ.

ქალის მთავარი ამოცანაა ყური უგდოს საკუთარ შინაგან განწყობას, ვინაიდან თუკი ქალი შინაგანად სავსეა, კმაყოფილია და სრულფასოვნად გრძნობს თავს, მაშინ მას ყველაფერი საუკეთესოდ გამოსდის. სწორედ ამიტომ, ქალი მუდამ კმაყოფილი უნდა იყოს და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მამაკაცს მიუძღვის.

შემდეგი სტრატეგია, ეს არის უფუნქციო ქმედებისგან საკუთარი თავის გათავისუფლება. რას ნიშნავს ეს? ქალი ქვეცნობიერად მანიპულირებს მამაკაცით და ის არასოდეს პატიობს მას უყურადღებობას, და ამ დროს ხდება მომთხოვნი. ეს არის ქალის სისუსტე, შეიძლება ითქვას, ასეთ ინფანტილიზმს შეუძლია ქალი წარუმატებლობისთვის გაწიროს. ამიტომ მან იცის, რომ "მუხრუჭები" სჭირდება, თუმცა სიყვარული – ეს ის ნაწილია მის ცხოვრებაში, რომლის გამოც შეუძლია ყველაფერს ხაზი გადაუსვას. კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები – ეს კიდევ ერთი სისუსტეა მათი, ანუ ჩვენი. ეს არის საკითხი, როდესაც ანგარიშს არავის და არაფერს ვუწევთ.

თუმცა, არიან ქალები, რომლებსაც ეს სისუსტეები ძალიან კარგად ესმით. მათ იციან და ებრძვიან ამ სისუსტეებს გონივრული შესაძლებლობების ფარგლებში. ქალთა ასეთი კატეგორია გაცილებით კარგად მართავს ბიზნესს და საკუთარ გრძნობებსაც.

ქალს შეუძლია იყოს ცუნამი. ცუნამი კი შორიდან შესაძლოა ლამაზი სანახავია, მაგრამ მას დამანგრეველი ფუნქცია აქვს. ქალს შეუძლია საკუთარი ენერგიების გაკონტროლება; შეუძლია ყურადღება არ მიაქციოს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მშვიდად, წყნარად აკეთოს საკუთარი საქმე.

არსებობს მითები იმის შესახებ, რომ ქალის წარმატებულ კარიერას მისი ოჯახი და პირადი ცხოვრება ეწირება.

თუმცა ეს ნამდვილად მითია, რადგან ქალისთვის პრიორიტეტი ყოველთვის საკუთარი ოჯახია და შემდეგ საქმე, რომელსაც ის აკეთებს. როცა ქალი პოულობს საკუთარ მოწოდებას და იმ საქმეს, რომელიც უყვარს, სამსახურისა და პირადი ცხოვრების შეთავსებაში რთული არაფერია.

მიუხედავად ჩვენი გარეგნული სინაზისა, გაცილებით მეტის "აწევა" შეგვიძლია, ვიდრე მამაკაცებს. მეტად მტკიცე ვართ პრობლემების გადაჭრაში.

ამიტომაცაა, რომ თანამედროვე მმართველები საკუთარი ბიზნესის სამართავად სწორედ ქალებს ირჩევენ.

ჩვენ, ქალბატონებს, გვაქვს დასახული მიზანი, რომელსაც არ ვუხვევთ და მკაფიოდ მივისწრაფვით ამ მიზნისკენ, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა. მაშინ, როცა მამაკაცები მარტივად ნებდებიან.

ასე რომ, ჩვენი მისამართით ნათქვამი ფრაზა – "სუსტი სქესის წარმომადგენელი" – რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი არასწორია. თუმცა ყველაფერს დრო სჭირდება და იმედი მაქვს, ეს ფრაზა, მალე საერთოდ გაქრება. თანაც ისე, რომ აღარც გვემახსოვრება, ასეთი ფრაზა საერთოდ თუ არსებობდა.

ყველა ანტრეპრენერს და განსაკუთრებით მამაკაცებს, გილოცავთ გაზაფხულის დადგომას და ჩვენს თვეს. ჩვენ, ყველანი, ერთმანეთს ვაძლიერებთ!

ლილი (ხატია) ალფაიძე

PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი. "კატიანი და მეგობრების" დამფუძნებელი. ზღაპრების 2 წიგნის ავტორი.

PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი. "კატიანი და მეგობრების" დამფუძნებელი. ზღაპრების 2 წიგნის ავტორი.
Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი