ლიდერები, რომლებიც ჩვენს ქცევაზე ახდენენ გავლენას
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფაუნ უივერი
დამფუძნებელი / Uncle Nearest Premium Whiskey
ადამიანების უმეტესობა ალბათ თეთრკანიან მამაკაცს წარმოიდგენს, როდესაც დაფიქრდება, თუ ვინ შეიძლება ამზადებდეს ამერიკულ ვისკის. მაგრამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდი, Jack Daniel's არ იარსებებდა, ყოფილი მონა რომ არა, სახელად ნიარესტ გრინი. გრინმა ასწავლა ჯეკ დენიელსს ტენესური ვისკის დამზადების ხელოვნება და იგი Jack Daniel's-ის პირველი ოსტატი-დისტილატორი გახდა 1866 წელს. როდესაც სერიულმა ანტრეპრენერმა და ავტორმა ფაუნ უივერმა ამის შესახებ 2016 წელს წაიკითხა, კვლევა დაიწყო, რამაც საბოლოოდ 2017 წელს Uncle Nearest Premium Whisky-ის დაფუძნებამდე მიიყვანა. ორი წელიწადში Uncle Nearest-მა 50-ვე შტატში გააფართოვა დისტრიბუცია და 500-ზე მეტი ჯილდო დაიმსახურა.
უივერი ამბობს, რომ საზოგადოების რეაქცია შეიძლება გასაოცარიც კი იყოს. ღონისძიებებზე ქალები და ფერადკანიანები რიგში დგანან მასთან შესახვედრად, ზოგჯერ ცრემლიანი თვალებით. "თავიდან არ მესმოდა, რა განცდა ჰქონდათ მათ, მაგრამ როდესაც შეკითხვები დავუსვი, მივხვდი, რომ მათთვის იმედის განსახიერება ვიყავი", − ამბობს ის, − "იმედი მაქვს, შავკანიან ქალს ყველაზე თეთრ და ყველაზე მამაკაცურ ინდუსტრიებშიც კი შეუძლია გზა გაიკვლიოს და რეკორდები დაამყაროს". ბრენდის ფინანსური მაჩვენებლები ინვესტორებს იზიდავს, მაგრამ უივერი კომპანიის მშენებლობის გაგრძელებას გეგმავს მომავალი თაობისთვის. "ავთენტურობა არის ერთადერთი, რაც მდგრად გავლენას ქმნის", − ამბობს ის, − "ვერც კი დავითვლი, რამდენჯერ გამოუგზავნია ვენჩურულ კაპიტალის ფირმას ან ალკოჰოლური სასმელების მსხვილ კომპანიას თავისი შერწყმისა და შესყიდვების სფეროს წარმომადგენლები, რათა ჩემი კომპანია შეესყიდათ. მე შემეძლო ის გამეყიდა, დიდი ფული ამეღო და პენსიაზე გავსულიყავი ჩემი ცხოვრების ბოლომდე. მაგრამ ეს არ არის ჩემი მისია", − კიმ კავინი.
სანა ჯავერის კადრი
დამფუძნებელი / Diaspora Co
ყველაფერი დაახლოებით 2016 წელს დაიწყო, როდესაც კურკუმა უახლესი მოდური ტენდენცია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სფეროში. "ხედავ, როგორ სვამს ყველა კურკუმას ლატეს სან ფრანცისკოს ყურეს კაფეებში, მაგრამ არასოდეს აცნობიერებ, საიდან მოვიდა ეს სასმელი ან მისი ინგრედიენტი", − ამბობს სანა ჯავერი კადრი, რომელიც მუმბაიში გაიზარდა და აშშ-ში კოლეჯში სასწავლებლად ჩამოვიდა. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში კურკუმა არ იყო ისეთი გემრიელი, როგორსაც შინ, ინდოეთში იყო მიჩვეული.
მან უფრო ღრმად შეისწავლა ეს საკითხი: "მივხვდი, რომ სანელებლების ვაჭრობაში ოდნავ თუ იყო რაიმე შეცვლილი მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა, ჰოლანდიელმა და პორტუგალიელმა კოლონიზატორებმა შექმნეს, რათა ფერმერების, მიწისა და მომხმარებლების ხარჯზე ვაჭრებს მიეღოთ სარგებელი". სწორედ მაშინ გადაწყვიტა მან Diaspora Co.-ს დაარსება.
ახლა კადრი დასავლეთს აცნობს სამხრეთ აზიაში რეგენერაციულ საოჯახო მეურნეობებში მოყვანილ სანელებლებს, ფერმერებს კი, სამართლიანად უხდის. წლის დასაწყისში მან $2,1 მილიონი შეაგროვა, თანხის ნაწილი ფერმერებს მოხმარდება, რათა ხარისხიანი დანადგარები შეიძინონ. კადრის სურს, სანელებლების მოყვარულმა მომხმარებლებმა ეს ინვესტიციები გაითვალისწინონ, როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ. ის დარწმუნებულია, რომ ფერმის მუშები იმსახურებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, და რომ მეოთხე თაობის რეგენერაციული ფერმერები არ უნდა იყვნენ ჩარჩენილნი ვალების ციკლში, რომ ინვესტირება კომპანიებში, რომლებიც ამ შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ, უფრო გემრიელ პროდუქტს მოუტანს ნებისმიერს. ჯერჯერობით, მომხმარებლებს სჯერათ ამ არგუმენტის. "ჩვენი სანელებლები იმავე წელს იყიდება, როდესაც მოსავალს ვიღებთ", − ამბობს იგი, − "ასე რომ, ადამიანები ნამდვილად შოკირებულნი არიან იმით, თუ რამდენად არომატულია ეს სანელებლები მათთან შედარებით, რომლებიც რამდენიმე წელი დევს სასურსათო მაღაზიის დახლებზე", − კიმ კავინი.