მაკა მახათაძე - IT Academy STEP Georgia "ქვეყნის უკეთესობისკენ ტრანსფორმაცია იწყება საკუთარი თავის გარდაქმნით, განვითარებით"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება, რასაც აქტიურად უწყობს ხელს საგანმანათლებლო საქმიანობა. მას შემდეგ, რაც ბაზარზე საერთაშორისო კომპანია IT Academy STEP-ის საქართველოს ფილიალი გამოჩნდა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. IT Step Georgia-ში შეგიძლიათ შეისწავლოთ გრაფიკული დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, Python, კიბერუსაფრთხოება, ვებ პროგრამირება, UI/UX დიზაინი, პროგრამირების კურსები და სხვა.
ქართული წარმომადგენლობის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მაკა მახათაძემ, საგანმანათლებლო სივრცის შექმნა 2015 წელს Azertel-ის საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყვიტა და ამით ქართულ რეალობაში უნიკალური გამოცდილება შექმნა. "ღონისძიებაზე, რომელსაც მობილური კომუნიკაციებისა და უმსხვილესი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანი − დიმიტრი კორჩევსკი. მან წარმოადგინა პროგრამირების სწავლების უნიკალური პროგრამა, რომლითაც ძალიან დავინტერესდი. სწავლების მეთოდები და მიდგომები, ჩემი აზრით, იმდენად ინოვაციური, თანამედროვე და პროდუქტიული იყო, რომ მათი ჩვენს რეგიონში დანერგვის დიდი შესაძლებლობა დავინახე. მახსოვს, ლას ვეგასში მივფრინავდი მორიგ შეხვედრაზე, რომელსაც კორპორაცია Intel მართავდა თავისი თანამშრომლებისთვის, რომლის შემდეგაც გადავწყვიტე შევხვედროდი დიმიტრი კორჩევსკის და დამეთვალიერებინა მისი აკადემია, რომლის შესახებაც მას ბევრი რამ ჰქონდა ნაამბობი. ჩავფრინდი ამ საერთაშორისო ბრენდის უკრაინის ფილიალის სანახავად და ვიხილე ის, რისი წარმოდგენაც გამიჭირდებოდა: უპირველეს ყოვლისა, სწავლების ხარისხის დონე, თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი, საოცარი ატმოსფერო და პირობები. ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი საუბრის და ჩემი თვალით ნანახის შემდეგ, სამშობლოში მოვფრინავდი და საკუთარ თავს ვეუბნებოდი − ჩვენ საქართველოში უნდა გვქონდეს ასეთივე აკადემია, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს და ყველა მონაწილეს თვითგანვითარებისკენ, წინსვლისკენ, ასევე შთააგონებს, შეიმეცნონ სიახლეები. ქვეყნის უკეთესობისკენ ტრანსფორმაცია იწყება საკუთარი თავის გარდაქმნით, განვითარებით. ჩვენი ახალგაზრდებიც იმსახურებენ ჩაერთონ განვითარების სპირალურ პროცესში, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება გრძელდებოდეს", − აღნიშნავს მაკა მახათაძე.
როგორ დაიწყო ყველაფერი? კარიერის განმავლობაში მაკა მახათაძეს, როგორც ანტრეპრენერს, წინსვლის უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა. საქმიანი ცხოვრების დასაწყისად კომპიუტერულ კომპანია "ალტაში" მუშაობას მიიჩნევს, სადაც 9 წელი საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობაში გაატარა. განსაკუთრებული წარმატება კი მაშინ იგრძნო, როდესაც CV კორპორაცია Intel-ში გაგზავნა და დიდი საერთაშორისო გუნდის წევრი გახდა. შეკითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იღბალი წარმატების მისაღწევად, მაკა გვპასუხობს: "ჩემი სურვილი და მისწრაფება ალბათ იმდენად ძლიერი იყო, რომ ღმერთმაც გადმომხედა და მიმიწვიეს ონლაინგასაუბრებაზე Intel-ის HR-თან. გასაუბრებამ წარმატებულად ჩაიარა, შემდეგ მეორე გასაუბრება დაინიშნა კორპორაციის ერთ-ერთ დირექტორთან, შემდეგ კიდევ ერთი, რის შემდეგაც სამუშაოდ ამიყვანეს რეგიონული წარმომადგენლის პოზიციაზე. აი, მაშინ უკვე ვიგრძენი არა მხოლოდ სიხარული, არამედ თავდაჯერებულობაც და ვირწმუნე, რომ საკუთარი ძალებითა და მიზანსწრაფვით მთების გადადგმას შევძლებდი".
2017 წლიდან კორპორაცია Intel გადავიდა თავისი ბიზნესის ახალ საფეხურზე და საქართველოს რეგიონი აღარ აღმოჩნდა ტექნოლოგიური ინტერესის ობიექტი. სწორედ ამ პერიოდში, მაკა მახათაძემ გადაწყვიტა, დაეწყო საკუთარი საქმიანობა განათლების სფეროში არსებული ხედვების გარდაქმნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. განსაკუთრებული ძალისხმევითა და მოტივაციით, დღესდღეობით IT Academy STEP Georgia წარმოადგენს Microsoft-ის, Cisco-ს, VMware-ის, Comptia-ს, BTEC-ის, Certiport-ის, Autodesk-ისა და Adobe-ის მიერ ავტორიზებულ ერთ-ერთ უმსხვილეს სასწავლო და საგამოცდო ცენტრს, რაც საშუალებას აძლევს "სტეპერებს" ("სტეპის" სტუდენტებს), გაიკვალონ გზა საერთაშორისო შრომით ბაზარზე, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
მაკა მახათაძის აზრით, ანტრეპრენერი ქართული მნიშვნელობით ახლოს დგას სამეწარმეო სულისკვეთებასთან, რაც თავის მხრივ, არა მხოლოდ კონკრეტული ფინანსური მოგებისთვის გამიზნული ბიზნესის შექმნას გულისხმობს, არამედ შესაძლოა მოიცავდეს ინოვაციურ ხედვებსა და რისკს. ანტრეპრენერი თავისი ხედვით ლიდერთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ბიზნესმენთან. მაკა მიიჩნევს, რომ ანტრეპრენერისთვის მნიშვნელოვანია სწრაფი ადაპტირება ცვლილებებით სავსე სამყაროში. "ამ გარემოში ყველა ასაკის ადამიანებს აქვთ უამრავი გამოწვევა, როგორც პროფესიული − მათ შორის ახალი უნარების, პროფესიის ათვისების აუცილებლობა, კარიერული წინსვლა, მეტი შემოსავლის გენერირება, ასევე, პიროვნული − დროსთან ადეკვატურობის სურვილი, საჭიროება, იყო აქტუალური, გაერკვნენ საკუთარ თავში, შეიძინონ სტატუსი, პროგრესი იყოს მათი ცხოვრების ნაწილიც. სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს "სტეპის" ბრენდი − "განვითარდი და განავითარე", რომელიც ჩვენი ბრენდმოტო, ანუ მთავარი სათქმელია ამ ადამიანებისათვის. უკეთესი ცხოვრება იწყება ტრანსფორმაციით და "სტეპი" გაძლევთ შესაძლებლობას, ეს ცვლილებები დაიწყოთ თქვენი თავით და შედეგი არ დააყოვნებს", − აცხადებს მაკა მახათაძე.
მთავარი მოტივაცია, რაზეც აკადემია და მისი გუნდი დგას, არის თვითგანვითარება ქვეყნის ზოგადი განვითარების მიზნით და ენთუზიაზმი, რომელიც შეუძლებელს შეგაძლებინებს. "ყველაზე რთულია, შენი ენთუზიაზმი გადასდო ადამიანებს, ისინიც აანთო საერთო იდეით და მომართო გუნდი საერთო მიზნის მისაღწევად. ვიპოვეთ ძალა, რომ ფაქტობრივად არაფრიდან, თვითმფრინავში დაბადებული უბრალო ფიქრიდან ჩემს გუნდთან ერთად შემექმნა ბრენდი, რომელზეც ახლა ბევრი ლაპარაკობს, და ეს კიდევ უფრო მეტად მაძლიერებს. გადარჩენისა და ზრდისთვის საჭიროა გქონდეს შინაგანი სწრაფვა საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შესაქმნელად, მუდმივად სწავლობდე და ვითარდებოდე რეალური ხელშესახები შედეგებისთვის; იყო მიზანდასახული, ინოვაციური და პროაქტიული, გქონდეს მომავლის მკაფიო ხედვა და გჯეროდეს ყველა შენი წამოწყების; იყო მამოტივირებელი და შესაძლებლობების მიმცემი შენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის; საიმედო და მყარი პარტნიორი, ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარული, შეგეძლოს სხვების დახმარება და მათი წარმატების გაზიარება... და მთავარი რჩევა, რაც ანტრეპრენერებს მინდა მივცე: განვითარდით და განავითარეთ", − აღნიშნავს მაკა მახათაძე.