Startup Grind-ის საერთაშორისო ღონისძიების ტოპ-5 სპიკერი Startup Grind-ის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, სილიკონის ველისა და ლონდონის კონფერენციების შემდეგ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიმდინარე წლის 8-10 ნოემბერს თბილისი გლობალური სტარტაპსაზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოექცევა, რადგან დედაქალაქი უმასპინძლებს მესამე ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას Startup Grind-ის ფარგლებში, სილიკონის ველისა და ლონდონის კონფერენციების შემდეგ. Startup Grind ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და ანტრეპრენერებისთვის, რომელსაც 600-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს მსოფლიოს 123 ქვეყანაში და ჯამში 2 მილიონიან სტარტაპსაზოგადოებას აერთიანებს.
ნოემბრის ღონისძიება – Startup Grind Europe-Asia Connect, თავს მოუყრის წარმომადგენლებს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კომპანიებიდან და სტარტაპებიდან. რეგიონის ყველაზე მასშტაბური კონფერენცია გააერთიანებს 1500 დელეგატს 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 30 მაღალი რანგის სპიკერს. მისი ორგანიზატორი Startup Grind-ის თბილისის წარმომადგენლობაა, რომელიც 2 წელზე მეტია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის და მის მხარდამჭერთა ფართო საზოგადოების ფორმირებაზე დაუღალავი ენთუზიაზმით მუშაობს.
მსგავსი სტატია: ამერიკელი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ევანგელისტებს შორის
Startup Grind-ის ღონისძიება საუკეთესო შესაძლებლობაა მიიღოთ სილიკონის ველის გამოცდილება თბილისში: უახლესი მიღწევების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გამოცდილების გასაზიარებლად, ახალი კავშირების დასამყარებლად და თქვენი კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასაყვანად. ამის საშუალებას მოგცემთ წარმატებულ უცხოელ სტარტაპ დამფუძნებლებთან, ინვესტორებთან და ექსპერტებთან შეხვედრა, რომლებიც აზრის ლიდერები არიან ამ სფეროში.
წარმოგიდგენთ 5 ტოპსპიკერს, რომლის გაცნობასაც ამ ღონისძიებაზე შეძლებთ. თუმცა, ამ ხუთეულს მიღმაც არანაკლებ წონიანი სპიკერები არიან, მათ შორის მილიარდდოლარიანი ღირებულების, ეგრეთ წოდებული Unicorn-სტარტაპების დამფუძნებლები.
ამრით დირი | Google
ამრით დირი (Amrit Dhir) Google-ის წარმომადგენელია, სადაც ანტრეპრენერებისთვის ფიზიკური სივრცეების (campus.co) გაფართოებას ხელმძღვანელობს. სწორედ მან განახორციელა Google for Startups-ის გლობალური ექსპანსია და ერთერთი გავლენიანი ადამიანია სტარტაპ სფეროში. ის მუშაობს ტექნოლოგიურ სტარტაპებთან და უზიარებს გამოცდილებას, რომელიც Alphabet-ის ინოვაციური პროდუქტებისა და მოწინავე ტექნოლოგიებისთვის განვითარების დროს დააგროვა. მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა Google Research (მანქანური სწავლება, ბუნებრივი ენის დამუშავება და ა.შ.), Cultural Institute (Google Art Project), Google[x] და Google Life Sciences (ამჟამად Verily). ამრითმა დიდი გამოცდილება მიიღო მისი წარსული წარუმატებლობიდან, მათ შორის კრახით დასრულებული იურიდიული კარიერიდან. დღესდღეობით, ამრითი არის "ენჯელ" ინვესტორი და სტარტაპმენტორი. ის დიდი სტარტაპენთუზიასტია და ტექ-სტარტაპების მიმართ მისი მხარდაჭერა არ არის მატერიალური სარგებლით მოტივირებული. საკუთარ თავს მიიჩნევს ვენჩურულ სოციალისტად, რასაც აქტიურად გამოხატავს თავის რეალურ ქმედებებში.
შილ მონო | 500 Startups
შილ მონო (Sheel Mohnot) 500 Startups-ის Fintech-ფონდის დამფუძნებელი პარტნიორია, რომელსაც ბოლო სამი წელია მართავს. ის ერთერთი ინფლუენსერი და აზრის ლიდერია ფინტეკ სფეროში. მისი რჩეული სტატიები გამოქვეყნებულია ისეთ გავლენიან მედიაში, როგორიცაა: New York Times, New Yorker, Reuters, WSJ, Techcrunch, Venturebeat, Forbes, Inc, Crains, HuffPo, სხვ. შილის გამოცდილება მოიცავს ორი ფინტეკ სტარტაპის წარმატებულ გაყიდვას, რომელთაგან ერთი იყო გადახდების სფერო (FeeFighters), ხოლო მეორე სააუქციონო კომპანია (Innovative Auctions). ასევე, 2 წარმატებულ არაფინტექ სტარტაპს. ბოლო 6 წლის განმავლობაში, შილს განხორციელებული აქვს ინვესტიცია 80-ზე მეტ კომპანიაში, უმრავლესობა ფინტექში. განსაკუთრებით დაინტერესებულია ისეთი ტექნოლოგიური იდეებით, რომელსაც "დამანგრველი ინოვაციის" შექმნის ან მისი ეფექტიანობის გაუმჯობესების პოტენციალი აქვს თანამედროვე ფინანსურ ბაზარზე. მისი გამოცდილება მოიცავს ფინანსურ კონსულტანტად მუშაობას მსხვილ კომპანიებში. ფინტეკის მიმართულებით კარიერა დაიწყო არაკომერციულ P2P დაკრედიტების ორგანიზაციაში Kiva. დღესდღეობით ცხოვრობს სან-ფრანცისკოში და უყვარს მოგზაურობა.
ბილ რაიქერტი | Garage
ბილ რაიქერტსი (Bill Reichert) Garage Technology Ventures-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც გაი კავასაკისთან ერთად 1998 წელს დააფუძნა. ვენჩურული კაპიტალისტის ფოკუსი ადრეული ეტაპის საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ენერგოტექ, მატერიალურ მეცნიერებებსა და განათლების ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტარტაპიდეებია. ბილი 20 წელზე მეტია სტარტაპსფეროში საქმიანობს. ის იყო საბჭოს თავმჯდომარე/დამკვირვებელი ისეთ სტარტაპებში, როგორებიცაა: CaseStack, WhiteHat Security, ClearFuels Technology, Simply Hired, MiaSole, D.light Design, ThermoCeramix, & VisaNow, სხვა. Garage-ამდე კი ბილი ტექნოლოგიური სტარტაპებით იყო დაკავებული, როდესაც მან დააფუძნა/თანადააფუძნა Trademark Software, The Learning Company და Academic Systems. მისი ფილოსოფიაა: "წარმატებული სტარტაპები ფოკუსირებულნი არიან ღირებულების შეთავაზების, სტრატეგიის, გუნდის, ოპერაციების, ფინანსების, გაყიდვებისა და მარკეტინგის დისციპლინირებულ ზრდასა და განვითარებაზე".
კენ სინგერი | UC Berkley
კენ სინგერი (Ken Singer) – კალიფორნიის, ბერკლის უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის დირექტორი, სერიული ანტრეპრენერი, ტექნოლოგიების აღმასრულებელი და მრავალი სტარტაპის მრჩეველია ევროპისა და აშშ-ის მასშტაბით. მისი საქმიანობა მოიცავს ინოვაციური ეკოსისტემის სტრატეგიულ განვითარებას, რაშიც კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და უნივერსიტეტებს. მას დაფუძნებული/თანადაფუძნებული აქვს 5 წარმატებული კომპანია, მათ შორის – App Central. ამასთანავე, ის არის Applied Innovation Institute-ის დამფუძნებელი და European Innovation Academy-ის თავმჯდომარე. კენი მობილური ინდუსტრიის ვეტერანია 15-წლიანი გამოცდილებით. მისი ექსპერტიზა მოიცავს მობილური ტექნოლოგიის ყველა მიმართულებას – ვიდეორეკლამებიდან ჩამოტვირთვად მობილურ აპლიკაციებამდე; უკაბელო ტექნოლოგიებიდან HTML5/GPS/SMS/IVR/NFC-მდე. კენი არის სტარტაპ მენტორი და ენჯელ-ინვესტორი, დაბანდებული აქვს ინვესტიცია უამრავ სტარტაპში.
საშა მიქაუდი | Glovo
საშა მიქაუდი (Sacha Michaud) Glovo-ს თანადამფუძნებელი და სერიული ანტრეპრენერია, რომელსაც ინტერნერკომპანიების განვითარების 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ბარსელონაში დაფუძნებული კომპანიით მან სრულიად შეცვალა ადგილობრივ საქონელზე ხელმისაწვდომობის გზები და საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს ნებისმიერი პროდუქტი სასურველ ადგილზე უმოკლეს დროში. დღესდღეობით, Glovo წარმოდგენილია ევროპის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის 23-ზე მეტ ქვეყანაში. მისი ზრდა სწრაფი ტემპით მიდის, რაც Glovo-ს გლობალური ექსპანსიის ეფექტიანი სტრატეგიის დამსახურებაა. აღნიშნულის გარდა, Sacha ასევე რამდენიმე ციფრული ბიზნესის, მათ შორის Latinred-ის დამფუძნებელია, რომელიც მოგვიანებით StarMedia-მ შეიძინა.
რაღას ელოდები? დაიკავე შენი ადგილი ამ უმაგრეს ღონისძებაზე!