Black Friday Sale! 50% Off All Access

ტოჩინოშინის რთული გზა იშვიათი შეუპოვრობის მაგალითი ანტრეპრენერებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი ებანოიძე

წარმოიდგინეთ: ერთ დღეს, 17 წლის ასაკში, სრულიად უცხო ქვეყანაში აღმოჩნდით. არ იცით ენა, არ გესმით გარშემომყოფების, ვერ ხვდებით, როდის და რა გევალებათ. ოჯახიც გენატრებათ. გარდა ამისა, თქვენს კისერს მძიმე ვალდებულება "ამშვენებს" – იაპონიაში ხართ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურისა და წეს-ჩვეულებების მქონე ქვეყანაში და მათი ტრადიციული სპორტის სახეობის, სუმოს დაუფლებას ცდილობთ. რას იზამდით? გაიქცეოდით სამშობლოში და მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებდით? თუ გამოწვევას მიიღებდით და თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებდით, რომ თავი დაგემკვიდრებინათ? არ იფიქროთ, რომ წარმატებული ადამიანები მსგავს გადაწყვეტილებას მარტივად იღებენ. მაგალითად, ტოჩინოშინი აიღეთ – ახლა უკვე მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული სუმოისტი.

13 წლის წინ იაპონიაში ჩასული 17 წლის ლევან გორგაძე ვერც კი იფიქრებდა, რომ ერთ დღეს, სამშობლოში დაბრუნებულს, "მრავალჟამიერითა" და სიხარულის ცრემლებით დახვდებოდნენ. მაშინ იაპონიიდან საქართველოში ჩამოსვლაზე ფიქრობდა. ენის ბარიერი, უცხო ქვეყანა და ოჯახის მონატრება აქაურობისკენ უბიძებდა, მაგრამ კლუბ "კასუგანოს" წევრთა სიკეთემ და დახმარების სურვილმა გადააფიქრებინა.

ტოჩინოშინი "კასუგანოს" ათლეტია. მისი სახელის აღმნიშვნელი იეროგლიფები "გულს" ნიშნავს – "შიკონა" (შერქმეული სახელი) კლუბის პრეზიდენტმა შეურჩია. ბოლო წლების განმავლობაში ტოჩი იყო პირველი უცხოელი ათლეტი, რომელიც მათი დიდი ოჯახის წევრი გახდა. იაპონური "გულის გადანერგვა" სახელიდან დაიწყო. 13 წლის შემდეგ ოძეკის ტიტული მიიღო. გრანდ ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა უკლია.

თუმცა, აქამდე რთული გზა განვლო. იაპონია ახლა მისი მეორე სამშობლოა. ლევანი ტოჩინოშინად 2005 წელს გარდაისახა. სანამ სუმოს სამყაროში თავს დაიმკვიდრებდა, ენის საფუძვლები შეისწავლა და მალევე საქართველოში დაბრუნებაც გადაიფიქრა.

დღისა და კვების მკაცრი რეჟიმი, მრავალი შეზღუდვა და კანონები სუმოისტთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთხელ ტოჩინოშინი იმის გამოც კი დასაჯეს, რომ ტრადიციული კიმონოს ნაცვლად, ქუჩაში ევროპული სამოსით "გამოიჭირეს".

წარმოშობით მცხეთის რაიონიდანაა. სამშობლოს იშვიათად სტუმრობს. იშვიათად ხედავს მეუღლეს და პატარა ქალიშვილს – ანასტასიას. მისი ყოველდღიურობა სუმოთია მოცული – მუდმივი ვარჯიში, ერთი შეჯიბრების დასრულებისთანავე მომდევნოსთვის მზადება.

"რასაც მაყურებელი დოჰიოზე (რინგზე) ხედავს, სულ რამდენიმე წამი გრძელდება, იქამდე კი მთელი დღე ვემზადებით. ხანდახან ტურნირის მონაწილეები დღეში 5 საათს ვმგზავრობთ, რათა დარბაზამდე მივიდეთ, შემდეგ კი უკან დავბრუნდეთ. ოიჩოს (ვარცხნილობის) გაკეთებასაც კი რამდენიმე საათი სჭირდება", – უხსნის "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს შეხვედრაზე ათლეტი.

სუმოში 6 პროფესიული დივიზიონია. ტურნირის შედეგებიდან გამომდინარე, სპორტსმენი უმაღლეს ლიგაში რჩება, ან ქვეითდება. ორთაბრძოლა რამდენიმე წამი გრძელდება. მოწინააღმდეგე დამარცხებულად მიიჩნევა, თუკი დოჰიოს მიღმა აბიჯებს ან ძირს ეცემა.

ბოლო ტურნირში ტოჩინოშინმა 15-იდან 13 შეჯიბრება მოიგო. თუმცა, ოძეკის წოდებას მხოლოდ წარმატებული ასპარეზობის მიზეზით როდი ანიჭებენ. იაპონიის სუმოს ასოციაცია საპატიო ტიტულს მხოლოდ ღირსეულ მებრძოლებს აძლევს – მათ, ვინც იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების წესებს პატიოსნად იცავენ.

სუმოს ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. სპორტის ოფიციალურ სახეობად სუმო ადრეული ედოს პერიოდში, მე-18 საუკუნეში აღიარეს.

ტოჩინოშინს ჟურნალისტებითა და გულშემატკივრებით გარშემორტყმულს შევხვდით. ლურჯ კიმონოში გამოწყობილი ათლეტი ამდენი ყურადღებით აშკარად დაღლილია. საკუთარი ძმის ქორწილში გადათენებული ღამის შემდეგ დააგვიანა, ბოდიში მოგვიხადა და 2 საათი დაგვითმო. შემდეგ მორიგ შეხვედრაზე გაემართა.

ამდენ ყურადღებას მიჩვეული არ არის. თავს ყველაზე კომფორტულად დოჰიოზე გრძნობს. საქართველოში მხოლოდ 2 კვირა გაატარა. "დუგლაძეების მარანს" იაპონიის ელჩთან და საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტთან, კოკაისთან ერთად, იაპონელი ჟურნალისტების თანხლებით ეწვია. მასზე ვრცელ სიუჟეტს ამზადებენ.

"დარწმუნებული ვარ, სულ მალე იოკოძუნა გახდება", – გვეუბნება ჟურნალისტი. კოლეგებიც ეთანხმებიან.

5 წლის წინ კი ტოჩი იოკოძუნობაზე ნამდვილად ვერ იოცნებებდა. მუხლის ტრავმა შეჯიბრებისას მიიღო და 8 თვის განმავლობაში არ უვარჯიშია. უმაღლესი ლიგაც დატოვა. ქართველი ათლეტი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა. "ამ ჯურღმულიდან მხოლოდ ადამიანების მხარდაჭერამ ამომიყვანა. საქართველოშიც და იაპონიაში დიდ სიყვარულს ვგრძნობდი", – იხსენებს ტოჩინოშინი.

როგორც კი შეძლო, ვარჯიში გააგრძელა და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა, მიყოლებით რამდენიმე ტურნირში გაიმარჯვა, 2014 წელს მაეგაშირას უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა და უკვე მეორედ დაიწყო სუმოს სამყაროში თავის დამკვიდრება. ზუსტად 4 წლის თავზე ოძეკი გახდა.

მსოფლიოში სულ სამი ოძეკია. სუმოს ისტორიაში ასეთ რანგს ქართველმა ათლეტმა პირველად მიაღწია. სპორტული ცხოვრების დასრულებისთანავე ტოჩინოშინს იაპონიის სუმოს ასოციაციაში გარანტირებული მაღალი თანამდებობა, ასოციაციის სათაო ოფისში პარკინგის საკუთარი ადგილი, სიცოცხლის ბოლომდე გარანტირებული პენსია და კეშო-მავაშის – საპატიო იისფერი წინსაფრის ტარების უფლება აქვს.

ტოჩინოშინს სუმოს გულშემატკივრები და სპორტის ამ სახეობის ექსპერტები იოკოძუნას სტატუსს თავდაჯერებულად უწინასწარმეტყველებენ. იოკოძუნა იგივე გრანდ ჩემპიონია – სუმოს უმაღლესი მიღწევა სწორედ იოკოძუნას სტატუსია. თუკი არსებობს შანსი, ოძეკმა ტიტული დაკარგოს, იოკოძუნა კარიერის დასრულებამდე სტატუსს ინარჩუნებს. არ არსებობს კონკრეტულად გაწერილი მახასიათებლები, რომლებიც სპორტსმენს იოკოძუნობას გაუნაღდებს. მთავარია, ათლეტი სუმოს ასოციაციის კრიტერიუმების მიხედვით ღირსეული მებრძოლი იყოს. ასევე, არ არსებობს კვოტა, რომელიც იოკოძუნათა რაოდენობას გააკონტროლებს. შესაძლოა, მსოფლიოში ერთდროულად ერთზე მეტი ატარებდეს ამ სტატუსს. ამჟამად იოკოძუნას ტიტულს სამი სუმოისტი ატარებს.

მთავარია, სპორტსმენმა რაც შეიძლება მეტი ბრძოლა მოიგოს. გარდა ამისა, მნიშვნელობა მის მიერ ჩატარებულ ბოლო სამ ტურნირსაც ენიჭება – მის ქცევას დოჰიოზე, მის ღირსეულ ბრძოლას და სუმოს წესთა სრულფასოვან დაცვას.

ტოჩინოშინი უკვე იაპონიაშია. მის ყოველდღიურობას თაყვანისმცემლებთან შეხვედრები და გაუთავებელი სელფები აღარ შეადგენს. ოძეკის ყოველი მოგებული შეხვედრა იოკოძუნობამდე გადადგმული ნაბიჯია. ტოჩინოშინს რეალური შანსი აქვს, გრანდ ჩემპიონი გახდეს – უდიდესი პატივის, პასუხისმგებლობისა და ტიტულის მატარებელი.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი