Black Friday Sale! 50% Off All Access

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას? ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

რა არის სახელი? ის ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა საქმე მცირე ბიზნესის წარმატებას ეხება. სწორად შერჩეულმა სახელმა შესაძლოა მთელი ქალაქი თქვენს იდეაზე აალაპარაკოს. წარუმატებელმა სახელდებამ კი შეიძლება იგი გაურკვევლობამდე და გაკოტრებამდე მიიყვანოს. იდეალურ შემთხვევაში, სახელი ხაზს უნდა უსვამდეს თქვენი პროდუქტის ან სერვისის ხარისხს, მის ღირებულებასა და უნიკალურობას.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საუკეთესო სახელები აბსტრაქტულია – ცარიელი სივრცე, რომელიც მნიშვნელობით უნდა დაიტვირთოს. სხვანი მიიჩნევენ, რომ სახელწოდება ინფორმაციული უნდა იყოს, რათა მომხმარებელი მარტივად მიხვდეს, რას ეხება საქმე. ზოგის აზრით კი, შეთხზული სახელწოდებები (გამოგონილი სიტყვები) ლექსიკაში არსებულზე უფრო დასამახსოვრებელია, თუმცა ამ ვერსიის კრიტიკოსთა აზრით, მათ მარტივად ივიწყებენ კიდეც.

რეალურად, ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს. ქვემოთ წაიკითხავთ, რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ თქვენს მცირე ბიზნესს შესაფერისი და ეფექტური სახელი უწოდოთ.

მიმართეთ ექსპერტებს დახმარებისთვის

კომპანიისთვის სახელის შერჩევა შეიძლება რთული პროცესი იყოს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ექსპერტის კონსულტაცია დაგჭირდებათ, მით უმეტეს, თუ თქვენი საქმიანობის სფეროში კომპანიის სახელს მის წარმატებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. სახელების შერჩევის მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიებს, სახელის დარქმევისას, სტრატეგია შემუშავებული აქვთ და სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის კანონშიც ერკვევიან. მათ შეუძლიათ ხელი აგაღებინონ თქვენი კომპანიისთვის არაეფექტური სახელის შერჩევაზე და აგიხსნან კიდეც, რითი სჯობს მას სხვა სახელები.

მათი დახმარების უარყოფითი მხარე მაღალი ფასია. შეერთებულ შტატებში სახელის შერჩევის კომპანიამ სახელდებაში შესაძლოა 80 ათასი დოლარიც კი მოითხოვოს. როგორც წესი, მათი საქმიანობა ბრენდის იდენტობის სხვადასხვა ფაქტორსაც აერთიანებს. "პაკეტში გრაფიკული დიზაინიც შედის", – ამბობს ლორელ სატონი, Catchword Brand Name Development-ის ხელმძღვანელი. ამასთან, არსებობს სერვისებიც, რომელთა გამოყენება სულ რაღაც 50 დოლარი ჯდება, თუმცა ბიზნესის დაწყებისთანავე, ხარისხიან მომსახურებაში გონივრული თანხის გაღება გრძელვადიან პერიოდში თანხას დაგიზოგავთ.

რას შეიცავს სახელწოდება?

უპირველეს ყოვლისა, გადაწყვიტეთ, რა ტიპის კომუნიკაცია გსურთ დაამყაროს თქვენი კომპანიის სახელმა მომხმარებელთან. მან თქვენი საქმის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს უნდა გაუსვას ხაზი. სახელების შერჩევის ექსპერტთა მიხედვით, ანტრეპრენერებმა ლექსიკაში არსებული სიტყვები ან სიტყვათა კომბინაციები უნდა არჩიონ გამოგონილს. ადამიანებს ის ფრაზები ურჩევნიათ, რომელთა მნიშვნელობა ესმით და რომლებთანაც საკუთარი თავის დაკავშირება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, სახელების შერჩევის სპეციალისტები, როგორც წესი, ციფრებსა და ინიციალებს ცუდ არჩევანად აფასებენ.

მეორე მხრივ, შესაძლებელია კონკრეტული სიტყვა სასურველზე სპეციფიკური მნიშვნელობის მატარებელი აღმოჩნდეს. როგორც წესი, გეოგრაფიული ან საზოგადო სახელები სწორედ ამ პრობლემის წინაშე გვაყენებენ. ამის მაგალითად ჰიპოთეტური კომპანია San Pablo Disk Drives-ი გამოდგება. რაზე სურს კომპანიას აქცენტის გამახვილება კალიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ სან პაბლოს გარდა? რა მნიშვნელობას მიანიჭებენ მათ სახელს მომხმარებლები ჩიკაგოში, ან პიტსბურგში? რა მოხდება, თუკი კომპანია დივერსიფიცირებას მოახდენს და დრაივერებიდან პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერის გამოყენების სახელმძღვანელოების შექმნაზე გადავა?

როგორ უნდა შევქმნათ აზრიანი და ფართო გაგების სახელწოდება? აღწერილობითი სახელები ბიზნესის შესახებ რომელიღაც კონკრეტულ ინფორმაციას გვაწვდიან, მინიშნებითი სახელები – უფრო აბსტრაქტულია. ისინი ბიზნესის მნიშვნელობაზე ამახვილებენ აქცენტს.

მაგალითად, Italiatour – სახელი, რომელიც სახელის შერჩევის ერთ-ერთმა კომპანიამ იტალიაში სამოგზაურო პაკეტების ტუროპერატორისთვის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ყოველდღიურ ლექსიკაში არ იხმარება, მას სრულიად ნათელი მნიშვნელობა აქვს და მომხმარებელიც მარტივად ხვდება, თუ რას სთავაზობენ. რაც მთავარია, "იტალიატური" საზღვარგარეთ მოგზაურობის აღფრთოვანების განცდასაც იწვევს.

როდესაც ბიზნესისთვის სახელის შერჩევის ეტაპზე გადახვალთ, არ აქვს მნიშვნელობა, სამშენებლო მასალების ონლაინმომსახურებას ეწევით თუ რაიმე სხვას, შემდეგი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ:

  • შეარჩიეთ სახელი, რომელიც არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი კომპანიის პოტენციურ მომხმარებლებს მოეწონებათ;
  • შეარჩიეთ მარტივი, ნაცნობი სიტყვა, რომელიც სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს, რათა მისი გაგონებისას სახელი ემოციურად მნიშვნელოვანი გახდეს;
  • არ შეარჩიოთ ძალიან გრძელი ან დამაბნეველი სახელი;
  • თავი შეიკავეთ მხოლოდ თქვენთვის გასაგები კნინობითი სიტყვების გამოყენებისგან;
  • ეცადეთ, ისეთი სახელი შეარჩიოთ, რომელიც მსხვილ კორპორაციასთან არ ასოცირდება, მით უფრო მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ ხართ დიდი კორპორაცია.
  • იყავით შემოქმედებითი

ჩვენს დროში, როცა ლექსიკაში თითქმის ყველა სიტყვა სავაჭრო ნიშანია, ხშირად საქმე სახელწოდების ხელოვნურად შექმნაზე მიდგება ხოლმე. ასეთი სახელებია Acura, Compaq. ორივე მათგანი კომპანია NameLab-ის შექმნილია.

"შეთხზული სახელები შესაძლოა არსებულ სიტყვებზე ბევრად აზრიანი გამოდგეს", – ამბობს NameLab-ის პრეზიდენტი, მაიკლ ბარი. მაგალითად, Acura-ს განმარტებას ვერცერთ ლექსიკონში ვერ იპოვით. სახელი ზუსტ მანქანათმშენებლობაზე მიგვანიშნებს, როგორც კომპანია მოიაზრებდა. NameLab-ის გუნდმა, ამ სახელის შექმნისას, აქცენტი Acu-ზე გაამახვილა – ეს ნაწილი მრავალ ენაში "ზუსტს" ნიშნავს (Accurate, eng.). "სახელის შექმნისას, აზრის მქონე მორფემებით "თამაში" საშუალებას გვაძლევს უნიკალური და გასაგები სიტყვა მივიღოთ", – ამბობს ბარი.

მაიკლ ბარი იმასაც აღიარებს, რომ შექმნილი სახელები ყველა სიტუაციაში არ ამართლებს. ახალი სიტყვები რთულად დასამახსოვრებელია და შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ კომპანიის პროდუქტიც ან მომსახურებაც ასეთივე გაუგებარია, რაც ხშირად რეალობას არ შეესაბამება. გარდა ამისა, სახელების შერჩევაში გამოუცდელ ადამიანებს, დიდი შანსია, ეს ტექნიკა საერთოდ არ გამოადგეთ.

უფრო მარტივი გზაა უკვე არსებული სიტყვების სხვადასხვა ფორმით გამოყენება. მაგალითად, NameLab-მა მოიფიქრა სახელი Compaq, როდესაც კომპანიამ, რომელიც პორტატულ კომპიუტერებს ქმნიდა, მათი სერვისის გამოყენება გადაწყვიტა. გუნდმა აქცენტი სიტყვაზე "კომპაქტური" გაამახვილა და ასე მივიდა სახელწოდებამდე Compaq. მათი აზრით, ეს სახელი ნაკლებ ზოგადი და მეტად დასამახსოვრებელი იქნებოდა.

გამოსცადეთ თქვენი შერჩეული სახელი

როდესაც ძიების არეალს 4 ან 5 შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ვერსიამდე შეამცირებთ, დროა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე გადახვიდეთ. ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო ბიზნესის სახელი სავაჭრო ნიშნად იქცეს, თუკი ამას კანონმდებლობა არ გავალდებულებთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება თუ გაარკვევთ, ხომ არ ემთხვევა თქვენ მიერ შექმნილი სახელწოდება სხვა კომპანიის სახელს.

უკეთ რომ მიხვდეთ, რა რისკთანაა სახელის შერჩევის ეტაპი დაკავშირებული, გაითვალისწინეთ ასეთი სიტუაცია: წარმოიდგინეთ, რომ სამრეწველო ბიზნესში ჩაერთეთ და მზად ხართ პირველი შეკვეთის მისაღებად. ამასობაში კი სხვა კომპანია სავაჭრო ნიშნის მოპარვის გამო გიჩივით. ამ შემთხვევამ შესაძლოა სასამართლო გარჩევამდეც კი მიგიყვანოთ და გაკოტრდეთ. პრობლემას თავიდან აიცილებდით, თუკი ექსპერტის დახმარებით წინასწარ გადაამოწმებდით, ხომ არ იყო დაკავებული თქვენ მიერ შერჩეული სახელი. წინასწარ გაწეულ ხარჯს შესაძლოა მრავალი დაბრკოლებისგან და სასამართლო გარჩევისგან დაეცავით.

საბოლოო ანალიზი

თუკი გაგიმართლათ, საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე, 3-იდან 5-მდე სავარაუდო სახელს მოიფიქრებთ.

როგორ უნდა მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება?

გაიხსენეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმი. რომელი სახელი შეეფერება ყველაზე უკეთ თქვენი კომპანიის მიზნებს? რომელი სახელი აღწერს საუკეთესოდ თქვენს კომპანიას?

ზოგი ანტრეპრენერი საბოლოო გადაწყვეტილებას ინტუიციას მიანდობს, ზოგიერთი მომხმარებელთა კვლევის შედეგს, ზოგი კი ფოკუსჯგუფში გამოვლენილ ლიდერ ვერსიას. შეგიძლიათ თითოეულ ვერსიასთან ერთად, მცირე ჩანახატიც გაამზადოთ, რათა აღიქვათ, როგორი იქნება კომპანიის ლოგო. სავარაუდო ვერსიები ხმამაღლა წარმოთქვით და მიაქციეთ ყურადღება ჟღერადობას – დაფიქრდით, როგორ გაისმება რადიო ან სატელევიზიო რეკლამაში. გამოიყენეთ რამდენიმე ან ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმი.

გაითვალისწინეთ – ბრენდინგსააგენტოები თითოეული კომპანიისთვის სახელდებას რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე ანდომებენ. სავარაუდოდ, ამდენი დრო არ გექნებათ, თუმცა რამდენიმე კვირა მაინც გამოყავით კომპანიის სახელწოდების შესარჩევი პროცედურისთვის.

და როგორც კი შეჯერდებით, დადებითად განეწყვეთ არჩევანის მიმართ – ის ხომ პირველი ნაბიჯია კომპანიის იდენტობის მშენებლობაში და იქამდე მოგყვებათ, სანამ კომპანია იარსებებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია