Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ირინე კაპანაძე მეფუტკრეობის მრავალწლიან ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ირინე კაპანაძეს მეფუტკრეობაზე საათობით შეუძლია ისაუბროს. პროფესიით ზოოინჟინერია, თაფლის წარმოებისა და მეფუტკრეობის ნამდვილი ექსპერტი. მისი ოჯახი მესხეთში თაფლს ათწლეულების განმავლობაში ამზადებდა. იქამდე იმერეთში, წლების განმავლობაში, თაფლისა და თიხის წარმოებით ირჩენდა თავს და საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც ჰქონდა. ირინე კაპანაძეს მეფუტკრეობა ლამის გენეტიკურად გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ წლები ევროპაში გაატარა, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდხანს იმუშავა. საბოლოოდ, ფესვებს დაუბრუნდა და ოჯახური ტრადიცია გააგრძელა.

"წლების წინ ჩემი ოჯახის თაფლით ნახევარი თბილისი მარაგდებოდა", − იხსენებს ირინე. ახლა კი ბრენდი "ირინოლა" ქართული ბაზრის ათვისებასთან ერთად, პროდუქციის გავრცელებას მთელ აზიაში გეგმავს. თაფლი უძველესი, 5500 წლის ისტორიის მქონე თიხის ქოთნების თანამედროვე ანალოგში იქნება ჩამოსხმული.

"ირინოლას"დაფუძნების იდეა 2017 წელს მოუვიდა. საქართველოში საცხოვრებლად 2010-იან წლებში დაბრუნდა და გადაწყვიტა, ოჯახურ ბიზნესს თავად გაძღოლოდა. თუმცა მესხეთში, საოჯახო მამულში არსებული მეფუტკრეობა საკმარისი არ აღმოჩნდა ბაზრის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ირინემაც თაფლის შესყიდვა მეზობელი წარმოებებიდან დაიწყო და საოჯახო ბიზნესის ბრენდირებას შეუდგა.

სასწაულებრივ გადარჩენილი წარმოება

იმერეთში მცხოვრებ ირინეს ბებია-ბაბუას საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით, მშობლიური ეზო-კარის დატოვება მოუწია. ირინეს ბაბუას ფუტკრების რამდენიმე ოჯახის მესხეთში წაყვანა სურდა. თუმცა, მეუღლის თხოვნით, ფუტკრების ოჯახები გზად დატოვა და ასე, ხელცარიელი გადაბარგდა ახალ სამოსახლოში. ბედად ახალ კარმიდამოში თურქი მესხი ოჯახის მიერ სკის სახელდახელოდ შექმნილი ანალოგი, იგივე გეჯა დახვდა. ბაბუამ მეფუტკრეობა გააგრძელა. საუკუნოვანი ოჯახური ტრადიცია დავიწყებას არ მიეცა. პირველსავე გაზაფხულზე ნათელი გახდა, რომ მესხეთი მეფუტკრეობისთვის იდეალური ადგილი იყო. ყვავილოვანი მცენარეებით მდიდარი კუთხე შესანიშნავი ადგილი იყო არომატული, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის საწარმოებლად.

"ფუტკარი საოცარი რამაა. წარმოიდგინეთ, მას მერე, რაც ყვავილიდან წვენს, იგივე ნექტარს აიღებს, სკას უბრუნდება და მის დამუშავებას იწყებს. სითხეს ჩიჩახვში იმდენ ხანს იტოვებს, სანამ ბოლომდე არ მოამწიფებს. შემდეგ პროდუქტს ჰერმეტულ ფიჭაში ინახავს და აკონსერვებს. ფუტკარი სულ 7 ტიპის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა ფუტკრის შხამი, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე ძვირად ფასობს. ასევე, ფუტკრის რძე, და რა თქმა უნდა, თაფლი".

პროფესიით უკვე მეფუტკრე იყო, როდესაც ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში სწავლა გადაწყვიტა. სამსახურში, მეფუტკრეობის რესპუბლიკურ გაერთიანებაში, პრაქტიკულ ცოდნას აკადემიური განათლება დაუმატა, შემდეგ კი ფუტკრისა და თაფლის კულტურის შესწავლა გააგრძელა. წლებთან ერთად კი სფეროს ნამდვილ ექსპერტად იქცა. გარდა იმისა, რომ მამას ეხმარებოდა, არაერთ კომპანიაში პროფესიით მუშაობდა. "ვმუშაობდი ფუტკრის გამრავლების, მოშენების თემაზე. შევისწავლე დარგის სტრუქტურა", − იხსენებს ირინე.

