CSR და პორნოგრაფია თანამედროვე მომხმარებელს სურს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია, არამედ ის, თუ ვინ და რა დგას ამ პროდუქტების უკან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო". ბიბლია. დაბადება. თავი პირველი.
ასე იწყება ჩემი სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლს განსაზღვრავს პიარსა ზედა, ან პიარსა შინა.
CSR, იგივე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის. ვინაიდან თანამედროვე მომხმარებელს სურს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია, არამედ ის, თუ ვინ და რა დგას ამ პროდუქტების უკან. აკეთებენ თუ არა ისინი საზოგადოებისთვის სასარგებლო რამეს; იქცევიან თუ არა ისინი ეთიკურად დასაქმებულებისა და ყველა სხვა დაინტერესებული მხარეების მიმართ; აყენებენ თუ არა ზიანს გარემოს და რა ქმედებებით ახდენენ ამ ზიანის კომპენსაციას; დაბოლოს: რატომ უნდა ვიყიდო მე ესა თუ ის პროდუქტი, თუკი არ ზრუნავს გარემოზე, რომელშიც ის არსებობს?
ბიბლიიდან ამონარიდი მოვიყვანე, რათა მკაფიოდ მეჩვენებინა, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს, ჩვენია და მას გაფრთხილება, მოვლა და პატრონობა სჭირდება.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსიც სწორედ ეს არის – ვიზრუნოთ, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ გარემოს, რომელზეც გარკვეული დოზით ზეგავლენა გვაქვს.
ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე დასავლურ საზოგადოებაში დისკუსიები არ წყდება. რადიკალი მემარჯვენეები მიიჩნევენ, რომ ქველმოქმედებასა და საზოგადოებრივ აქტიურობას არაფერი აქვთ საერთო ბიზნესის კეთებასთან, რადგან ბიზნესის დანიშნულება, ფულის, მეტი ფულის და კიდევ უფრო მეტი ფულის კეთებაა. შესაბამისად, კორპორაციების უპირველესი მოვალეობაა წარმოების გაზრდა, ახალ ბაზრებზე შესვლის სტრატეგიის შემუშავება, გაფართოება, და აქედან გამომდინარე, მეტი მოგების მიღება.
კორპორაციული ალტრუიზმის თეორიის მიმდევრები, რომლის ფუძემდებლადაც აშშ-ის ეკონომიკური განვითარების კომიტეტი მიიჩნევა, საპირისპირო პოზიციას გვთავაზობენ. მათი შეხედულებით, "კორპორაციები ვალდებულნი არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებაში".
ე.წ. ცენტრისტებმა, ამ ორ თეზისს შორის ოქროს შუალედი იპოვეს და "გონიერი ეგოიზმის თეორია" შექმნეს. თეორიის თანახმად, ბიზნესი, რომელიც სოციალურად პასუხისმგებლიანია, უბრალოდ კარგი ბიზნესია, რომელიც მოკლევადიან დაბანდებას სოციალურ პროექტებში გრძელვადიან მოგებად აქცევს და კომუნიკაციის საუკეთესო წყაროდ გამოიყენებს.
აღნიშნული თეორიების ფონზე, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში არასწორადაა გაგებული და განხორციელებასაც სხვა დატვირთვა აქვს. ქართული ბიზნესის ისტორიას უფრო მეცენატობისა და ქველმოქმედების ტრადიცია აქვს. სოციალური პროექტები მარტივი სპონსორობითა და ერთჯერადი, სარეკლამო აქციებით შემოიფარგლება. ბუნებრივია, ამაში ცუდი არაფერია და ცენტრისტების თეორიასაც მშვენივრად ესადაგება, მაგრამ ეს აქციები ერთჯერადია და არასისტემურ ხასიათს ატარებს.
მიიჩნევა, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის საწარმოებლად, კომპანიებს "გაზრდა" და ფინანსური სიმძლავრე სჭირდება. მაგრამ დასავლეთის თეორიებს თუ დავეყრდნობით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მისი ინიცირება შეუძლიათ არა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესსაც, რადგან იგი მარკეტინგისა და ბაზარზე პოზიცირების თავისებურ ტექნოლოგიადაც შეიძლება ვაღიაროთ. მართალია, სოციალურ პროექტებში ჩართვით, ბიზნესი ამცირებს შემოსავალს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ქმნის საიმედო სოციალურ გარემოცვას და თავადაც იქმნის მყარ რეპუტაციას, იმიჯს, და იღებს დივიდენდებს ამ საქმიანობიდან. შესაბამისად, მთელ ცივილიზებულ სამყაროში სოციალური პასუხისმგებლობა წმინდა ეკონომიკურ კატეგორიას მიეკუთვნება. საბოლოო ჯამში, CSR-ი ფულის ეკონომიას უწყობს ხელს და ქართული ბიზნესიც ნელ-ნელა დაამკვიდრებს თავის არსენალში სოციალურ კორპორაციულ პასუხისმგებლობას.
თუ ორგანიზაციებს სურთ გრძელვადიანი, მდგრადი განვითარება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ამისი საწინდარია.
პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს, არის ის, რომ თავად ამ ტერმინის განმარტება არასწორად ესმით კომპანიის მმართველებს. ხშირად CSR-ი ქველმოქმედება ჰგონიათ. რა თქმა უნდა, თავისთავად, ქველმოქმედება და ფილანტროპია ცუდი როდია. პირიქით. თუმცა, იგი ერთჯერად ხასიათს ატარებს და საზოგადოების ფუნდამენტურ საჭიროებას არ ეხმიანება.
არსებობენ კომპანიები (დასახელებისგან თავს შევიკავებ), რომლებსაც სოციალურად დაუცველი ჯგუფისთვის საჩუქრების გადაცემა კორპორაციული პასუხისმგებლობა ჰგონიათ. საჭიროა მათი ცნობიერების ამაღლება. ჩვენ ასევე გვაქვს იმისი გააზრების პრობლემა, რომ ხშირად კომპანიების მენეჯერები ძალიან ჩამოყალიბებული, განათლებული ადამიანები არიან, მაგრამ თუ არ იციან, ან სწორად არ იციან, რას ნიშნავს და გულისხმობს CSR-ი, ეთაკილებათ ამის აღიარება, რადგან ფიქრობენ: "სხვა რას იტყვის?.." და ეს "სხვა რას იტყვის?" უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საუბარია თავად ბრენდზე, პროდუქტზე, ან მომსახურებაზე. რას იტყვიან მომხმარებლები ჩვენზე, თუკი გაიგებენ, რომ რომელიღაც საწარმო გარემოს აზიანებს და ამის სანაცვლოდ, მხოლოდ "კანფეტებს" გადასცემს რომელიღაც ბავშვთა სახლს? ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ბიზნესსტრატეგიაში განსაზღვროს გეგმა, რომელიც გარემოს დაბინძურებას შეამცირებს და პირიქით – იზრუნებს მის სისუფთავეზე.
ჩვენ ალბათ ვერც კი ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, რადგან იმ წუთას შესაძლოა ეს ჩვენ არ გვეხებოდეს, მაგრამ გავა დრო და ეს შეეხება ჩვენს შვილებს, მათ შვილებს, მათ შვილებს და კიდევ მათ შვილებს.
ჩვენ შესაძლოა ვერ ვხვდებოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ძაღლს ვასეირნებთ და მის ფეკალიებს ქუჩაში დავტოვებთ, მერე გამოივლის პატარა ბავშვი, რომელიც ფეხს ჩაკრავს. ის ბავშვია, ყურადღებას არ და ვერ მიაქცევს, გაივლის მანძილს, მოიკიდებს ხელს კედზე, ბოტასზე, მერე ამ პაწუკა ხელს, გაუთვითცნობიერებლად წაიღებს თვალთან, პირთან და უამრავ ბაქტერიას შეიტანს ორგანიზმში... მერე წავლენ მშობლები ექიმთან და შესაძლოა ვერც კი გაიგონ, საიდან დაემართა მათ შვილს ის, რაც დაემართა. ან შესაძლოა მყისიერი გამოვლინება არც ჰქონდეს ამ ამბავს და წლების მერე განუვითარდეს რომელიღაც მომაკვდინებელი დაავადება. ექიმები ბევრს იკვლევენ და საუბრობენ გარემოს დაბინძურებიდან გამომდინარე, სიმსივნით დაავადებულთა გაზრდილ რაოდენობაზე. ეს ყველა ჩვენგანისთვის დასაფიქრებელი და შესაცვლელი თემაა.
უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ერთმანეთის გასაფრთხილებლად საჭიროა ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ ქმედებებში და მათ მიღმა უნდა დავინახოთ, რა შეიძლება მოხდეს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ჩვენთვის არა, სხვისთვის, უცნობი ადამიანისთვის, რომელსაც არაფერი დაუშავებია და შენ გვერდით ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ სოციალური პასუხისმგებლობა პერსონალური, შინაგანი ეთიკიდან მოდის. თუკი ადამიანი, მწარმოებელი, ბიზნესის მფლობელი, გაიაზრებს, რა ზეგავლენას ახდენს იგი გარემოზე, შესაბამისად იმოქმედებს, თუკი ის ეთიკურია.
ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ საჭიროებებზე, პლანეტაზე, სამყაროზე, რომელიც ღმერთმა მოსავლელად დაგვიტოვა.
ადრე არასოდეს მიფიქრია, რომ ბიბლიის პირველი თავი – "დაბადება" სწორედაც სოციალურ პასუხისმგებლობაზე ქადაგებდა. თქვენც იფიქრეთ ამაზე.
P.S.: თუ შეკითხვა გაგიჩნდებათ, სათაურში პორნოგრაფია ეწერა და რა შუაშიაო, გეტყვით, რომ არაფერში. ასე მკითხველის ინტერესის გამოსაწვევად და ამ თემისათვის ყურადღების მისაპყრობად დავარქვი.
დაბოლოს: Make Goodvertising, not Advertising – Make love, not War-ის მოტივებზე.