B2C.ge - ქეთევან ვაჩიბერიძე "გამბედავი გადაწყვეტილების მეშვეობით მოვიპოვეთ კონკურენტული უპირატესობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებთან მიმართებაში საქართველოს ბაზარზე."
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"საქართველოს ბანკი" უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ქალთა ბიზნესსაქმიანობას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესის წამოწყება, ახალი მიმართულებების დანერგვა ან არსებული საქმიანობის გაფართოება. ამისათვის "საქართველოს ბანკი" არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ბიზნესში ქალთა აქტიურ ჩართულობას როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ამჯერად Entrepreneur-ი იმ ქალბატონებს გაგაცნობთ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და საკუთარ ბიზნესსაქმიანობას მუდმივად ავითარებენ. ამ პროცესში კი მათ სანდო პარტნიორს სწორედ "საქართველოს ბანკი" წარმოადგენს. მკითხველს ისინი თავად უყვებიან, თუ რას ემსახურება მათი ბიზნესი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ამჟამად და როგორ უმკლავდებიან მიზნებისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრ სირთულეებს.
B2C.ge / თანადამფუძნებელი
ელექტრონულ კომერციას ჩვენ ყველასთვის ხელმისაწვდომს ვხდით! B2C.GE საშუალებას აძლევს ბიზნესებს, მარტივად და დამოუკიდებლად, სულ რაღაც 5 წუთში შექმნან საკუთარი ონლაინმაღაზია და დაიწყონ ვაჭრობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
B2C.GE მოიცავს ონლაინბიზნესისთვის საჭირო ყველა კომპონენტს − დაწყებული ინტეგრირებული ონლაინგადახდებითა და სხვადასხვა მარკეტინგული ხელსაწყოებით, და მარაგების მართვისა და მიწოდების სერვისებით დამთავრებული.
ფაქტს, რომ ელექტრონული კომერცია ადრე თუ გვიან, ეტაპობრივად განვითარდებოდა საქართველოში, ყველა ვხვდებოდით. ამას კიდევ უფრო ამტკიცებდა სერვისის მომწოდებლების რაოდენობის ზრდა − გაჩნდა უცხოური პლატფორმების ქართული წარმომადგენლობები და ძალიან გაიზარდა ონლაინ სავაჭრო პლატფორმების, ე.წ. Marketplace-ის რიცხვი. ასეთ დროს კი ჩვენ ავირჩიეთ ძალიან ამბიციური და ტექნიკურად ყველაზე რთული გადაწყვეტის შექმნა. სწორედ ამას სჭირდებოდა გამბედაობა და სწორედ ამ გამბედავი გადაწყვეტილების მეშვეობით მოვიპოვეთ კონკურენტული უპირატესობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებთან მიმართებაში საქართველოს ბაზარზე.
ჩვენთვის ყველაზე დიდ გამოწვევას პროცესებისა და ცვლილებების დაჩქარება წარმოადგენდა, თუმცა რეალური პრობლემების იდენტიფიცირებით და მათზე საპასუხო გადაწყვეტების შემუშავებით. ჩვენ მოვხსენით ყველა ბარიერი, რაც აფერხებდა ბიზნესების გაციფრულებას და დავაჩქარეთ ტრანსფორმაციის პროცესი.
ბიზნესსაქმიანობამ დამანახა, რომ გუნდის წევრები ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენენ. იპოვეთ ისეთი პერსონები, რომლებისგანაც ისწავლით და რომლებიც შეავსებენ იმას, რაც თქვენ გაკლიათ. პიროვნებები, რომლებსაც ასწავლით და შემდეგ ზურგს გაგიმაგრებენ. იპოვეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც გაიზიარებენ თქვენს ხედვას და რაც მთავარია − პასუხისმგებლობას როგორც მარცხზე, ისე წარმატებაზე!
რაც შეეხება პანდემიას, გაგვიჭირდება ისეთი კომპანიის მსოფლიოში მოძებნა, რომელზეც COVID-19-მა მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ფაქტობრივად, უსარგებლო გახდა წინასწარ გაწერილი ბიუჯეტი და სამოქმედო გეგმები. ამის პარალელურად, პანდემიის დროს B2C.GE-ის მეშვეობით, ონლაინმაღაზიის შექმნის მსურველთა რაოდენობა გასამმაგდა. გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ექსტრემალურ პირობებში გვიწევდა.
თუმცა, მსგავსი გარემოებები, გარდა გამოწვევებისა, ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის. ასეთ დროს მოქნილობა და სწრაფი ადაპტაცია უმთავრესი ინსტრუმენტია უპირველესად გადარჩენისა და შემდეგ ახალი მიღწევებისათვის. სწორედ ეს მიდგომა დაგვეხმარა იმაში, რომ გავხდით ყველაზე მსხვილი ელექტრონული კომერციის პლატფორმა საქართველოში.
ამჯერად კი სრული ძალებით ორი მიმართულებით ვართ მობილიზებულნი: ადგილობრივი ბაზრის განვითარება და რეგიონის ბაზრების ათვისება. მომხმარებლების საჭიროებებისთვის პლატფორმის სრულყოფა ჩვენს მუდმივ და ყოველდღიურ სამუშაოს წარმოადგენს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვეთ ჩვენს მომხმარებლებთან ერთად გაყიდვების გაციფრულების კუთხით. ვფიქრობთ, ბაზარი უკვე მზად არის განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. სწორედ ამიტომ, უახლოეს პერიოდში მომხმარებლებს მასშტაბურ სიახლეებს შევთავაზებთ, რაც ახალ საფეხურზე გადაიყვანს როგორც ჩვენს პლატფორმას, ისე ჩვენი მომხმარებლების ციფრულ ბიზნესებს. რაც შეეხება რეგიონის ბაზრების ათვისებას, აზერბაიჯანში უკვე გავუშვით პლატფორმა საპილოტე რეჟიმში და უახლოეს მომავალში სრულყოფილად წარვუდგენთ მას ბაზარს, რაშიც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად გაგვიწევენ მხარდაჭერას, ხოლო წლის ბოლოსთვის პილოტირების დაწყებას სომხეთსა და თურქეთში ვგეგმავთ. უკვე სრულად გათვითცნობიერებული გვაქვს, თუ რომელი მიმართულებით უნდა წავიდეთ და რა კონკრეტული გზებით უნდა მივაღწიოთ მიზანს. ეს კი 500 Startups- ის დამსახურებაა.
500 Startups-ის შემოსვლა საქართველოსთვის ნიშნავს მსოფლიოს ტექნოლოგიების რუკაზე გამოჩენას. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში დაფუძნებული სტარტაპებისთვის, რადგან მთავარ გამოწვევას საერთაშორისო დონეზე სანდოობის მოპოვება წარმოადგენს. 500 Startups-ისა და ადგილობრივი საფინანსო თუ საინვესტიციო ინსტიტუტების ჩართულობა ადგილობრივი სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს საერთაშორისო მასშტაბით.
500 Startups-ის სააქსელერაციო პროგრამამ მოგვცა მნიშვნელოვანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი სტარტაპი მაქსიმალურად სწრაფად ცვალებად გარემო პირობებში. ასევე, გავეცანით უახლეს ტრენდებსა და გამოწვევებს, რაც სილიკონ ველიზე ახლა განსაკუთრებით აქტუალურია.