24 წლის მელისა ბენ-იშეი სამსახურიდან გაათავისუფლეს, წლების შემდეგ კი მან თავისი ხედვით მრავალმილიონიანი კომპანია დააფუძნა
By Amanda Breen
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
24 წლის მელისა ბენ-იშეი სამსახურიდან გაათავისუფლეს, წლების შემდეგ კი მან თავისი ხედვით მრავალმილიონიანი კომპანია დააფუძნა
მელისა ბენ-იშეი 40 წლის ამერიკელი ანტრეპრენერი ქალია, რომელმაც 2008 წელს პატარა ზომის კექსების ბრენდი, სახელწოდებით Baked By Melissa დააფუძნა. ბრენდის დანარჩენი თანადამფუძნებლები არიან ბრაიან ბუშელი, მეტ ბერი, დენი ომარი და ბენ ზაიონი.
კომპანიამ, რომელმაც ახლახან აღნიშნა ე.წ. ტკბილი 16 წლის იუბილე, წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და გადაიქცა მრავალმილიონიან ბიზნესად, რომლის პროდუქცია მთელ აშშ-ში იყიდება. Baked By Melissa-ს ასევე აქვს 13 საცალო მაღაზია ნიუ-იორკისა და ბოსტონის არეალში. Baked By Melissa-მ ამ დრომდე 400 მილიონზე მეტი კექსი გაყიდა და შექმნა ონლაინპლატფორმა ოთხი მილიონი ერთგული მიმდევრით. დროთა განმავლობაში კომპანია გაფართოვდა ახალი მიმართულებებით და ითანამშრომლა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორიცაა Oatly და Entenmann's-ი. ამ პერიოდის განმავლობაში თავად მელისა ბენ-იშეიც მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანტრეპრენერი და ლიდერი. 2019 წელს, პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე, მან აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა, ხოლო 2021 წელს მისი ვიდეოები ვირუსულად გავრცელდა TikTok-ზე, განსაკუთრებით მწვანე სალათის რეცეპტი. მელისას წიგნი Come Hungry 2024 წლის დასაწყისში გამოიცა და The New York Times-ის ბესტსელერის სტატუსიც მოიპოვა.
წარმატების მთავარი ძალა, მელისა ბენ-იშეის თქმით, მისი უნარია, განსაზღვროს, რა არ იცის და მიმართოს მათ, ვინც იცის.
"მე მიყვარს, როდესაც ვცდები, - ამბობს ბენ-იშეი, არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ვიცი. პირიქით, რაც უფრო მეტი გამოცდილება მიგროვდება, მით უფრო მეტად ვხვდები, რამდენი რამ არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია ლიდერისა და ანტრეპრენერისთვის".
ადამიანური კაპიტალის გამოყენება ბიზნესის საწყის ეტაპზე
თავდაპირველად ბენ-იშეი ნიუ-იორკში მდებარე თავისი ბინის სამზარეულოში აცხობდა კექსებს და სხვადასხვა ობიექტამდე მეტროთი მიჰქონდა. მელისა ქეითერინგის კომპანიებს ურეკავდა, რომ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო პროდუქტი. მომდევნო წელს მან Baked By Melissa-ს პირველი საცალო ობიექტი გახსნა მცირე მიმღები ფანჯრით, რომელიც მანჰეტენის სოჰოს უბანში მდებარეობდა.
ადრეულ ეტაპზე Baked By Melissa-ს სრული შემოსავალი მთლიანად ბიზნესში ბრუნდებოდა. კომპანიამ გარე ინვესტიცია არ მიიღო და ის დღემდე კერძო საკუთრებაშია. ბენ-იშეის თქმით, თანადამფუძნებლებმა ბიზნესს განსაკუთრებული, ერთმანეთთან ჰარმონიულად დაკავშირებული უნარების ნაკრები და ადამიანური კაპიტალი შესძინეს.
ბენ-იშეი ამბობს, რომ მისი ძმა, ბუშელი "თვითნაბადი ანტრეპრენერია", რომელმაც Baked By Melissa-ს პოტენციალი ბიზნესის წამოწყებამდე დაინახა და რვა წლის განმავლობაში კომპანიას გენერალური დირექტორის როლში ხელმძღვანელობდა.
მეტ ბერმა კომპანიის ადრეულ წლებში ბრენდის ყველა ვიზუალური ელემენტი შექმნა, ხოლო ომარისმა Baked By Melissa-ს პირველი სამზარეულო და საცალო ობიექტი განათავსა Cafe Bari-ში, რომელიც სპრინგ სტრიტისა და ბროდვეის კუთხეში მდებარეობდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ თანადამფუძნებელს, ბენ ზაიონს, მელისა მას შემდეგნაირად აფასებს: "ნეთვორქინგის გამორჩეული უნარები აქვს. ზაიონმა ჩვენი ტკბილეულის შეტანა შეძლო ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა ფილმების პრემიერები, ღამის კლუბები, წითელი ხალიჩის ღონისძიებები და ცნობილი ადამიანების წვეულებები".
კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის აღება და სირთულეების გადალახვა
მელისა ბენ-იშეი მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში შეუდგა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შესრულებას. ეს კომპანიის დაარსებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა.
"აღმასრულებელი დირექტორობა არ მინდოდა, - აღიარებს ის, არ დამიგეგმავს, რომ ამ პოზიციას დავიკავებდი. ეს გადაწყვეტილება გარკვეულმა გარემოებებმა განაპირობა და საბჭომ CEO-დ ჩემს დანიშვნას ერთხმად დაუჭირა მხარი".
თავდაპირველად ბენ-იშეი შიშით უყურებდა ამ გამოწვევას, თუმცა მან გააცნობიერა ეს შესაძლებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რამაც საბოლოოდ გაამართლა. "იმ თვეში ჩვენ სადღესასწაულო გაყიდვების რეკორდები მოვხსენით", - იხსენებს ბენ-იშეი.
TikTok-ზე ვირუსულად გავრცელებული მწვანე სალათის ვიდეო
რამდენიმე წლის შემდეგ ბენ-იშეიმ თავისი თავი სოციალურ მედიაში კონტენტ კრეატორის ამპლუაშიც სცადა. "მიყვარს სოციალური მედია, - ამბობს ბენ-იშეი, ის ჩემთვის დიდი ინსპირაციის წყაროა და ვხვდები, რომ სოციალურ ქსელებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ბიზნესის წარმატების გზაზე".
ბენ-იშეიმ ასევე აღნიშნა, რომ Baked By Melissa-მ "ცოტა გამოტოვა" Instagram-ის შესაძლებლობების ათვისება. ამიტომ TikTok-ის გამოჩენისთანავე ბენ-იშეიმ გადაწყვიტა, ამ სოციალური ქსელის არხი ბოლომდე შეესწავლა და მისი რესურსი დაუყოვნებლივ გამოეყენებინა. 2020 წელს ის პირადად ჩაერთო TikTok-ის ექსპერიმენტებში. პლატფორმაზე გავრცელებულ ვიდეოებში თავის ოჯახს სხვადასხვა კერძს უმზადებდა.
ბენ-იშეი მომავალ წლებს კიდევ უფრო დიდი იმედებით უყურებს და სურს, Baked By Melissa-მ ზრდა გააგრძელოს. "ჩვენ უამრავი შესაძლებლობა გვაქვს. გვაქვს პროდუქტი, რომელიც ადამიანებს აბედნიერებს, როგორც კარგ დღეებში, ასევე რთულ პერიოდებში. ჩვენ შეგვიძლია პროდუქტი უმაღლესი ხარისხით მივაწოდოთ მომხმარებელს აშშ-ის ნებისმიერ წერტილში. ვფიქრობ, უდიდესი შესაძლებლობა გვაქვს, ეს კიდევ უფრო დიდ მასშტაბებში განვახორციელოთ".
თარგმანი: ნინო იმერლიშვილი