Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ინოვაციური მიდგომა უძრავი ქონების ბიზნესში, ბაია ტუგულაშვილის ანტრეპრენერული გზა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Baia's Homes უკვე მესამე წელია, რაც უძრავი ქონების ბაზარზე მოღვაწეობს. დამფუძნებელი საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, ბაია ტუგულაშვილია.

ამბობს, რომ ამ საქმიანობის დაწყებაზე მეგობართან ერთად ხშირად ჰქონდა საუბარი, თუმცა მხოლოდ 2021 წელს გადაწყვიტა, მისი იდეები რეალობად ექცია. მიზნად დაისახა, ამ დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა და უძრავი ქონების სფეროში ახალი სიტყვა ეთქვა.

ბაიას თქმით, კონკრეტულ მომენტში ბიზნესის დაწყება ზოგადადაც დიდ გამოწვევებთან ასოცირდება და, შესაბამისად, დიდ გამბედაობას მოითხოვს. პანდემიის პერიოდში მისი ინოვაციური ბიზნესმოდელის დანერგვა კი კიდევ უფრო მეტ სითამამეს საჭიროებდა.

რა არის ის ინოვაციური მოდელი, რითაც Baia's Homes-ის დამფუძნებელი ამაყობს? ის გვიყვება, რომ სააგენტო უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს ბაზარზე არსებული მომსახურებისგან სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. პირველი, რაც სხვა სააგენტოებისგან განასხვავებს, სრულად ციფრული სერვისია.

"აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე ვიდეოებს ვიღებდით და ვათვალიერებინებდით ჩვენს მომხმარებელს უძრავ ქონებას ლაივში, ამით ვზოგავდით მათ დროს და შეეძლოთ ძალიან მოკლე მონაკვეთში ვირტუალურად დაეთვალიერებინათ 10-15 უძრავი ქონება და ამის მიხედვით გადაეწყვიტათ, რომელი ობიექტი იყო მათთვის უფრო მისაღები", - ამბობს ბაია.

კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი, რაც მომხმარებლებშიც მოწონებას იმსახურებს, "360 გრადუსია". ბაიას თქმით, ეს სერვისი "იძლევა საშუალებას, მშვიდად და წყნარად დაათვალიეროს მსურველმა უძრავი ქონების ყველა დეტალი და მიიღოს გააზრებული, გონივრული გადაწყვეტილება"

სააგენტოს დამფუძნებელი ამბობს, რომ სწორედ Baia's Homes-მა ჩაუყარა საფუძველი ბაზარზე გაციფრულების დაჩქარებას და მეტი ვირტუალური სერვისის შემოღებას.

"ეს პროექტი - უძრავი ქონება ციფრულ სამყაროში საქართველოს ბაზრისთვის იყო ინოვაციური, მასშტაბურად არცერთი ქართულენოვანი კომპანია ამას არ აკეთებდა და არ იქნება ხმამაღალი განაცხადი, თუ ვიტყვით, რომ ეს პრაქტიკა სწორედ Baia's Homes-მა დანერგა უძრავი ქონების სააგენტოებისათვის და სწორედ ამ ნაწილში ბაზარზე დღეს უკვე დიდი კონკურენციაც ჩამოყალიბდა", - გვეუბნება ბაია ტუგულაშვილი. მისივე თქმით, უძრავი ქონების აგენტებთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში მრავალი სტერეოტიპი არსებობს. საქმე კიდევ უფრო რთულადაა ქალი აგენტებისთვის. როგორც ბაია ტუგულაშვილი ამბობს, ის თავიდანვე მზად იყო იმ ბაია ტუგულაშვილის ანტრეპრენერული გზა ინოვაციური მიდგომა უძრავი ქონების ბიზნესში 118 Tebervali 2024 წინააღმდეგობებისა და სტერეოტიპული განწყობებისთვის, რაც არსებობდა მისი პროფესიისა და საქმიანობის გარშემო. თუმცა, ამავდროულად, არასდროს დაუკარგავს რწმენა, რომ წარმატებულ ბიზნესს დააფუძნებდა.

"თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, დააფუძნო საკუთარი კომპანია, შექმნა ახალი მომსახურების გამოცდილება, განსაკუთრებით სფეროში, რომლის მიმართაც მრავალი სტერეოტიპი არსებობს, არ იქნებოდა მარტივი. თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ მიზანს აუცილებლად მივაღწევდი.

უძრავი ქონების სააგენტოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შეთანხმების ხელშეწყობისთვის და ამ თემაზე საჭირო იყო ღიად საუბარი", - გვეუბნება ის.

ბაია ამბობს, რომ კომპანიის დაფუძნებისას დასახული ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ სტერეოტიპების წინააღმდეგ წასვლა და იმის დამტკიცება იყო, რომ უძრავი ქონების აგენტის საჭიროება, როგორც პროფესიონალის, დარგის მცოდნისა და სანდო პარტნიორის, ძალიან დიდია.

"მე, როგორც დამფუძნებელმა, ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა, რა იქნებოდა ჩვენი წარმატების გასაღები, ამ ყველაფრისთვის გამოვნახე შინაგანი ძალა და დავიწყე მეყსეული ნაბიჯების გადადგმა. თვითდისციპლინის დამსახურებით საკმაოდ მოკლე დროში Baia's Homes-ის შესახებ უძრავი ქონების მაძიებლების უმეტესობა უკვე ინფორმირებული იყო", - იხსენებს დამფუძნებელი.

ქალი ანტრეპრენერი ამბობს, რომ დღეს Baia's Homes-ის სტატისტიკა შთამბეჭდავია, განსაკუთრებით ქართული ბაზრის მოცულობის ფონზე.

"დღეს ჩვენ პლატფორმებზე ჯამში 100 000-მდე ადამიანია გაერთიანებული და საერთო ნახვების რაოდენობა ათეული მილიონია"

დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ბევრი რამ ასწავლა, ბევრი თვისებაც უფრო მეტად წამოწია წინა პლანზე, ვიდრე იქამდე იყო. ბაიას თქმით, მთავარი, რაც ამ წლებმა დაანახვა, გამძლეობის, ადაპტაციისა და უწყვეტი სწავლის, თვითდისციპლინისა და დროის მნიშვნელობაა.

კითხვაზე, რას ურჩევდა დამწყებ ანტრეპრენერებსა თუ მომავალ მენეჯერებს, ბაია ასე გვპასუხობს:

"პირველ რიგში, ვურჩევ, რომ არასდროს შეწყვიტონ ინოვაციებისა და გაუმჯობესების გზების ძიება. აუცილებელია გქონდეთ ბიზნესის მკაფიო ხედვა და დაისახოთ რეალისტური მიზნები. უპირატესობა მიანიჭეთ მომხმარებელთა კმაყოფილებას და მოუსმინეთ მათ გამოხმაურებას".

ბაია ამბობს, რომ სტარტაპის დაფუძნებისას ყველაზე მნიშვნელოვანია, გვქონდეს პასუხი კითხვაზე: "რატომ გვსურს პროდუქტის შექმნა".

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის დაწყებისას მოტივაცია შეიძლება განსხვავებული იყოს, აუცილებელია მკაფიო ხედვა და მოტივაცია, თუ რატომ იწყებთ ამ მოგზაურობას

"სტარტაპის დამფუძნებლებისთვის მოტივაცია შეიძლება სხვადასხვა წყაროდან მოდიოდეს. აუცილებლად ჰკითხეთ თქვენს თავს, თუ რატომ გსურთ ამ პროდუქტის შექმნა და რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია, შემდეგ მთავარი მიზანი - ეს დაგეხმარებათ იყოთ მოტივირებული სტარტაპის აღმავლობისა და ვარდნის დროს", - გვეუბნება ბაია ტუგულაშვილი.

ანტრეპრენერის მთავარი ინსპირაცია თავიდან მოგზაურობისას თუ ცხოვრებისას უცხოეთში შეძენილი გამოცდილება იყო. როგორც ბაია იხსენებს, ის აღფრთოვანებული იყო დასავლურ ქვეყნებში არსებული პროფესიონალური მიდგომებითა და საქმისადმი დამოკიდებულებით.

"ყოველთვის ვცდილობდი შემესწავლა მათი საქმისადმი მიდგომა, მაკვირვებდა და მაოცებდა პროფესიონალიზმი, რაც მინდოდა საქართველოშიც ყველა დარგში დანერგილიყო", - იხსენებს ბაია.

მისივე თქმით, ამჟამად მოტივაციას მომხმარებლების პოზიტიური უკუკავშირი და მათი კომპანიისადმი ნდობა აძლევს. ბაია გვიყვება, რომ პროდუქტის გაუმჯობესებაზე ზრუნვა მისთვის ისეთივე შთამაგონებელია, როგორიც თანამედროვე ტენდენციების თვალის დევნება და ამ ყველაფრის საქართველოში დანერგვის სურვილი.

"ჩვენი მომხმარებლების გამოხმაურება და მათი გამოცდილების გაზიარება გვეხმარება, გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და სერვისები. რა თქმა უნდა, გამუდმებით ვადევნებთ მსოფლიოში მიმდინარე ტენდეციებს თვალს და ესეც ერთგვარი ინსპირაციაა ჩვენთვის. თუმცა შთაგონება ხშირად მოულოდნელი ადგილებიდან მოდის, ამიტომ ყოველთვის მზად ვარ ახალი იდეებისა და პერსპექტივებისთვის", - ამბობს ბაია ტუგულაშვილი.

სწორედ ასე მომუშავე ადამიანია მისთვის ნამდვილი ანტრეპრენერი - ინოვაციების მოყვარული და ღირებული პროდუქტის შემქმნელი, დისციპლინის მქონე, მიზანდასახული და რისკიანი.

"ჩემთვის ერთგვარ ძლიერ ადამიანთან ასოცირდება. ხშირად ეს ძალა გამოხატულია სხვადასხვა გზით, თუმცა, როგორც წესი, ანტრეპრენერობა მოითხოვს გონებრივ, ემოციურ და ზოგჯერ ფიზიკური გამძლეობის ერთობლიობას, რაც გვეხმარება დაბრკოლებების დაძლევასა და წარმატების მისაღწევაში".

სამომავლოდ Baia's Homes-ს დიდი გეგმები აქვს. როგორც დამფუძნებელი გვიყვება, კომპანია კლიენტებს სთავაზობს როგორც სასურველი უძრავი ქონების მოძიებას და შესყიდვის/ გაყიდვის პროცესში დახმარებას, ასევე დიზაინის მომსახურებას და სრულ სარემონტო სერვის, რასაც "გასაღებიდან გასაღები" ეწოდება.

"ეს არის ახალი დეპარტამენტები, რომლებიც ჩვენმა კომპანიამ სულ რაღაც 1 წელია დაიმატა და ძირითადი დრო სწორედ მათ განვითარებას ეთმობა. უკვე არაერთი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული და ამით ძალიან ვამაყობ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ რამდენიმე ახალ იდეაზეც, რასაც მოგვიანებით აუცილებლად გაგიზიარებთ", - ამბობს ბაია Entrepreneur-თან ინტერვიუში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს