დაბრენდე ღვინო! საიდან უნდა დაიწყოთ ღვინის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინის შექმნა?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გეთანხმებით, მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით, პატრიოტული შეხედულებებითა და ისტორიული წყაროების გათვალისწინებით, საქართველო ღვინის სამშობლოა. დიახ, სწორად ვისარგებლეთ წარმატების ფორმულით და მას ხელიდან არ ვუშვებთ, ავაწყვეთ ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია და ხელში ჩავიგდეთ უძლიერესი, ისტორიის თხრობის (სთორი თელინგის) მასალა.
უძველესი, უპირველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსით თავს ვიწონებთ და პროდუქტს მზარდი ტენდენციით ვყიდით. დღეს არქეოლოგები, ისტორიკოსები, მეღვინეები და ღვინის ექსპერტები თანხმდებიან, რომ თიხისგან დამზადებული საღვინე ჭურჭლის (ქვევრის) ნამარხები, რომელშიც ღვინის ფერმენტაციის კვალია ნაპოვნი, უძველესი და უნიკალურია, მაგრამ წარმოიდგინეთ დღე, როცა არქეოლოგთა X ჯგუფმა, გადაჭრილ გორაზე უფრო ძველი ნამარხი აღმოაჩინა, სადმე ჩვენთან ახლოს, საქართველოს საზღვრებს გარეთ... როგორ ვაგრძელებთ მარკეტინგულ აქტივობებს? ვამბობთ, რომ მეორე ადგილას ვართ და საქართველო მეორე სამშობლოა ღვინის, თუ ვცდილობთ რაიმე ახალი მოვიფიქროთ? ჩემი აზრით, მეორე, მაგრამ მაინც არ ვიცი, ზუსტი პასუხი არ მაქვს. დაზუსტებით კი ის ვიცი, რომ ქართული ღვინის შეფუთვა ბაზრისთვის (ბრენდინგი), უნდა დაიხვეწოს და მარკეტინგის ხარისხი მკვეთრად გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია დავკარგოთ მსხვილი წილი იმ პოტენციალისა, რომელზეც დიდ გეგმებს ვაგებთ ჩვენ − ქართული ღვინის საზოგადოება. შეიძლება იფიქროთ − რა უნდა ახლა ამას? რაც არ არის, იმას რატომ იგონებს და ზღაპრების რატომ სჯერაო? არ მჯერა, თუმცა ყველაფერს, რასაც მე ან თქვენ გავიფიქრებთ, შეიძლება მოხდეს, ანუ ჩვენი გაფიქრებული და დაშვებული შესაძლოა გადაგვხდეს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
პროდუქტის ხარისხთან ერთად, მნიშვნელოვანია პროდუქტის სწორი, მიზანმიმართული, დაგეგმილი და ნაფიქრი შეფუთვა. შევეცდები მარტივად გადმოვცე ის საკვანძო საკითხები, რომელიც ჩემი აზრით, დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი პროდუქტის ვიზუალური მხარე.
საიდან უნდა დაიწყოთ ღვინის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინის შექმნა?
- გასინჯეთ თქვენი ღვინო (სასურველია, მას დაბადებიდან იცნობდეთ) და დაახასიათეთ ის, დაუსვით თქვენს თავს შეკითხვები და ასევე ჰკითხეთ პროდუქტს − ვინ ხარ? შემდეგ დაწერეთ, თქვენთვის ვინ არის? გააგრძელეთ − როგორი ხარ? როგორი არის? აუცილებლად ჩამოწერეთ ეს შეკითხვები და თითოეული შეკითხვის ქვეშ მარტივად მიუწერეთ პასუხები. შეეცადეთ, ღვინო გაასულიეროთ, აღწეროთ, გააბათ სხვადასხვა კავშირი და დაახასიათოთ პროდუქტი. არ დაგეზაროთ, შეეცადეთ ბევრი შეკითხვა დასვათ.
- მეორე ეტაპი შეკითხვებისა და პასუხების გაანალიზებით დაიწყეთ და თავად მიხვდებით, როდის უნდა გადახვიდეთ ეტაპზე, რომლის დროსაც უნდა იკითხოთ, ვის შესთავაზებდით ღვინოს? როგორ ადამიანს? ვისაც უყვარს ხელოვნება, სპორტი, ბუნება, ზღვა... და ასე შემდეგ (შეგიძლიათ ეს უსასრულოდ ჩაშალოთ).
- ამ ეტაპზე დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, აი, ყველაფრის მერე, რას დაახატავდით, დააკრავდით, დააწერდით პროდუქტს, რომელ ფერებს გოიყენებდით, როგორ შეუსაბებდით ერთმანეთს კითხვებს, ფერებს, აზრებს, პიროვნებებს, ქცევებს ისე, რომ ყველაფერი ჰარმონიული იყოს. აი, მაგალითად: ალპურ მდელოს სმოკინგი და პალმის ხეები ხომ არ შეესაბება? ჩემი აზრით, არა. არც უდაბნო და თევზაობა შეესაბება ერთმანეთს. თუ გინდათ, სწორი კომუნიკაცია და პარალელები გქონდეთ მომხმარებელთან, უბრალოდ იფიქრეთ ისე, როგორც მომხმარებელი ფიქრობს, მაგრ იფიქრეთ ფრთხილად.
- გაყიდვა მნიშვნელოვანია! − გზადაგზა მიხვდებით, რომ თქვენს გამოზრდილ "თინეიჯერ" პროდუქტს ტანსაცმელს აცმევთ, უღებთ კარს და ეუბნებით − ახლა შენ იცი, დედამიწა დიდია, შეიძლება შეხვდე ყველანაირ ადამიანს, მაგრამ არ დაელოდო ყველასგან მოწონებას და ნუ დაუცდი პატივისცემას − ყოველთვის მაინც ის იქნები, რაც ხარ.
ყველაფერი თქვენი დამსახურება არ არის, რაც ღვინოში კარგია, მაგრამ ყველაფერი თქვენი დანაშაულია, რაც ღვინოში ცუდია. დაბრენდვის დროს ნუ დატოვებთ პროდუქტს უგემოვნოდ "ჩაცმულს", რადგან შესაძლოა მან თქვენს ამბიციებს სადმე ავნოს და უბრალოდ შემოსავალს დაარტყას, მომავალ წელს კი ვენახს სათანადოდ ვერ მოუვლით, მარანში სისუფთავეს სათანადოდ ვერ დაიცავთ, ნერვები აგეშლებათ და ღვინის გარდა იმაზე იფიქრებთ, საჭმელი როგორ ჭამოთ. ამიტომ გაყიდვები მნიშვნელოვანია. გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანია პოტენციურ მყიდველს თვალში მოხვდე რაღაცნაირად, ხელი დაუქნიო, ან თვალი ჩაუკრა, გაუცინო. წარმოიდგინე, ბოთლი ხარ, თაროზე ზიხარ და მტვერი გადევს. როგორ მიიქცევ ყურადღებას? ღვინის მოყვარულისადმი ფიზიკურ სიახლოვეზე უნდა იფიქრო, როგორ დაუახლოვდე მას, და არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე არ არის საკმარისი, თუ იქ სულიერი სიახლოვეც არ გაჩნდა და ამ ორმა ემოციური კავშირი არ დაბადა (სულიერი კავშირისთვის, უპირველესად, სითხისა და ჩვენი დაკავშირებაა საჭირო).
ამით იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა მოვიდეს დრო, როცა საქართველო ღვინის სამშობლო ოფიციალურად არ იყოს. შესაძლოა, ამან რიგ ადამიანებს ფარხმალი დააყრევინოს, იმედი გაუცრუოს, თავდაჯერებულობა დაუქვეითოს, ასევე შესაძლოა ამან იმ მომხმარებელსა და სამიზნე ჯგუფზე იმოქმედოს, რომელიც ისტორიას აქცევს ყურადღებას და არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხს. შესაძლოა ძლივს გაზრდილი შესაძლებლობები შეფერხდეს ან უარყოფით განზომილებაში გადავიდეს. არ ვიცი, წინასწარ ამის პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ ეს სცენარიც დასაშვებია და რეალობას ძალიან არ არის აცდენილი.
ქართული ღვინო გამოსაკვლევია. რამდენადაც ძველია, იმდენად ახალია, შესაძლოა ქარვისფერი, და ქვევრის ღვინის შესახებ ვიღაც-ვიღაცებისგან წარმატებული კომენტარები გვესმოდეს ყოველდღე, თუმცა ჩვენი თავების კრიტიკა უნდა შეგვეძლოს, უნდა განვაგრძოთ ტექნოლოგიური სიახლეების ძიება, უნდა შევძლოთ ახალ მექანიზმებზე, გეგმებსა და სტრატეგიებზეც მუშაობა. ჩემი აზრით, მცდარია ჯიუტად დარწმუნებული იყო შენს ღვინოში და თქვა − რო გახსნიან, მერე მიხვდებიან, რა მაგარი ღვინოა! იმიტო, რო არ იცი, პირიქით − შეიძლება ვერ მიხვდნენ და ზუსტად ბრენდინგის გამო მოეწონოთ ღვინო! ან შესაძლოა რომელიღაც კონკრეტულმა ვიზუალმა ისე იმოქმედოს მყიდველზე, რომ იმ ღვინის ხარისხის ან უხარისხობის შეგრძნება გაუორმაგოს.
ძალიან დაგეხმარებათ, თუ დამზადების პროცესში მიღებულ განცდებს გაიხსენებთ, ჩაიწერთ და გამოიყენებთ მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ. არ მოატყუოთ მომხმარებელი, მაგრამ მიმართეთ ხრიკებს, შეეცადეთ თქვენი გულახდილობით მოიპოვოთ მომხმარებლის ლოიალურობა.