ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა ედუარდ შევარდნაძე – ფიქრი წარსულსა და მომავალზე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საბჭოთა კავშირის ახალი საშინაო და საგარეო პოლიტიკა ძირეულ და პრინციპულ ცვლილებებს მოითხოვდა. ერთ-ერთი მთავარი, რაც სასწრაფოდ უნდა გადაწყვეტილიყო და შეწყვეტილიყო – ავღანეთში ომი გახლდათ, რომელიც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ახალი დანიშნული ვიყავი მინისტრად, როცა 1985 წლის ბოლოს, დეკემბერში, მოსკოვში ჩამოიყვანეს ავღანეთის კომპარტიის გენერალური მდივანი ბაბრაქ ქარმალი, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ნა ჯიბი, იგივე – ნაჯიბულა,* და კიდევ ოთხი-ხუთი თანამდებობის პირი.
განსხვავება "ნაჯიბსა" და "ნაჯიბულას" შორის შემდეგ თავად ნაჯიბულამ აგვიხსნა. როდესაც ახალგაზრდა იყო, ნაჯიბი ერქვა, ხოლო უფრო ასაკოვანს, თანაც პირველ პირს, პატივისცემის ნიშნად ნაჯიბულა შეეფერებოდა
თუ არ მეშლება, მათთან თათბირს ვესწრებოდით გორბაჩოვი, გრომიკო და მე. ავღანური დელეგაციის წევრებმა, ჩვეულებისამებრ, ანგარიში ჩაგვაბარეს – რა როგორ არის, რა გაუმჯობესდა, რა გაუარესდა. ძალზე მძიმე სურათი დაიხატა. მე და გორბაჩოვს ნათქვამი გვქონდა, რომ ადრე თუ გვიან ეს საკითხი უნდა გადაგვეწყვიტა, ჯარები გამოგვეყვანა, რადგან იქ არაფერი გვესაქმებოდა. თავად ჩვენს ქვეყანაში გვქონდა პრობლემები მოსაგვარებელი, თანაც ავღანეთი უძირო ჭა იყო, ადამიანური და ფინანსური რესურსების უძირო ჭა. ყველაფერს რომ თავი დავანე ბოთ, პოლიტიკური, ჰუმანური და სამხედრო ასპექტით, ჩვენს ქვეყანას აღარ შეეძლო ამ ტვირთის ზიდვა.
როგორც ზემოთ ვთქვი, ყოველივე ამაზე, ჩვენ კარგა ხნის წინ, ბიჭვინთაში გვქონდა ლაპარაკი. მაშინ გორბაჩოვი გენერალური მდივანი ჯერ არ იყო, გენერალური მდივნის როლში კი ძალიან ფრთხილობდა. ორჯერ რომ შევახსენე, დამეთანხმა და მათაც უთხრა: "ჩვენი ჯარი გამოვა, იარაღს, რამდენსაც გინდათ, მოგცემთ. მოგცემთ ყველაფერს და თქვენ თვითონ იომეთ". სტუმრები ამას არ ელოდნენ: მოვიფიქრებთ, თუმცა გაგვიჭირდებაო.
გორბაჩოვმა დაჟინებით გაუმეორა: "ჩვენი ჯარი უნდა გამოვიდეს ავღანეთიდან, იარაღს დაგიტოვებთ, დამატებით, რამდენსაც გინდათ, იმდენს მოგცემთ. თქვენი ჯარი შეაიარაღეთ და ჩაანაცვლეთ ჩვენს ჯარს".
გავიდა ორი-სამი წელიწადი და არაფერი იძვრის. დანიშნული იყო პარტიის, თუ არ ვცდები, XXVII ყრილობა და გორბაჩოვს ვთხოვე, საან გარიშო მოხსენებაში შეეტანა თეზისი ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შესახებ. შეიტანა, მაგრამ შემდეგ პოლიტბიუროს წევრებში ატყდა ხმაური – ეტყობა ყველა არ ეთანხმებოდა, თუმცა აშკარა შეწინააღმდეგებაც ვერავინ გაბედა. ამ მითქმა-მოთქმამ მაინც ეჭვი გამიჩინა, ვაითუ, გადაეთქვა.
ყრილობის წინ, ღამის თორმეტ საათზე, დაგვირიგეს მოხსენების საბოლოო ვარიანტი. ასეთი წესი იყო, პოლიტბიუროს წევრებს უნდა წაგვეკითხა.
წავიკითხე. სად არის ავღანეთის საკითხი?! არ არის... ღამის პირველი საათი იქნებოდა, გორბაჩოვს შინ რომ დავურეკე. დარეკვაც არ იყო იოლი, მაგრამ მე რომ ვურეკავდი, ყოველთვის მპასუხობდა ხოლმე.
დავურეკე და ვუთხარი: – მივიღე მოხსენების საბოლოო ვარიანტი. ავღანეთი აქ არ არის. – იქნებ ცოტა მოვიცადოთ? – ზუსტად ასე მითხრა.
ამაზე მივუგე, ამ თემას ჩემს გამოსვლაში მე გამოვიტან, ამის დრო მოვიდა, ხალხი მხარს ნამდვილად დამიჭერს, თქვენ კი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებით-მეთქი.
– რას ამბობ, რას ამბობ, განა ასე შეიძლება?
ისევ ვუთხარი, რომ მთელი სერიოზულობით ვამბობდი – კმარა, – მიპასუხა, – ხვალ აღვადგენ ამ ფორმულირებას.
ამას.
მეორე დილით, სამსახურში წასვლამდე, დამირეკა. მე უკვე კაბინეტში ვიყავი და ყრილობაზე წასასვლელად ვემზადებოდი. შემრიგებლური ტონით, შინაურულად და ცოტა ირონიულადაც კი მითხრა: – შენი დავალება შესრულებულია.
არ მინდა, ვინმემ არასწორად გაიგოს ეს ყველაფერი და, ალბათ, პატარა წიაღსვლა უნდა გავაკეთო.
მართალია, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ბევრი ინიციატივა მიდიოდა ზემოთ, მაგრამ იქ პოლიტბიურო იყო და იყო გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვი. ყველა შესაბამისი პრინციპული გადა წყვეტილება წინასწარ მასთან და პოლიტბიუროსთან იყო შეთანხმებული – არა დეტალებში, მაგრამ ძირითად მიმართულებებში აუცილებლად. რაც შეეხება ავღანეთს, ამ ქვეყნის პრობლემებს მე კარგად ვიცნობდი, ათჯერ მაინც ვიყავი ავღანეთში ნამყოფი (ჩემთან ერთად, როგორც წესი, უშიშროების მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კრიუჩკოვიც იყო ხოლმე).
გორბაჩოვის მოხსენებაში იყო ასეთი პრინციპული ფრაზა: "ჩვენ გვსურს, უახლოეს მომავალში დავაბრუნოთ სამშობლოში ავღანეთში მყოფი საბჭოთა ჯარები". ეს ათასობით ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას ნიშნავდა.
1988 წლის 5-7 იანვარს ავღანეთში გავფრინდი ცეკას მდივან ანატოლი დობრინინთან ერთად. რაკი ავღანეთის საქმე დაიძრა, სწრაფად და ენერგიულად უნდა გვემოქმედა. იქ დამხვდნენ ავღანეთის კომპარტი ის მდივანი ნაჯიბულა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ქეშთმანდი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვაქილი, თავდაცვის მინისტრი რაფი, უშიშ როების მინისტრი იაკუბი, შინაგან საქმეთა მინისტრი გულიაბზოი.
რაც მითხრეს, იმის მიხედვითაც კი უმძიმესი მდგომარეობა იყო, მაგრამ რაც არ მითხრეს?!
მოსალმებისას ნაჯიბულამ მითხრა: "ინტერნაციონალისტ მეომრებს შორის თქვენი თანამემამულენიც არიან, 1649 კავკასიელი, მათგან 314 ქართველი". არ შევიმჩნიე: ვიცოდი, რომ იქ მარტო იმ საბჭოთა ჯარისკაცებისათვის კი არ ვიყავი ჩასული, ვისაც ხოცავდნენ და ვინც ხოცავდა, ან მხოლოდ ავღანელების გადასარჩენად, არამედ იმ კავკასიელებისა და ქართველების გადასარჩენადაც, რომელთაც საერთოდ არაფერი ესაქმებოდათ ამ ქვეყანაში. ვფიქრობდი, "თუ ერთი ადამიანი მაინც გადავარჩინე, ეს მაინც ხომ ჩამეთვლება მადლად განკითხვის ჟამს?!"
უკვე შემდეგ, მოსკოვში, პოლიტბიუროს წევრების მხარდაჭერა რომ მომეპოვებინა, მათ წინაშე მოხსენებით წარვდექი და ყველაფერი დაუფარავად მოვახსენე. ვთქვი: "ავღანეთი ომით დაიღალა. ავღანელთა უმრავლესობა ჩვენს მხარეზე არ დგას, მათ ვერაფერი მივეცით. ქვეყანაში ყველაფერი გაჩანაგებული და განადგურებულია. ხალხი შიმშილობს, არმია არაფრად ვარგა, ბრძოლისუუნაროა, ბევრია "მკვდარი სული", ჯარისკაცებისა და ოფიცრების ფულს ითვისებენ, ბევრია დეზერტირიც..." ამასთან, დავძინე: "ავღანეთი უძირო ჭაა, რომელშიც უამრავი ფული იყრება, მეც არ ვიცი რამდენი. თუ იაპონელებისა და ამერიკელების გათვლას ვენდობით, წელიწადში დაახლოებით ორ მილიარდამდე. ამასთან, იქ მარტო ჩვენი ხალხი კი არ იღუპება, არამედ ჩვენი ავტორიტეტი და ჩვენი ღირსებაც ილახება. მოკლედ, ავღანეთი ის ჭაობია, რომელიც უფრო და უფრო გვითრევს და იქიდან სწრაფად უნდა ამოვიდეთ, ოღონდ ისე, რომ არც ჩვენი მეგობრები მივატოვოთ უპატრონოდ და არც ქვეყანა". ისიც ვთქვი, რომ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა უპირველესად საბჭოთა კავშირის უსაფრთხოებისა და მისი საგარეო თუ საშინაო პრობლემების გადასაჭრელად იყო საჭირო.
ყველაზე რთული მაინც "ავღანელ" სამხედროებთან შეხვედრა იყო. ხალხით გაჭედილ დარბაზში მხოლოდ მე ვლაპარაკობდი. შემაშფოთებელი დუმილით შემხვდნენ, არც შეკითხვები იყო, არც გამომსვლელები. ჩანდა, გენერალიტეტის ერთ ნაწილს ავღანეთიდან გამოსვლა არ სურ და. რატომ?! ხალხი ხომ იღუპებოდა?! იარაღით ვაჭრობა, ნარკოტიკების გასაღება იქ დიდ მასშტაბს აღწევდა. ძნელი იყო ამის თქმა, მაგრამ ხომ ვერ დავმალავდი?! ისიც სათქმელია, რომ დარბაზში, უმეტესად, ქვეყნის ერთგული და პატიოსანი, მრავალჭირგადახდილი ოფიცრობა იჯდა, მაგრამ ისინიც დუმდნენ – არ სურდათ ამ სიბინძურესთან შეხება. მაშინაც არაფერი უთქვამთ, როცა გამოვაცხადე, სამშობლოში ბრუნდებით, სადაც ოჯახები გელიან-მეთქი. პასუხად სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
ჩემთვის ნაწილობრივ გასაგებიც იყო ეს სიჩუმე. არავინ იცოდა, რა ელოდათ მათ სამშობლოში – ალბათ, ტრადიციული უბინაობა, სიღატაკე, დამარცხებული ჯარის შელახული ავტორიტეტი. მე მესმოდა მათი, მაგრამ ცხოვრება და ქვეყანა სხვა, სწორი გზით რომ წასულიყო, ეს ომი უნდა შეწყვეტილიყო.
ამ შეხვედრამ ძალიან შემაშფოთა და განმიმტკიცა აზრი, რომ არმიაში საქმე კარგად ვერ იყო. შემდეგ, როგორც კომისიის თავმჯდომარე, რამდენჯერმე შევხვდი სამხედროებს. ვუხსნიდი, რომ პრინციპული გადაწყვეტილება ჯარის გამოყვანაზე უკვე მიღებულია და ახლა უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად და უმსხვერპლოდ მოხდეს ეს ყველაფერი.
მოგეხსენებათ, ავღანეთში ძალზე რთული გზებია, არც ჩასაფრება და დივერსია იყო გამორიცხული, მაგრამ რაკი ავღანელები თავად ესალმებოდნენ საბჭოთა ჯარების გამოსვლას, მათი მხრიდან არავითარი წინააღმდეგობა აღარ ყოფილა – არც ერთი საბჭოთა ჯარისკაცი არ დაღუპულა. იარაღიც მათ დავუტოვეთ – ჩვენს მომხრეებს, რა თქმა უნდა.
