სახელმძღვანელო დამწყებთათვის ანტრეპრენერობაში წარმატების მისაღწევად ბიზნესის დაწყება იმ შემთხვევაშიც უნდა სცადოთ, როდესაც არც სამუშაო გამოცდილება გაქვთ, არც განათლება და არც უნარები... შესაძლოა დიდ წარმატებას მაინც მიაღწიოთ
By რაჯ ჯანა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესის დაწყება მაშინაც კი უნდა სცადოთ, როდესაც არც სამუშაო გამოცდილება გაქვთ, არც განათლება და არც უნარები. ამ დროს თავში ათასი მიზეზი მაინც გაგიელვებთ, რატომ არ უნდა წამოიწყოთ ახალი საქმე, გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა და მთლიანად იყოთ კონცენტრირებული იმაზე, რაც უკვე იცით.
საკუთარ ბიზნესზე ყოველთვის ოცნებობდით, შინაგანი ხმაც ჩაგჩურჩულებთ, რომ უნდა სცადოთ, მაგრამ როგორ დაგეწყოთ, არ იცოდით. იდეების მთელი სია გაქვთ, მაგრამ ნებისმიერი მათგანი მიუღწეველი გეჩვენებათ; სათანადოდ მომზადება და დაწყება გსურთ, მაგრამ საკუთარი წარსული გახსენდებათ და ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ.
სინამდვილე კი ასეთია: შესაძლოა სრულიად ახალბედა იყოთ ამ საქმეში და წარმატებას მაინც მიაღწიოთ.
ზოგჯერ გამოუცდელობა უკეთესიც კია − გინდა არ გინდა, ყველაფერს ობიექტურად უყურებ. გამოცდილებას მხოლოდ მაშინ შეიძენთ, როდესაც მოქმედებაზე გადახვალთ და რაღაც ახალს ისწავლით. ამ დროს აუცილებლად მიაგნებთ გზას, რომელიც გაამართლებს.
ასეთი გზა მე უკვე გავიარე:
- ინჟინერ-მენავთობედ ვმუშაობდი და ამ დროს ძალას არ ვიშურებდი, რომ ჩემი დამატებითი სამუშაო წარმატებულ, მილიონდოლარიან კომპანიად მექცია იმ ბაზარზე, რომლის შესახებაც საერთოდ არაფერი ვიცოდი;
- კომედიანტობაზე წარმოდგენა არ მქონდა და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე, ბროდვეიზე მქუხარე აპლოდისმენტები დავიმსახურე;
- საერთოდ არ მქონდა გამოცდილება და 12 თვეში ჩემი 50-ზე მეტი პოდკასტით იმდენად დაინტერესდა სრულიად უცნობი აუდიტორია, რომ ათიათასჯერ მაინც ჩამოტვირთა.
შეეჭიდეთ იმას, რაც სრულიად წარმოუდგენელი გგონიათ და მთლიანად დაამსხვრევთ იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც თავად დაუწესეთ საკუთარ თავს. გასაოცარია, მაგრამ ეს არც ისეთი რთულია, როგორც გგონიათ. თუნდაც საქმეს ნულიდან იწყებდეთ, ამ 5 მთავარი ელემენტის გათვალისწინება ნებისმიერი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
1. საკუთარ თავს დაწყებისთანავე მკაცრად ნუ შეაფასებთ
სამოტივაციო პოდკასტებზე მუშაობა 2017 წლის დეკემბერში დავიწყე. გამოცდილების მისაღებად სხვა პოდკასტები როგორც კი ვნახე, გამხნევების ნაცვლად საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. ვიგრძენი, რომ ვერაფერს შევძლებდი. ყველა ჩემზე ბევრად უკეთესი იყო და გაცილებით მეტი ჰქონდა გაკეთებული. ამან ცოტა არ იყოს შემაშინა, ყველაფრის სურვილი დავკარგე. – "ღირს კი ამისთვის წვალება? შევძლებ კი რაიმეს გაკეთებას? ადამიანები ხომ არ გამაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ასეთი მცირე მასშტაბებით ვიწყებ?" − გამუდმებით ვეკითხებოდი საკუთარ თავს.
თუ იმ ადამიანებს შეადარებთ თავს, რომლებსაც თქვენზე გაცილებით მეტი აქვთ გაკეთებული, ნებისმიერი საქმიანობისთვის შეუფერებლად იგრძნობთ თავს. უმჯობესია საკუთარი თავი იმის მიხედვით შეაფასოთ, თუ რამდენის გაკეთება შეძელით და არა იმით, თუ საერთოდ რამდენის გაკეთებაა საჭირო.
ბიზნესი ერთ მშვენიერ დღეს რომ არ დამეწყო, ამდენს ხომ ნამდვილად ვერ მივაღწევდი?.. უკან ვიყურები და სიამაყე მიპყრობს იმის გამო, რასაც ჩემმა პოდკასტმა უკვე მიაღწია და ვინ იცის კიდევ რამდენს შეძლებს, რამდენ მილიონ ადამიანზე მოახდენს გავლენას.
ეს მარტივი საქმე სულაც არ ყოფილა. ვერასოდეს მიხვდებით, როგორი ნიჭიერი და გონებამახვილი ხართ, თუ მხოლოდ იმის გაკეთებას შეეცდებით, რაშიც ეჭვი არ გეპარებათ.
2. ყოველთვის თანმიმდევრულად იმოქმედეთ
ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებას დიდი ენთუზიაზმი ახლავს. ეს თავდაპირველი აღფრთოვანება ქრება თუ არა, შეცდომების შიში, გარდაუვალი ბარიერები და რწმენის ნაკლებობა მაშინვე უკან გახევინებთ. ამ სირთულეებს თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა შეეწინააღმდეგოთ.
არა საბოლოო შედეგი, არამედ თქვენი ყოველდღიური სამუშაო უნდა შეიყვაროთ მთელი გულით და სულით. მართალია ამ გზაზეც ბევრს მიაღწევთ, მაგრამ წარმატებები ყოველთვის ვერ მოგცემთ იმპულსს. გაცილებით ეფექტური იმ სისტემებისა და პროცესების შექმნაა, რომლებიც ყოველდღიურად გიბიძგებთ გეგმის შესრულებისკენ. მხოლოდ ასე თუ შეძლებთ თქვენი რთული მიზნების გამოყენებას განუწყვეტელი ზრდისა და განვითარებისთვის.
პირველად კვირაში ერთი პოდკასტის მომზადება დავისახე მიზნად. პასუხისმგებლობის გრძნობა მუდმივად რომ მქონოდა, ეს ჩემს მსმენელებსაც შევატყობინე. "კულისებს მიღმა" ყველაფრის მოწესრიგებას შევეცადე. ვიცოდი, რომ ამ გრაფიკით მთელ ჯაჭვს ვქმნიდი, რომლის დარღვევაც ძნელი იქნებოდა. ჩემი ეპიზოდების რაოდენობამ წარმოუდგენლად იმატა: თავდაპირველად 10 იყო, შემდეგ − 25, 50 და მეტადაც გაიზარდა; ტრიალებდა და ტრიალებდა ინტერნეტში.
ზუსტად ეს მეთოდია ეფექტური ნებისმიერი ახალი საქმის წამოწყებისას. თქვენი პროდუქტის ან მომსახურების გასაყიდად ყველაფერი უნდა გააკეთოთ, სადაც საჭიროა ყოველდღიურად თუნდაც მინიმუმ 5-ჯერ მაინც უნდა დარეკოთ და დაუპატიჟებლადაც მიხვიდეთ. თუ გინდათ მოქნილი გახდეთ, ყოველდღიურად უნდა ივარჯიშოთ. თუ ბიზნესის დაწყება გსურთ, დრო უნდა გამოყოთ და ყოველდღიურად იმუშაოთ.
დრო ყველაფერს მოგცემთ, რასაც მოისურვებთ, მაგრამ გრძელ დისტანციაზე რბოლის დასაწყებად მზად უნდა იყოთ.
3. ეცადეთ ხვალ უკეთესი გახდეთ
"მოულოდნელი წარმატება"− ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. დიდი მიღწევები მხოლოდ გონივრულად დაგეგმილი მოქმედებების შედეგია. პროექტის დაჩქარება ან მისი შეკვეცა არ შეიძლება.
ბიზნესის ზრდა თანმიმდევრულად ხდება, იგი თითქოს თავისთავად ვითარდება. ყოველდღიურად თქვენი საქმიანობის 1%-ით გაუმჯობესებას შეეცადეთ და დროთა განმავლობაში ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ. მეთოდების დახვეწასაც შეძლებთ და გაცილებით ეფექტურიც გახდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პროგრესზე ზრუნვა ჩვევად გექცევათ და ამის გამო თქვენი პიროვნული ზრდა არ შენელდება.
ჩემს საქმიანობას ყოველდღიურად ვაანალიზებდი და ამის წყალობით ყველა საქმეს თანმიმდევრულად ვაწარმოებდი. ჩემი გამარჯვებების განმტკიცებასა და პატარა გაკვეთილების მიღებაში სწორედ ეს პრაქტიკა დამეხმარა, ყოველდღიური ზრდისკენ მიბიძგა. გონივრულ კრიტიკაზე ყურადღების გამახვილება და მისი გათვალისწინებაც ვისწავლე და ამასთან ერთად, უაზრო შენიშვნების იგნორირებაც მოვახერხე.
ეს თქვენც შეგიძლიათ.
4. შეეცადეთ სწაფად იწვნიოთ მარცხი
ბუნებრივია, ბევრ რამეს არასწორად გააკეთებთ, თუ რიგიანად არ იცით, რას აკეთებთ. უბრალოდ, თქვენი დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ წარუმატებლობების მიმართ.
ჩვეულებრივ, ადამიანებს წარუმატებლობები კი არ აშინებთ, უბრალოდ არ უნდათ მათი მარცხი სხვებმაც დაინახონ. შეცდომები კი, პიროვნული ზრდისა და განვითარების სერიოზული საშუალებაა. რაღაცის არასწორად გაკეთება სასიამოვნო გრძნობას არასოდეს იწვევს, მაგრამ სწავლისკენ ნამდვილად გიბიძგებთ. უკვე სხვა ტიპის, "უკეთესი" შეცდომების დაშვების წყალობით, გაცილებით სწრაფად დაიწყებთ ზრდასა და განვითარებას. ამასთან ერთად, რაც უფრო სწრაფად დაეცემით, მით მალე ადგებით ფეხზე.
ყველა სირთულე და დაბრკოლება უნდა გადაიტანოთ. გახსოვდეთ, რომ როდესაც რთულ გზას შეუდგებით, ყველა მაშინ გადაგიდგებათ წინ. ამ გზის გასავლელად ნებისმიერ შემთხვევაში მზად უნდა იყოთ. წარმატება მაშინ მოვა, როდესაც საკუთარი თავისადმი წაყენებულ მაღალ მოთხოვნებს იდეაფიქსად კი არ გადააქცევთ, არამედ სწავლითა და პროფესიული ზრდით შეებრძოლებით და ბევრად უკეთესი გახდებით.
რეი დალიო − ოფშორული საინვესტიციო ფონდის დამფუძნებელი და ბესტსელერის ავტორი, თავის წიგნში "პრინციპები: ცხოვრება და მუშაობა", წერს: "სავარაუდოდ, ბევრი არაფერი გისწავლიათ, თუ ერთი წლის წინანდელი საქმიანობის შეფასება არ შეგაძრწუნებთ და არ იტყვით, როგორი სულელი ვიყავიო".
5. იმ ადამიანებისგან ისწავლეთ, რომლებმაც უკვე გააკეთეს ის, რის მიღწევასაც თქვენ ცდილობთ
თანამედროვე სამყაროში ყველაფრის ნულიდან დაწყება არავის უხდება. ნებისმიერ სფეროში უამრავი ინფორმაციაა დაგროვილი და ამიტომ ხელების ცეცებით გზის გაკვალვა არ მოგიწევთ. მოძებნეთ ადამიანები, რომლებმაც უკვე მიაღწიეს იმას, რაც თქვენ გსურთ და მათი გამოცდილება გაიზიარეთ.
- სცადეთ ინვესტირება მენტორებში (მათ ორ თვეზე ნაკლებ დროში მომამზადეს ბროდვეიზე გამოსასვლელად);
- სცადეთ ინვესტირება კურსებში (ჩემი ბიზნესი ამის წყალობით ერთ წელიწადში მულტიმილიონდოლარიანად ვაქციე);
- სცადეთ ინვესტირება წიგნებში, სემინარებში, სხვადასხვა ღონისძიებაში (ამ გზით გავეცანი წარმატებების ისტორიებსა და იდეებს, რომლებიც იმაზე ნაკლებ დროში დამეხმარა წარმატების მისაღწევად, ვიდრე წარმოვიდგენდი).
ბონუს რჩევა: რაც ადრე დაიწყებთ, მით მეტს მოიგებთ
მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად მართლაც საუკეთესო დრო 20 წლის წინ იყო. როდისღა დადგება ასეთივე კარგი დრო? − ზუსტად ამ წუთას, ახლა.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომ გამოცდილება არ გაქვთ. მთავარია სწავლა გინდოდეთ, შეცდომებიც დაუშვათ, მაგრამ ყველაფერი გააკეთოთ იმის გასახორციელებლად, რისი დაწყებაც გსურთ. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით, თუნდაც ეს ბრმა ნაბიჯი იყოს, იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ნამდვილად შეგიძლიათ.
დაიწყეთ, უკვე დროა.