ლიდერი უნდა იყოს... "ლიდერობა თანდაყოლილი ქარიზმა, შინაგანი თავდაჯერებულობაა."
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლიდერობა ჩემთვის ადამიანის თანდაყოლილი უნარია, რომელიც გამოცდილების საფუძველზე კიდევ უფრო იხვეწება. განსხვავებული და მრავალფეროვანი კარიერული გზის, სამუშაო გამოცდილების საფუძველზე სწავლობს ადამიანი, აკეთებს გარკვეულ ანალიტიკას და ყალიბდება კარგ ლიდერად.
მე მგონია, რომ ლიდერი ყველაზე "კარგი ტიპია", ვინც კი შეიძლება ბუნებაში არსებობდეს. ეს არის პროფესიონალი, რომელსაც ადამიანები რჩევას ეკითხებიან, მიჰყვებიან და მისგან მაგალითს იღებენ. კარგი ლიდერი თავის წარმატებას ირგვლივ შემოკრებილ ადამიანებზე ანაწილებს და არასოდეს ყალიბდება მხოლოდ ბრძანების გამცემ და მითითებების მიმცემ სუბიექტად.
ხშირად მეღიმება ხოლმე, როცა გავიგებ, რომ ადამიანები ლიდერშიფის კურსებზე დადიან, რადგან ჩემი აზრით, ეს უნარი დაბადებიდან მოგვყვება და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება შეისწავლო ლიდერობა კურსების მეშვეობით.
ლიდერობა თანდაყოლილი ქარიზმა, შინაგანი თავდაჯერებულობაა. ჩემთვის ლიდერი, უპირველესად, ნდობის მატარებელი ადამიანია. მე თუ ვენდობი პიროვნებას კონკრეტულ სფეროში, ესე იგი, ის ჩემთვის იმ სფეროს ლიდერია. ასე ვუყურებ ამ მოცემულობას.
ლიდერობა არის უნარი, რომელიც ყოველთვის იგრძნობა და მარტივად გამოიცნობა იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი მოგყვება, იზიარებს შენს აზრს, ხედვას, რამდენი ადამიანის ცხოვრება შეგიძლია შეცვალო უკეთესობისკენ.
მე ვფიქრობ, რომ როგორც ლიდერს, საკმაოდ მომთხოვნი ხასიათი მაქვს, თუმცა ყველა ადამიანისგან პროფესიონალიზმისა და ვალდებულებების იმ კონკრეტულ ფარგლებში მაქვს მოლოდინი და მოთხოვნა, რაც მის პოზიციას და შესაძლებლობებს შეესაბამება. ყოველთვის ვცდილობ, ჩემმა გუნდმა მეტი ისწავლოს და პროფესიულად გაიზარდოს. საბოლოო ჯამში მაინც მგონია, ალბათ პოზიტიური ხელმძღვანელი ვარ, რადგან ბევრ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებამ მიჩვენა, რომ თანამშრომლებს ჩემთან, როგორც ხელმძღვანელთან, დაშორება მეტ-ნაკლებად უჭირთ ხოლმე. ეს გარკვეულ თვითრწმენას მაძლევს და როცა სამსახურზე შეთავაზებას ვაკეთებ, ვიცი, რომ ჩვენთან კარგია და აქ მუშაობის დაწყებით ადამიანი გაიზრდება, სასარგებლო ცოდნას, გამოცდილებას შეიძენს.
ჩემი საქმიანი ცხოვრების ამ ეტაპზე თავდაჯერებული ვარ და თუ მგონია, რამეში გამიმართლა, ერთ-ერთი სწორედ ისაა, რომ შემიძლია გავცე, მივიღო, ვასწავლო და ადვილად დავემშვიდობო. ესეც, ჩემი აზრით, ლიდერის ერთ-ერთი სასურველი თვისებაა, როცა ადამიანს გადაწყვეტილების თავისუფლად მიღებისა და წასვლის საშუალებას აძლევ, როცა თანამშრომლები ძალიან არ გყავს დამოკიდებული და მხოლოდ სიმკაცრით და ბრძანებებით არ ხელმძღვანელობ. ეს დამოკიდებულება და ნააზრევი არ არის ჩემი თეორიული შეხედულებები და გამიჩინა იმ დიდმა გამოცდილებამ, პროექტებმა, მრავალფეროვანმა საქმიანობამ, რაც წლების განმავლობაში დღემდე მიკეთებია.