გავიდა ხანი და მე და გორბაჩოვი ნაჯიბულასა და ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებს ტაშკენტში შევხვდით. საინტერესოა, რომ ჩვენი ტაშკენტში ყოფნის პარალელურად, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევაში განაცხადა: "მე არაფერი ვიცი ჯარების გაყვანაზე, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ამას ავღანეთი არ დაეთანხმება".ერთი აურზაური ატყდა. მერე ავღანეთის პირველმა პირმა, ნაჯიბულამ, დაურეკა და განუმარტა, რომ ეს გადაწყვეტილი საკითხია. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ხაზი გავუსვა თუ რაოდენ ძნელი იყო პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად ჯარების გამოყვანა.
ავღანეთიდან ბევრი თუთიის კუბოთი დაბრუნდა შინ, ბევრი – დასახიჩრებული. იქითა მხარესაც მრავალი დაიღუპა და გაუბედურდა.
ისიც სათქმელია, რომ ზოგიერთი საბჭოთა გენერალი და ოფიცერი მილიონერი გახდა, მათ ხელი მოითბეს იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობით. ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში ამაზე მივუთითე კიდევაც: ამგვარი სიგნალები მომდის-მეთქი.
ასე იყო თუ ისე, ჯარი მშვიდობინად გამოვიყვანეთ. შემდეგში ავღანეთისთვის დახმარების პროცესის კურირება მე დამევალა. აქაც უამრავი პრობლემა იყო გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი – დაწყებული იარაღის მიწოდებით და დამთავრებული ჰუმანიტარული ტვირთებითა და მათი ტრანსპორტირებით. სად საგარეო საქმეთა მინისტრი და სად – ტრანსპორტი? მაგრამ რას ვიზამდი? დავემორჩილე პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას, ოღონდ იმ პირობით, რომ რასაც მოვითხოვდი, მომცემდნენ. ავღანეთის ხელმძღვანელობას დავუკავშირდი და ვუთხარი, სასწრაფოდ შემატყობინეთ, რა გჭირდებათ და რამდენი-მეთქი. მართლაც, პირველი პარტია მაშინვე გავუგზავნეთ; გავუგზავნეთ მეორე პარტიაც, მაგრამ მერე მე გადავდექი თანამდებობიდან და ავღანეთიც მიაგდეს. მიაგდეს, თორემ ნაჯიბულას თავისი გავლენის შენარჩუნება ნამდვილად შეეძლო.
ნაჯიბულა, ავღანეთის მაშინდელი პირველი პირი, ჩემთან მეგობრობდა. ძალიან კარგი პიროვნება იყო. 38-39 წლის კაცი გახლდათ, ძალზე ჭკვიანი და განათლებული, გაბედული, შესანიშნავი გამოსვლები ჰქონდა, ბრწყინვალე ოჯახის პატრონი იყო, მეუღლედ გადატრიალების შედეგად გაძევებული მეფის, მუჰამედ ზაჰირ შაჰის, შვილიშვილი ჰყავდა.
სხვათა შორის, მუჰამედ ზაჰირ შაჰს თავის დროზე გამორჩეულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ავღანეთმა პირველმა ცნო საბჭოთა კავშირი. ურთიერთდახმარების ხელშეკრულებაც ჰქონდა დადებული, მაგრამ მაინც მოუწყვეს გადატრიალება ავღანეთის კომპარტიის გენერალური მდივნის, თარაკის მეშვეობით და მერე აირია ყველაფერი. ავღანეთი დღესაც ვერ დალაგებულა.
მაშინ ნაჯიბულას ვუთხარი, მეფის დაბრუნების საკითხი ხომ არ განვიხილოთ იმ პირობით, რომ შენ ხელს არ გახლებს-მეთქი. არ ჩამოვაო, მითხრა.
მაინც წავედი იტალიაში მეფე მუჰამედ ზაჰირ შაჰთან მოსალაპარაკებლად. თბილად მიმიღო თავის დიდ ვილაში. მითხრა, ვიცი თქვენი განწყობა ავღანეთის მიმართ, მუდმივად ვიღებ ინფორმაციასო. სამშობლოში დაბრუნება და ქვეყნის ხელმძღვანელობა შევთავაზე. კატეგორიული უარი განაცხადა: "არ არის იქ შესაბამისი სიტუაცია. აუცილებლად აირევა ყველაფერი. ჩემზე უკეთ ავღანელებს არავინ იცნობს.
თქვენ ჩაგეთვლებათ, რომ რაღაც გადაწყვიტეთ, მერე გეტყვიან, რომ არაფერიც არ გაგიკეთებიათ და თქვენც ბრალდებას წაგიყენებენ და მეც, ასე რომ, არც თქვენ გირჩევთ ამას და არც მე ვარ ამის გამკეთებელი".
თუმცა, ახლა, როდესაც იქ ამერიკელები შევიდნენ, მეფე დაბრუნდა. ეტყობა, იმ დროს მის თვალში საბჭოთა კავშირს საბოლოოდ დაკარგული ჰქონდა ნდობა. ნდობა, მართლაც, ბევრის თვალში დავკარგეთ.
1989 წლის 15 თებერვალს, ჟენევის შეთანხმების შესაბამისად, დამთავრდა ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა.
საბჭოთა ავანტიურა კრახით დასრულდა, მაგრამ ავღანელთა უბედურებას დასასრული არ ეწერა. ის დიდი სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც საბჭოთა ჯარების იქ შესვლას მოჰყვა, ფაქტობრივად დღესაც არ დასრულებულა. მე ეს მაშინაც კარგად ვიცოდი; ვიცოდი, ჯარების გამოყვანის შემდეგ ქვეყანა აირეოდა, ჩვენს მომხრეებს ანგარიშს გაუსწორებდნენ. ნაჯიბულას და მის მეუღლეს შევთავაზე, საბჭოთა კავშირში გადმოსულიყვნენ საცხოვრებლად. ორივემ უარი თქვა, უცხოეთში ყოფნას აქ სიკვდილი გვირჩევნია, აქ დავრჩებით ბედნიერ დასასრულამდე ან უბედურ აღსასრულამდეო.
მართლაც, ორივემ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ჩამოახრჩვეს. ეს ცოდვაც მათ კისერზე იყოს, ვინც საბჭოთა ჯარი შეიყვანა ავღანეთში და ხალხს დალაგებული ყოფა აურია.
საკუთარი ცხოვრების წესის სხვისთვის თავზე მოხვევა ყოველთვის გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს. თუ ხალხების მსოფლმხედველობრივი, კულტურული და რელიგიური თანადამთხვევა არ არსებობს და, ამასთან, სურვილიც არ გაგაჩნია ამ თავისებურებებში გარკვევისა, შედეგი ყოველთვის სავალალოა.
ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა მსოფლიომ და იქ მებრძოლი საბჭოთა თუ ავღანელი ბიჭების დედებმა სიკეთედ ჩამითვალეს, მაგრამ ბევრი იყო ისეთი, ვინც ეს ჰუმანური აქტი ლამის სახელმწიფო ღალატად მონათლა. მათი აზრით, დამნაშავე მხოლოდ მე ვიყავი და არა გორბაჩოვი ან პოლიტბიურო. ისევე, როგორც ევროპიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა და გერმანიის გაერთიანება, ისევე როგორც ბევრი რამ, მხოლოდ ჩემი "ბრალი" აღმოჩნდა. იძულებული გავხდი, გავლენიან "Литературная газета"-ში მათთვის პირდაპირ მეპასუხა: "დიდია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რით? ტერიტორიით? მოსახლეობის სიმრავლით? იარაღით? თუ ეროვნული უბედურებებით? ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დეზორგანიზაციით? რა არის საამაყო? ის, რომ ჩვენთან ყველაზე მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობა? რანი ვართ და რანი გვინდა ვიყოთ: ერი, რომლისაც ეშინიათ თუ ერი, რომელსაც პატივს სცემენ?" სიმართლე გითხრათ, ამ წერილის კონკრეტული ადრესატები მასწავლებლები იყვნენ, ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი ხალხი. ისინი ხომ თავის მსგავსებს ზრდიან, ვინც შემდეგ ან პარლამენტიდან დაუქნევენ მუშტს მსოფლიოს ან ბოევიკის ფორმაში გადაცმულნი, "დერჟავას" სახელით, სხვის სახლსა და სახელმწიფოს ააფეთქებენ. საშინელებაა, როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ სიმართლე მხოლოდ შენს მხარესაა და ვინც სხვაგვარად ფიქრობს, მზად ხარ გაანადგურო.