ამასობაში კი კაპანაძის ოჯახი ყოველწლიურად 500-1000 კილოგრამ თაფლს აწარმოებდა. მათ მიერ შექმნილი პროდუქტი როგორც ბაზარში, ისე სხვადასხვა მაღაზიაში იყიდებოდა. პროდუქცია ბრენდირებული არ იყო. თაფლს უბრალო ქილებში ასხამდნენ, არც ეტიკეტს აკრავდნენ, არც სტაბილურ შემსყიდველებსა და დისტრიბუტორებს ეძებდნენ.

ევრიკა

ირინეს საკუთარი ბიზნესის განვითარების იდეა "მადამვაინის" დამფუძნებელმა, მანანა ახვლედიანმა შთააგონა. მეგობრის შეგონებით დაიწყო წარმოებაზე ფიქრი. მისი პირველი საფიქრალი თაფლის ჩამოსხმა და ის ჭურჭელი იყო, რომელშიც ქარვისფერი სუბსტანცია შეინახებოდა.

"ლამის არქიმედეს მსგავსად, "ევრიკა" წამოვიძახე, როცა მივხვდი, რომ თაფლი თიხის ქოთნებში უნდა ჩამომესხა", − სიცილით იხსენებს ირინე.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, უძველეს სამარხში აღმოჩენილი თაფლი სწორედ თიხის ჭურჭელში ინახებოდა. სწორედ ეს ფაქტი გახდა ირინეს შთაგონება. უპირველესად კერამიკოს მაია გადაბაძეს მიაკითხა და 5500 წლით დათარიღებული ქოთნების ანალოგის შექმნა სთხოვა.

ირინე კაპანაძე თბილისში ცხოვრობს. თაფლი საკუთარი და მესხეთში მცხოვრებთა მეფუტკრეობიდან სწორედ ფალიაშვილის ქუჩაზე ჩამოაქვს, თიხის ჭურჭელში ასხამს, ხუფავს, ცვილით კრავს და აფასოებს.

ოჯახურ ბიზნესში ყველა წევრი ჩართულია. ირინე თაფლს საკუთარი ხელით "აბინავებს", შემდეგ ფიჭის ფირფიტას სახურავზე ამაგრებს და ქოთანს კრავს. რაც შეეხება დახუფვის პროცესს, ქოთნის იდეის არ იყოს, ამ თემაზეც დიდხანს იფიქრა.

"უცებ ბებიაჩემი მომაგონდა, რომელიც მურაბებს სწორედ ცვილის ფენით ხუფავდა. გადავწყვიტე, იგივე გამემეორებინა". ცვილის თხელ ფენას თითოეულ ქოთანს საკუთარი ხელით უსვამს და ქოთანიც ჰერმეტულად იკვრება.

"ვაწარმოებთ როგორც 300–გრამიან შეფუთვებს, ასევე, 100 და 150-გრამიან ქოთნებს. მცირე ზომის შეფუთვების შექმნის იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ ტურისტებს რამდენიმე 300-გრამიანი ქილის საზღვარზე გადატანა წონის გამო უჭირდათ. მცირე შეფუთვები მთლიანად ტურისტულ ნაკადებზეა გათვლილი და პროდუქტზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ფინანსურად ბევრად მომგებიანია, ვიდრე, 300-გრამიანი.

"ირინოლას" თაფლი აბანოთუბანში და სხვადასხვა ტურისტულ მაღაზიაში იყიდება. ეს ადგილები განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის. მიყვარს საქართველოს ისტორია, თავისი დიადი და ძალზე საინტერესო წარსულით. ის ჩემი სულის ნაწილია, ახლობელი და მტკივნეული. თაფლის ეს უძველესი თიხის ქოთანი საუკუნეებს ითვლის. თითქოს უძველეს ეპოქაში, მსოფლიოში პირველი მეფუტკრე ქალის ამბავს მოგვითხრობს საუკუნეების გადმოსახედიდან მოტანილ სიტკბოსა და სიყვარულზე და თან გვეძახის − არ შეჩერდეთ, გააგრძელეთ საქართველოს ისტორია! ღვთის დიდ წყალობად მივიჩნევ, რომ ჩემი თაფლი აბანოთუბანში, ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის ტაძრის ეზოში ინახება. იქ, სადაც ვახტანგ გორგასალმა თბილისქალაქი დააარსა. აქაურობას უამრავი ტურისტი სტუმრობს. ამაში უდიდესი წვლილი მამა ათანასე კარანაძეს მიუძღვის, ქართული კულტურის უდიდეს პატივისმცემელს და მოამაგეს. ჩვენი თაფლის შეძენა შესაძლებელია რამდენიმე ქართულ მარკეტშიც. ავიაკომპანია Turkish Airlines-მა კი ცოტა ხნის წინ ჩვენი პროდუქტის Duty Free მაღაზიებში განთავსება შემოგვთავაზა".

აზიურ ბაზარზე გასვლის პერსპექტივა

"ირინოლას" თაფლის სახელით, ბრენდის არსებობის წელიწადნახევრიან ისტორიაში, გაყიდული 2500 ქოთანია. წარმოება მთლიანად ოჯახის ადამიანური რესურსით სულდგმულობს, შესაბამისად, თაფლის ჩამოსხმისა და დაფასოების პროცესი სტანდარტულზე ნელია.

"ირინოლამ" უკვე არაერთი ქვეყნის დაინტერესება შეძლო. მათ შორისაა ამერიკა, ევროპის რამდენიმე ქვეყანა და აზიური ბაზარი, ასევე ქართული მარკეტები. ქართული თაფლის ექსპორტზე გატანას გზაზე რამდენიმე პრობლემა ეღობება.

უპირველეს ყოვლისა ევროპული და ამერიკული ბაზარი მწარმოებლისგან ხარისხის კონტროლის დადასტურებულ დოკუმენტაციას, იგივე ISO-ს სტანდარტს ითხოვს. ქვეყნის შიგნით თაფლის მწარმოებელთათვის ISO-ს დოკუმენტის მინიჭება შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი, ამ შემთხვევაში, თაფლის სინჯების ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაგზავნაა. ამ შემთხვევაშიც, პროდუქტის შეფასება 20 კომპონენტის მიხედვით ხდება მაშინ, როდესაც ევროპულ ქვეყნებში თაფლის გასატანად, თითოეული პარტია 70 კომპონენტის მიხედვით უნდა შემოწმდეს. ამ საკითხზე სახელმწიფო სტრუქტურები უკვე მუშაობენ.

სანამ მეფუტკრეებს ქვეყნის ფარგლებშივე შეეძლებათ სტანდარტის დამადასტურებელი სრულფასოვანი დოკუმენტაციის მიღება, ირინე აპირებს ნაწარმი აზიურ ბაზარზე გაიტანოს, ქვეყნებში, რომლებშიც ISO-ს დამადასტურებელი სერტიფიკატი გარდაუვალ აუცილებლობას არ წარმოადგენს.

"დაინტერესება დიდია ბრიტანეთიდან, აშშ–იდან, სლოვენიიდან, შვედეთიდან, თუმცა სერტიფიკატის არქონა გვაფერხებს. შესაძლებელია თაფლის ექსპორტი ჩინეთში დავიწყოთ. იმისათვის, რომ ჩინურ ბაზარზე შესვლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, 8000 ქოთანი მაინც უნდა ვაწარმოოთ", − ამბობს ირინე.

ამჟამად მისი ოჯახის მფლობელობაში 85 ოჯახი ფუტკარია. ეს რაოდენობა ჩინურ ბაზარზე გასასვლელად არ კმარა. თუმცა, ირინეს უკვე გამოცდილი აქვს მეზობელი მეფუტკრეებისგან თაფლის შეძენა. "მყავს კოლეგები, რომელთაც 400-500 ოჯახი ფუტკარი ჰყავთ. თაფლს წლებია მათგან ვყიდულობ".

"ირინოლას" 300-გრამიანი სასაჩუქრე შეფუთვის ღირებულება მაღაზიებში 20 ლარს შეადგენს. ქოთნის ღირებულება 4 ლარია. საერთო ჯამში კი, პროდუქტის თვითღირებულება 14-15 ლარს უტოლდება. თითოეული ქოთანი თაფლის გაყიდვიდან "ირინოლას" მოგება 2-3 ლარია.

როგორც ირინე ამბობს, თაფლის გარდა, ტურისტების დაინტერესებას სწორედ ქოთნის დიზაინი იწვევს. "მე ქართული კერამიკისა და ქართული თაფლის პოპულარიზაციას ვეწევი", – ამბობს ირინე.

ირინეს უახლოეს გეგმებში "აპიმონდიაზე" დასწრებაა. Apimondia მეფუტკრეთა საერთაშორისო ასოციაციაა. ორგანიზაცია ყოველ 2 წელიწადში კონგრესს მართავს, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მეფუტკრეებს იწვევს, ახალი პროდუქტის დეგუსტაციას აწყობს და მეფუტკრეებს ახალ ბაზრებზე გასვლის შანსს უზრდის.

"აპიმონდია" უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. ქართულ თაფლს უკვე მიღებული აქვს 3 ოქროს მედალი. მინდა, მეოთხეც ჩამოვიტანოთ. საერთაშორისო კონგრესზე ჩემი ქოთნით სხვა ქართველი მეფუტკრეების გვერდით წარვდგები".

საქმე იმაშია, რომ საქართველოში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს, უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში სელის სამოსი იპოვეს, რომელიც გასანთლული იყო, კვლევის შედეგად კი სელის სამოსის ცვილის საფარზე ფუტკრის ფეხებიც იპოვეს. ეს ფაქტი ამყარებს ეჭვს, რომ საქართველოში მეფუტკრეობის კულტურა შესაძლოა 8000 წლის წინ იყო განვითარებული, მოსახლეობას კი ფუტკრის მიერ წარმოებული ცვილის გამოყენება შეეძლო.

გარდა ამისა, საკირეში წლების წინ აღმოჩენილ თიხის ქოთნებში ჩაკირული ნარჩენები დადასტურებულად თაფლია, რაც ზრდის შანსს, რომ საქართველომ, ღვინის გარდა, თაფლის სამშობლოს სტატუსიც მოიპოვოს.

ირინე კაპანაძე რამდენიმე პროექტზეც მუშაობს. სურს, თაფლისა და წყლის შერევით მიღებული ტკბილი, გამაგრილებელი სასმელი დაამზადოს, რომელიც ქართულ ბაზარზე შაქრითა და სხვადასხვა კონსერვანტით გამდიდრებულ სასმელს ჩაანაცვლებს. ასევე, გეგმაში აქვს საბავშვო პროდუქტის ჯანსაღი ალტერნატივა – თაფლის ტკბილი ჩხირები შესთავაზოს მომხმარებელს. გარდა ამისა, ირინე ტურისტული ბიზნესის წამოწყებას აპირებს მესხეთში, რაბათის ციხიდან 8 კილომეტრში, სოფელ ანში.

"ჩემს სოფელ ანში ტურისტული ნაკადები მუდმივად ჩამოდის. სოფლიდან სულ რაღაც 3 კილომეტრში აბასთუმნის ობსერვატორიაა. სოფელი შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. გვსურს, ეგრეთ წოდებული აბორიგენული ტურიზმი წამოვიწყოთ – ანში ჩამოსულთ "კარვების საოჯახო სასტუმროები შევთავაზოთ, 6 ოჯახი შემოვასახლოთ და იმერულ-მესხური კულტურის ნაზავით, ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ".

თუმცა, სანამ იდეებს ბიზნესგეგმის სახეს მისცემს, ბაჰრეინში, გლობალურ სამეწარმეო კონგრესზე GEN Georgia-ს სახელით გასამგზავრებლად ემზადება. აზიური ქვეყნების წარმომადგენლები კონგრესზე ახალ პარტნიორებს ეძებენ, რაც ირინე კაპანაძეს შანსს აძლევს, აზიურ ქვეყნებში ქართულ თაფლზე მოთხოვნა გააჩინოს და ბიზნესი გააფართოვოს.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს