Get All Access for $5/mo

როგორ უთავსებენ ერთმანეთს საუკეთესო ანტრეპრენერები ანალიტიკურსა და ემოციურ ინსტინქტებს საშუალო და გამორჩეული ლიდერები ერთმანეთისგან იმით განსხვავდებიან, რომ ეს უკანასკნელნი ხვდებიან, თუ რა პასუხს მოითხოვს გარკვეული ვითარება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ჯანმრთელობის გლობალური კრიზისის დაწყების დღიდანვე მთელი მსოფლიო ლიდერებს ადევნებდა თვალყურს, ზოგიერთებს ხოტბას ასხამდნენ, სხვებს − აკრიტიკებდნენ, იმის მიხედვით, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ისინი ამ კატასტროფას. პირველი კატეგორიის მაგალითი, ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯესინდა არდენია, რომლის პასუხი პანდემიაზე მტკიცე და თანაგრძნობით აღსავსე იყო.

The Times-ის სარედაქციო საბჭო წერდა:

"პოლიტიკის, ეკონომიკისა და მეცნიერების გარდა, არსებობს გარკვეული ადამიანური თვისებები, რომელთა გაყალბებაც შეუძლებელია. ყველაზე მთავარი თანაგრძნობაა, რომელიც შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს შეშინებული, დაუცველი და დაზარალებული მოსახლეობის დასამშვიდებლად".

პოლიტიკა იქით იყოს, და ბოლო რამდენიმე თვის მოვლენებმა ნათელი მოჰფინა, თუ რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ეფექტიან ლიდერს. თავს არ მოვიტყებ და არ ვიტყვი, რომ ჩემი კომპანიისა და ქვეყნის მართვისთვის აუცილებელი უნარები ერთმანეთთან ახლოსაა, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია თქმა, რომ წარმატებულ ანტრეპრენერთა უმრავლესობას თავიანთი ემოციური და ანალიტიკური აზროვნებით, გადაწყვეტილების მიღების მსგავსი უნარები აქვთ. საიდუმლო ის არის, რომ გარემოებების მიხედვით, ან ერთი უნდა გამოიყენონ ან მეორე, ან ორივე ერთად.

მეტიც − თუნდაც ძლიერი მიდრეკილება გქონდეთ აზროვნების ერთი ან მეორე ტიპისკენ, ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ორივე მათგანის დახვეწა შეგიძლიათ.

მაგრამ, უპირველესად, უფრო ღრმად გავეცნოთ ჩვენი ტვინის ამ განსხვავებულ ფუნქციებს.

როგორ ესმით ექსპერტებს ადამიანის გონება

წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა მეგობარმა პირადი ცხოვრების პრობლემები გაგიზიარათ − საყვარელ ადამიანთან დაცილება ან ახლობელი ადამიანის ავადმყოფობა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კოლეგა ან თანამშრომელი გთხოვთ დახმარებას სამსახურთან დაკავშირებულ საქმეში. ასეთ დროს, შესაძლოა საკუთარი თავი ორ განსხვავებულ როლში დაინახოთ. პირველში, თქვენ უსმენთ და საკუთარი თავის წარმოდგენას ცდილობთ მის ადგილას, მეორე − პრობლემის მოგვარებას ცდილობთ და მეთოდურად ეძებთ პრობლემის გადაჭრის პოტენციურ გზებს.

Case Western Reserve University-ის პროფესორ ენტონი ჯეკის მიერ ჩატარებული გამოკვლევით, ჩვენს ტვინს ორი მთავარი ნეირონული ქსელი აქვს: ანალიტიკური, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას და ანალიტიკური აზროვნების პროცესებისას აქტიურდება, და ემპათიური, რომელიც მაშინ აქტიურდება, როდესაც დაკვირვებებს ვაწარმოებთ და ჩვენს გარემოში გარკვევას ვცდილობთ, მათ შორის − იდეებსა და ადამიანებში.

პროფესორი ჯეკი, რომელიც ტვინის ნეიროვიზუალიზაციის კვლევებს ატარებდა, ამბობს, რომ ეს ორი ქსელი ერთმანეთის საწინააღმდეგო მოქმედებისაა, მაგალითად, როგორც ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. როდესაც ერთი მუშაობს, მეორე ისვენებს, და პირიქით.

უმრავლესობას ერთი მხარე აქვს წამყვანი. შესაძლოა, თქვენ ისეთი პიროვნება ხართ, რომ უმეტესად ინტუიციას ენდობით და ინსტინქტურად მოქმედებთ. ან ისეთი ხართ, რომელიც თითოეულ გადაწყვეტილებაზე საათობით ფიქრობს. ანტრეპრენერთათვის, წარმატების საიდუმლო იმის დადგენაა, თუ როგორ უნდა გაააქტიურონ ორივე ქსელი და საჭირო დროს, წინ და უკან გადართონ.

ორივე ნეირონული ქსელის გამოყენება

ვფიქრობ, ამაში ყველანი შევთანხმდებით: ვითარებამ შესაძლოა ჩვენს აზროვნებაზე მოახდინოს გავლენა. თუ ჩემსავით ხართ, როდესაც ოფისში შეაბიჯებთ, ან თუ დისტანციურად მუშაობთ, ოფისის რეჟიმში გადახვალთ და თქვენი ანალიტიკური ქსელი იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. თქვენ შესაძლოა ყველაზე ფაქიზი პიროვნება ხართ, როდესაც თქვენს ოჯახსა და მეგობრებზეა საუბარი, მაგრამ როდესაც სამუშაო რეჟიმზე გადახვალთ, თანაგრძნობამ გვერდით გადაინაცვლოს.

მაგრამ თუ ემპათიური ლიდერი უფრო ხართ, ეს თქვენს ბიზნესს საკმაოდ ბევრ საქმეში დაეხმარება. Blank Label-ის თანადამფუძნებელი დენი ვონგი Entrepreneur-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განმარტავს, თუ რატომ არიან გაცილებით მომგებიანი კომპანიები, რომლებსაც ემპათიური ლიდერები მართავენ.

"ემპათიური ანტრეპრენერები ჩვეულებრივ, თავიანთი ორგანიზაციების წარმატებას ბედნიერი მომხმარებლისა და იმ თანამშრომლების რაოდენობით საზღვრავენ, რომლებსაც მხარს უჭერენ. კლიენტები და თანამშრომლები კი, უზომოდ ერთგულნი არიან კომპანიების, რომელსაც ნამდვილად ესმით მათი".

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც ჩვენი ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმის გადასახედად და მის შესაცვლელად შეგვიძლია.

Harvard Business Review-ს მიხედვით, ნებისმიერს შეუძლია ისწავლოს ნერვული ქსელების უკეთ გაკონტროლება, რომლებიც მისი აზროვნების პროცესების მართავს, "თვითანალიზით, გამიზნული მეთოდებით და გაცნობიერებული განზრახვებით". ეს სამეტაპიანი პროცესია, რომელიც ჩვენი დომინანტური ქსელის დადგენით იწყება.

როდესაც რაიმე პრობლემას შეეჯახებით, წამით შეჩერდით და გონივრულად შეხედეთ თქვენს მიდგომას. რაციონალური მიდგომისკენ ხართ უფრო მეტად მიდრეკილი − გონებაზე იერიშის მიტანა, გადაწყვეტილებების კვლევა და ტესტირება? თუ უმეტესად ემოციური ან შემოქმედებითი იმპულსებით ხელმძღვანელობთ? თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში ყურადღებას გაამახვილებთ, სავარაუდოდ, შეამჩნევთ, თუ როგორ გამოიკვეთება თქვენი მოდელი.

შემდეგ, უკვე არადომინანტური ნეირონული ქსელის გავარჯიშებას დაიწყებთ. თუ თქვენი ბუნებრივი რეჟიმი ანალიტიკურია, ემპათიური მხარის გაძლიერებაზე დაიწყეთ მუშაობა − მოუსმინეთ ადამიანებს, არ იჩქაროთ, რომ მათი აზრის გაგება შეძლოთ, ლოგიკური გადაწყვეტილებების ძიებისას ნუ აჩქარდებით.

თუ თქვენ უფრო მეტად ანალიტიკური ტიპის ხართ ან ანალიტიკური ქსელი მეტად გაქვთ განვითარებული, როდესაც რაიმე საკითხები წამოიჭრება, უფრო მეთოდური მიდგომები სცადეთ. ჰელენ ლი ბუინგი, რომელმაც Reboot Foundation დააფუძნა ადამიანების დასახმარებლად, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში სამი მარტივი ჩვევის განვითარებას გვირჩევს:

  1. სათუოდ მიიჩნიეთ ვარაუდები
  2. ლოგიკურად იაზროვნეთ
  3. სხვადასხვა მოსაზრება მოისმინეთ

სრულიად აშკარაა, თუ რას გულისხმობს პირველი ორი პუნქტი. მესამე − მიზანმიმართულ ძალისხმევას გულისხმობს, რომ ისეთი ადამიანების გარემოცვაში ეცადოთ ყოფნა, რომლებსაც განსხვავებული ბიოგრაფია და შეხედულებები აქვთ.

"უზომოდ მნიშვნელოვანია საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა. მცირედით შეგიძლიათ დაწყება. თუ ბუღალტერიაში მუშაობთ, მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს დაუმეგობრდით. თუ ყოველთვის ხელმძღვანელ პერსონალთან ერთად სადილობთ, ბურთის სათამაშოდ თქვენს უმცროს კოლეგებთან ერთად გაეშურეთ", განმარტავს ბუინგი.

განსხვავებული შეხედულებები და გულწრფელი კომენტარები უბრალოდ ფასდაუდებელი დახმარებაა ნებისმიერი ანტრეპრენერის და მისი ანალიტიკური აზროვნების უნარისთვის. სწორედ ამიტომ, ბესტსელერის ავტორი კიმ სკოტი, რომელიც ადრე Google-ის თანამშრომელი იყო, და ისეთი კომპანიების აღმასრულებლების ქოუჩი, როგორიც Dropbox და Twitter-ია, დარწმუნებულია, რომ ძლიერი ლიდერები ისეთი ადამიანების გარემოცვაში ცდილობენ ყოფნას, რომელთათვისაც ე.წ. "რადიკალური გულწრფელობაა" მთავარი.

დაბოლოს, ამ ორ ქსელს შორის − ანალიტიკურსა და ემპათიურს შორის გადართვა სცადეთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში თქვენ გაქვთ ხელთ მართვის სადავეები. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, როგორ უნდა ააწყოთ თქვენი ბიზნესმოდელი უახლოეს თვეებში, ანლიტიკური ქუდის მორგება სჯობს. მაგრამ თუ თქვენი თანამშრომელი მოდის თქვენთან შეწუხებული იმით, რომ ოფისში უწევს წასვლა, მცირეოდენი თანაგრძნობის გამოხატვას დიდი მნიშვნელობა ექნება.

ტვინის ორივე მხარეს თუ გამოიყენებთ, დღევანდელ პრობლემებსაც მოაგვარებთ, საკუთარი ბიზნესსაც დაიცავთ და ლოიალურ გუნდსა და მომხმარებელსაც შეიძენთ.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!