"ჯავარი" - სამკაულები და რელიგიური აქსესუარები ნათია მუშუქიასგან "სამეწარმეო სკოლის" დახმარებით მეწარმემ ქალაქ ჯვარში საკუთარი ბიზნესი განავითარა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნათია მუშუქია სამეგრელოდანაა. ბავშვობიდან საიუველირო ოსტატობით გატაცებული, დღეს უკვე ბრენდ "ჯავარის" დამფუძნებელი და მფლობელია, რომელიც ორი სხვადასხვა ხაზით მუშაობს და მრავალფეროვან საიუველირო ნაკეთობებს ქმნის. 2018 წელს "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით, ნათიამ სახელოსნო ზუგდიდში, საკუთარ სახლში გახსნა და სამკაულებისა და რელიგიური აქსესუარების დამზადებას შეუდგა. სამკაულებში როგორც საყურეებსა და ბეჭდებს, აგრეთვე კულონებსა და სამაჯურებს შეხვდებით. რელიგიური აქსესუარების ხაზი კი ჯვრებს, მედალიონებსა და ხატებს აერთიანებს. ვერცხლისგან დამზადებულ და ნაირფერი ორნამენტებით გაწყობილ მინანქრის ნამუშევრებს დიდ დროსა და ძალისხმევას უთმობს, რათა თითოეული მათგანი სკრუპულოზურობითა და დახვეწილობით გამოირჩეოდეს. დღეს კი სამეწარმეო სკოლის მხარდაჭერით, ნათია საქმიანობას უკვე ბრენდ "ჯავარის" სახელწოდებით აგრძელებს.
"ბრენდი "ჯავარი" სამეწარმეო სკოლის დახმარებით შევქმენი. ეს პროექტი ძალიან დამეხმარა ბიზნესგეგმის დახვეწასა და განხორციელებაში. გავლილი ერთთვიანი ტრენინგები შემდეგ თემებს მოიცავდა: მარკეტინგი და ფინანსური მართვა, რესურსების მობილიზაცია და ციფრული მარკეტინგი. ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება ბიზნესის სწორად წარმართვაში. სამომავლო გეგმები ცხადია სახელოსნოს გაფართოებას უკავშირდება. ჩემი ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საბრუნავი მასალისა და ნედლეულის შესახებ ინფორმაციის მიღება. სამეწარმეო სკოლამ ასევე შემმატა თავდაჯერებულობა და დღეს უკვე სახელოსნოს ბაზაზე მსურს დავაარსო სკოლა, სადაც ნებისმიერი მსურველი ტიხრულ მინანქარზე მუშაობასა და მის ტექნოლოგიას შეისწავლის. პროფესიის ოსტატურად დაუფლების შემდეგ კი ყველაზე წარმატებულს ადგილზევე დავასაქმებ, რაც წარმოების გაზრდასა და ნამუშევრების გამრავალფეროვნებაში დამეხმარება. ამ მიზნის გასახორციელებლად კი ხელსაწყოებითა და საბრუნავი მასალებით მომარაგება მჭირდება".
წარმოების ზრდის შემდეგ, ნათია სარეალიზაციო არეალის გაფართოებასაც გეგმავს და საკუთარი ნამუშევრების სხვადასხვა საეკლესიო და საიუველირო მაღაზიების დახლებზე განთავსებას აპირებს. მანამდე კი სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას არასდროს ზარდება, რათა "ჯავარი" გაცილებით მეტ ადამიანს გააცნოს და მისი პოპულარობის მასშტაბი უფრო გაზარდოს.
სტატიები შექმნილია პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ფარგლებში.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.