Get All Access for $5/mo

წარმატებული ანტრეპრენერებისთვის მიცემული ყველაზე უვარგისი რჩევები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

თითოეულ ანტრეპრენერს თავისი საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე ერთხელ მაინც მიუღია ცუდი ან როგორც მინიმუმ, უვარგისი რჩევა, რომლის შესრულება/შეუსრულებლობა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩენილიყო მისი კარიერისთვის.

თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი რჩევა შეიძლება მშობელმა ან ძალიან ახლობელმა ადამიანმაც კი მოგცეთ, რომელიც, რასაკვირველია, არ არის წინასწარ განზრახვით თქვენი მარცხისთვის მომართული, თუმცა დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ არ ემთხვეოდეს თქვენს შესაძლებლობებს, მომავლის ხედვას და შესაძლო წარმატებას. ამიტომ თუკი თავად დარწმუნებული ხართ საკუთარ სურვილებში, ცოდნაში, მიზანსა და გეგმებში, აჯობებს ხანდახან მხოლოდ საკუთარ გულისთქმას მიუგდოთ ყური, და რჩევა, რომელიც ერთი შეხედვით თქვენი ბედნიერებისთვის იქნა გაცემული, უბრალოდ უგულველყოთ.

სწორედ ასე მოიქცნენ მსოფლიოს უდიდესი ანტრეპრენერები, რომლებიც ახლა უკვე ღიმილით იხსენებენ მათი კარიერის გზაზე ყველაზე უვარგის რჩევას, რომლის გაზიარებაც, მადლობა ღმერთს, აზრადაც არ მოსვლიათ.

მოდი, მივყვეთ.

უორენ ბაფეტი | Berkshire Hathaway

მილიარდერმა უორენ ბაფეტმა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში გაიხსენა, როგორ ურჩია მამამ და მენტორმა, ბენჯამინ გრაამმა, არ წამოეწყო ფასიანი ქაღალდების ბიზნესი. "შეიძლება ისინი ამ ფორმით შეეცადნენ აეცილებინათ ჩემთვის, მათი აზრით, გარდაუვალი წარუმატებლობა, სანამ ბირჟაზე თამაშს დავიწყებდი. უნდოდათ, რომ საქმის წამოწყებამდე მეტი მეფიქრა", − ამბობს ბაფეტი, რომელმაც თამამად დააიგნორა მისთვის ავტორიტეტული ორი ადამიანის რჩევა და დაადგა მრავალმილიარდიანი ქონების დაგროვების რთულ, მაგრამ გონივრულ და რისკიან გზას. ბაფეტის მაგალითი ზუსტად ასახავს კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთ თეზისს, რომლის თანახმად, ანტრეპრენერები ყოველთვის მეტ რისკს გასწევენ, ვიდრე მენეჯერები, და თუ ამ რისკს პრობლემის გადაჭრის ზუსტი ხედვაც ახლავს, წარმატებაც სახეზეა.

ოფრა უინფრი | The Oprah Show, O magazine, Oprah Radio

"ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი რჩევა, რომელიც გარკვეულ ეტაპზე ჩემ გარშემო არსებულმა ყველა ახლობელმა ადამიანმა სათითაოდ მომცა და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ის არ მივიღე. როცა ახალგაზრდა რეპორტიორი ვიყავი და ბალტიმორიდან ჩიკაგოში ვაპირებდი სამუშაოდ გადმოსვლას, ყველა მირჩევდა, არ გამეკეთებინა ეს, რადგან ამ ნაბიჯით თავს დავიღუპავდი და ჩიკაგო უბრალოდ გადამყლაპავდა".

ოფრა საკმარისად გონიერი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მიმხვდარიყო ყველაზე მთავარს − ზოგჯერ უბრალოდ უნდა გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და გარისკო, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იაზრებს ადამიანი საბედისწერო და მოულოდნელ შესაძლებლობებს, ხდება უფრო თვითდაჯერებული, მიზანსწრაფული და ბრძოლისუნარიანი.

ბილ გეითსი | Microsoft

ბილ გეითსმა, ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ანტრეპრენერმა, თავად მისცა საკუთარ თავს ყველაზე ცუდი რჩევა, რაზეც დღეს ხმამაღლა საუბრობს. "მაიქროსოფტის" ბაზარზე დომინანტობით კმაყოფილმა და წარმატებით გაბრუებულმა, ყურადღება მოადუნა და არ გააგრძელა საძიებო (search) სისტემაზე მუშაობა, რამაც "გუგლს" მოგვიანებით მეგაწარმატება მოუტანა. "წარმატება ცუდი მასწავლებელია, რადგან ხშირად გონიერ ადამიანებსაც აკარგვინებს რეალობის განცდას და იმის მოლოდინს, რომ მათაც შეიძლება წააგონ", − ამბობს ბილი. ის მიხვდა, რომ წარმატებას ხშირად ზედმეტი თვითდაჯერება მოაქვს, რაც ადამიანში სამომავლო გამოწვევების მიმართ მდგრადობას ასუსტებს. უცნაურია, მაგრამ თვით ბილ გეითსიც კი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.

ელონ მასკი | Tesla, Spacex

ამერიკის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატმა მით რომნიმ "ტესლა" უიღბლო კომპანიად მოიხსენია და წარუმატებლობა უწინასწარმეტყველა. მასკმა უპასუხა, რომ: "რომნი მართალი იყო თავისი განცხადების ობიექტთან მიმართებაში, მაგრამ არა თავად სუბიექტის შესახებ". მოგვიანებით, კიდევ ერთმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა, სარა პეილინმა იგივე მოსაზრება გააჟღერა თავის ერთ-ერთ განცხადებაში. ეს იყო 2013 წელს. ამ განცხადებიდან მოკლე ხანში Motor Trend-მა "ტესლა" წლის ავტომობილად დაასახელა და ასე იქცა იგი პირველ ელექტრომანქანად, რომელმაც ეს საპატიო ჯილდო აიღო.

ფაქტია, პოლიტიკოსების კრიტიკამ ვერ მოახდინა გავლენა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ანტრეპრენერის არჩევანსა და გეგმებზე, რადგან სჯეროდა საკუთარი საქმის, მიზნებისა და მომავლის. მასკის მაგალითით ვსწავლობთ, რომ ხანდახან სხვების მოსაზრებათა იგნორირება და საკუთარი ინტუიციით მოქმედება ოცნებების ახდენის საუკეთესო გზაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე