Get All Access for $5/mo

USAID YES-GEORGIA ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის გაიცანით ეთერ ალმასია და თეონა კაციტაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

USAID Yes Georgia

ხშირად არასასიამოვნო მოვლენები ცხოვრებაში ახლის დასაწყისი ხდება, ნეგატიური ენერგიის სამოქმედო ენერგიად გარდაქმნა კი უკვე მთავარი გამარჯვებაა. ეს ენერგია არ გაჩერებს და სულ წინ და წინ მიჰყავხარ. სულ მალე კი შეიძლება ისეთი იდეის დაბადებას შეუწყოს ხელი, რომელიც არა მხოლოდ შენი, არამედ ირგვლივ კიდევ მრავალი ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხ მოვლენებს დაუდებს სათავეს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ ამ დროს შენ გვერდით ავტორიტეტული და გამოცდილი ორგანიზაციები დგანან, რომლებიც ფოკუსის გასწორებაში გეხმარებიან და საკუთარ მიზნებსა და ოცნებებთან მეტად გაახლოებენ.

ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში", რომელიც ფონდი "კრისტალის" მიერ ხორციელდება, შთამბეჭდავად აგრძელებს საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ პროექტი ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში მიმდინარეობს. დამატებით ფინანსურ დახმარებას კი პროექტს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" უწევს. სწორედ პროექტის ერთ-ერთ ქვეკომპონენტს წარმოადგენს Buzz Georgia, რომელიც საგანგებოდ შერჩეულ ტრენინგ და სასწავლო პროგრამებს მოიცავს და მონაწილეებს იმ მრავალმხრივი საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება, რომელიც მათ საკუთარი საქმიანობის წამოწყებასა და მართვაში ეფექტურად შეუწყობს ხელს.

Entrepreneur-ი კი იმ ორ ახალგაზრდა ქალბატონსა და მათ ისტორიებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც უამრავი წინაღობა და გამოწვევა, გაბედულობით, თავდადებით, მომავლის იმედითა და გამარჯვების დაუოკებელი წყურვილით მედგრად გადალახეს. დაბრკოლებები მათთვის გაათმაგებულ სტიმულად, გადალახული წინაღობები კი ახლის საწყისად იქცა.

ეთერ ალმასია

მე ეთერ ალმასია ვარ, 32 წლის, ზუგდიდიდან. 28 წლის ვიყავი, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოზი რომ დამისვეს. ჩემი შვილი, ირაკლი, მაშინ 9 თვის იყო.

ყველაფერი 2016 წლის ოქტომბრის ერთ-ერთი ცივი დღიდან დაიწყო. ძალიან შემცივდა და გამიკვირდა, ასე არ უნდა შემცივებოდა. რამდენიმე საათში ვიგრძენი ტემპერატურა. რა თქმა უნდა, პროცესი მანამდე უკვე დაწყებული იყო. მახსოვს, ხშირად მიხურდა ზურგი და ცივ ხელს ვიდებდი ხოლმე გასაგრილებლად. დაღლილობას და მოთენთილობას ვუჩიოდი, რასაც მეძუძური დედის რეჟიმს ვაბრალებდი.

ტემპერატურა რამდენიმე დღე გაგრძელდა, თითქოს გამოვკეთდი, მერე ისევ... ფილტვების ანთების დიაგნოზი 13 ნოემბერს დამისვეს, თუმცა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.

25 ნოემბერს ტუბერკულოზის დიაგნოზი დამისვეს...

კადრებად მახსოვს ყველაფერი, თეთრხალათიანებთან ერთად ზუგდიდის ტუბ-დისპანსერის ერთ-ერთ ოთახში ჩავიკარგე. ექიმები განიხილავდნენ ფორმას. მაშინ არ ვიცოდით, რომ იმ რთულ ფორმაზე იყო საუბარი, რომელსაც მულტირეზისტენტული (MDR) ჰქვია და ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებოდა.

მკურნალობა თბილისში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში დავიწყე ე.წ. ახალი მედიკამენტით. დაახლოებით თვენახევარი გასტანა მკურნალობამ დედაქალაქში, შემდეგ ზუგდიდში დავბრუნდი და მკურნალობა ბინაზე გავაგრძელე. 2,5 თვის შემდეგ კი უკვე საფრანგეთში, პუატიეს საუნივერსიტეტო კლინიკაში (CHU de Poitiers), სადაც წელი და 3 თვე გავატარე. ეს ყველაფერი ძალზე რთული იყო. მედიკამენტებს საკმაოდ ბევრი და ცუდი გვერდითი მოვლენა ახასიათებს. თუმცა, დროთა განმავლობაში შევისწავლე, როდის როგორ ვგრძნობდი თავს. ასე ვთქვათ, ჩემი მეთოდები შევიმუშავე, რათა გვერდითი მოვლენები მემართა.

2018 წლის 8 ივნისს მე ის დავამარცხე! პირველსავე დღიდან ამ თემაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალია სტიგმა ტუბერკულოზის მიმართ. პირველსავე წუთიდან ვიცოდი, რომ დადგებოდა დღე, როცა მე აუცილებლად გავიმარჯვებდი დაავადებაზე!

საზოგადოებაში უმთავრესია ცნობიერების ამაღლების უფრო ეფექტური და კომპლექსური კამპანიები, ვიდრე პირისპირ დავრჩებით დაავადებასთან. გვჭირდება მეტი ცოდნა, უკეთესი მზადყოფნა, რათა არ გაჩნდეს შეკითხვა, გავამჟღავნოთ თუ არა სტატუსი, ჩავერთოთ თუ არა მკურნალობაში. მკურნალობის დასაწყებად, დამყოლობისათვის და თვითსტიგმასა თუ სტიგმასთან ბრძოლაში, ცოდნა და ინფორმირებულობა საუკეთესო იარაღია. პერიოდულად, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან მომდიოდა შეტყობინება, რომ მათ ან მათსავე ახლობლებს ჰქონდათ ან ჰქონიათ იგივე პრობლემა. ვცდილობდი, გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება. თავიდან გაჩნდა იდეა, რომ შემექმნა ორგანიზაცია ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანებისთვის. ქალები უფრო ვიჩაგრებით, ქალებისთვის უფრო რთულად მისაღებია ნებისმიერი დაავადება, ამიტომ გადავწყვიტე დამეფუძნებინა ქალთა ასოციაცია "გვირილა".

"გვირილა" ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ჩვენი მიზანია ქალთა გაძლიერება სამეგრელოს რეგიონში. ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალთა სიტუაციების ანალიზი მათი შემდგომი აქტუალიზაციისთვის. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის, აივ-ის, გენდერისა და ძალადობის საკითხზე სტიგმისა და დისკრიმინაციის შესამცირებლად.

გვყავს ფსიქოლოგი, ვთანამშრომლობთ ქალთა კონსულტაციის ცენტრ "ლაიფი+"-სთან, გვქონდა იოგას 1-თვიანი ონლაინკურსები და ახლახან The body shop Georgia-მ (კომპანია "გეფა") ჩვენს ერთ-ერთ ბენეფიციარს მაგისტრატურის 1 წელი დაუფინანსა. ჩავატარეთ რამდენიმე საინფორმაციო ტიპის შეხვედრა და მიწვეულები ვიყავით სხვადასხვა ორგანიზაციაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხზე ონლაინ ტრენინგების/ სემინარების ჩასატარებლად. ბაზ-ჯორჯიას ტრენინგის განმავლობაში საოცარი ემოციური კავშირი დამყარდა ყველა მონაწილე ქალს შორის. გავუზიარეთ ერთმანეთს პირადი გამოცდილება ეკონომიკური თუ სოციალური საქმიანობის მიმართულებით. საინტერესო იყო, რომ ტრენინგის მონაწილეები ვიყავით სხვადასხვა რეგიონიდან, რამაც საშუალება მოგვცა ერთმანეთისთვის კულტურული სხვაობებიც გაგვეზიარებინა. შევთავაზეთ ერთმანეთს დახმარება ჩვენს საქმიანობებში და დავგეგმეთ შემდგომი ღონისძიებები. ტუბერკულოზის მიმართ სტიგმის შესამცირებლად, უმთავრესია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების უფრო ეფექტური და კომპლექსური კამპანიები, ვიდრე პირისპირ დავრჩებით დაავადებასთან. გვჭირდება მეტი ცოდნა, უკეთესი მზადყოფნა, რათა არ გაჩნდეს შეკითხვა, გავამჟღავნოთ თუ არა სტატუსი, ჩავერთოთ თუ არა მკურნალობაში. მკურნალობის დასაწყებად, დამყოლობისათვის და თვითსტიგმასა თუ სტიგმასთან ბრძოლაში, ცოდნა და ინფორმირებულობა საუკეთესო იარაღია.

თეონა კაციტაძე

მე ვარ თეონა კაციტაძე, 31 წლის. დავიბადე და გავიზარდე საჩხერეში. ძალიან მიყვარს საჩხერე და ჩემი სოფელი სხვიტორი, რომელთაც მიმაჩნია, რომ განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი აქვთ კულტურული, აგროსამრეწველო, ტურიზმისა და სათემო მიმართულებებით. საჩხერესა და სხვიტორში გატარებული ბავშვობისა და თინეიჯერობის წლები ჩემთვის დაუვიწყარია. ჩემ გარშემო არსებულ, მუდმივად შრომაში გართულ, ბუნებრივ, მასიურ სამყაროში ჩემი მცირე სამყარო მქონდა შექმნილი, სადაც ძირითადად ოცნებებს ჩემს ძმასთან, ლევანთან ერთად ვაშენებდი. გვინდოდა ბევრი გვემოგზაურა, შეგვეცნო სამყარო, გადაგვეწია ჩვენი განათლების ჰორიზონტები და დავბრუნებოდით ბებოს და ბაბუს, დავხმარებოდით სოფელს ნახირის მომწყემსვაში, რომელიც ჩვენი საყვარელი გასართობი და თანაც საქმიანობა იყო ბავშვობაში. ოცნებების ნაწილი ნამდვილად ავისრულე, მაგრამ ეს ლევანის ფიზიკურად გვერდით ყოფნის გარეშე მომიწია. თუმცა, მჯერა, რომ ის არასდროს მტოვებს და ყოველთვის ჩემ გვერდით არის, თავის სუფთა ენერგიას მახმარს, როდესაც ეს ძალიან მჭირდება და მუდამ მაძლევს სასიცოცხლო ძალას.

სკოლის დასრულების შემდეგ მივიღე უმაღლესი აკადემიური განათლება, შევიცვალე მრავალი სამუშაო ადგილი, ვიმოგზაურე, აქტიურად ვქმნიდი საკუთარ თავს, რაშიც ჩემს ცხოვრებაში დაუგეგმავად მომხდარი რამდენიმე ცხოვრებისეული "დიდი აფეთქებაც" დამეხმარა. ორმა მათგანმა ჩემს ცხოვრებას მეტი დრამატულობა შემატა: 2011 წელს ჩემი ძმა გარდაიცვალა, რის გამოც ნაცნობ გარემოს გავექეცი და 2013 წელს თავი დაბა სტეფანწმინდაში, ახალგახსნილ სასტუმრო "რუმს ყაზბეგს" შევაფარე, სადაც ზრდასრულ ადამიანად ვიქეცი. საბოლოო ფერისცვალებაც აქ განვიცადე, როდესაც 2017 წელს თავში 2 მასიური კაპილარული მალფორმაცია/კეთილთვისებიანი სიმსივნე "ამიფეთქდა" და სიცოცხლის მხოლოდ 0.01% შანსით დამტოვა სიკვდილის წინაშე, მაგრამ შევძელი და ამ "ბრძოლაში" გავიმარჯვე. მასში ყველაზე მეტად სიყვარული დამეხმარა − ჩემი სიცოცხლის სიყვარული, ჩემი მეუღლის, მეგობრების; ჩემს ნეიროქირურგს რომ თავისი პროფესია და ადამიანები უყვარს, ჩემს ძმას რომ ვუყვარვარ, და სასულიერო პირები რომ სიყვარულით ლოცულობენ მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. მიმაჩნია, სწორედ სიყვარული დამეხმარა, სიცოცხლისთვის საჭირო ძალა გამომენახა და დიახ, "სიყვარული არის პასუხი". მიუხედავად ნაწილობრივ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობისა, რომელიც ჰემორაგიის შემდეგ დამრჩა ჩემი ნერვული სისტემის/ტვინის დაზიანების გამო, საავადმყოფოში ყოფნისას, სანამ სიარულს თავიდან ვისწავლიდი, ვგეგმავდი, როგორ შემეცვალა საკუთარი რეალობა უკეთესობისკენ და გადავწყვიტე, მეცადა ლუცერნის უნივერსიტეტში სტუმარ-მასპინძლობის Graduate-პროგრამაზე გამოცდების ჩაბარება.

საავადმყოფოდან ყველა დოკუმენტი ელექტრონული ფოსტით გავაგზავნე. პასუხად მივიღე, რომ ჩემი უნივერსიტეტში მიღებით დაინტერესდნენ, მაგრამ ამ გეგმის ბოლომდე განხორციელება ვერ შევძელი, რადგან ჯერ სიარული და დამოუკიდებლად ცხოვრება არ შემეძლო, რაც რეაბილიტაციის პერიოდში ყველაზე კარგად გავიაზრე. ვნანობდი, რომ ვერავის ცხოვრების შეცვლა ვერ მოვახერხე უკეთესობისკენ. ამიტომ, დავისახე ახალი მიზანი და დღეს ზუსტად ვიცი, რომ მსურს ადამიანების ცხოვრება გავაუმჯობესო. ამჟამად დისტანციურად ვმუშაობ სასტუმრო "რუმს ყაზბეგისთვის" და სოფელ სხვიტორში ვგეგმავ მცირე საოჯახო მეღვინეობას, რომლის ინსპირატორი დედაჩემი − ია გოშაძეა. ამ მიზნის განსახორციელებლად "ფერმერთა ასოციაციის" გრანტი მოვიპოვე. ამ შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდი "ფერმერთა ასოციაციის" მთელ გუნდს. მეღვინეობის გამართვის პარალელურად, ვმუშაობ მდგრადი მეურნეობისა და სათემო კავშირის განვითარებაზე, რომლის ფარგლებშიც ახალი პროდუქტების შექმნას და მრავალი საინტერესო აქტივობის ორგანიზებას ვისახავ მიზნად. ძალიან მიყვარს ახალი იდეების განვითარება და მათი პროექტებად დაგეგმვა, უკვე არსებული რესურსების ინოვაციური გზით გამოყენება, პრობლემების შესაძლებლობებად ქცევა, რომელიც ადამიანთა კეთილდღეობით სავსე ცხოვრებას ისახავს მიზნად. "ბაზ-ჯორჯიას" ტრენინგების განმავლობაში ბევრი საინტერესო და ხარისხიანი ინფორმაცია მივიღე, რომელთაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი პროექტების ფარგლებში. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა და ინსპირაციის ახალი წყარო ვებინარების მონაწილე ქალების გაცნობა, მათი პირადი ისტორიების მოსმენა და ტრენერებისგან ხარისხიანი ცოდნის მიღება გახდა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ და მიმაჩნია, რომ ჩვენი სიცოცხლის დროის მსგავსად, მუდმივად გაუმჯობესებული განათლება/ ცოდნა ფასდაუდებელი რესურსია, რომელიც ადამიანებს გვაქვს. "ბაზ ჯორჯიას" დახმარებით მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო ამიმაღლა მოტივაცია, რომ აუცილებლად შევქმნა ფონდი რეგიონებში მცხოვრები ქალების ეკონომიკური და ინფორმაციული გაძლიერებისთვის.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე